მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-03
სასიკვდილო სარეცელზე მყოფი ორმაგი აგენტის, ანუ მეძავის აღსარება...

იგი საქართველო-აფხაზეთის ომის დროს ორმაგი აგენტი იყო, თუმცა კატეგორიულად უარყოფს, რომ აფხაზი სეპარატისტების სასარგებლოდ აგროვებდა ინფორმაციებს. როგორც ამბობს, იყო შემთხვევები, როცა აფხაზებს საქართველოს მთავარსარდლობის დავალებით დეზინფორმაციას აწვდიდა. მოგვიანებით, იმის გამო, რომ ძალიან ბევრი იცოდა, მისი ლიკვიდაცია დააპირეს, მაგრამ საქართველოს უშიშროების მაღალჩინოსნებს გულმოწყალება გამოუჩენიათ და საზღვარგარეთ გაუპარებიათ.

დასავლეთ ევროპაში სტრიპტიზიორად მუშაობდა, ღამის კლუბში. მერე საროსკიპოშიც მოხვდა და უკურნებელი სენით - შიდსითაც დაავადდა. ბელგიის ხელისუფლებამ საშიში ინფექციური სენით დაავადებული უცხოელი თავისი ქვეყნიდან დაუყოვნებლივ გაასახლა და საქართველოში გამოაგზავნა. ახლა იგი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლის და სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვულმა გადაწყვიტა, ვინმესთვის მოეთხრო თავისი ხანმოკლე, მაგრამ ფათერაკებით აღსავსე ბიოგრაფია.

ნამდვილი სახელი უკვე თვითონაც აღარ ახსოვს, უფრო სწორად, არ უნდა გაიხსენოს. მრავალსახოვანი იანუსივით რამდენიმე ნიღაბი აქვს მორგებული და შესაბამისადაც იქცევა. ყველა სახეს თავისი ლეგენდა აქვს. მე ნინო ქაჩიბაიად გამეცნო, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ, სიმართლე მითხრა თუ არა. თუმცა ნაამბობიდან ბევრი რამ მენიშნა და ნინოს თავგადასავალი იმდენად საინტერესოდ მეჩვენა, რომ მკითხველისათვის მისი გაცნობა გადავწყვიტე.

- წარმოშობით აფხაზეთიდან, საკურორტო დაბა ალახაძიდან ვარ. მამა ეროვნებით აფხაზია, დედა კი ქართველი. ჩემ გარდა, ოჯახში კიდევ ორი ძმა იზრდებოდა. წელგამართული, თითქმის ყველაფრით უზრუნველყოფილი ოჯახი გვქონდა, მშვენიერი ორსართულიანი სახლი გვედგა, უზარმაზარი ხეხილიანი ეზოთი. მამა ჩემს ძმებს ბავშვობიდანვე ქართველების სიძულვილს უნერგავდა. ჩემს ძმებს თუ მამა ზრდიდა, მე დედის სრულ განკარგულებაში ვიყავი და ნამდვილ ქართველად აღმზარდა. სწორედ ამის გამო მოხდა დედ-მამას შორის ომის დაწყებისას კონფლიქტი. მამამ ოჯახი დატოვა, ძმები თან წაიყვანა და მოსკოვში გაემგზავრა, თუმცა ოფიციალურად არ გაყრილან.

დედაჩემმა მამის ძმასთან გუდაუთაში გამაგზავნა, მისი ჭკუით, იქ, ქალიშვილი უფრო დაცული ვიქნებოდი, ვიდრე ალახაძიში, რადგან აქ მხედრიონელები ისეთ საშინელებას სჩადიოდნენ, ენით ვერ აგიწერ. ახლა წარმოიდგინეთ, უკაცოდ დარჩენილი ოჯახების ქალებს რა მოუვიდოდათ.

ბიძაჩემი ასტამურ ქაჩიბაია პირწავარდნილი სეპარატისტი იყო. დღედაღამ ქართველების გინებაში ათენებდა და აღამებდა. სწორედ მისი რეკომენდაციით დავიწყე მუშაობა მბეჭდავ-მემანქანედ გუდაუთის რაიკომში ოზგანთან. ხომ იცით, გუდაუთა აფხაზი სეპარატისტების ბუდე იყო. სხვათა შორის, იქ, რაიკომში, ქართველი მეომრების დანაშაულობების დამადასტურებელი იმდენი დოკუმენტური მასალა მოდიოდა, რომ ერთი პირობა, მეც შემრცხვა ჩემი ქართველობის. ალბათ კარგად წარმართულმა პროპაგანდამ და აგიტაციამ თავისი შედეგი გამოიღო და როცა ერთმა მეგობარმა შემომთავაზა აგენტურის მოსამზადებელ სკოლაში ჩავრიცხულიყავი, ბევრი აღარ მიფიქრია. გუდაუთის რაიონის მაღალმთიან სოფელ დურიფში რუსეთის არმიის დაზვერვის ოფიცრების ხელმძღვანელობით ოთხი ქალი და 16 მამაკაცი სამი თვის მანძილზე ვსწავლობდით "შპიონობას".

ერთი სიტყვით, 1992 წლის დასაწყისში სეპარატისტებმა ქართველთა კონტროლირებად ტერიტორიაზე, კერძოდ, სოხუმში გადამისროლეს. ასეთი დავალება მქონდა, - როგორმე ფოთამდე უნდა ჩამეღწია და ნავსადგურში დამეწყო მუშაობა, თუნდაც დამლაგებლად, ხოლო აფხაზებისათვის უნდა მიმეწოდებინა ინფორმაცია, თუ რა და რამდენი შეიარაღება, რა რაოდენობის ცოცხალი ძალა მიდიოდა ფოთიდან ზღვით სოხუმისაკენ. როგორც კი ქართველების გარემოცვაში მოვხვდი, არ ვიცი, რა დამემართა, უკვალოდ გამიქრა სეპარატისტებისგან გულში ძალად ჩანერგილი ქართველების სიძულვილი. ბევრი არ მიფიქრია. პირდაპირ სოხუმში, ქართველების შტაბში გამოვცხადდი, სადაც გენერალი გენო ადამია შემხვდა. ვთხოვე, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს და უნდა მომისმინოთ-მეთქი. გენერალმა ოთახში შემიყვანა, დამსვა და მეც ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე. ჩვენს საუბარს ბესო ქოიავა - მისი დაცვის წევრი ესწრებოდა. არაფერი დამიმალავს. ისიც ვუთხარი, თუ რა დავალებით ვიყავი გამოგზავნილი.

ბატონმა გენომ დამამშვიდა და შემაქო. ასე მითხრა: "აფერუმ, შენს ქალობას, რომ შენს ნამუსს და ქართველობას არ უღალატე. ნეტავი შენნაირი ქალიშვილი მეც მომცაო". ადგა, ვიღაც-ვიღაცებს დაურეკა და ჩემი თავი საქართველოს დაზვერვის ორ ოფიცერს ჩააბარა. როგორც შემდეგ გავიგე, ორივენი უშიშროების კომიტეტიდან იყვნენ.

- როგორც ვიცი, ყველა აგენტს თავისი ნომერი და მეტსახელი აქვს. როგორც აგენტი, თქვენ რა ნომრით იყავით ფიქსირებული სეპარატისტების დაზვერვის სამსახურში?

- აფხაზეთში აგენტის ნომერი არ მოუციათ. მეტსახელი კი მატილდა იყო... საქართველოს დაზვერვამ გადაწყვიტა, რომ სეპარატისტებისათვის ჩემი მეშვეობით დეზინფორმაცია მიეწოდებინა. დაზვერვის ოფიცრებთან ერთად (მათ პირობითად ლევანს და მიშას დავარქმევ) ფოთში გავემგზავრე და ნავსადგურში ოპერატორად დამაწყებინეს მუშაობა. ჩვენი დაზვერვა რა ინფორმაციასაც მაძლევდა, იმას გადავცემდი აფხაზებს.

- როგორ ახერხებდით ინფორმაციის გადაცემას, რა, გადამცემი გქონდათ და მორზეს ანბანით მუშაობდით?

- ტონით გატყობთ, რომ ჩემი არ გჯერათ. ალბათ არც იმას დაიჯერებთ, თუ რას აკეთებდა ქართული სარდლობა. ჯერ ერთი, თითქოს ჩემი მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც სინამდვილეში დეზინფორმაცია უნდა ყოფილიყო, ხშირად აბსოლუტურად სწორ ინფორმაციას შეიცავდა. ვიცი, ახლა მკითხავთ, რით ადასტურებ ამ ცნობასო. უბრალოდ, როცა ფოთიდან ბარჟით სოხუმისკენ საბრძოლო ტექნიკას აგზავნიდნენ ცოცხალ ძალასთან ერთად, დეზინფორმაციაში ზუსტად იყო მითითებული გაგზავნილი ტანკების, საბრძოლო მანქანების მარკა, ტექნიკისა და ცოცხალი ძალის რაოდენობა. სხვათა შორის, ეს არაერთხელ გადავამოწმე და როცა დეზინფორმაციასა და ზუსტ ინფორმაციას შორის სხვაობა ვერ აღმოვაჩინე, დაზვერვის ოფიცრებს გაკვირვებულმა ამის შესახებ ვკითხე. მკვახე პასუხი მივიღე - სადაც არ გეკითხება, იმ საქმეში ცხვირს ნუ ჰყოფ. შენ რა გესმის დაზვერვის ხელოვნებისო. მეორე მაგალითსაც მოვიყვან, თუ როგორ ყიდდა მთავარსარდლობა ქართულ არმიას. ტყვარჩელის აუღებლობა ძალიან ამწარებდათ ქართველებს. მძიმე ტექნიკა ამ ქალაქამდე ვერ ადიოდა იმის გამო, რომ ტყვარჩელთან გასასვლელი ერთადერთი გზატკეცილი თავიდან ბოლომდე დანაღმული იყო. როცა ერთ-ერთ საშტაბო სხდომაზე ერთი ბატალიონის მეთაურმა ტყვარჩელში ტანკებით ასვლა დაუნაღმავი რკინიგზით გადაწყვიტა, მეორე დღეს სასწრაფოდ გამაგზავნინეს ინფორმაცია, თუ რას აპირებდნენ ქართველი სამხედროები. იმ დღესვე რკინიგზის ლიანდაგი ყოველ სანტიმეტრში ისე დაინაღმა, რომ... რაც შეეხება ინფორმაციის გაგზავნას, ესეც არ იყო პრობლემა. მყავდა კურიერი, რომელიც ჩემ მიერ მიცემულ ინფორმაციას სეპარატისტებს აწვდიდა. .

- საზღვარგარეთ როგორ მოხვდით?

- როგორც გითხარით, ალბათ ზემოთ ჩათვალეს, რომ იმაზე მეტი ვიცოდი, რაც აგენტმა უნდა იცოდეს. ამასთან, მათთვის ზედმეტად ცნობისმოყვარეც ვიყავი. თავდაპირველად, უნდოდათ სეპარატისტების აგენტად მოვენათლე. ეს არ გაუჭირდებოდათ, მათ ხომ ხელთ ჰქონდათ ჩემი ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელიც ნებაყოფლობითი აღიარების დროს დავწერე. ეტყობა, საქმის გართულებას მოერიდნენ და გადაწყვიტეს უბრალოდ მოვეშორებინე თავიდან, ანუ ჩემი ლიკვიდაცია დაგეგმეს. თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრეს. მათი გულმოწყალება დღემდე ვერ ამიხსნია. ვფიქრობ, რადგან ახალგაზრდა, ლამაზი ქალიშვილი ვიყავი და თან ყურებითაც ვყავდი დაჭერილი, ჩემი ბოლომდე გამოწურვა გადაწყვიტეს. "მეგობრებმა" სხვისი პასპორტით და სამგზავრო ფულით მომამარაგეს და ბელგიაში გამიშვეს. იქ იატაკქვეშა სტრიპტიზ-კლუბში უნდა მივსულიყავი, სადაც სამსახურით უზრუნველმყოფდნენ. ბელგიაში უამრავი ქართველი ყოფილა, ძირითადად, "შავები". ფულის საშოვნელად ყველაფერს კადრულობენ. ბანდიტურ ჯგუფებად არიან გაერთიანებულნი და მაღაზიებს ძარცვავენ, მათ კონტროლქვეშაა იატაკქვეშა საროსკიპოები და ღამის სტრიპტიზ-კლუბები, აგრეთვე არაოფიციალური კაზინოები.

- სტრიპტიზ-კლუბში რას აკეთებდით?

- კლუბის პატრონი ქართველი, ყოფილი პოლკოვნიკია, შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობდა და რაღაც დანაშაულისათვის სამხრეები ააგლიჯეს და თადარიგში გაუშვეს. როგორც ვიცი, იქ ყალბი პასპორტითაა ჩასული, გამოგონილი გვარ-სახელით. ამ პასპორტით იგი ბელგიის მოქალაქე გახდა, სახელიც შეიცვალა და ფრანგულ ყაიდაზე ფრანსუა დაირქვა. თავიდან, ასე, სამი კვირის მანძილზე, კლუბში ვცეკვავდი. მერე ფრანსუას ნდობა მოვიპოვე და საქართველოდან მოტყუებით ჩამოყვანილი გოგონების ზედამხედველობა დამევალა. იქვე, ჩვენს ფრანსუას საროსკიპოც ჰქონდა და გოგოები იქ სჭირდებოდა. საროსკიპოს თბილისელი ბანდიტები "უყურებდნენ". ერთი სიტყვით, ბანდიტების და ყოფილი სამართალდამცველების ალიანსი იყო.

- როგორ იტყუებდით გოგოებს საქართველოდან?

- თავიდან ასეთ ხერხს მივმართავდით. რომელიმე, თბილისში მოქმედ ოფიციალურ ფირმას ვაძლევდით შეკვეთას, რომ მაღალანაზღაურებად სამუშაოზე გვჭირდებოდა ფრანგული ენის მცოდნე, 18-დან 25 წლამდე ლამაზი გარეგნობის ქალიშვილები. თითოეულ გამოგზავნილ გოგონაში ფირმას 100 დოლარს ვუხდიდით, მაგრამ როგორც გოგონებისგან შევიტყვეთ, ფირმა მათ 500-1000 დოლარს ართმევდა იმისთვის, რომ ვითომ სამუშაოდ უშვებდა. ჩვენ თავს ვიზღვევდით და საქართველოში მოქმედ ფირმას ჩვენს ნამდვილ მისამართს არ ვაძლევდით. ქალაქ გენტში ერთი ოთახი გვქონდა დაქირავებული და გოგონებს იმ მისამართზე გვიგზავნიდნენ. ისე, იმ ფირმამ არც კი იცოდა, რისთვის გვჭირდებოდა გოგონები.

- როცა გოგონები ჩამოვიდოდნენ, რა ხდებოდა?

- მერე ყველაფერი ტექნიკის საქმე იყო. ჩავსვამდით ავტომანქანაში, უფრო სწორად, უმინო ფურგონში და მიგვყავდა ანტვერპენთან ახლომდებარე პატარა ქალაქ ბრასხაატის ტყეში. იქ მონადირული სახლი გვქონდა იჯარით აღებული. გოგოებს პასპორტებს ჩამოვართმევდით და უკვე დაუფარავად ვეტყოდით, რას მოვითხოვდით მათგან - ანუ ცეკვის ნიჭით დაჯილდოებულებს ერთ დღეს სტრიპტიზ-კლუბში უნდა ემუშავათ, მეორე დღეს საროსკიპოში. ყოველთვიურად კი მიიღებდნენ 600-700 დოლარს, პლუს ის ერთდოლარიანები, რომლებსაც საცვლებში უტენიან სტრიპტიზ-კლუბის კლიენტები მოცეკვავეებს. სხვათა შორის, გოგოებს ამ თანხას მართლაც ვაძლევდით, მაგრამ თვეში 700 ან თუნდაც 1000 დოლარი ის მინიმალური ანაზღაურებაა ბელგიაში, რომელიც საროსკიპოში მომუშავეს ეკუთვნის. სხვათა შორის, ჰოლანდიაში მეძავებს კვირაში ოფიციალურ საროსკიპოში 1500 დოლარი და მეტი გამომუშავება აქვთ, ოღონდ თუ იმ ქვეყნის მოქალაქეა... ჰო, იმას გეუბნებოდი, როცა საქართველოდან ლუკმაპურის საშოვნელად წამოსულ გოგონებს ფაქტის წინაშე დავაყენებდით, თუ დამიჯერებ, ბევრი გვთანხმდებოდა, ზოგიერთი, ისე, წესის გულისთვის, ერთ-ორ დღეს წაიტირებდა და თანხმდებოდა, ოღონდ გარანტიას ითხოვდა, რომ ფულს აუცილებლად მიიღებდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც საროსკიპოს ხსენებაზე კივილს იწყებდნენ, გული მისდიოდათ, ზოგიერთი თავის მოკვლასაც კი ცდილობდა. ჯერ ტკბილი სიტყვით ვცდილობდით ასეთის გადაბირებას. თუ არ გაჭრიდა, სხვა მკაცრ ზომებსაც მივმართავდით, მაგალითად, შიმშილს, მერე ნარკოტიკების გაკეთების მუქარას. ფრანსუას "სასახელოდ" უნდა ითქვას, რომ თუ არაფერი არ გაჭრიდა, გოგოს უკან დაბრუნებას სთავაზობდა, ოღონდ ერთი პირობით, თუ ერთხელ მაინც გამოვიდოდა შიშველი სტრიპტიზ-კლუბში. მოცეკვავე გოგონას ვიდეოკამერით გადაუღებდნენ და თუ თბილისში ჩაგვიშვებდა, მაშინ კასეტა გავრცელდებოდა. გოგოსაც სხვა გზა აღარ ჰქონდა და თანხმდებოდა ერთხელ ცეკვას. მაგრამ იმ დღეს მოუბოდიშებდნენ, კამერა გაგვიფუჭდა და ხვალაც იცეკვეო და ისიც, საწყალი, თანხმდებოდა. ასე ეხვეოდა გოგო ბადეში და ბედს ემორჩილებოდა.

- კი, მაგრამ თვითონ ახალგაზრდა ქალი ხართ, ნუთუ ერთხელ მაინც არ შეგცოდებიათ თანამემამულეები, მეძაობისკენ რომ უბიძგებდით?

- ადამიანი ადამიანისთვის მგელია, მეც ჩემი გადარჩენისათვის ვიბრძოდი. რამდენს უნდა დავხმარებოდი?! არასოდეს მიფიქრია, მეთქვა, დამნაშავე არა ვარ-მეთქი. არა, ბატონო, ცოდვილი ვარ და ღმერთმა სასტიკად დამსაჯა, უკურნებელი სენით დამაავადა. იმ ცოდვებმა მიწია.

იატაკქვეშა საროსკიპოებში, ძირითადად, ფსიქიკური გადახრის მქონე მამაკაცები დადიან და იოლი წარმოსადგენია, მანიაკი და ფსიქიკურად არანორმალური მამაკაცი რა დღეში ჩააგდებს ქალს. სამაგიეროდ, მათ დიდი მოგება მოაქვთ მეპატრონისთვის. ასე რომ, ახალგაზრდა გოგონებს ვაფრთხილებ, ნუ წამოეგებიან ანკესზე. თქვენ უცხოეთში არავის სჭირდებით. იქ არავინ გელოდებათ. თქვენ მათთვის მხოლოდ და მხოლოდ მოხმარების საგანი ხართ. როგორც ერთჯერად ჭიქას, ისე დაგჭმუჭნიან და მერე სანაგვეზე მოგისვრიან...

ნინო ქაჩიბაიას ამ სიტყვებით, სრულიად შესაძლებლად მიმაჩნია სტატიის დამთავრება, რადგან ჩემი სათქმელი თვითონ ჩემმა რესპონდენტმა თქვა. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად სარწმუნოა მისი თავგადასავალი, ვერაფერს გეტყვით. ამიტომ ჩვენ მაინც დავუკავშირდით საქართველოს უშიშროების სამინისტროსა და დაზვერვის დეპარტამენტს. ავთანდილ იოსელიანმა უშიშროების სამინისტროსკენ მიგვითითა, უშიშროებამ კი რამდენიმე კვირა ითხოვა კომენტარისთვის. და თუ კომენტარს ვეღირსეთ, რაც ვფიქრობთ ინტერესმოკლებული არ იქნება, აუცილებლად შემოგთავაზებთ.

ავტორი: ზვიად ჩაკვეტაძე


კალენდარი
დეკემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი