მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-10
გვარი არ მინდა დავასახელო და პრეზიდენტად მოაზრებული ჰყავდათ ის, სამმეტრიანი ნაბიჯებით რომ დარბის...

არჩევნებში ლეიბორისტებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმოჩენამ საზოგადოების რაციონალურად მოაზროვნე ნაწილს საფიქრალი გაუჩინა - სად მემარცხენე ნათელაშვილი და სად მემარჯვენე სააკაშვილიო? ერთნი ამბობენ, ხალხმა სოციალური პრობლემების მოგვარებას და რეფორმებს დაუჭირა მხარიო, მეორენი კი დაბეჯითებით ირწმუნებიან - ხალხმა რევოლუცია არჩიაო (სააკაშვილი არჩევნების მეორე დღესვე ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით მიტინგს მართავს). რაგინდ განსხვავებულნიც უნდა ჩანდნენ ლეიბორისტები და ნაციონალები, მათ ლიდერების საერთო შტრიხი ისაა, რომ გულმოდგინედ ლანძღავენ ხელისუფლებას. 2 ივნისის არჩევნებმა დაბოღმილ-გულდამძიმებულ ხალხს გულის მოფხანის საშუალება მისცა და ამომრჩევლებმაც შანსი არ გაუშვეს - ხმა ხელისუფლების მაგინებლებს მისცეს.

თანამდებობის გადანაწილება მალე უკვე საკრებულოში დაიწყება. როგორც ვარაუდობენ, იქ მრეწველებისა და ლეიბორისტების გაერთიანებაა (ზოგად საკითხში) სავარაუდო. ხოლო რაც შეეხება, "მრეწველები" - "ახლების" დამოყვრებას, ეს ნაკლებმოსალოდნელია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ისინი ბიზნესკონკურენტები არიან, მეორე მიზეზი - "ახლების" სიაში ბადრი პატარკაციშვილის დის გამოჩენაა. ამბობენ, ბადრი პატარკაციშვილი "კასტელის" ყიდვას აპირებს და ამის გამო მთავარი მელუდე ფრიად შეჭირვებულიაო. მესამე და მთავარი მიზეზი ამ ძალებს შორის არცთუ კეთილგანწყობილი დამოკიდებულებისა, მამუკა ხაზარაძისა და გოგი თოფაძის დაუსრულებელი ბრძოლაა "ბორჯომის" გამო.

როგორც ჩანს, ლეიბორისტები საკრებულოს თავმჯდომარეობას არ აპირებენ. ისინი, სავარაუდოდ, მხარს ლევან გაჩეჩილაძეს დაუჭერენ (სააკაშვილის ჯიბრით).

რას ფიქრობენ გამარჯვებული (მაგრამ ნერვებდაწყვეტილი) ლეიბორისტები და აპირებს თუ არა ჟვანია-სააკაშვილზე გამწყრალი შალვა ნათელაშვილი დაპირებულის ასრულებას - არჩევნების შედეგების გასაჩივრებას, ინტერვიუდან შეიტყობთ...

- ბატონო შალვა, ამ გამარჯვების შემდეგაც იტყვით, რომ არჩევნები არ გაყალბებულა?

- არჩევნების გაყალბების მხრივ საქართველო მსოფლიო ოლიმპიადის ჩემპიონია და ლაპარაკი იმაზე, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, სისულელეა, რადგან თვითონ საარჩევნო კანონის თითოეული მუხლი ითვალისწინებს გაყალბების აუცილებლობას. ამიტომაც ჩავშალეთ შემოდგომაზე ამ კანონით დანიშნული არჩევნები, მაგრამ როცა იგივე ვცადეთ გაზაფხულზე, ყველა პარტია გაკუნტრუშდა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. უპირველესად, ეს გააკეთა სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელსაც სურს ჩაენაცვლოს პრეზიდენტს და შევარდნაძის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოდის, მაშინ, როცა მისი გამოზრდილია და მისი ბუდიდან არის ამოფრენილი. ეგონათ, ბოიკოტს გამოვუცხადებდით არჩევნებს და ჩვენი ელექტორატი დარჩებოდათ, რადგან ზუსტად ჩვენი ლოზუნგები აქვთ გადმოწერილი. არჩევნებში 70-80 ათასამდე თბილისელის ხმა მივიღეთ. ეს იმიტომ მოხდა, რომ დამსხვრეული იყო "მოქკავშირის" ერთიანი გაყალბების სქემა და მასში ვეღარ მოგვაქციეს. ეს ნაციონალური მოძრაობისთვის დიდი მოულოდნელობა იყო, რადგანაც მათ შეპირებული ჰყავდათ ამერიკაში და რუსეთში მეგობრები, რომ თუ პირველ ადგილზე გავიდოდნენ, პრეზიდენტად მოაზრებული იქნებოდა ის, სამმეტრიანი ნაბიჯებით რომ დარბის, გვარი არ მინდა დავასახელო და ამის შემდეგ ალაპარაკდნენ, - არჩევნები გაყალბდა ლეიბორისტული პარტიის სასარგებლოდო. ხმა გაავრცელეს, თითქოს ჩვენ დაგვეხმარა ხელისუფლება. ჩვენ აქამდე მაგათ არ ვურტყამდით, ნეიტრალიტეტს ვიცავდით, რაკი თავს დაგვესხნენ, დღეს თითოეულ მათგანს ვამხელთ მრავალმილიონიანი გრანტების შეჭმის გამო. ეს თანხები საქართველოს პარკებსა და ქუჩებში შპალერებივით გაკრული პლაკატების სახით ვიხილეთ. ტელევიზიიდან ხომ ყოველდღე გვიყიჟინებდნენ, ხმა მიეცითო, ესეც ასეულათასობით დოლარი დაჯდა. ახლა მათ ჭკუას ისე ვასწავლით, რომ პოლიტიკაში მოღვაწეობის სურვილი დაეკარგოთ. ხალხს კი მოვაცილებთ პატარა შევარდნაძეებს, რომელთაც სურთ, რომ უშევარდნაძეოდ და მისი გზით გააგრძელონ ქვეყნის მართვა. ამის უფლებას მათ არ მივცემთ. საქართველოში სამი ლიდერი იყო: შევარდნაძე, სააკაშვილი, ჟვანია. ისინი თანაბრად არიან დამნაშავეები. შეიძლება მათ ერთმანეთს რამე დააბრალონ და ხალხმა ეს დაიჯეროს?!

- მაგრამ ეს ლიდერები დღეს გაემიჯნენ შევარდნაძეს.

- ესენი გინდა ცალ-ცალკე იყვნენ დღეს, გინდ კარუსელზე იტრიალონ ვაკის პარკში, შეიძლება ამ სამი სუბიექტის გაყოფა? ხმები, რომლებიც მიიღეს ჟვანიამ და სააკაშვილმა, არის იმ კარუსელის შედეგი, რომელსაც ისინი წლების მანძილზე ატრიალებდნენ. ახლა არჩევნების შედეგების ხელახალი გადათვლა მოინდომეს, რომ ამ პროცესში შეეპარებინათ ყალბი ოქმები, გადაასწორ-გადმოესწორებინათ ბიულეტენები და მერე ეთქვათ, - აი, ჩვენ ვართ პირველებიო; ანუ მოხდებოდა ის, რაც საპარლამენტო არჩევნების დროს მოხდა.

- მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ლეიბორისტებმა დაგეგმილზე მეტი ხმა აიღეთ, ანუ კარუსელმა თქვენზე იმუშავა. ითქვა ისიც, რომ ხელისუფლებამ ნაციონალების საწინააღმდეგოდ დაუჭირა მხარი ლეიბორისტებს.

- ის ბატონი, რომელსაც ბაფთა უკეთია თმაზე (თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ, შეიძლება ძალიანაც უხდება) გახლავთ ჟვანია-სააკაშვილის მსტოვარი სოციოლოგიურ სფეროში და ასრულებს კიდეც მათ დაკვეთებს. შეუძლია ამაზე მიჩივლოს და სასამართლოში მიიღებს პასუხს. იმასაც გავარკვევ, უცხოეთიდან გრანტებს რომ იღებს, ვისი საშუალებით ხდება ეს. ამ არჩევნებში შევარდნაძე აღარ ჩაერია ჟვანია-სააკაშვილის სასარგებლოდ. მიუშვა, დაგიჭამიათ ერთმანეთიო. თანაც საკრებულო რას დაუშავებს პრეზიდენტს? იმპიჩმენტს ვერ მოუწყობს, ქალაქს კი პრეზიდენტის დანიშნული მერი ჰყავს, განაღდებული აქვთ თავისი და ის მართავს თბილისს.

- ბრძანეთ, მეორედ გვიპირებენ დაჩაგვრასო, რატომ გიბედავენ ამდენს?

- ყველა პოსტშევარდნაძისტული ეპოქისთვის ემზადება და ფიქრობენ, ადგილობრივ არჩევნებში გასული ძალა მათი კონკურენტი იქნება პრეზიდენტის პოსტზე. ჟვანია და სააკაშვილი პირველ ადგილზე რომ ვერ გავიდნენ, პარტნიორებმა ჰკითხეს, - ბევრს ტრაბახობდით და ლეიბორისტებმა როგორ გაჯობესო. ამიტომაც დაეცათ თავზარი. გაცვივდნენ კანცელარიაში და ამის შემდეგ თქვა შევარდნაძემ, - არჩევნები იმან გააყალბა, ვინც გაიმარჯვაო.

- ათდღიანი საარჩევნო კამპანიის კვალობაზე საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა არჩევნებში ჟვანიას.

- იმიტომ, რომ გაყალბება იყო დიდი. თბილისში 1000 კაცსაც ვერ იპოვი, რომელმაც ხმა მისცა ჟვანიას. ჟვანიამ არჩევნები საკუთარ უბანშიც კი წააგო.

- საიდან იცით?

- ოფიციალური დოკუმენტებით. მეზობლებმაც არ მისცეს ხმა, იმიტომ, რომ უკეთ იცნობენ, ვიდრე ჩვენ.

- ამას წინათ ტელევიზიით პირდაპირ ეთერში ვასილ მაღლაფერიძის მიმართ ძალზე კატეგორიული იყავით.

- უზრდელი ადამიანების საქმიანობაზე კომენტარს არ ვაკეთებ და პასუხს ვცემ მაშინვე, ამ თემაზე ლაპარაკს აღარ ვაპირებ. უზრდელობა დაავადებაა და კაცმა თვითონ უნდა მიხედოს თავის თავს.

- ლეიბორისტები საკრებულოს თავმჯდომარეობას არ აპირებთ?

- 25-კაციანი უმრავლესობა რომ გვქონოდა, გავიყვანდით საკრებულოს თავმჯდომარეს. ახლა ამის სურვილი არ გვაქვს. მოვიდეს სააკაშვილი საკრებულოში თავმჯდომარედ და დავუჭერთ მხარს. დავინახავ, როგორ მოუვლის კანალიზაციას, როგორ მიხედავს ჯანდაცვას, როგორ ამოიღებს ბიუჯეტიდან ფულს, როგორ შეუტევს ოლიგარქებს...

- გაჩეჩილაძეს არ დაუჭერთ მხარს?

- ლევანი რომ ამათთან შედარებით ვაჟკაცია, ამაზე არავინ დაობს. მაგრამ ჩვენ თემატურად ვითანამშრომლებთ ყველასთან, ალიანსში არავისთან შევალთ. მთავარი ის იყო, რომ ხელისუფლებას არ მივეცით საშუალება, ოლიგარქიული გადატრიალება მოეხდინა და უმრავლესობით მოსულიყო საკრებულოში.

- ოლიგარქებში ვის გულისხმობთ?

- ჟვანია-სააკაშვილის ჯგუფს. აბა, მთელი ეს რძის, ხეტყის, ნავთობის, გაზის და სიგარეტის მაფია მაგათ აფინანსებს, ჩვენ ხომ არა. ეგენი არიან პოლიტიკური ოლიგარქები, რომელთაც ზურგს კრიმინალები უმაგრებენ.

- თქვენ არჩევნებამდე აცხადებდით, რომ გამარჯვების შემთხვევაშიც გაასაჩივრებდით შედეგს, ისევ ასე ფიქრობთ?

- საკონსტიტუციო სასამართლოში მაინც შევიტან სარჩელს, მაგრამ ეს რომ გავაკეთო, ცსკ-ოს შემაჯამებელი ოქმი უნდა მქონდეს ხელში. ეს დოკუმენტი მექნება, გავასაჩივრებ და კობა დავითაშვილს ცხვირს დავადებინებ იმ სარჩელზე. მათგან განსხვავებით ჩემს ნათქვამს ყოველთვის ვასრულებ.

ავტორი: იზო რიკაძე


კალენდარი
ოქტომბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
15
16
17
18
19
20
22
23
24
25
26
27
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი