მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-03
როგორები არიან "ვაჟკაცი", "პატიოსანი" და "წაშლილი" ჯარისკაცები...ქართული ჯარი ციხის კანონებით ცხოვრობს

ციხეებში გავრცელებულმა ქურდულმა კანონებმა ქართულ ჯარშიც მოიკიდა ფეხი. ყაზარმაში გამეფებულ იერარქიათა შორის შექმნილი საგანგაშო სიტუაცია კატასტროფას უქადის ქვეყნის თავდაცვის ძალებს. ჩაუცმელობით, უჭმელობით, უიარაღობით და სხვა უამრავი პრობლემით სავსე ქართული ჯარის ყაზარმა თანდათან ემსგავსება "ზონას". ამ შემაშფოთებელი განცხადების საფუძველს გვაძლევს ინტერვიუ ქართველ ჯარისკაცთან, რომელმაც გასაგები მიზეზების გამო ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. იგი ჯარში თავისი ნებით წასულთა და შემდეგ იმედგაცრუებულთა იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნება და გულისტკივილით ჰყვება ქართულ ჯარში არსებული განუკითხაობის შესახებ.

- ჯარში ჩვეულებრივ ქურდული, ქუჩის მახინჯი კანონები მოქმედებს. მებრძოლის მენტალიტეტი თითქმის აღარ არსებობს. ყაზარმაში ერთმანეთის გვერდით ცხოვრობს ჯარისკაცთა სამი კატეგორია. ესენი არიან: ე.წ. "ვაჟკაცები", "პატიოსანი კაცები" და "წაშლილები". "ვაჟკაცი" ჯარში არაფერს აკეთებს, "პატიოსნები" და "წაშლილები" კი არიან მისი ხელქვეითები, უფრო სწორად მონა-მორჩილები, რომლებიც, ძალისმიერი ზემოქმედებით დაშინებულები, უსიტყვოდ ასრულებენ ყველა ბრძანებას.

- რა ბრძანებებზეა ლაპარაკი?

- "პატიოსანი" და "წაშლილი" ალაგებს, გვის, რეცხავს, სასადილოში სუფრებს შლის. მოკლედ, "ვაჟკაცებს" ემსახურებიან.

- რამდენი "ვაჟკაცი" შეიძლება იყოს ერთ სამხედრო ნაწილში?

- ასეულში შეიძლება იყოს ერთი, ორი, სამი "ვაჟკაცი". შესაბამისად ნაწილში, პოლკში რამდენიმე "ვაჟკაცია" და "ზონაში" "მაყურებლების" მსგავსი სტატუსით მოქმედებენ. ისინი მძიმე ზეგავლენას ახდენენ სხვებზე. დაახლოებით 5-6 კაცი თავს ესხმის მსხვერპლს და ატერორებს.

- რატომ ესხმიან თავს სხვებს და რა პირობებში ახორციელებენ ტერორს?

- "ვაჟკაცებს" ვინმეს საცემად მიზეზი ყოველთვის არ სჭირდებათ. საკუთარი გართობის ან უძლეველობის დემონსტრირებისათვის ვინმეს შეარჩევენ და ყაზარმაში ძილის წინ სცემენ. ან სულაც დაძინებულს თავზე დაადგებიან, წამოაგდებენ, რაღაცის გაკეთებას უბრძანებენ, რაზეც მსხვერპლი უარს იტყვის იმ მოტივით, რომ ღამეა. ძალაზე მოსულ "ვაჟკაცებსაც" მეტი არ უნდათ და ჯარისკაცს სცემენ ხელით, ფეხით, საწოლის რკინის "შტირებით", ჯაჭვებით. ურტყამენ სხეულის ისეთ ადგილებში, სადაც სილურჯე შეიძლება არ დააჩნდეს, და თუ დააჩნდება, ტანსაცმელი დაფარავს.

- რატომ აჩაგვრინებენ "ვაჟკაცებს" დანარჩენები თავს. ნუთუ არ შეუძლიათ თავის დაცვა, ასმეთაურს ვერ დაუძახებენ?

- ეგ მიუღებელია იქაური კანონებით. მერე "ჩაშვებისთვის" აგებინებენ მსხვერპლს პასუხს. არაქურდული საქციელი არ ეპატიება. ერთადერთი, დაზარალებულს შეუძლია გარედან მიიყვანოს ხალხი საქმის გასარჩევად, მაგრამ ეგეც "გრეხია". ჯარში "გრაჟდანებთან" საქმეზე ლაპარაკიც არაქურდულია.

- ნუთუ თავის დაცვის არავითარი შანსი არ არსებობს?

- უნდა გაძლო, გცემენ, შეიძლება სიკვდილის პირზეც მიგიყვანონ, თუმც არ მოგკლავენ. ეშინიათ. იციან, რომ ჯარიდან ციხეში შესული კარგი იარლიყით უკან ვერ გამოვა, ამიტომაც დანაშაული იმ ფაზამდე არ მიჰყავთ, რომ ციხეში მოხვდნენ.

- სიკვდილის პირზე მისულ ჯარისკაცს ასმეთაური რომ დილით მწყობრში ვერ ნახულობს, მიზეზით არ ინტერესდება?

- ნაცემი მსხვერპლი იმალება. თუმცა აბანოში შეიძლება ძალადობის კვალი შეამჩნიოს ოფიცერმა და დაინტერესდეს. ჯარისკაცი ვალდებულია მიზეზი დამალოს.

- რას აკეთებს ამ დროს ოფიცერი, ცხადია, ცემის შედეგად მიყენებული იარები შემთხვევით დაზიანებაში არ აერევა.

- მაშინ ოფიცერი საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრსა და ზრუნვას იწყებს. მიდის უფროსთან და დანაშაულის შესახებ მოახსენებს. რაც უფრო მეტ დარღვევას გამოავლენენ ოფიცრები, მით უფრო აიმაღლებენ წოდებას.

- თუკი ასეა, რატომ არ ხდება ჯარში ამ განუკითხაობის აღკვეთა?

- ოფიცრებმა შესანიშნავად იციან, ვინ რისი გამკეთებელია და ვინ როგორ ცხოვრობს. ყველა ოფიცერს ნებისმიერ დროს შეუძლია გააკონტროლოს თითოეული ჯარისკაცი, მაგრამ არ უნდათ ეს, რადგან მათ საქმეს სწორედ "ვაჟკაცები" აკეთებენ ველური მეთოდებით. თუ ახალწვეულები ჰყავს ოფიცერს ნაწილში, იგი ვალდებულია ყაზარმაში დარჩეს და მათ ყურადღება მიაქციოს. ისინი კი სახლებში მიბრძანდებიან და ახალწვეულებს "ვაჟკაცებს" აბარებენ, რომლებიც სისასტიკის გამოვლენით აშინებენ გამოუცდელებს და აფრთხილებენ, რომ ხმა არ ამოიღონ და გაპარვაზე არ იფიქრონ. ახალწვეულიც მორჩილად უკან დასდევს იმას, ვისზეც ოფიცრის დავალებით არის მიმაგრებული და ხანგრძლივად იტანს ყოველგვარ დამცირებას.

- თუ ვერ გაუძლო, გაიპარა და ამ გაპარვის მიზეზიც განაცხადა?

- ნაწილში სასწრაფოდ მიიღებენ შესაბამის ზომებს. ჯარისკაცის ამ მიზეზით ნაწილიდან გაპარვა ძალიან საშიშია ჩინოვნიკებისთვის. თავდაცვის სამინისტრომდე რომ მივიდეს ძალადობის შესახებ ინფორმაცია, ნაწილში ყველას შავი დღე დაადგება. ამიტომაც "პატიოსანი" და "წაშლილი" ხალხის გადაადგილება ნაწილში სასტიკად კონტროლდება. "ვაჟკაცები" კი მაგრად ცხოვრობენ. თუმცა ეგენიც შეიძლება დაისაჯონ. ასეთი თითო-ოროლა შემთხვევაა. ეს მაშინ ხდება, როცა მეთაურს მსხვერპლის მხრიდან ინფორმაციის გაჟონვის საფრთხე ემუქრება. მაშინ ახალწვეულის გულის მოსაგებად ოფიცერი მოძალადეს სჯის. ქართულ ჯარში ერთმანეთის მიმართ საშინელი სიძულვილი მძვინვარებს, ეს ეხება როგორც უფროსობას, ისე ჯარისკაცებს, ყველა ერთმანეთზე კომპრომატების ძიებაშია, რათა თვითონ პოზიციები გაიმაგრონ. ჯარისკაცები კი მათ მიერ შექმნილი ბინძური სისტემის ტყვეობაში არიან.

- ნუთუ არავის უჩნდება სურვილი, რომ ამ დაჩაგრულ ხალხს გამოექომაგოს?

- "ვაჟკაცებიდან" შეიძლება ერთი მართლა ვაჟკაცი გამოერიოს. მან იცის, რომ სხვების დაცვით, საკუთარ სამარეს ითხრის, იწყება მასზე თვალთვალი, "ვაჟკაცები" ელოდებიან, რომ მათ მოწინააღმდეგეს ფეხი გადაუბრუნდეს, რაღაც შეეშალოს, რომ მერე დასცხონ, თუ იარაღი აქვთ, იმასაც კი გამოიყენებენ მის წინააღმდეგ, ის სრულიად მარტო აღმოჩნდება განსაცდელში, მრავალთა დამცველს გვერდით არავინ დაუდგება. ფსიქოლოგიური შოკის შედეგად ჯარი ლაჩრებითაა სავსე.

- შურისძიების სურვილიც აღარ აქვთ?

- სამხედრო სამსახურის ვადის გასვლას ელოდებიან, რათა გარეთ გაუსწორდნენ მოძალადეებს, ამიტომაც ერთი სული აქვთ ბიჭებს, რომ გარეთ გავიდნენ. აქ ერთი ფაქტორი მოქმედებს. ჯარში ყოფნის დროსაც ესვრიან ტყვიას ისინი მოძალადეს, მაგრამ სამხედრო ტრიბუნალზე გასამართლების ეშინიათ და ურჩევნიათ ჩვეულებრივ სასამართლოზე აგონ პასუხი.

- როგორ ფიქრობ, არის ძალა, რომელიც ქართულ ჯარში არსებულ სიტუაციას დაარეგულირებს და ამ განუკითხაობას ბოლოს მოუღებს?

- ეს ძალა არსებობს, მაგრამ არ მოქმედებს. ქართულ ჯარში დამკვიდრებული ქაოსის აღკვეთა სწორედ მათ შეუძლიათ, ვინც ეს ყველაფერი რუსული ჯარიდან ქართულ ჯარში გადმოიტანა, ესენი არიან სამხედრო ჩინოვნიკები. მათ ვერ გათვალეს, რა კატასტროფას უმზადებდნენ ამით თავდაცვის სისტემას. მთავარია, მათ მოინდომონ და ქართული ჯარი მართლა ჯარს დაემსგავსება. ჯარში თანადგომა და სიყვარულია მთავარი. ეს კი არ არსებობს დღემდე.

- თავად ოფიცრების მხრიდან ძალადობას თუ აქვს ადგილი?

- თითქმის ყოველდღე. ვიმეორებ ეს საშინელი სისტემაა, რომელიც ჯარს ანადგურებს, მათ მიერ არის შექმნილი და თუ ვინმე მათი წრიდან ამ ბოროტებას დაუპირისპირდება, ისეთივე დღე ელის, როგორიც "ვაჟკაცს", რომელიც "პატიოსანი" და "წაშლილი" ჯარისკაცების დაცვას გადაწყვეტს. ჯარში ყველა კედელს ყურები აქვს, ყველამ ყველაფერი იცის ყველას შესახებ და გადარჩენისათვის ბრძოლაში ყველა დუმს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

პ.ს. ჩვენი მხრიდან შეპირებული თანადგომისა და დაცვის გარანტიების მიუხედავად ჯარისკაცმა არც ვინაობის გამხელა ისურვა და არც იმ ნაწილისა, სადაც მსახურობს. გვთხოვა - "თუ ჩემი ვინაობა გამჟღავნდება, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მეორე დღეს ცოცხალს ვერ მნახავთ და თუ გადავრჩი, ჩემს ცხოვრებას ფასი აღარ ექნება. თქვენი გაზეთის იმედად გიმხელთ ამ ტკივილს, რომელიც იმედია გულზე მოხვდება ბევრს". ჩვენც იმ იმედით, რომ ამ ინტერვიუში აღწერილი სისასტიკე ყველა სამხედრო ნაწილში არ ხდება, გადავწყვიტეთ განგაშის ზარი ჩამოგვეკრა კომპეტენტური პირების გასაგონად, ვისაც ქართულ ჯარში მსგავსი განუკითხაობის აღმოფხვრა ძალუძს და ვინც შეძლებს ჯარი მართლა ჯარს დაამსგავსოს. სხვა თუ არაფერი, ისინი ჩვენი თანამემამულეები, მამულის დამცველები და ელემენტარულად ჩვენი შვილები არიან, რომლებსაც ყურადღება და მტერთან ბრძოლის ჟინის გაღვივება სჭირდებათ.

ავტორი: რატი ახალაძე


კალენდარი
დეკემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი