მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-10
"შეურაცხყვეს ყველაზე სუფთა და წმინდა, რაც არსებობდა ჩემთვის..." "ამერიკელები ფსონს არ დადებენ ერთ რომელიმე ლიდერზე..."

არჩევნების წინ მძაფრი პოლიტიკური ბატალიებისა და მხოლოდ ათდღიანი საარჩევნო კამპანიის მიუხედავად, დროებით ქრისტიან-კონსერვატორებად მონათლულმა ჟვანიას გუნდმა საარჩევნო ბარიერი გადალახა. დღეს პარლამენტის ექსსპიკერი ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს - ახალ საპარლამენტო ფრაქცია "დემოკრატებს" ქმნის, მალე კი ქართულ საზოგადოებას ფართო პოლიტიკური ალიანსის დაბადებას ჰპირდება, რომელთა რიგებში ჟვანიას 21-კაციან გუნდთან ერთად, ალბათ სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობა" და სახალხო-ტრადიციონალისტებიც გაერთიანდებიან.

რა დატვირთვა აქვს ახალი ფრაქციის სახელწოდებას - "დემოკრატები" და რისთვის იქმნება ახალი ფართო პოლიტიკური მოძრაობა, ამის შესახებ პარლამენტის ექსთავმჯდომარის ინტერვიუდან შეიტყობთ. ზურაბ ჟვანიასთან საუბარი არჩევნების თემატიკით დავიწყეთ:

- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რა აირჩია საზოგადოებამ, რას მისცა ხმა?

- მთავარი შედეგი, დასკვნა ამ არჩევნებისა ის არის, რომ ამომრჩეველმა ხელისუფლებას თავისი ძალა უჩვენა. უჩვენა თავისი უკიდურესი საპროტესტო განწყობილება. ხელისუფლება თუ ახლაც არ მიაქცევს ყურადღებას, რომ ამომრჩეველთა 90-მა პროცენტმა ხმა მისცა პარტიებს, რომლებიც ხელისუფლებას, კერძოდ, პრეზიდენტს აკრიტიკებდნენ, ეს იქნება ძალზე სავალალო მისთვის. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მხარდამჭერების ძალისხმევამ, ენერგიულობამ არ მისცა საშუალება ხელისუფლებას განეხორციელებინა თავისი განზრახვა, - არ დაეშვა, რომ ზურაბ ჟვანიას გუნდს გადაელახა 4%-იანი ბარიერი. 10-დღიანი კამპანიის კვალობაზე შედეგი, რომელსაც მივაღწიეთ, სენსაციურია. მოვახერხეთ დაფიქსირებულიყო ხმათა 8%. ჩვენ ავიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი სტარტი და არ ვაპირებთ ტემპის შეჩერებას. ჩვენ ვიწყებთ საქმიანობის სრულიად ახალ ეტაპს.

- ბევრს ლაპარაკობენ ხელისუფლების როლზე ამ არჩევნებში... როგორი იყო მისი ზეგავლენა საბოლოო შედეგებზე?

- ჯერ არ ყოფილა არჩევნები, რომელშიც ასე უხეშად დარღვეულიყო საარჩევნო კანონმდებლობა. წინა არჩევნებიც საკმაოდ სერიოზული დარღვევებით წარიმართა, მაგრამ დარღვევებს ასეთი მასობრივი, საყოველთაო და თავხედური ხასიათი არასოდეს მიუღია. არ მახსოვს შემთხვევა, რომ მთელი კორპუსები, დასახლებული უბნები არ შეეტანოთ ამომრჩეველთა სიებში. არ მახსოვს შემთხვევა, რომ დედაქალაქში დღისით-მზისით, შეიარაღებული ადამიანები შევარდნილიყვნენ საარჩევნო უბნებში და იმის გამო, რომ მათთვის არასასურველი კანდიდატები იღებდნენ ხმების დიდ ნაწილს, ჩაეშალათ იქ არჩევნები. არ მახსოვს იმის მსგავსი შემთხვევები, რაც მოხდა ზუგდიდში, რუსთავსა და თბილისს გარეთ. ამ არჩევნებმა არნახული ძალადობისა და უკანონობის ფონზე ჩაიარა და, რა თქმა უნდა, ამაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. კარგად მახსოვს 1 ივნისს ჯუმბერ ლომინაძემ, ჩვენი და სხვა პარტიების თხოვნით, მიმართა პრეზიდენტს, რათა არჩევნები ერთი კვირით გადადებულიყო. ბატონი ჯუმბერი არჩევნების წინადღეს 3-ჯერ ესაუბრა პრეზიდენტს ამის გამო, მაგრამ პრეზიდენტმა კატეგორიული უარი უთხრა და ამის საპასუხოდ ტელევიზიით განაცხადა ავთანდილ ჯორბენაძემ - საქართველო მზად არის ჩაატაროს არჩევნებიო. სწორედ მან აიღო არჩევნების ნორმალურად ჩატარებაზე პასუხისმგებლობა. მაშინ მას უნდა მოეთხოვოს პასუხი ყველა იმ დარღვევაზე, რომელიც მოხდა ხელისუფლების წაყრუებით და ხშირ შემთხვევაში, უშუალო მონაწილეობით.

- თქვენი აზრით, წინასაარჩევნოდ რა როლი ეკისრებოდა მასმედიას და როგორ გააართვა ამ ყოველივეს თავი?

- უკვე კარგად ცნობილი შავი პიარი იმ გაზეთებიდან მომდინარეობს, რომელთა რედაქტორები ღირსების ორდენებით ჯილდოვდებიან "პროფესიული" ჟურნალისტური ტრადიციების შექმნისათვის. აქ ყველაფერი თეთრი ძაფით არის ნაკერი. ხელისუფლება ეშვება პროვინციული ჭორაობის წუმპეში. ღვთის წყალობით, ქვეყანაში არსებობს მართლაც დამოუკიდებელი პრესა და ელექტრონული მედია. ეს საკმარისია იმისათვის, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაარჩიოს მტყუან-მართალი.

- ლეიბორისტული პარტია აცხადებდა, რომ 1998 წლის, საპრეზიდენტო და ვაკის არჩევნების შედეგების გადათვლა ყველაზე მეტად თქვენ არ გაძლევთ ხელს, რადგან ბევრი აშკარა დარღვევა და დანაშაული გახდებოდა ცნობილი საზოგადოებისთვის.

- ლეიბორისტები ყველაზე მეტს იბრძოდნენ, რომ ხმების გადათვლა არ მომხდარიყო. ჩვენ დაგვაბრალა ნათელაშვილმა, ხმების გადათვლას იმიტომ ითხოვენ, რომ პირველი ადგილი წამართვანო... თუ ნებას მომცემთ, არ მსურს კომენტარი გავუკეთო ნათელაშვილის პოზიციებს. მასაც და მის თანაპარტიელებსაც ვურჩევ მიღწეული წარმატება ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენონ. მიკვირს, პარტიამ, რომელმაც ყველაზე მაღალი პროცენტი დააფიქსირა, სამარცხვინო პოლიტიკური კინკლაობის ახალი ეტაპი დაიწყო. დღეს უნდა მივხედოთ იმ კონკრეტულ პრობლემებს, რაც თბილისელებს აწუხებთ.

- მაგრამ, როგორც ჩანს, ლეიბორისტები სააკაშვილს დაუთმობენ საკრებულოს თავმჯდომარეობას და ხალხის საზრუნავის მოგვარებასაც.

- არ ვიცი, რას ნიშნავს ეს განცხადება, ალბათ ლეიბორისტებსა და ნაციონალურ მოძრაობას ექნებათ საშუალება ჩაატარონ კონსულტაციები. თუ რეალურად ითანამშრომლებენ მოსახლეობის ინტერესების სასარგებლოდ, ჩვენც და, ვფიქრობ, სხვა ჯგუფებიც მათ მიუერთდებიან.

- სულ ახლახან, ახალი საპარლამენტო ფრაქცია შექმენით, როგორც ამბობენ, ეს თქვენი დიდი ხნის ჩანაფიქრი იყო.

- არჩევნების წინა პერიოდშივე ვთქვით, რომ ჩვენი ბრძოლა და საქმიანობა არ შემოიფარგლებოდა 2 ივნისით, რომ პირიქით, ჩვენ ვიწყებდით ახალ ეტაპს. ამაში იგულისხმება ახალი პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბება. შემდეგი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება არჩევანი ამა თუ იმ პარტიას შორის, ეს იქნება არჩევანი საქართველოს განვითარების ორ ძირითად გეზს შორის - უნდა გახდეს საქართველო მართლაც სამოქალაქო, თავისუფალი საზოგადოება, თუ ჩვენ საბოლოოდ უნდა გადავულოცოთ მმართველობის ყველა ბერკეტი რამდენიმე კლანს, რომელიც დღეს ისედაც განკარგავს ჩვენი ეკონომიკის დიდ ნაწილს.

- თქვენ ბრძანეთ, რომ ბრძოლას უცხადებთ რამდენიმე კლანს, რომელიც ქვეყნის მმართველობის ბერკეტების დაუფლებას ცდილობს. რა ხერხითა და მეთოდით შეებრძოლებით ამ ფინანსურად საკმაოდ ძლიერ ჯგუფს?

- ჩვენ მართლაც მძიმე ბრძოლა მოგვიწევს... და რამდენად უღირსი მეთოდებით დაგვიპირისპირდებიან, ეს თუნდაც ბოლო 2 წლის მანძილზე გამოჩნდა. ჩვენ გამოვიარეთ ისეთი ბინძური შეტევები, როგორიც ალბათ არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ გადაუტანია. მე მომაყენეს შეურაცხყოფა ყველა შესაძლო და შეუძლებელი მიმართულებით. შეურაცხყვეს ყველაზე სუფთა და წმინდა, რაც არსებობდა ჩემთვის, დაწყებული მამაჩემის ხსოვნით და მისი სახელით. როცა განვაცხადე, რომ ვიღებთ ამ გამოწვევას, იმთავითვე ვიცოდი, რომ მოგვიწევს მართლაც მძიმე ბრძოლის გადატანა და ამისთვის მზად ვართ. აუცილებლად გავაკეთებთ იმას, რომ პროგრესული აბსოლუტური უმრავლესობის ხმას ვერავინ ჩაახშოს.

- აშშ-ის პოლიტიკური წრეებიდან წამოსული ინფორმაციით, აქტიურად მიდის პოსტშევარდნაძისტულ პერიოდზე ფიქრი, მისი შემცვლელის ძებნა. თუ გაქვთ ინფორმაცია, როგორ ძალებზე შეეცდებიან აქცენტის გაკეთებას ამერიკელები?

- შეერთებული შტატების თანამშრომლობა საქართველოსთან დღეს უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს აღწევს და დარწმუნებული ვარ, ეს არის დასაწყისი. ჩვენ შეგვიძლია ბევრად უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლობთ აშშ-სა და ევროკავშირთანაც. მთავარია, ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება იყოს დემოკრატიის პრინციპების და იდეალების ერთგული. დღეს ხელისუფლება თავისი პოლიტიკით სულ უფრო შორდება ამ პრინციპებს. ჩვენი ხელისუფლების უსაზღვროდ დიდი კორუმპირებულობიდან გამომდინარე, ამერიკელები, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, ფსონს არ დადებენ ერთ რომელიმე ლიდერზე. მათ სურთ დაინახონ, რომ ეს ქვეყანა მომწიფდა იმისათვის, რომ ხალხმა თავად აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რომ არსებობენ საკმარისად ძლიერი, ჩამოყალიბებული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ერთიანდებიან თავისი სამშობლოს მომავლის დასაცავად, რომ ჩვენ დავძლიეთ ჩვენთვის დამახასიათებელი დაქსაქსულობა და ურთიერთკინკლაობის ნაცვლად, შევძელით კონსოლიდაცია იმ მთავარის გარშემო, რაც არის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. ეს არის მთავარი, რასაც ელიან ჩვენგან საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც.

ავტორი: იზო რიკაძე


კალენდარი
ოქტომბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
15
16
17
18
19
20
22
23
24
25
26
27
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი