მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-10
მე არ მჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ჩემი სიკეთე ენდომება. მე მჭირდება ხელისუფლება, რომელსაც დასჭირდება ჩემი სიკეთე!

ცივილიზებულ ქვეყნებში ნებისმიერი არჩევნები სახელმწიფოს გაძლიერებისა და ერის კონსოლიდაციისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია და როგორც ჩანს, საქართველო იმ მცირერიცხოვან ქვეყანათა რიგშია (საერთოდ თუ დარჩა ასეთი ქვეყანა), სადაც არჩევნები როგორც წესი, სახელმწიფოს დასუსტების, პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების გახლეჩა-დაპირისპირების მძლავრ ფაქტორად გვევლინება. სამწუხაროდ, ასეა ახლაც... საქართველოში სრულდება არჩევნების შემდგომი "მარათონიც" ტრადიციული ქართული "საკაზმით" შეზავებული, ანუ კვლავ ურთიერთსიძულვილით, მუქარით, პოლიტიკური კორუფციით, ერთმანეთის წარმომავლობაში ქექვითა და ბავშვობის დროინდელი საცვლების გადმობრუნება-გამომზეურებით და ა.შ. ახლა საქმე საჩივრების განხილვაზეა მიმდგარი, თუმცა საეჭვოა ამით რაიმე არსებითს მიაღწიონ პოლიტიკურმა ძალებმა, ან ცეესკომ აღიდგინოს ლაფში ამოსვრილი "ავტორიტეტი". ვესაუბრებით პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს:

- არჩევნებში გამარჯვებულ პარტიათა შორის დაპირისპირება ხელისუფლების მოპოვებისთვის ხდება. ის ფაქტი, რომ 4%-იან ბარიერგადალახულ პარტიებში უამრავი ხალხია, რომლებიც არ აპირებენ თბილისის საკრებულოში შესვლას, მოწმობს არა მხოლოდ მათ უპასუხისმგებლობას ამომრჩევლის წინაშე, არამედ იმასაც, რომ აქ მხოლოდ ხელისუფლებისთვის ბრძოლა იყო და არა საქმისთვის. გაიძახიან, რომ უმრავლესობით ჰქონდა აზრი შესვლას საკრებულოშიო, მაგრამ ეს არ არის მოტივი. თუ პოლიტიკური პარტია ხარ, უნდა იმუშაო. მარტო ხელისუფლების სათავეში მოსვლისთვის მებრძოლი პარტია ყოველთვის თავის თავშივე შეიცავს დიდ რისკს. იგი გარედან ზეწოლას ვერ გაუძლებს და თუკი რუსეთისგან, ან სხვა ქვეყნისგან მის ხელისუფლებას საფრთხე შეექმნა, როგორც ახლა არიან თანახმა ყველაფერზე, ოღონდ ხელისუფლება მიიღონ, საგარეო პოლიტიკაშიც ყველაფერზე წავლენ ხელისუფლების შესანარჩუნებლად. ასეთი პოლიტიკური ძალები კი საქართველოს რუსული გავლენის ორბიტაზე დაბრუნების საფრთხეს შეუქმნიან. ადრე თუ გვიან, რუსეთი ეცდება, რომ გავლენა გაავრცელოს საქართველოზე და ამას განახორციელებს სწორედ აქაური ხელისუფლების რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით. ანუ ყოველთვის აფეთქების საშიშროებას შეუქმნის ხელისუფლებას და ამით დაითანხმებს ამა თუ იმ ნაბიჯზე. ამიტომ, ანალიზისას ამ არჩევნებთან დაკავშირებული ემოციები არ გამოგვადგება, რადგან ემოციური მოლოდინისას ველით იმას, რაც გვინდა. უნდა ითქვას, რომ ისეთი სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ექსპერტები, როგორებიც ვართ ვთქვათ, მე და ლევან ბერძენიშვილი, სტრატეგიული თვალსაზრისით საერთო პოზიციაზე ვდგავართ, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკური სტაბილურობისთვის, განვითარებისა და ეკონომიკური ბაზის გაჩენისთვის ესაჭიროება მემარჯვენე პოლიტიკური ორიენტაციის ძალების გაძლიერება და ხელისუფლების სათავეში მათი მოსვლა. ჩინოვნიკურ ძალას სხვა ალტერნატივა არა აქვს, ხელისუფლებაში მოსული ლუმპერიც ჩინოვნიკი ხდება. ამიტომ ქვეყანა უნდა მართონ ქონების მქონებლებმა, მესაკუთრეებმა. ფაქტია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველგან მძლავრობს მემარცხენეობის ორიენტაცია. იმავე რუსეთში მემარჯვენეობა მხოლოდ მკრთალი ლაქაა პოლიტიკურ სპექტრზე. ამ რეალობის მიზეზი კი მარტო ნოსტალგია არ არის. საქმე ის არის, რომ მოსახლეობა სიტყვა ხელისუფლების, სახელმწიფოს ქვეშ რა შინაარსსაც გულისხმობს, ყველაფერი საბჭოურია, ანუ არასაბჭოთა სახელმწიფო მისთვის უცხო მოვლენაა. გამოცდილება საქართველოს მოსახლეობას არა აქვს და ბუნებრივია, როცა ხელისუფლებაზე მსჯელობს, ისე მსჯელობს და ფიქრობს როგორც მემარცხენე, იმიტომ, რომ მემარცხენეობაა მისი ცხოვრებისეული გამოცდილება.

- ანუ თავიდათავი ჩვენი დღევანდელი ყოფისა, არის ცხოვრებისეული გამოუცდელობა და მემარცხენეობა?

- დიახ, და ამის თქმის უფლებას მაძლევს შემდეგი: თუ სოციოლოგიურ სურათებს დავაკვირდებით, საქართველო იმთავითვე რადიკალურად მემარჯვენე გახლდათ და ამერიკაზე ორიენტაცია გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე რუსეთზე. დღეს ორიენტაციები იგივე დარჩა, მაგრამ პროპორცია შეიცვალა. რუსეთზე ორიენტაციის ხარისხმა იმატა. კორუფცია და კორუმპირებული ხალხის ყოფნა ხელისუფლებაში განპირობებულია იმით, რომ სწორედ მემარცხენეობის ქვეშ მძლავრობს კორუფცია, გავიხსენოთ საბჭოთა პერიოდში როგორ ყვაოდა კორუფცია. ასე რომ, კორუფცია არ ნიშნავს მხოლოდ ცუდი ადამიანების არსებობას ხელისუფლებაში, კორუფცია არის გარკვეული ტიპის სისტემა. სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ ადამიანების მოქმედების დონეზე ვაფასებთ პროცესებს და არა სისტემურ დონეზე, როცა ახალგაზრდა "მოქალაქეებმა" გადაწყვიტეს საკუთარი პოლიტიკური რეიტინგის მოპოვება და შევარდნაძის "ჩრდილიდან" გასვლა, ეს გააკეთეს მმართველი პარტიის პოლიტიკური შეცდომების ხარჯზე და თავი ოპოზიციად გამოაცხადეს. არადა, მანამდე შალვა ნათელაშვილი იჯდა იმ წყაროზე, რომელსაც შემდეგ სააკაშვილი დაეწაფა და საკმაოდ ეფექტურადაც, რადგან ნათელაშვილს სააკაშვილისაგან განსხვავებით საინფორმაციო ღრუ ამოქოლილი ჰქონდა და პოლიტიკური ასპარეზიც შეზღუდული. ამდენად, სააკაშვილმა რამდენიც უნდა იძახოს მემარჯვენე ვარო, სწორედ იმიტომ რომ მემარცხენეებს წაართვა ლოზუნგები, რეალურად ის მემარცხენეა და ხალხიც მიჰყვება, როგორც სოციალური ლოზუნგების მქონე პარტიას. ეს არის ობიექტური რეალობა. წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვები რომ ავიღოთ, აბსოლუტურად ყველა გამოკითხვაში მოსახლეობა ორიენტირებული იყო იმავე ფიგურებზე, რომლებმაც გაიმარჯვეს არჩევნებში - ნათელაშვილსა და სააკაშვილზე. მათგან მოშორებით უკვე მოდიოდნენ "ახალი მემარჯვენეები". არადა, არჩევნებამდე უფრო ადრეულ პერიოდში, როცა "ახალი მემარჯვენეების" მხარდამხარ მოდიოდნენ "მრეწველები", უკვე მკვეთრად იყო გამოკვეთილი მემარცხენე და მემარჯვენე ძალები. უშუალოდ არჩევნების წინ "მრეწველებმა" ცოტა მოიკოჭლეს ეფექტური საარჩევნო კამპანიის წარმართვის თვალსაზრისით და ჩრდილშიც აღმოჩნდნენ. არჩევნების შედეგად დღეს სახეზე გვაქვს ძლიერი მემარცხენე ფლანგი, მაგრამ განსხვავებით წინა არჩევნებისგან უკვე გამოჩნდა მემარჯვენე ფლანგიც.

- იმის თქმა გსურთ, რომ მემარჯვენე ფლანგის გამოჩენა არის მნიშვნელოვანი შედეგი ამ არჩევნების?

- რა თქმა უნდა და ამის დაუფასებლობა არ შეიძლება. ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე ეს არის მემარჯვენეობის მძლავრი განაცხადი, რადგან მოსახლეობის განწყობის ფონზე ეს წარმატებაც ეჭვქვეშ იდგა და როგორც ჩანს, ქართულმა მენტალიტეტმა უშველა ამ სიტუაციას. ამიტომ საზოგადოების პოლიტიკური მენტალიტეტის უდავოდ დიდ მიღწევად მიმაჩნია ის, რომ წინა პლანზე წამოიწია მემარჯვენეობამ და ფაქტობრივად, მივედით პოლიტიკური ცხოვრების დასავლურ წესსა და სახესთან. ანუ, დღეს უკვე ერთმანეთს ებრძვიან არა თბილისი და ბათუმი, არა ეროვნული ძალები და კომუნისტები, არა რეგიონები ან პიროვნებები, არამედ ერთმანეთს უპირისპირდებიან პოლიტიკური ორიენტაციები. ეჭვი არ მეპარება, რომ იმავე ნათელაშვილისა და სააკაშვილის, როგორც პიროვნებების ღვაწლი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ის, რასაც ისინი იძახიან პოლიტიკური მესიჯის თვალსაზრისით და რასაც მიჰყვება კიდეც მოსახლეობა. პიროვნული მოტივებით ხმის მიცემის ფაქტებს თითქმის ვეღარ ვხედავთ. ჩვენი მოსახლეობის გამოკითხვებში ვერსად ვნახავთ, რომ პოლიტიკოსები მოსწონთ როგორც პიროვნებები. უკვე ფიქრობენ იმაზე, რომ კი ბატონო, საქართველო ყველას უყვარს, მაგრამ რას მომიტანს სასიკეთოს ესა თუ ის პოლიტიკოსი, თუკი მას ხმას მივცემ და ხელისუფლებაში მოვიყვან?! ეს უკვე ადასტურებს ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფის გარკვეულ დონეს, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა.

- ანუ, ხელისუფლებამ ამ არჩევნებით წააგო, მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ როგორ სასტიკად დაუპირისპირდნენ (თუ დაუპირისპირეს) ერთმანეთს გამარჯვებული პარტიები, რაც ხელისუფლების მხრიდან ეშმაკურ ქმედებადაც შეფასდა.

- არათუ წააგო, ხელისუფლებამ, არამედ იმაზე მეტიც წააგო, რაც ობიექტურად შეიძლებოდა დაეკარგა. რაც მოქალაქეთა კავშირის ჩამონათალის სახით შერჩა ხელში ხელისუფლებას, ის არცთუ ისე მსუყედ გამოიყურებოდა. ამიტომ, ხელისუფლებას ჰქონდა ერთი სვლა - ეთქვა "პას" და არ მიეღო მონაწილეობა ამ არჩევნებში და შეენარჩუნებინა რეზერვი და "იდუმალების ის ხიბლი", რომელიც ბევრ ქულას მოუტანდა საპარლამენტო არჩევნებში. ვფიქრობ, სწორედ ასეთი ქმედება იქნებოდა ეშმაკური ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ, რადგან ხელისუფლებამ ეს რესურსი არ გამოიყენა, უნდა ვიფიქროთ, რომ პრიმიტიულად ჰქონდათ დაგეგმილი სამოქმედო ნაბიჯები. შეიძლება შევარდნაძე მართალს ამბობს, რომ მან ხელი არ შეუწყო პრეზიდენტის დონიდან ადმინისტრაციული რუსურსების სრულად მობილიზებას იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო კამპანიის პარალელურად ადმინისტრაციული რესურსების ამუშავება, დაახლოებით ხმათა 10%-ს იძლევა, რაც არ არის მცირე მაჩვენებელი, მით უმეტეს ადგილობრივ არჩევნებში. ახლა კი ვხედავთ, რომ მოქალაქეთა კავშირმა ათი კი არა, ოთხი პროცენტიც ვერ აიღო. ასე რომ, ადმინისტრაციულ რესურსს მასზე ეფექტურად არ უმუშავია.

- რაზე მიგვანიშნებს ეს, იმაზე, რომ პრეზიდენტი და ხელისუფლება როგორც იქნა, დადგა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების რელსებზე, თუ უბრალოდ გაწირეს მოქალაქეთა კავშირის ეს ჩამონათალიც?

- შეიძლება გაწირეს კიდეც, მაგრამ მათი გაწირვა ნამდვილად არ არის პრეზიდენტისთვის მინუსი ამ შემთხვევაში. პოლიტიკის მაღალ ეშელონებში ყველა შეგუებულია, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება გაიწიროს ისევე, როგორც თავად პრეზიდენტი გაწირეს მისმა თანამებრძოლებმა. ასე რომ, დაუნდობლობა პრეზიდენტსაც ახასიათებს და მის მხარდამჭერებსაც. ამიტომ დღევანდელი ქართული პოლიტიკა გლადიატორების არენას უფრო ჰგავს, ვიდრე ქვეყნის აღმშენებლობის ასპარეზზე მოფუსფუსე ფუტკრის სკას!

- ლეიბორისტები და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები სასტიკად დაუპირისპირდნენ და შევარდნაძესთან ალიანსში ადანაშაულებენ ერთმანეთს. "უხილავმა ძალამ" საქმეში გაუშვა ე.წ. კონფიდენციალური ინფორმაციაც, რომლის თანახმადაც თითქოს ხელისუფლებამ, ლეიბორისტთა საარჩევნო ყულაბაზე იმუშავა, რათა ამით სააკაშვილი ჩაეძირათ და დაპირისპირებაც გამოეწვიათ პოლიტიკურ ძალებს შორის. თქვენ უშვებთ ასეთ ვერსიას?

- თუკი ხელისუფლებამ ასეთ ხერხს მიმართა, მივესალმები ამ თამაშს, რადგან საკმაოდ გონებამახვილური ვერსიაა. შეიძლება აქ შორს გამიზნული გეგმა დევს. შევარდნაძეს სჩვევია თავის მოკატუნება და როცა ყველას ჰგონია, რომ უკვე აღარაფერი შეუძლია, - უცბად მოულოდნელი ნაბიჯის გადადგმა და დარტყმის განხორციელება. არ გამოვრიცხავ, რომ ამ შემთხვევაშიც ამასთან გვქონდეს საქმე. ხოლო თუ საღად შევაფასებთ პროცესს, მეეჭვება ხელისუფლება დაინტერესებული იყოს ნათელაშვილის გაძლიერებით, რადგან იმავე სააკაშვილს, როგორც ყოფილ ხელისუფალს, ბევრი საერთო და დამაკავშირებელი ხაზი აქვს სახელისუფლებო სტრუქტურებთან და ასე ადვილად ამოსაგდები არ არის მისი წარსული. შესაბამისად, სააკაშვილთან და მის თანამებრძოლებთან საერთოს პოვნის შანსი გაცილებით მაღალი აქვს სახელისუფლებო სტრუქტურებს, ვიდრე ნათელაშვილთან და მის თანამებრძოლებთან, რომლებსაც, ფაქტობრივად, არავინ იცნობს და ახალი სახეები არიან. რას იზამენ ეს ახალი სახეები, რომლებიც ხელისუფლებასთან შეურიგებელი ბრძოლის მკაფიო პრინციპით არიან მოსულნი პოლიტიკაში. ვფიქრობ, დამაფიქრებელი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის. მაგრამ, ხელისუფლებისთვის ნათელაშვილიც და სააკაშვილიც საშიში ძალები არიან. "მოხარშვა გირჩევნია თუ მოხრაკვაო", ხელისუფლება ასეთი ალტერნატივის წინაშე იდგა. ხომ იყო ლაპარაკი, რომ შევარდნაძე და ხელისუფლება "ახალ მემარჯვენეებს" ეხმარებოდა და სახელისუფლებო პარტიასაც უწოდებდნენ. ამ არჩევნების შედეგებმა კი სხვა გვიჩვენა და ამიტომ ნათელაშვილზე ალაპარაკდნენ.

- მართლაც, ხელისუფლებისთვის გაცილებით მომგებიანი იქნებოდა ადმინისტრაციული რესურსი სწორედ "ახალი მემარჯვენეებისკენ" მიემართა, მაგრამ ეს არ, ან ვერ გააკეთა.

- დიახ, ლოგიკურად მოსალოდნელი იყო, რომ "ახლებისთვის" ხელისუფლებას ხელი შეეწყო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბიზნესთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები გაცილებით ძნელად წავლენ დესტაბილიზაციაზე, რადგან ქონებაა სტაბილურობის გარანტი! ხელისუფლებამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ სტრატეგიულად პარტნიორი პარტიისთვის ხელი შეეწყო და შედეგად მიიღო ის, რომ პარტიებს, რომლებიც ითხოვენ ამ ხელისუფლების, საერთოდ ქვეყნიდან წასვლასაც კი, ერგოთ გამარჯვება და მაღალი რეიტინგი. ხელისუფლებას დღეს სხვა გზა აღარა აქვს გარდა იმისა, რომ გაატაროს მკვეთრი შიდაპოლიტიკური დაბალანსების კურსი. თუკი შევარდნაძე წინ უშვებს მემარცხენე პარტიებს, რათა მომავალში მათი მარცხი დაანახვოს ქვეყანას, ალბათ, სწორად იქცევა. ნათელაშვილის და სააკაშვილის პარტიები უდავოდ დამარცხებისთვის განწირული პარტიები არიან და არა იმიტომ, რომ ამ პარტიაში ცუდი ადამიანები არიან, შესანიშნავი პიროვნებები გახლავან, მაგრამ ის, რაც მათ უნდათ, რომ ფული ქვეყანაში განაწილდეს თანაბრად, მთავარი არ არის. მთავარია ის, როგორ გაჩნდეს ფული, რაც მათ არ იციან. კონკრეტული სტრატეგია, რომელიც მოსახლეობის ეკონომიკურ სიდუხჭირეს შეამცირებს, ამ პარტიებს არ გააჩნიათ. მეტიც, არ იციან ქვეყნის მართვა და მათი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემთხვევაში მივიღებთ თითქმის ისეთივე სურათს, როგორიც გამსახურდიას დროს. მე არ მჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ჩემი სიკეთე ენდომება. მე მჭირდება ხელისუფლება, რომელსაც დასჭირდება ჩემი სიკეთე! ამ ორ ცნებას შორის დიდი განსხვავებაა და ჩვენც, თუკი ქვეყნის აშენება გვინდა, მეორეს უნდა გავყვეთ.

ხოლო თუ საქართველოში მივაღწევთ პარტიების გამსხვილებას და იმას, რომ დაბალანსდა ამომრჩეველთა ხმები - 50% მემარცხენეებს, 50% მემარჯვენეებს, მაშინ მცირეოდენი ცვლილებებით წარიმართება პოლიტიკური ცხოვრება, როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში. ამ ეტაპზე კი, ჟვანია, როგორც ზომიერი კურსის მომხრე, შეიძლება გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდეს. დღეს ზომიერების ადგილი არ არის. ჯერ პოლუსები უნდა დადგინდეს, რადგან სანამ პოლუსები არ გაირკვევა, ცენტრისტობას აზრი არა აქვს. ამასთან. მეეჭვება, რომ მან იმ ლოკომოტივს გაუშვას ხელი, რასაც მისთვის წარმოადგენს სააკაშვილის ფენომენი. მეტიც, ჟვანიას და მის გუნდს მოუწევს სოციალური პრობლემების პედალირება, რაც პირდაპირ დასვამს მას სააკაშვილი-ნათელაშვილის ხაზზე! მან მნიშვნელოვანწილად მოიჭრა გზა ბიზნესმენებთან ურთიერთობისკენ საიმისოდ, რომ მემარჯვენეებთან მიიპატიჟონ.

- ზემოთქმულიდან გამომდინარე, ისმის კითხვა - რა რჩება პრეზიდენტს ხელთ? რომელ პოლიტიკურ ძალაზე გააკეთებს აქცენტს, რომელიც მომგებიანი იქნება შევარდნაძისა და ქვეყნისთვისაც? თქვენი აზრით, რამდენად სავარაუდოა, რომ პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვიდან გამოვიდეს ძალა თუნდაც ჯორბენაძე-გოგიაშვილის ტანდემის სახით, რომელიც შევარდნაძის მემკვიდრეობაზე განაცხადებს პრეტენზიას.

- ნიშანდობლივია, რომ ჟვანიასა და სააკაშვილს უფრო აღმასრულებელი ხელისუფლება აინტერესებთ. ხოლო თუკი შევარდნაძეს სურს, რომ მისი საგარეო-პოლიტიკური მემკვიდრეობა დარჩეს, უნდა ეცადოს იპოვოს მემკვიდრე, რომელიც რუსეთის ზეწოლას გაუძლებს და დასავლურ ორიენტაციას შეინარჩუნებს. ასეთი მემკვიდრე კი შეიძლება გამოვიდეს იმ ძალებიდან, ფიგურებიდან, რომელთა ძირითად ფასეულობას ხელისუფლებაში ყოფნა და ხელისუფლება არ წარმოადგენს. ასეთი ფენა კი, ჩემი ღრმა რწმენით, გახლავთ შეძლებულთა ფენა, რომელსაც სკამი და თანამდებობა საკუთარი ჯიბისთვის არ სჭირდება. სხვათა შორის, ფაქტია, რომ ჯორბენაძესაც და გოგიაშვილსაც სკამი საკუთარი ჯიბისთვის არ სჭირდებათ. ამიტომ, ასეთი ტიპის ფიგურებზე პრეზიდენტის დაყრდნობა უფრო მოსალოდნელად მეჩვენება, ლოგიკურია ამ ძალებზე აქცენტის გაკეთება, ისევე როგორც იმ შეძლებულთა ფენაზე, რომელთაც ნათელაშვილი-სააკაშვილი ოლიგარქებს ეძახიან. იმიტომ, რომ საშუალო ფენა მსხვილმა ბიზნესმა უნდა შექმნას. საშუალო ფენა არასოდეს შეიქმნება ღატაკებისაგან. 70 წელი ვიყავით მემარცხენეობის ქვეშ და საშუალო ფენა არ შექმნილა იმიტომ, რომ საკუთრება არ არსებობდა. დიდ მესაკუთრეს კი პატარა მესაკუთრე ჰაერივით ესაჭიროება, რათა მყიდველი ფენა ჰყავდეს. ამ შემთხვევაში შევარდნაძის და ქვეყნის ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს. ქვეყნის ინტერესშია, რომ ხელისუფლებაში იყვნენ არა ჩინოვნიკობით შეძლებულები, არამედ შეძლებულთა ფენიდან მისული ადამიანები! სამწუხაროდ, აშკარაა, რომ დღევანდელი მემარჯვენე ძალები პოლიტიკურად არ არიან მომწიფებულნი, რომ ქვეყნის მართვის პოლიტიკური ტვირთი იკისრონ, სუსტები არიან პოლიტიკურად და ეს არის ჩვენი უბედურება. არადა, მემარჯვენეები უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, გაამყარონ ეკონომიკა და მხოლოდ მერე გადავიდეს ხელისუფლება მემარცხენეების ხელში (და აუცილებლად უნდა გადავიდეს). ასეთი თანამიმდევრობა ბუნებრივი და სასურველია, რადგან ქვეყანაში დაგროვდება ქონება და მემარცხენეები გადაწყვეტენ მის განაწილებას, შემცირდება ქონება და მემარჯვენეები იზრუნებენ მის შევსებაზე. ასე ცხოვრობს ცივილიზებული სამყარო. ხოლო თუკი პირიქით მოხდა ჩვენში, შეიძლება დავემსგავსოთ გამოფიტულ ადამიანს, რომელსაც კვლავ სირბილი უწევს. აი, მაშინ შეიძლება საბოლოოდ გავიშხლართოთ პირქვე! დღეს აუცილებელია ეკონომიკამ იმუშაოს შემოსავლების მატებაზე და არა გასავლის ზრდაზე. ყველა ლოზუნგი - უფასო სამედიცინო მკურნალობა, უფასო განათლება და ა.შ. - ეს გასავლების გაზრდაა. ხოლო საიდან უნდა გაჩნდეს შემოსავლები, რომ გასავლებისთვის ფული გვეყოს, ჯერ ეს პრობლემაა მოსაგვარებელი და უკვე შემდეგ დაგროვილი ფულის განაწილება ისე, რომ ყველა სოციალურად დაუცველს შეხვდეს.

ავტორი: ზურაბ მჭედლიშვილი


კალენდარი
ოქტომბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
15
16
17
18
19
20
22
23
24
25
26
27
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი