მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-03
რაო, საქმე რომ არ გამოვიდეს, მე უნდა მომკლათ?! ამბავი ამერიკული "ჰეფი ენდით" უნდა დასრულებულიყო, მაგრამ სავალალო, ქართული ფინალი ჰქონდა...

გარეთ კი ირიჟრაჟა, მაგრამ გამოქვაბულში ჯერ ისევ ბნელოდა. წუხანდელი გრიგალის შემდეგ მის ბინადართ, როგორც იყო, ჩასძინებოდათ. მზის ამოსვლამდე ძილს მიუჩვეველი ღამურები ფხიზლობდნენ მხოლოდ. მართალია, კაცი თავისი მოშვებული წვერითა და ბაჯბაჯა სიარულით ერთი შეხედვით დიდად არ განსხვავდებოდა ამ ადგილებში მომრავლებული ტყიურებისაგან, მაგრამ ქალი ნამდვილი ზღვის ქაფიდან ამოსული აფროდიტე გახლდათ. აგერ, მზის პირველი სხივიც დაეცა, მაგრამ ქალ-ვაჟს წუხანდელი კოშმარის შემდეგ მკვდრებივით ეძინათ. ჯერ იყო და, იქ, ტრასაზე თითქმის ჩაეშალათ ჩანაფიქრი. იმ მანქანამ, რომელსაც ელოდებოდნენ, იმდენად დაიგვიანა, ცოტაც და ალბათ ხელს ჩაიქნევდნენ განზრახულზე. მერე შუაღამე რომ მოახლოვდა, მხოლოდ მაშინღა აინთო სოფლის განაპირა ეზოში მდგარი მათი საკბილოს ფარები. აქედან ხელისგულივით ჩანდა სოფელიც და ის ეზოც, რომელსაც აგერ უკვე მერამდენე ღამეა ამაოდ უთვალთვალებდნენ. გუშინ შეიტყვეს, რომ თბილისელი ბანკირის ბიჭი, ამ მივარდნილ სოფელში შორეული ნათესავის მეგობართან რომ იმალებოდა ქალაქში გახმაურებული მკვლელობის შემდეგ (რომელშიც "დიდი წვლილი" მიუძღოდა), ამაღამ აპირებდა თავისი საყვარლის მონახულებას. გვიანი იყო და მით უკეთესი დამხვდურებისათვის. ტრასაზე მანქანების მოძრაობა თითქმის შეწყვეტილიყო და ეს აიოლებდა საქმეს. ის იყო, მანქანამ სოფლიდან გამოაღწია, მერე მათკენ გამოუხვია, რომ უცებ თეთრკაბიანი ქალის ფიგურა მოლანდებასავით აესვეტა წინ. ძლიერი ქარის გამო კაბა ისე შემოტმასნოდა ტანზე, სხეულის ყველა ნაკვთი უჩანდა. ბიჭმა იფიქრა, ქალს დანატრებულს ალბათ მეჩვენებაო, მაგრამ უმალვე მიხვდა, რომ არ ცდებოდა. მანქანა თითქოს თვითონ გაჩერდა... ზედ ქალის ფეხებთან. მერე ქალმა წინა კარი გამოაღო და ზომაზე მეტად მოშიშვლებული მკერდით შეანათა ავტომანქანის სალონში, რომელშიც კარის გაღებისთანავე აინთო შუქი.

- თუ ძმა ხარ, აქაურობას გამაცილე, - მოკლედ მიუგდო მძღოლს და ნებართვას არ დალოდებია, ისე მიუჯდა გვერდით. სისხლი აემღვრა ბიჭს. კვირაობით ქალს დანატრებული კაცი, მკვლელობისათვის მთელი რესპუბლიკის პოლიცია რომ ეძებდა, ხანდახან, გვიან ღამით თუ მიაკითხავდა ხოლმე ნაცნობ "პუტანკებს" და ისიც შიშის კანკალით, ე მანდ პოლიცია არ დამაყენონ თავზეო, ახლა ანგელოზივით გოგოს ქათქათა მკერდს მისჩერებოდა. ამ ვაშლის მოწყვეტას მხოლოდ ხელის გაწვდენაღა უნდოდა...

- საზიზღარი, ამხელა გზაზე წამომიყვანა აქ, სოფელში, თვითონ სუფრასთან გამოტყვრა, მე კი ძინძგლიან მასპინძელს შემატოვა ხელში, - კითხვას აღარ დაელოდა, ისე განაგრძო ქალმა.

- მერე? - ჰკითხა მოულოდნელობით პირდაღებულმა ვაჟმა.

- მერე ავდექი და წამოვედი. ახლა ალბათ ლოგინში მეძებს ის პირუტყვი, მაგრამ ჯერ ისე არ დავხურდავებულვარ, კაცი თუ არ მომეწონა, მის გვერდით დავწვე...

- ჩემისთანაზე უარს იტყოდი? - ჯიქურ ჩაჰკითხა და მუსიკა ჩართო ბიჭმა.

- სხვა დროს იქნებ უარი მეთქვა, მაგრამ ახლა სხვა გამოსავალი რომ არ მაქვს, ვატყობ, - უმწეო კრავივით ააფახულა თვალები გოგომ.

- მაშინ მივბრუნდეთ სოფელში, იქ სახლიცა მაქვს და ქათქათა ლოგინიც.

- არა, არა, ლოგინი დიდ დროს წაიღებს. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ისე შევძვრე სახლში, ჩემიანებმა ვერაფერი გაიგონ. ასე უფრო ნაკლები უსიამოვნება მელის. ჯობია აგერ იქ შეუხვიო, ყანაში, იმედია, ამ შუაღამისას არავინ გამოვა სათოხნელად.

მანქანამ ცოტა კიდევ გააგრძელა გზა, მერე მარჯვნივ ნახევარწრე მოხაზა და გზისპირა ჩამწკრივებული ხეების იქითა მხარეს, ყანაში გაჩერდა თუ არა, ქალის თანამგზავრი ველოსიპედს გადააჯდა და რამდენიმე წუთში თავს წაადგა სიყვარულით გახელებულ წყვილს. ეს ისე სწრაფად გააკეთა, რა დასამალია და ბიჭის გარეგნობით მოხიბლულ ქალს ეწყინა კიდეც. ამ მამაცხონებულს ცოტა რომ ეცლია, დავარცხნილ-დაბანილ მამაკაცებზე დანატრებულ ვნებასაც დავიცხრობდიო, ფიქრობდა გულდაწყვეტილი. თუმცა ისიც იცოდა, რომ ამ ღამით უფრო მნიშვნელოვანი საქმე კეთდებოდა და ვნების აყოლის უფლება არ ჰქონდა. მერე ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც დეტექტიურ მოთხრობებშია აღწერილი. მანქანის კარი გაიღო და ჯერ ნაგანის ლულა გამოჩნდა, შემდეგ ბაჯბაჯას წვერგაუპარსავი სიფათი. გოგო მაშინვე გაუჩინარდა, უფრო სწორად, ველოსიპედს გადააჯდა და გამოქვაბულისაკენ აიღო გეზი. კაცებმა რამდენიმე წუთს იძიძგილავეს. მანქანის პატრონმა იარაღზეც გაიკრა ხელი, მაგრამ ბაჯბაჯამ აშკარად დაჯაბნა ღონით. იარაღიც აართვა, საიმედოდაც გათოკა, მერე ტყვე იქვე, მეორე გამოქვაბულში მიწიდან ამოზრდილ სველ სტალაგმიტზე მიაბა და იმ გამოქვაბულს მიაშურა, სადაც ქალი ელოდა.

ბუნაგი

ივლისი იდგა. ყველაზე ცხელი თვე საქართველოში, მაგრამ აქ, მდინარის ამ ნაპირზე, ღამით კლდეები ისე ცივდებოდა, დილით გვარიანად აკანკალებდათ გამოქვაბულის ხიზნებს. ახლაც სიცივემ გამოაღვიძა ორივენი. ქალმა ქურთუკი წაიფარა ზემოდან, ბიჭმა კოსტიუმი. მერე ორივე გამოქვაბულის ჭერს მიაშტერდა. ერთიანად დაეფარათ ღამურებს მღვიმის თავანი. სამაგიეროდ, იატაკი ისე მოწესრიგებული ჩანდა, აშკარად ეტყობოდა ქალის ხელი. ერთ მხარეს პატარა გაზქურასა და კონსერვის ქილებს დაეკავებინა შვერილი, მეორეზე "ბორჯომისა" და "კოკა-კოლის" ბოთლები ჩAაემწკრივებინათ. გამოქვაბულის ვიწრო შემოსასვლელს ნეკერჩხლის ტოტები ფარავდა. იმის იქით კი ისეთი ფლატე იწყებოდა, თოკის გარეშე დაშვება შეუძლებელი იყო. გელას (მოქმედი პირების სახელები შეცვლილია გარკვეული მოსაზრებების გამო) ადრე ალპურ სექციაში ევლო და ძველი გამოცდილების წყალობით "დაიპყრო" ეს გამოქვაბული. მას შემდეგ, როცა ღამღამობით დაბლა ეშვებოდნენ, თYოკის ბოლოს რომელიმე ხის კენწეროზე აბამდნენ, მერე კი უკან დაბრუნებულები მისი დახმარებით გამოქვაბულში ავიდოდნენ, თოკს აიტანდნენ და მთელი დღის მანძილზე გარეთ არ იხედებოდნენ. პოლიცია გელას ყაჩაღობასა და ძარცვისათვის ეძებდა, ხათუნას კი ქმრის მკვლელობა ედებოდა ბრალად. მართალია, ადრე სხვადასხვა ჯგუფთან "თანამშრომლობდნენ", მაგრამ მას შემდეგ დაწყვილდნენ, როცა შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ ერთ ბედქვეშ ყოფილან ორივენი. ამ კატეგორიის ხალხში ერთმანეთის წარსულში კირკიტი მიღებული არ არის, მაგრამ კაცმა ერთხელ მაინც ჰკითხა ქალს, ქმარი რატომ მოკალიო.

- რომ გაიგო, ვიპარავდი და არც მსხვილ საქმეებზე ვამბობდი უარს, ცემა დამიპირა და ვერ მოვზომე. ვიფიქრე, ცოტათი ვუჩხვლეტ-მეთქი დანით, მაგრამ ძიძგილაობაში ტარამდე გავუყარე ფერდში თურქული ბებუთი. კიდევ კარგი, შვილი არ დაგვრჩენია, თორემ ალბათ თავს მოვიკლავდი. ახლა კი რა ვიცი რა მელის. ჯანდაბას ყველაფერი, რაც მოსახდენია, მოხდეს. თუ ფულს მოვუყარე თავი, უცხოეთში წავალ, საქართველოდან შორს. აქ ცხოვრების უფლება თვითონვე ჩამოვართვი საკუთარ თავს...

ამ დილით, როგორც კი გამოერკვა, მობილური მოიძია გელამ. ეს აპარატი ტყვეს ჰქონდა ჯიბეში და ამით ერჩია მისიანებისთვის დაერეკა გამოსასყიდის შესახებ. გამოცდილმა რეციდივისტმა ისიც იცოდა, რომ ამგვარ ზარს ადამიანის გატაცებიდან რამდენიმე დღის შემდეგ უფრო მეტი ეფექტის მოხდენა შეეძლო, მაგრამ ამჯერად საქმე ისეთ შეძლებულ ოჯახთან ჰქონდა, ალბათ ბევრი იწილობიწილოს გარეშე შეძლებდა გამოსასყიდის აღებას. ტყვე საიმედო ადგილზე გადამალა, საქმეს კარგი პირი უჩანდა. თუმცა ერთი რამ უღრღნიდა გულს, პოლიციისგან თვითონ ძებნილმა ასევე ძებნილი მოიტაცა და ახლა გამოსასყიდი უნდა აეღო. შავი სამყაროს კანონებით ეს მიუღებელი იყო, მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც არც ერთი კანონი არ კანონობდა, რაღა მაინცდამაინც შავების კანონს უნდა ეკანონა.

- ალო! გიო, შენა ხარ, შვილო, - შეშფოთებული ქალის ხმა გაისმა აპარატში. როგორც ჩანს, დედამ შვილის ტელეფონის ნომერი იცნო - ხომ შევთანხმდით, რომ მხოლოდ ნოდარის საშუალებით დაგვიკავშირდებოდი. განა არ იცი, რომ შეიძლება გვისმენდნენ?

- ახლა საყვედურების დრო არ არის, ქალბატონო. თქვენი გიო აგერ მყავს გაკოჭილი. ახლა მაგას საყვედური კი არა, პატრონობა სჭირდება!

- ვაიმე, მოუკვდეს დედა. უკვე დაიჭირეთ? სადა გყავთ, რომელი რაიონის პოლიციიდან მირეკავთ?

- პოლიციიდან არა, პროზექტურიდან გირეკავთ. თუ ორ დღეში ორ მილიონ დოლარს არ გადაიხდით, აქედან მკვდარს წაასვენებთ იცოდეთ. ორ დღეში, ესე იგი, დღეს და ხვალ. ზეგ დილით თქვენი შვილი მიქელ-გაბრიელის გზას გაუყვება, თუ ფულს არ მივიღებთ... გესმის? - ... და ტელეფონი გაითიშა.

გამოსავლის ძიებაში

რა უნდა ექნა, ბატონ მირიანს. სულ იმას გაიძახოდა, არ ვიცი ჩემი შვილი თავს სად აფარებსო და ახლა როგორ განეცხადებინა პოლიციაში, რომ მისი შვილი ისეთივე ბანდიტებმა გაიტაცეს, როგორიც თვითონ იყო. მამის ფულით გაზულუქებული ერთხელ გადარჩა დაჭერას, მეორედ, მესამედ, მეათედ. მერე წვრილმანი ხულიგნობა ბოროტში (არის ასეთი კვალიფიკაცია სისხლის სამართლის კოდექსში) გადაიზარდა, წაღმა-უკუღმა ისროდა პისტოლეტს. ხან პეტრე დაჭრა, ხან პავლე. ყველას ფულით აჩუმებდა ბატონი მირიანი. მერე ვიღაცის უწლოვანი გოგონა გააუპატიურა. ჯერ ერთი, მერე მეორე, მეხუთე, მაგრამ მირიანის ფული მათ პატრონებსაც თაფლავდა. ამ ბოლო დროს კი, როცა არაფრისათვის მოკლა ახალგაზრდა კაცი, რომლის მამასაც მირიანზე ნაკლები ფული როდი ჰქონდა, პირველად დადგა გიო დაპატიმრების საფრთხის წინაშე და მაგრადაც მოიკუნტა. მაგრამ პოლიციის ნაცვლად შავი სამყაროს ხალხი თუ მოიტაცებდა, ნამდვილად ვერ წარმოედგინათ ვერც თვითონ და ვერც მის მშობლებს. მეორე დღეს ისევ დარეკა ტელეფონმა. ხვალ საღამოს ან ფულს მოიტან, ანდა იმ მოკლული ბიჭის მამას დავურეკავ, რომელიც გამოსასყიდსაც გაიღებს და ამასაც ბოლოს მოუღებსო, - უთხრეს ბატონ მირიანს და გიოს ზლუქუნიც მოასმენინეს, ხბოსავით რომ ბღაოდა - მამა, მიშველე, თორემ აქ კოღოები შემჭამენო!

კაცმა რომ თქვას, მირიანი დაღალა მუდმივად შვილის გადარჩენაზე ფიქრმა. ამჯერად ის უფრო საკუთარი რეპუტაციის გადარჩენაზე ფიქრობდა. სადაცაა ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მისი ახალაშენებული სახლის, როგორც ახლა უწოდებენ, პრეზენტაცია უნდა გამართულიყო, სადაც მთავრობის თითქმის ყველა წევრი ჰყავდა მიწვეული. როგორ უნდა გაემხილა, რომ ვიდრე ის ჰუმანიტარული დახმარებებიდან და უცხოური გრანტებიდან ნაქურდალი ფულით ამ სარკეებიან დარბაზებს, შადრევნებს და აუზებს აკეთებდა, მისი შვილი საკუთარი ჟინის დასაკმაყოფილებლად ათობით ოჯახს ამწარებდა.

ბოლოს და ბოლოს, 600.000 დოლარს მიუყრიდა გამტაცებელს. მოილაპარაკეს, სად და რა დროს უნდა მიეტანა ფული.

- დეტალებზე, ადგილზე რომ მოხვალ, მერე მოვილაპარაკებთ. მობილური ტელეფონი თან იქონიეო, - უთხრეს და საღამომდე დაემშვიდობნენ. გელამ ახლა გიოსგან მოკლული ბიჭის მამას დაურეკა. თუ ერთ მილიონ დოლარს გადაიხდი, შენი შვილის მკვლელს გაბაწრულს ჩაგაბარებო, უთხრა. ისევ გაეხსნა ჭრილობა მოკლულის მამას. ისევ იფეთქა შურისგების წყურვილმა და - ნახევარ მილიონს დღესვე ვიძლევი, ოღონდ ჯერ საქონელი და მერე ფულიო, ჩასძახა ყურმილს.

- მოდი, ასე გავაკეთოთ, - შესთავაზა გამწარებულ მამას გელამ, - საღამოს ხუთ საათზე ტრასაზე გამოდით. თქვენ მანქანაში ჩაგიჯდებათ ახალგაზრდა ქალი. ის იქნება თქვენი მძევალი, ვიდრე შვილის მკვლელს არ ჩაიბარებთ. თუ ხელს გაძლევთ ჩემი პირობა ესაა, თუ არა და...

- კარგი, კარგი. თანახმა ვარ. ოღონდ ჩემს ნაცვლად სხვები მოვლენ. მე ის მითხარით, ფული როგორ გადმოგცეთ, - იყო პასუხი.

ფულის გადაცემის ტექნოლოგია კი ასეთი იყო: გამოქვაბულიდან ნახევარი კილომეტრის დაAშორებით, იქ, სადაც ხეობა ვიწროვდებოდა, ამ დღისათვის საგანგებოდ მოწყობილ ნიშნულთან უნდა მისულიყვნენ გელას კლიენტები. გელა ამ დროს მდინარის პირას, ლელიანში იქნებოდა მიმალული და სიტუაციისდა მიხედვით გასცემდა განკარგულებებს.

დათქმულ საათზე ხეობის ორივე მხარე საგულდაგულოდ შეამოწმა. რაკი დარწმუნდა, რომ "კლიენტები" ადგილზე იყვნენ, ინსტრუქციის მიცემა დაიწყო: თქვენგან მარცხნივ მოზრდილი ხე რომაა, აი, იმ ხეს გამობმული აქვს ძუა. მასზე კი პატარა კონტეინერია მიმაგრებული. ფული იქ ჩადეთ, მაგრამ ჯერ არ აუშვათ, გასაგებია?

- გასაგებია, მაგრამ ზონარმა რომ ვერ გაუძლოს და გაწყდეს?

- ნუ გედარდებათ, მაგ ზონრით ორმოცკილოიანი ლოქო ამომიყვანია მდინარიდან. დამელოდეთ!

- ბატონი ბრძანდებით, - იყო პასუხი. ეს გიოს მამა მირიანი გახლდათ, რომელმაც კარგა ხანს იორჭოფა, ვაცნობო თუ არა პოლიციასო, მაგრამ მაინც მარტო მისვლა გადაწყვიტა. ასე რომ, ამ მხრივ გელას არაფერი ემუქრებოდა. სულ სხვა მდგომარეობა იყო ფერდობის მეორე მხარეს. მოკლულის მამას შვილის მკვლელის განადგურება ჰქონდა ჩაფიქრებული და პოლიცია არც მას მოუწვევია. ნახევარი მილიონი დოლარი, გელასთვის რომ უნდა გადაეცა, ხელში ეჭირა პატარა ჩანთით, მეორე ნახევარი კი ამ საქმეში გამოცდილ ერთ სანდო კაცს გადასცა და დახმარება სთხოვა. იმ კაცმა კი ექვსი ქილერი იქირავა, თითო ორმოცდაათი ათასად და პროგრამა გააცნო. თუ ფულის გადაცემის შემდეგ მკვლელს არ ჩააბარებდნენ, მძევალი ქალი, ანუ ჩვენთვის ნაცნობი ხათუნა უნდა მოეკლათ.

შურისძიება

ჩვეულებრივი "ჟიგული", რომლის მსგავსი ათასობით დაქროდა ამ საავტომობილო გზაზე, ზუსტად დათქმულ დროს მივიდა დანიშნულ ადგილზე. თითქმის მაშინვე თითქოს ღრუბლებიდან გადმოეკიდაო, ჩვენი ნაცნობი ფერია გამოკეკლუცდა. მანქანის ნომერს დახედა და მოსხლეტით ჩაეშვა უკანა სავარძელში. მანქანაში ორნი ისხდნენ, ახალგაზრდა, ასე ოცი-ოცდახუთი წლის მძღოლი და მისი თანამგზავრი, რომელიც მძღოლის გვერდით მოკალათებულიყო.

- რაო, საქმე რომ არ გამოვიდეს, მე უნდა მომკლათ? - ისე გულუბრყვილოდ იკითხა ქალმა, ბიჭები გაშეშდნენ. ლამაზი ქალით აღფრთოვანებულები მხოლოდ ახლა გამოერკვნენ, რომ გარიგება სწორედ მის მოკვლას ითვალისწინებდა პირველი პირობის, ანუ მკვლელის გადაცემის ჩაშლის შემთხვევაში. არა, კაცის კვლა მათთვის უცხო ხილი არ იყო. სისხლის გემო მათ ჯერ აფხაზეთში, შემდეგ კი გვარდია-"მხედრიონის" დაპირისპირების დროს გაიგეს, მაგრამ ქალის სისხლში ჯერ ხელი არ გაუსვრიათ, ახლა კი? არა, ამაზე მგონი არ უნდა დათანხმებულიყვნენ, მაგრამ რა იცოდნენ, თუ ასეთ მომხიბლავ არსებასთან ექნებოდათ საქმე. თუმცა იქვე იძალა პროფესიულმა თავმოყვარეობამ და წუთის შემდეგ ისინი ლამაზ ქალს კი არა, სასიკვდილოდ განწირულ მსხვერპლს უყურებდნენ თვალებში.

- კი, თუ პირობა დაირღვევა, ნამდვილად მოგკლავთ, - "დაამშვიდა" ერთმა მათგანმა.

ახლა ფერდობის მეორე მხარეს დარეკა ტელეფონმა და ზუსტად იგივე გაუმეორა, რაც პირველს.

- ხეზე მიბმულ ზონარზე დაკიდებულ კონტეინერში ჩადეთ ფული და დააცურეთო. ორივე მხრიდან, ზუსტად ერთსა და იმავე დროს დაეშვა დოლარებით გაძეძგილი კონტეინერები. მოტოციკლეტით მიწას გართხმული გელა ისე მოიხიბლა ამ სანახაობით, რომ ლამის სიხარულით ეყვირა. დიახ! ზეიმობდა თავისი დადგმული სპექტაკლის წარმატებას. მან საუცხოოდ გაართვა თავი რეჟისორის მოვალეობას და ახლა აგერ, მარჯვნიდან თუ მარცხნიდან მისკენ მოექანება დოლარებით სავსე ორი კონტეინერი. ეს კი საქართველოდან შორს, უცხოეთში უზრუნველად ცხოვრებას ნიშნავდა. მილიონ ასი ათასი დიდი ფულია, მაგრამ ამის ნახევარს ნამდვილად ვერ მისცემს ხათუნას. ამ დილით თავისთვის, უთქმელად გამოეთხოვა ქალს და ოპერაციის გამართლების შემთხვევაში სამომავლო გეგმაც დასახა. ამ გეგმაში კი ხათუნასთან დამაკავშირებელი არც ერთი პუნქტი არ მოიაზრებოდა. ვიდრე კონტეინერები ლელიანს მიაღწევდნენ, მხარეებს პატიოსნად მიუთითა დაბორკილი მკვლელის ადგილსამყოფელი, მოტოციკლი დაქოქა და უკანა ბორბალზე მიმაგრებული ჯერ ერთი ზონარი გადაჭრა, შემდეგ მეორე. ფულით სავსე კონტეინერები მის ფეხებთან დაცვივდა. წამში ორივე ერთმანეთს გადააბა, მოტოციკლზე ხურჯინივით გადაჰკიდა და მთელი ძალით გაიჭრა წინ...

მერჩია აქ დამემთავრებინა თხრობა. ტიპური ამერიკული ფინალი გამოვიდოდა, ან რომელიმე ავსტრალიური ხომალდის გემბანზე ამეყვანა გაპარსულ-გალამაზებული, სმოკინგში გამოწყობილი ჩვენი გელა, რომელიც თურმე არც ისე ბაჯბაჯა ყოფილა, როგორც იქ, გამოქვაბულში ჩანდა. მის გვერდით იქნებოდა ულამაზესი ქალბატონი ხათუნა. წყვილი სულ მალე მეოთხე კონტინენტს დაადგამდა ფეხს და სამუდამოდ დაივიწყებდა წარსულს.

მაგრამ ეს ამბავი ამერიკაში არ მომხდარა. ეს ამბავი ქართული სავალალო სინამდვილეა და მოდით, ჩვენც ქართულად დავამთავროთ, ანუ შელამაზების გარეშე.

გამოქვაბულის შესასვლელში ორი მტრული ბანაკი ერთმანეთს გადაეყარა და ურთიერთსროლა მანამ არ ჩაცხრა, ვიდრე სამი კაცი, მათ შორის მძევლად აყვანილი გიოც არ მოკლეს. მერე დაღუპულები დიდხანს მიჰქონდა მტკვარს და აზერბაიჯანში თაუზთან ორი მათგანი შემთხვევით იპოვა ერთმა იქაურმა მწყემსმა. ექსპერტიზამ ვერაფერი დაადგინა. გვამები ისე დაეხრათ თევზებს, მხოლოდ ჩონჩხიღა ამოიღეს წყლიდან. მესამესი ჩონჩხიც არავის უძებნია. უპატრონო, ამოუცნობი მკვდრების იარლიყით დაკრძალეს ორივენი თაუზის მახლობლად. თუმცა დანამდვილებით არავინ იცის, მათი იყო თუ არა ოდესღაც ადამიანის ეს საბრალო ნარჩენები. გელა კი იმ საღამოსვე დააკავეს ბათუმში (რისი მოწმეც თავად გახლდით), მას შემდეგ, როცა კაზინოში ორმოცდაათი ათასი დოლარი წააგო. ხათუნა კი დღესაც ერთ-ერთი ქილერის საყვარელია და ჩემი ინფორმაციით, არალეგალურად ცხოვრობს სადღაც, თბილისის გარეუბანში.

ავტორი: ვაჟა გავაშელი


კალენდარი
ნოემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
12
13
14
15
16
17
19
20
21
22
23
24
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი