მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-10
ეგ ანდაზა რაღაც არ მომწონს - მე ყველგან ქართული ქუდი მხურავს

"პაპა ზახარიჩი" ოქრო კაცია", - ასე ამბობენ მასზე ძველი თუ ახალი თაობის კოლეგები, ხალხი, ვისაც ოდესმე შეხება ჰქონია გივი ბერიკაშვილთან. ეს კი, ალბათ იმის "ბრალია", რომ უსაყვარლესი მსახიობი ყველასთან სითბოს, სიყვარულსა და სიმშვიდეს აფრქვევს - იგი, ამჯერად ჩემი რესპონდენტია და რადგან მისგან ხშირად მსმენია ხალხური სიბრძნე, გადავწყვიტე, ინტერვიუ ქართული ანდაზებისა და აფორიზმების მოშველიებით ჩამეწერა, რაზეც ბატონი გივი სიამოვნებით დამთანხმდა.

- "ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერის" პრინციპს ეთანხმებით?

- მაგ მხრივ კარგადა მაქვს საქმე. დაუფიქრებელი ლაპარაკიც არ მიყვარს. თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა ახალი სპექტაკლის პრემიერას ვესწრები. ჩემს ვალს ვიხდი, მოწონება-არმოწონების შესახებ კი კრინტს არ ვძრავ. მერე წავალ, დავფიქრდები, სპექტაკლს კიდევ ვნახავ და მხოლოდ შემდეგ ვაძლევ თავს უფლებას, რომ შევაფასო რეჟისორის თუ მსახიობის ნამუშევარი... სიტყვას სანამ იტყვი, დაფიქრება უნდა.

- "გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო". თქვენ თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა?

- ადამიანს თუ დაამშვიდებ, დააწყნარებ და ცეცხლზე ნავთს არ დაასხამ, დიდ საქმეს გააკეთებ. გვარს არ დავასახელებ და ერთი მსახიობი რეჟისორმა როლზე არ დაამტკიცა. გადაირია, კინაღამ შეიშალა. მივედი და დამშვიდება დავუწყე. რას გიჟდები, ეგ მაგ ფილმის წესიერად გადამღები არ არის და ახლა რომც ითამაშო, მერე, ფილმის ნახვისას, შეიძლება თავში ირტყა ხელი-მეთქი. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, ჩემი ნათქვამი რომ ახდა. ფილმი მართლა არ გამოვიდა ისეთი, რომ გული დაგწყვეტოდა, რატომ ვერ ვითამაშეო.

- "ბევრის ნდომით წამხდარი" კაცი თუ გინახავთ?

- ბევრის ნდომით მოგებული კაცი მე არ მინახავს! ერთი პერიოდი არიან ასეთები კარგად, მაგრამ ბოლო მაინც ყველას ერთნაირი აქვს და იმქვეყნად ოთხი ფიცრის მეტი არავის არაფერი წაუღია. კაცურად უნდა იცხოვრონ, დამტირებელი რომ ჰყავდეთ, თორემ "ძაღლი მიაკვდა სულშიო", იტყვიან. მაგნაირის სიცოცხლეს რა ფასი აქვს. კაცურად ცხოვრება ძალიან იოლია. რა თქმა უნდა, თუ მოინდომებ, თუმცა, ზოგისთვის შეიძლება მართლა ძნელი იყოს, თუ მათი აზროვნება საიმისოდ არ არის განწყობილი, რომ მადლი ქმნას, ქვაზე დადოს და პასუხს არ დაელოდოს. ვფიქრობ ხოლმე, რომ ჩვენს ხალხს დემოკრატია წყენს, რუსთაველიც ტყუილად არ იტყოდა "შიში შეიქმს სიყვარულსაო". ალბათ ქართველ კაცს მათრახის ქვეშ ყოფნა სჭირდება, თორემ, როგორც ჩანს, ვერ შევეჩვიეთ ამ თავისუფლებას.

- იქნებ ისე ვერ გავიგეთ თავისუფლება, როგორც საჭირო იყო.

- ეგ, უდავოდ ეგრეა. აბა, როგორ შეიძლება ყველაფრისგან, სინდის-ნამუსისგან, კაცობისგან, ამ ქვეყნის სიყვარულისგან გათავისუფლდე. ასეთი თავისუფალი მხოლოდ გიჟია და ამიტომაც არის ნათქვამი "გიჟი თავისუფალიაო". აბა ჭკვიანი კაცის სინდის-ნამუსისგან გათავისუფლება ვის წარმოუდგენია? ჩვენ ახლა გიჟის პოზიციაში ვართ.

- ალბათ ეს პრობლემაც წამხდარი კაცების ქმედების შედეგია...

- კი ბატონო. ბევრის ნდომა გაუმაძღრობაა, ღორობაა, უბედურებაა. ღორს არ შეიძლება დილის და საღამოს სალაფავი ერთბაშად დაუდგა. სულ შეჭამს და მუცელს გაიხეთქავს, ღორობას გადაჰყვება. ასეა, ბევრის ნდომით წამხდარი კაციც, თავსაც ვნებს და ქვეყანასაც. ერთი გენიალური ანდაზაა "თაფლის ქილაში ჩაყოფილი თითი უნდა გაილოკოო", იმიტომ, რომ თუ დაიბანე, თაფლი დაიკარგება და კიდევ, ქილიანად თაფლის შეჭმა არ შეიძლება. გონების კარნახით ვიცხოვროთ და მუცელს არ ავყვეთ, რომ გაუმაძღრობამ არ გადაგვიყოლოს.

- ერთი თხილის გული რომ ცხრა ძმას გაეყოს, ასეთი ამბავი თუ გსმენიათ?

- ძალიან ბევრჯერ და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ამის გამკეთებელი ხალხი შემოაკლდეს საქართველოს. ხშირად ხდება ისე, რომ ზედიზედ რამდენიმე უსიამოვნება გვხვდება და დეპრესიაში ჩავარდნილი ფიქრობ, რომ ცხოვრება აღარ ღირს. სწორედ მაშინ ჩნდებიან ერთი თხილის გულის ცხრა ძმისათვის გამყოფი კაცები და თავისი სიკეთით ისე ანათებენ, გიხარია, გჯერა, რომ ჩვენი საქმე ცუდად არ არის. მეც ოქროს ზოდები არავისთვის მიმიცია, მაგრამ ჩემი შვილების და შვილიშვილებისთვის ბევრჯერ მომიკლია და სხვისთვის მიმიტანია. საბედნიეროდ, ეს თვისება გვაქვს ქართველებს და ალბათ ამიტომაც ვერ გვერევა გაჭირვება. ნიჭიერი ხალხი ვართ, ნგრევაც და კეთებაც ნიჭით ვიცით - ბევრი მაგ თვისებას უბედურებად გვითვლის. - ეს კარგია. შუაში გაჩერებული კაცია ცოდო. არც ზევით რომ არ არის და არც ქვევით. რაც შეეხება თხილის გაყოფას, ეგ საქმე ვიცით, მაგრამ ბოლო დროს ფულის გაყოფა გაგვიჭირდა ძალიან.

- ფული ხელის ჭუჭყიაო, რომ ვამბობთ?

- რა ვიცი აბა, ამ ხალხს რა სჭირს, ვერ გამიგია, ვხუმრობ ხოლმე, ეტყობა, ამ ფულს გახვრეტილ ორმოში ყრიან, დედამიწის სიმრგვალის გამო კი ალბათ ორმოს მეორე მხარეს ვიღაც დგას და ამ ფულს აგროვებს, ჰოდა რა აავსებს მაგ ორმოს... თუმცა, მგონი ყველაფერი ნორმაში ჩადგება, ის ორმოც გაივსება და მისი ამვსებიც იმ ჭკუაზე დადგება, რომ ფული კაცურად მოახმაროს ქვეყანას. უკვე ჩნდებიან ჩვენთან ასეთი ქართველები.

- ენას რომ ძვალი ჰქონოდა, რა მოხდებოდა?

- ვერ ვიმეტყველებდით, პოლიკარპე კაკაბაძეს აქვს გენიალურად ნათქვამი: "ღმერთი მაშინ შეცდა, ენა რომ სიმართლის სათქმელად მოიგონა და საყლაპავში გააჩინაო". ენა უძვლო უნდა იყოს, სადაც საჭიროა, ენას კბილი უნდა დავაჭიროთ. ამის გაკეთებას კი არანაირი დაბრკოლების გადალახვა არ უნდა, უბრალოდ უნდა მოიქცე, უბრალოდ და ბრალიანი საქმე გამოგივა, რადგან ყველაფერი დიდებული უბრალოა.

- დღევანდელი კვერცხი გირჩევნიათ, თუ ხვალინდელი ქათამი?

- აი, მაგასთან დაკავშირებით ერთ ამბავს გავიხსენებ ჩემი სიყმაწვილიდან: მამა ომში დამეღუპა. პაპამ გამზარდა, ბრძენი კაცი იყო. ერთ საღამოსაც ჩვეულებისამებრ ჭიქა ღვინო ასწია, თქვა - ხვალინდელი დილა გაგვითენე, ღმერთოო, პირჯვარიც გადაიწერა და დალია. მე კი განვაცხადე, დღევანდელი კვერცხი მირჩევნია, ხვალინდელ ქათამს-მეთქი. არაფერი მითხრა მაშინ პაპამ. ერთი კი შემომხედა უცნაურად. წავიდა და დაიძინა.

დილით უთენია გამაღვიძა. მეგონა, ვენახში ჩემი მიხმარება უნდოდა. რიჟრაჟი იყო, მზე უნდა აფეთქებულიყო კავკასიონის თავზე, პაპამ არაყი გადაჰკრა, მეც მომაწოდა, მთებს გახედა, აბა, შვილო, ეს დღე რომ არ გათენებულიყო, წარმოგიდგენია, რა იქნებოდა, დღევანდელი კვერცხით ცხოვრება არ შეიძლება, ახლა კი წადი და დაიძინე ისევო, - მითხრა, მაგრამ აბა, როგორღა შევძლებდი ძილს ასეთი ბრძნული პასუხის მოსმენისას, რომელიც პაპამ შეგნებულად მითხრა მეორე დღეს და არა იმწუთას, როცა დაუფიქრებლად ვთქვი ის, რაც არ უნდა მეთქვა.

- ტყუილს რომ მოკლე ფეხები აქვს, თავად თუ გამოგიცდიათ?

- კი, კაცო, ტყუილი ვის არ უთქვამს. რა ხდება იცი, ტყუილს რომ ვამბობ, რამდენიმე ხნის შემდეგ მავიწყდება ჩემი ნათქვამი და გამომიჭერენ ხოლმე, ამიტომაც აბია ტყუილს მოკლე ფეხები, შორს ვერ წაგიყვანს. ოჯახში ცოლი და შვილები ხშირად მიჭერდნენ ტყუილში. ახლა შვილიშვილებთან ფრთხილად ვარ. ეგენი ვერ გამომიჭერენ... იცით რატომ? არ ვატყუებ და იმიტომ.

- "კაცი არსად ისე არ იცნობა, როგორც მგზავრობაშიო". თქვენ თუ შეგცვლიათ ერთად მგზავრობის შემდეგ ვინმეზე აზრი?

- ო, მგზავრობაში ყველა წვრილმანი მჟღავნდება კაცის ხასიათისა. სტუდენტობის დროს, კაი ცხოვრება რომ იყო, ბაკურიანში გვაგზავნიდნენ ხოლმე იანვრის არდადეგებზე. მეგობრები ერთად ვცხოვრობდით დაქირავებულ ბინაში, სადაც ღუმელი იდგა, ყოველ დილით მე მეღვიძებოდა პირველს, ვდგებოდი და ვანთებდი ღუმელს. არასოდეს არ მიფიქრია, რომ სულ მე ვანთებ და ერთხელ თქვენც ადექით პირველები და ცეცხლი დაანთეთ-მეთქი. ეს ბიჭებმა აღნიშნეს მერე, სალაპარაკო გახადეს, გივი როგორ იქცეოდაო... ეგონათ, თურმე, რომ მე ამის გამკეთებელი არ ვიყავი.

- რომელ ქვეყანაშიც შედიხართ, იქაურ ქუდს იხურავთ?

- არა, არა გენაცვალე, მე ყველგან ჩემი, ქართული ქუდი მახურავს. რად მინდა სხვა ქვეყნის ქუდი. ეგ ანდაზა რაღაც არ მომწონს. შენი ქუდით უნდა წარდგე ყველა ქვეყანაში და შენი კაცობით და ნამუსით უნდა გამოჩნდე, ისე, რომ იმათ ტრადიციასაც პატივი სცე.

- რასაც თესავთ, იმას იმკით?

- თუ მაგაზე წავიდა საქმე და ვიფიქრე, რომ რასაც დავთესავ, იმას მოვიმკი-მეთქი, არაფერიც არ გამომივა. თუ თესვის დროს არ იფიქრებ, ამდენს და იმდენს მოვიმკიო, ქილა ერბოსი არ იყოს, ბევრს მოიმკი. უნდა დათესოთ ბევრი კარგი, უნდა დათესოთ და მოიმკით კიდეც...

ავტორი: ეკა ლომიძე


კალენდარი
აგვისტო  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი