მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-10
"ქსოვრელები მღერიან..." ანუ არაორდინარული ისტორიები

...ქართული დუდუკი ჰოლივუდში სომხებმა ჩაიტანეს;

...ვასილ მჟავანაძის გარდაცვალებაზე ქსოვრელები მიპატიჟების გარეშე მისულან;

...მეორე დღეს თბილისი მედეა ძიძიგურის გარდაცვალებამ შეძრა;

...ჯიბიდან ტყვია ამოუღია - ამას გაფიცებ, უნდა წამომყვეო;

...ხომ არ მოგვეწყო დუდუკის საღამო?..

იყო დრო, როცა ზეპურ წრეებში როგორღაც ამრეზით უყურებდნენ დუდუკს. კამათობდნენ მის წარმომავლობაზეც. ვიდრე ქართველები "ტკბილი თილისმის" სადაურობის საკითხებს ვარკვევდით, სომხებმა გვაჯობეს და დუდუკი ჰოლივუდში ჩაიტანეს - ოსკაროსანი "გლადიატორის" მუსიკალურ ქსოვილშიც ჩართულია ეს ინსტრუმენტი. არადა, იმათი დუდუკი ერთხმიანია, ჩვენი კი სამხმიანი, და ხუთი ლერწისაგან შეთხზული უძველესი ქართული საკრავის - სოინარისაგან იღებს სათავეს. საბედნიეროდ, დუდუკს ჩვენშიც არაერთი მოამაგე ჰყავდა და ენთუზიასტთა ხელიც არასოდეს დაჰკლებია. მათ შორის საგანგებო აღნიშვნის ღირსია გრიგოლ ქსოვრელი - კაცი, რომელმაც დააარსა ანსამბლი "სოინარი", განუმეორებელი ხიბლი შესძინა დუდუკს და უნიკალური ღვაწლი გასწია მისი აღდგენისა და განვითარების საქმეში.

"სოინარის" ნათლია ბატონი სანდრო მირიანაშვილი გახლდათ. მანვე ჩაატარა პირველი კლასიკური ექსპერიმენტი - დუდუკს ფორტეპიანოზე გაუკეთა აკომპანიმენტი, რაც წარმოუდგენელ ეფექტს იძლეოდა. დასტაში მუსიკოსები იცვლებოდნენ, მაგრამ ხუთკაციანი შემადგენლობა ტრადიციად იქცა და დამკვიდრდა. გრიშა ქსოვრელს ჩვევად ჰქონდა - კაცს რომ დუდუკის ტრფიალს შენიშნავდა, შვილად მიიჩნევდა, შეითვისებდა, უპატრონებდა და დუდუკის ჯადოსნურ მადლსაც სრულად და უნაკლოდ აზიარებდა. ასე აღმოუჩენია და შვილივით გამოუზრდია ზაურ წერეთელი, დაუოჯახებია კიდეც. მადლიერ შეგირდს სოფელში, მამის ოჯახში მიუწვევია ოსტატი. უფროსი წერეთელი ჩხუბით გამოვარდნია წვეულთ - ის კაცი მაჩვენეთ, შვილი რომ წამართვა, ან მოვკლავ, ან შევაკვდებიო... რა თქმა უნდა, სიტუაცია განუმუხტავთ და მამა-პაპურადაც მოულხენიათ. მაგრამ ბატონ გრიშას არც ამის შემდეგ დაუგდია ჩვეულება და თავისი საქმე ისევ თავისი ჭკუით უკეთებია.

"სოინარის" არაჩვეულებრივ მედოლესა და სოლისტს ოთარ ჯანეზაშვილს ქალიშვილი რომ შეეძინა, ქსოვრელის დასტამ სამშობიაროს ჭერი ახადა. იმავე საღამოს ერთ პრესტიჟულ ბანკეტზე უკრავდა ანსამბლი. იმ ბანკეტს იმდროინდელი (და ამდროინდელიც) "პირველი კაცი" ესწრებოდა. უშიშროება და ძალოვნები ფხიზლად იყვნენ. დაცვას ასი თვალი და ასი ყური ესხა. ყველაფერი რიგისა და წესის მიხედვით მიდიოდა. მოულოდნელად გრიგოლ ქსოვრელი მიკროფონთან დემონსტრაციულად მისულა და - ერთი სადღეგრძელოს უფლება უთხოვია... აუდიტორია გაირინდა, უშიშროება გაშრა. ბატონ გრიშას, რომელიც დარბაზის განწყობილებას ყოველთვის შესანიშნავად გრძნობდა, პაუზა კარგა დიდხანს გაუჭიმავს, ემოციები კულმინაციამდე დაუმუხტავს და განუცხადებია - მოდი, იმ ცუნცულას გაუმარჯოს, დღეს რომ მოევლინა ქვეყნიერებასო! მერე კი იეთიმ გურჯის ჰანგით დაუგვირისტებია სადღეგრძელო (სიტყვამ მოიტანა და ვიტყვით, რომ დიდ აშუღს სრულიად ახალგაზრდა გრიშა ქსოვრელის დუდუკიც მიაცილებდა უკანასკნელ გზაზე და იეთიმის დიდუბის პანთეონში გადმოსვენებაზეც უკრავდა ტალგაუკოვის დასტასთან ერთად). ამას წინათ ვასილ მჟავანაძის ქალიშვილი, ქალბატონი ნინა, მამის ავტორიტეტზე საუბრობდა პრესაში და არგუმენტად ის ფაქტიც გაიხსენა, რომ ვასილ პავლოვიჩის გარდაცვალებაზე ქსოვრელები მიპატიჟების გარეშე მისულან და უკანასკნელი პატივი დუდუკის ჰანგით მიუგიათ განსვენებულისთვის.

გურამ საღარაძე, ზინა კვერენჩხილაძე, ლენა ყიფშიძე, ცინუკი დადიანი, თენგიზ ზაალიშვილი, ინგა ფერაძე, მედეა ძიძიგური... ვისთან აღარ დაუკრავს გრიშა ქსოვრელს. "ბებერი მეზურნეების" გადაღებისას რამაზ ჩხიკვაძეს ასწავლიდა სიმღერებს. მისი დუდუკი ჟღერს ფილმებში: "მაია წყნეთელი", "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება", "ქალაქი ანარა", "წყალდიდობა", "ლონდრე", "ფიროსმანი", "მზე შემოდგომისა", "მთვარის მოტაცება", "დაბრუნებული ღიმილი"... ცალკე თემაა მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი "იეთიმ გურჯი" და ირაკლი უჩანეიშვილისა და გრიგოლ ქსოვრელის ურთიერთობა. - ასე როლში შესული და სიმღერაში წასული კაცი მეორე არ შემხვედრიაო, - მითხრა ბატონმა გრიშამ ერთ ადრეულ ინტერვიუში, - დუდუკის გასაოცარი გრძნობა ჰქონდა, ირაკლისთან მუშაობა განსაკუთრებული ბედნიერება იყო ჩემს ცხოვრებაშიო.

მისი ცხოვრება კი მართლაც განსაკუთრებული, ეშხიანი და ლაზათიანი გახლდათ. კუკიაზე იზრდებოდა და ნება-უნებურად, სამგლოვიარო პროცესიების მოწმე ხდებოდა - ასე შემოვიდა მის ცხოვრებაში ბავშვობიდანვე დუდუკი. კლარნეტზეც უკრავდა და მანდოლინაზეც, ზურნაც აამეტყველა და ალტიც, სალამურს და გიტარას ბალღობიდანვე ფლობდა. ხელიდან ყველაფერი გამოსდიოდა. მის მიერ შენელებულ ლობიოს სულ სხვა გემო და სურნელი ჰქონდა. ძველი "პოვარი" ვარო, თავს იქებდა. გოგონების ფეხსაცმელებს თვითონ აკერებდა - ძველი "საპოჟნიკი" ვარო - ტრაბახობდა, რაღაც-რაღაცებიც გადააკეთა და ძველ "პარტნოიდაც" მოჰქონდა თავი. ერთხელ ამ ახირებული "ძველის" გამო ქალიშვილს უკითხავს - მამა, დავუშვათ მზარეულიც ხარ, მკერავიც და ხარაზიც, მაგრამ ეს "ძველი" რაღააო? - რა და, რაც ძველია, ყველაფერი კარგიაო! - უთქვამს.

წეღან პირველი კაცი რომ ვახსენეთ, ბატონ გრიშას თითქმის ყველა იმდროინდელ "პირველთან" დაუკრავს. მარტო ჩვენებთან კი არა, - სხვებთანაც. ტოდორ ჟივკოვი "მეგობარ გრიშას" უწოდებდა. ბატონი გრიშაც იქამდე არ მოეშვებოდა, ვიდრე თავის დუდუკზე არ აატირებდა. გერმანულმა პუბლიკამ და პრესამ დიდი აჟიოტაჟი მოუწყო "სოინარს", იქვე გამოიცა კასეტა და დისკეტა, რომელზეც გრიშა ქსოვრელის ხელებია გამოსახული. ამასთან დაკავშირებით ერთი მოგონება: ჩეხოსლოვაკიაში "ალიბაბა და 40 ყაჩაღის" გადაღებაზე მიიწვიეს. ფილმის ერთ ეპიზოდში დუდუკის სოლო მიდის ჩეხოსლოვაკიის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით. გრიშა ქსოვრელს წინ პარტიტურა დაუდეს - დუდუკი "ჩასვი" ნოტებშიო. ეგრე "ჩასმა" არ მეხერხებაო. გაგიჟებულა დირიჟორი - ვიღუპებიო. ბატონ გრიშას უნუგეშებია - ერთხელ დაუკარით და ნოტს ნოტზე დაგისვამთო. დაუსვამს კიდეც! გაგიჟება მერე გენახათ, თურმე...

ენაკვიმატი კაცი გახლდათ, მაგრამ როცა საქმე მუსიკას ეხებოდა - მკაცრი და პრინციპულიც გახლდათ. კონცერტზე არასდიდებით ნომერს არ შეცვლიდა და არც ადგილს გადაუნაცვლებდა. ვისაც "დუდუკის საღამოები" ახსოვს სპორტის სასახლეში, ფილარმონიასა და სომხურ თეატრში, დამეთანხმება, რომ ეს იყო ქალაქური მუსიკის ჭეშმარიტი დღესასწაული. ერთხელ, შუა კონცერტზე, კულისებში აღმოვჩნდი ოთარ ჯანეზაშვილთან. ვკითხე, ამაღამ "ჩემმა ლამაზმას" ხომ მღერით, ერთი სული მაქვს, როდის მოვისმენ-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ეს სიმღერა ბატონ გრიშას პროგრამაში არ შეეტანა. ძალიან რომ ვთხოვოთ-მეთქი, დავიჟინე. თუ ეგრე გინდა, მოდი, აქვე წაგიმღერებ ან კონცერტის მერე შეგისრულებ, თორემ გრიშა ქსოვრელი პროგრამას მაინც არ შეცვლის, იეთიმ გურჯიც რომ ადგესო - ცივი წყალი გადამასხა ოთარმა. ზოგჯერ სწყინდათ კიდეც ასეთი ახირება, მაგრამ ბოლოს ყველა აღიარებდა მისი გადაწყვეტილების სიზუსტეს.

ბელა ქსოვრელი: "თავისებური კაცი იყო მამა. ხანდახან თვითონაც აწყენინებდა ვინმეს და თავადაც სწყინდა, მაგრამ წყენას გულში არ ჩაიდებდა. არ ვიცი, საიდან ჰქონდა საჭირო სიტუაციაში საჭირო სიტყვის ზუსტად მიგნების უნარი. მამა უშუქო, ცივ ზამთრის პირს გარდაიცვალა, ბევრმა ვერც გაიგო, ტელევიზორს ვერ ვრთავდით, დენი არ იყო, მაგრამ ვინც გაიგო... ბიჭები ბავშვებივით ტიროდნენ. ყველამ თავისებურად გამოხატა მწუხარება. მამას საფლავზე კულტურის სამინისტროს ძალისხმევით მარმარილოს თეთრი ფილა დაიდგა. დავრჩით ქალები... თავს ვიტყუებდით, რომ მამა გასტროლებზეა, ერთი პერიოდი, საფლავების ძარცვა რომ გახშირდა, შიშით მივდიოდით მამის საფლავზე. ერთ დღესაც მივედით და ვხედავთ, შავი მარმარილოს ფილაც ამშვენებს სამარეს. ვის აღარ ვკითხეთ, ვისზე არ ვიეჭვეთ, მაგრამ ინკოგნიტო დღემდე შენარჩუნებულია. თუმცა ოთარ ჯანეზაშვილის ხელწერა იგრძნობა. ძალიან გვატკინა გული მისმა უდროო გარდაცვალებამ, სულ ახლახან მიტო ხიზამბარელიც გამოაკლდა "სოინარს", მშვენიერი სოლისტი მედიკო ძიძიგურიც ხომ უკვე მარადისობის მკვიდრია. ყველას ჯვარი სწერია და... "სოინარი" ახლა იქ იკრიბება".

მედეა ძიძიგურს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა გრიშა ქსოვრელთან. იცოდა, რომ მედუდუკე ქალისგან სიგარეტის მოწევას ვერ იტანდა და სულ ერიდებოდა მასთან მოწევას. ამგვარ რიდს ქალბატონი მედეა თვით საკუთარ მამასთან, ბატონ აკაკი ძიძიგურთანაც კი არ იჩენდა.

...იმ ღამეს გრიშა ქსოვრელის უფროს ქალიშვილს - მეგის, მამა ესიზმრა. პატარა ტანის კაცი გახლდათ ბატონი გრიშა. სულ ქურთუკით დადიოდა, იმ სიზმარში კი გრძელი, შავი პალტო სცმია. შენ წადიო, მეგისთვის უთქვამს, მე აქ სულ სხვა ვინმეს ველოდებიო. მეორე დღეს თბილისი მედეა ძიძიგურის გარდაცვალებამ შეძრა... სიზმრითვე მოითხოვა ოსტატმა საკრავიც, ამჯერად შვილიშვილს, ნინო მუმლაძეს ესიზმრა ბატონი გრიშა. სწორედ თავისი სიდედრის დღეობის წინა დღეს - ხვალ აქ ზეიმი გვაქვს და დუდუკი ამომიტანეთ, საწერი მაგიდის მეოთხე უჯრაში დევსო.

ქ-ნი ბელას ნაამბობიდან: "მამა რომ გარდაიცვალა, იმ არეულობასა და სასოწარკვეთაში დუდუკის ჩაყოლება ვერ მოვისაზრეთ. მერეც ვერსად მოვიძიეთ. ამ სიზმრის შემდეგ ზუსტად მითითებულ ადგილზე ვნახეთ მამისეული დუდუკი და ყამიში. ჩვენთვის ძვირფას ამ რელიკვიებს ვერ შეველიეთ, თუმცა გვქონდა მეორე, შედარებით გასამეტებელი დუდუკიც. მეორე დღესვე მცირე საკურთხით ავედით საფლავზე და დუდუკი თავთით ჩავუმარხეთ..."

სხვათა შორის, გრიშა ქსოვრელი მხოლოდ ვირტუოზი შემსრულებელი კი არა, დუდუკის შესანიშნავი ხელოსანიც ყოფილა. უბადლო ოსტატობით ამზადებდა ყამიშებს, სასურველ ჟღერადობას და ტემბრს სძენდა დუდუკს. ჯერ გულდაგულ ეძებდა სათანადო ბამბუკს ჭაობებში, შემდეგ აბაზანაში ალბობდა დიდხანს, როცა დარწმუნდებოდა, რომ მასალა მზად არის, მერე შეუდგებოდა მთავარ სამუშაოს. ერთხელ, შინ დაბრუნებულ ცოლ-შვილს შიშით გულები დაუხეთქა - სახლში სპეციფიკური სუნი და კვამლის გაუმჭვირვალე ფენა იდგა. ყამიშის დამზადებას სპეციალური ტემპერატურაც ესაჭიროება და საქმით გატაცებულ ოსტატს სხვა ყველაფერი დავიწყებოდა. მისი ამგვარი დაბნეულობა არაერთი კურიოზის მიზეზიც გამხდარა. ბატონ გრიშას კვიმატი ენა ჰქონდა, ბიჭები ბევრჯერ გაუქილიკებია. თვითონაც არ თაკილობდა შეხუმრებას. მაგრამ ზოგჯერ იწყენდა და რაც არ უნდა ეშხში შესული სუფრა ყოფილიყო, წამოხტებოდა და გარბოდა. "სად მიდიხარ, გრიშა!" - დაადევნებდნენ. თუ შინ აპირებდა წასვლას - დიღომშიო, იტყოდა ნაწყენი, თუ მეგისთან - ნახალოვკაშიო. ერთხელ, გერმანიაში გასტროლებზე ყოფნისას რაღაცაზე გაჯავრებულა, წამომხტარა და ჩვეულებისამებრ გაქცეულა. ბიჭებს ახლა მართლა ინტერესით უკითხავთ: "სად მიდიხარ, გრიშა?" "ნახალოვკაში!" - უკანმოუხედავად ჩაუბუზღუნებია ნაწყენ მუსიკოსს.

როგორც ქ-ნმა ბელამ მითხრა, "მამას ორმოცზე ბიჭები მის გამოთქმებს იხსენებდნენ. ჯერ სევდიანად იღიმებოდნენ, მერე და მერე კი მამისეული ფრაზები სიცილ-ხარხარის აკომპანიმენტით მიდიოდა. თვითონაც ასეთი იყო, - ყველაფერზე იუმორით საუბრობდა. ომგამოვლილი კაცი იყო, მაგრამ თვით ომის მოგონებებიც კი არ ჰქონდა ნაღვლიანი, როგორ ახერხებდა ამას, ახლაც მიკვირს..."

არც შვილები ეძახდნენ "მამას" და არც შვილიშვილები "პაპას" ან "ბაბუას". "გრიშათი" მიმართავდნენ და მათი ურთიერთობაც უფრო მეგობრული იყო. გაწყრომა არ იცოდა. მისი ყველაზე სასტიკი ფრაზა ამგვარად ჟღერდა: "წესიერებას ვერ ვხედავ!" გრიშა ქსოვრელი პროფესიონალი თამადა იყო და სიტყვაც ისეთივე ეშხიანი მოუდიოდა, როგორიც ჰანგი. ამდენი შეგირდი ჰყავდა და სწავლებაში კაპიკი არასოდეს აუღია. მისი დუდუკი ყველას ჭირისა და ლხინის შემწე და მონაწილე იყო - "ჰუმანიტარული დაკვრა მაქვსო - იტყოდა. ხათრიანი კაცი იყო, მიპატიჟებაზე უარით ვერავის აწბილებდა. ერთხელ შემომჩივლა: ცოლმა "ნატაციების" კითხვა დამიწყო, აღარ ვსვამო. რამდენიმე დღის შემდეგ შემთხვევით შევხვდი გადაჭედილ ტრანსპორტში - ნასვამი იყო! მიხვდა, რომ "გრადუსი" შევნიშნე და თავი იმართლა - სულ უცხო კაცმა დამპატიჟა, თხოვნით რომ ვერ დამითანხმა, ჯიბიდან ტყვია ამოიღო - ამ ტყვიას გაფიცებ, უნდა წამომყვეო! ეგეთი უცნაური ფიცი ცხოვრებაში არ გამიგია, წავყევი, რა მექნა, რა ვიცი, რა მოგონებები აკავშირებს იმ ტყვიასთანო".

ბატონი გრიშას არქივში უამრავი ჯილდოა - ლენინისა და სტალინის სურათებით დაწყებული და ორიგინალური ნარდით დამთავრებული. მის შესახებ წერდა ქალბატონი თამარ გომართელი და ბატონი ალექსი ბარნოვი. მის მეგობართა რიცხვში იყვნენ სუხიშვილები, რომლებთანაც ხანგრძლივად და ნაყოფიერად თანამშრომლობდა, შოთა მილორავა, ბიძინა კვერნაძე, ჯანო ბაგრატიონი (უფროსი), დორიან კიტია. ვაჟა აზარაშვილმა შესანიშნავი სიმღერა "ქსოვრელები მღერიან" მიუძღვნა. "სოინარს" უკვე "ქსოვრელებს" ეძახიან მოფერებით. დუდუკმა კი მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი ეროვნულ ფოლკლორში და ჯაზშიც კი გაიკვლია გზა. "სოინარშიც" და ქსოვრელების ოჯახშიც კვლავ ტრიალებს ბატონი გრიშას სული.

ბატონ გრიშასთან დაკავშირებულმა მოგონებებმა კი მის მშობლიურ კავთისხევში, მამაპაპური სახლის, აწ უკვე გრიგოლ ქსოვრელის სახელობის სკოლა-სტუდია მუზეუმში დაივანა. აქვეა მოთავსებული ჩვენი დროის უდიდესი მედუდუკის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მდიდარი ვიზუალური მასალა. აქ, ალბათ, ხანდახან ძველებურ ტახტზე ჩამოისვენებს პატარა, სუსტი ბიჭუნას აჩრდილი, ალტზე ცოტათი მაღალი რომ იყო და დედა უშლიდა დაკვრას სუსტი ჯანმრთელობის გამო, ხანდახან ინსტრუმენტის "მუშტუკსაც" უმალავდა, მაგრამ ბიჭუნა თავგადაკლული ტიროდა და დედა იძულებული ხდებოდა დაჰყოლოდა მის ნებას.

გრიშა ქსოვრელის ხელოვნება ხალხისთვის განკუთვნილი ხელოვნება იყო, მაგრამ სიცოცხლეში ოფიციალური წრეებისგან "დამსახურებული არტისტის" წოდებაზე მეტს ვერ მოესწრო.

ახლა მაინც მივაგოთ მისაგებელი კაცს, რომელმაც ამდენი გააკეთა ქართული სამუსიკო ფოლკლორისათვის, რომელმაც დუდუკის - ამ მანამდე ნაკლებად პრესტიჟული ინსტრუმენტის ჭეშმარიტი ხიბლი და გემო მიიტანა თითოეულ მსმენელთან. სახალხო არტისტის წოდების მინიჭება სწორედ რომ ვალის მოხდა იქნება მისი ხსოვნის წინაშე.

პ.ს. კონცერტებით განებივრებულ თბილისს დუდუკის საღამოებიც მოენატრა. იქნებ ერთი ასეთი კონცერტი გრიშა ქსოვრელის ხსოვნის საღამოდ შევრაცხოთ...

ავტორი: მანანა ბეგიაშვილი


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი