მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-10
პანკისის ნარკოტიკებმა სამაჩაბლოში გადმოინაცვლა?! "ისინი აღშფოთებულნი არიან, რატომ მაინცდამაინც პოლიციაო..."

გასულ კვირას იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელის, მაია ნიკოლეიშვილის "კვირის პალიტრაში" გაკეთებულმა განცხადებამ, რომ მათთან შსს-დან შესამოწმებლად შემოსული ნარკოტიკები ხშირ შემთხვევაში გაყალბებულია და იგი ნარკოტიკის ნაცვლად "ანალგინისა" ან "ციტრამონის" მასას წარმოადგენს, შსს-ს გულისწყრომა გამოიწვია. შესაბამისად, რედაქციაში დაგვიკავშირდნენ და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება გვთხოვეს. შსს-ს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ტაბატაძე თავს იმართლებს და კონკრეტული ფაქტების მოყვანას ითხოვს. არადა, ჩვენთვის ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში მაია ნიკოლეიშვილი ამ ფაქტების გამოქვეყნებას აპირებს. შესაბამისად, შსს-ს უნდა თუ არა, ახალ სკანდალში გაეხვევა. არ არის გამორიცხული, რომ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დაისვას და ნარკობიზნესის ხაფანგში გაბმულმა პოლიციელებმა ციხეში ნარკოგამსაღებლების გვერდით ამოყონ თავი. მით უფრო, რომ ბოლო პერიოდში თარგამაძისგან განსხვავებით, ნარჩემაშვილი სულ უფრო და უფრო ცდილობს საკუთარი იმიჯის შენარჩუნებას. ყველას კარგად გვახსოვს, რომ არც ისე დიდი ხნის წინ შსს-ს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს გოჩა სისაურს საზოგადოების გარკვეული ნაწილი ნარკობარონადაც კი მოიხსენიებდა. ნარჩემაშვილმა ეს კადრი თავიდან კი მოიშორა, მაგრამ დღემდე ხმამაღლა არ დაუკონკრეტებია - რატომ. აი, ასეთი სახელგატეხილი განყოფილების უფროსია დღეს ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის ყოფილი შეფი ალეკო ტაბატაძე. მართალია, მისთვის ჯერჯერობით ნარკოტიკებთან კავშირი ხმამაღლა არავის დაუბრალებია, მაგრამ როდესაც ასეთი სტრუქტურის ხელმძღვანელი შეიცხადებს, რაღა მაინცდამაინც პოლიციელია ნარკოტიკების გაყალბებაში დადანაშაულებულიო, ღიმილის მომგვრელია.

ვესაუბრებით ბ-ნ ალეკო ტაბატაძეს:

- ბატონო ალეკო, იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ცენტრის უფროსმა, მაია ნიკოლეიშვილმა საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ხშირ შემთხვევაში მათთან შსს-დან შესამოწმებლად შესული ნარკოტიკები გაყალბებულია. ანუ იყო ფაქტები, როდესაც ჰეროინის ნაცვლად აღმოჩნდა "ანალგინის" ან "ციტრამონის" მასა ნარკოტიკის უმცირესი შემცველობით. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

- მე გავეცანი თქვენს ინტერვიუს მაია ნიკოლეიშვილთან. ქალბატონი მაია აცხადებს, რომ გააჩნია ფაქტები, რომლითაც დასტურდება, შსს-ს ორგანოების ოპერატიული თანამშრომლების მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების გაყალბების ფაქტები. რატომ ფიქრობს, რომ მაინცდამაინც პოლიციელი აყალბებს ნარკოტიკულ ნივთიერებას და არა თუნდაც მისი გამსაღებელი, ვისგანაც ამოიღეს ნივთიერება?

- გარდა ამისა, ექსპერტი აცხადებს, რომ საქართველოში არ არსებობს არც ჰეროინის, არც კოკაინის და არც თვით მარიხუანას სტანდარტიც კი. რის საფუძველზე აკეთებენ თქვენთან დასკვნას, რომ ესა თუ ის ნივთიერება მართლაც ჰეროინია და არა "ანალგინი"?

- ამას პასუხი ალბათ, საექსპერტო-კრიმინალისტურმა სამსახურმა უნდა გასცეს, მაგრამ გეტყვით, რომ საქართველოში სტანდარტები ელემენტარულად ვერ იარსებებს, რადგან ჩვენ არა ვართ ჰეროინის მწარმოებელი ქვეყანა. სტანდარტები გააჩნია იმ სახელმწიფოებს და ქვეყნებს, სადაც ოფიციალურად აწარმოებენ ნარკოტიკებს. ჩვენი ექსპერტები ხელმძღვანელობენ იმ ლიტერატურითა და კონვენციებით, რომელიც საერთაშორისო ნორმებით არის მიღებული. ქალბატონ მაიას საუბრიდან ისე გამოდის, რომ დასკვნები, რომელიც ამ ხნის განმავლობაშია გაკეთებული, უკანონოა...

- სწორედ ამაზეა საუბარი, რომ დასკვნები უკანონოა...

- ეს აბსურდია. ეს მოწესრიგებულია კანონმდებლობით.

- მაგრამ კანონმდებლობა ითხოვს, რომ სტანდარტს შედარდეს...

- ... კომპეტენტურ პასუხს უფრო ექსპერტები გაგცემენ.

- ე.ი. თქვენ გამორიცხავთ შესაძლებლობას, რომ თქვენი ხელქვეითები შეიძლება გადატანის დროს იღებენ ნარკოტიკებს და ხელმეორედ უშვებენ მას ბრუნვაში?

- გამოვრიცხავ, მაგრამ ეს მაინც გამოძიების და მოკვლევის საგანია. თუ ჩვენ ასეთი კონკრეტული ფაქტი გვექნება, აუცილებლად მივიღებთ ზომებს.

- ისე, არც ამ სკანდალური განცხადების გაკეთების შემდეგ შეგეპარათ ეჭვი თქვენი თანამშრომლების კეთილსინდისიერებაში?

- ეს ისეთი განცხადება იყო ნიკოლეიშვილის მხრიდან, რომ უყურადღებოდ ვერ დარჩებოდა. დავიბარე ჩემი თანამშრომლები და ისინიც აღშფოთებულნი არიან - რატომ მაინცდამაინც პოლიციელი?!

- თქვენ აცხადებთ, რომ პოლიციელების მხრიდან არავითარი გაყალბება არ ხდება. გამოდის, რომ მოქალაქეები, რომლებიც თქვენმა უწყებამ დააპატიმრა "ანალგინისა" და "ციტრამონის" გასაღებისთვის, 8-10-წლიან სასჯელს იხდიან საპატიმროებში. ეს ყველაფერი რამდენად კანონიერად გეჩვენებათ?

- როდესაც ჩვენს უწყებაში ექსპერტი გვაძლევს ცნობას, რომ ამოღებული ნივთიერება ნარკოტიკია, გამსაღებელი აგებს პასუხს თავიდან ბოლომდე. ამ დოკუმენტის საფუძველზე აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. მითხარით, რომელი ექსპერტი იკისრებს, "ანალგინზე" ან "ციტრამონზე" დაწეროს, რომ ეს არის ნარკოტიკი?! ეს იქნება ისეთი სიყალბე, რომელიც კანონით ისჯება.

- ვისაუბროთ პანკისზეც, რომელზეც სულ ცოტა ხნის წინ ამბობდნენ, რომ იქ არსებობს ნარკოტიკების გადამამუშავებელი ქარხანა. სხვათა შორის, თქვენს წინამორბედ გოჩა სისაურს ანტიკორუფციული საბჭოს წევრი გივი თარგამაძე ნარკოტიკებთან კავშირშიც კი ადანაშაულებს. რა შეგიძლიათ დღეს გვითხრათ, რა შეიცვალა?

- მე ჩემს წინამორბედზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა რაც შეეხება პანკისში ნარკოტიკების ბრუნვას, ვერ ვიტყვი, რომ იქ ეს არ ხდება და ამ ხეობაში ნარკოტიკი აღარ არსებობს, მაგრამ განვლილ პერიოდთან შედარებით, ალბათ, საზოგადოებაც გრძნობს, რომ საგრძნობლად შემცირდა. ბოლო ხუთი თვის განმავლობაში მარტო პანკისში 60 პირი დავაკავეთ. სხვათა შორის, იყო ორი ჩეჩენი ქალბატონი, ვისგანაც ნახევარ კგ-მდე ჰეროინი ამოვიღეთ. ამის შემდეგ დავაკავეთ იური ბაღაკაშვილი, რომელიც ე.წ. ნარკობარონი გახლდათ, კიდევ იყო მათ შორის რამდენიმე სერიოზული გამსაღებელი და გარკვეული შედეგი მივიღეთ. ინფორმაცია, რომ არსებობს პანკისში ნარკოტიკების გადამამუშავებელი ლაბორატორია, ჩვენ დღემდე არ გვაქვს. საერთოდ ლაბორატორიები არსებობს იმ ზოლზე, სადაც მოჰყავთ ყაყაჩო, რომლისგანაც ამზადებენ ოპიუმს. ოპიუმის გადამუშავების შემდეგ მიიღება ჰეროინი. ეს პროცესი დიდ სირთულეებს უკავშირდება და ამიტომ ყაყაჩოს გადამუშავება ადგილზე ხდება, არალეგალური ლაბორატორიებიც იქვე ეწყობა, რადგან ნედლეულის გადატანა სარისკოა. დაახლოებით 10 სატვირთო მანქანა ნამჯაა საჭირო 100 კგ ოპიუმის დასამზადებლად. რამდენადაც ჩვენ ვიცით, პანკისის ხეობაში, ყაყაჩოს პლანტაციების გასაშენებელი პირობები არ არის.

- დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში რომელი რეგიონია ნარკოტიკების შემოტანის მხრივ ყველაზე დიდი რისკის ზონა - პანკისი, აფხაზეთი თუ სამაჩაბლო?

- სამაჩაბლო. პანკისიდან პროცესმა პრაქტიკულად გადაინაცვლა სამაჩაბლოში და "წითელ ხიდთან", სადაც უკვე დაფიქსირებული გვაქვს დიდი რაოდენობით კონტრაბანდის ექვსი ფაქტი.

- ექსპერტების იანვრის პროგნოზით, მარტის თვეში საქართველო ნარკოდერეფნად ქცევის რეალური საშიშროების წინაშე იდგა. ითქვა ისიც, რომ შსს უძლური იყო, წინააღმდეგობა გაეწია ამ პროცესისთვის.

- რა არის, იცით? ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ყველა ძალოვან სტრუქტურაში უნდა შეიქმნას შესაბამისი სამსახური. დღესდღეობით, ქვეყანაში ამოღებული და გამოვლენილი ნარკოტიკის 99% მოდის შსს-ზე. დაახლოებით ათი დღის წინ ვიყავი თურქეთში, სადაც სწორედ ამ ტრანზიტს განიხილავდნენ, მაგრამ არც ერთ ქვეყანას ჯერჯერობით, არ დაუფიქსირებია, რომ რომელიმე ქვეყანაში აღმოჩენილმა ნარკოტიკმა გაიარა საქართველოზე. ერთადერთი შემთხვევა იყო 1997 წელს. საერთაშორისო ნორმებით დადგენილია, რომ ქვეყანაში, რომელშიც ტვირთბრუნვა იზრდება, ძალიან დიდია რისკფაქტორი, რომ ნარკოტიკებმა იმოძრაოს.

- არის მოსაზრება, რომ პოლიცია დაკავშირებულია ნარკოტრანზიტთან ანუ ნარკობიზნესთან. ეს არც ნარჩემაშვილს უარუყვია...

- კი იყო ასეთი შემთხვევები, მოხმარებაზე მაქვს საუბარი და დაკავებულებიც იყვნენ. რაც შეეხება საკითხს, არიან თუ არა ნარკობიზნესთან დაკავშირებულნი - ჯერჯერობით ეს საიდუმლო ინფორმაციებია და აუცილებლად იქნებიან მხილებულნი. პირველ რიგში, ამით პირადად მე ვარ დაინტერესებული. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით.

ავტორი: მარინა მამისაშვილი


კალენდარი
აგვისტო  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი