მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-10
უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოს მილიციის ისტორიაში

...სოხუმის მილიციის სამორიგეოში ჩვეულებრივი, შემოვლის ჯგუფის წევრები საინტერესო ამბებს იხსნებდნენ. ერთი მათგანი ისეთ საოცარ თავგადასავალს ჰყვებოდა, ახალგაზრდები სმენად ქცეულიყვნენ. აი, იმას კი, ჭაღარათმიანს, რაც მის საპატიო ასაკზე მიგანიშნებდათ, ეტყობოდა, ჩასძინებოდა და ტკბილ სიზმრებს ხედავდა. მძინარე ღუღუნის დანახვაზე ბიჭებმა თვალით ანიშნეს ერთმანეთს, ნუ გავაღვიძებთო და მთხრობელიც ჩაჩუმდა. ახალგაზრდები უფრთხილდებოდნენ უფროს მეგობარს. მათ აქ კვირაში ერთხელ უწევდათ ღამით მორიგეობა. ღუღუნი კი, რომელიც სისხლის სამართლის სამსახურში აგერ უკვე მეორმოცე წელს ითვლიდა, ყოველ ღამეს ამ სამორიგეოში ათევდა. აი, ახლაც თვალი გაახილა თუ არა, ერთბაშად წამოხტა, იქვე მჯდომ მერაბ რაფავას მხარზე ხელი წაატანა და, შვილო, ქალაქში გავიაროთო, Uუთხრა. მანქანას მერაბი მართავდა. ისე, უანგარიშოდ გავიდა კიროვის ქუჩაზე. მერე სვლა შეანელა და წყნარად ჰკითხა უფროსს - ახლა საით, ჩიტოევიჩო. - შუქურისკენ წადი, ბაბა, ეგ რაიონი ვნახე ახლახან სიზმარში. გული მიგრძნობს, იქ რაღაც ცუდი ხდება (ესეც ჩვენი ტკბილი სიზმარი). რამდენჯერმე შემოიარეს იქაურობა. ბებერი მაძებარი გამოცდილი თვალით ჩხრეკდა გარემოს. ყველა კუნჭულში, ყველა სახლში შეიხედა და მერამდენედ შემოაბრუნებინა მანქანა მერაბს - იმ გარეწარი კალაიჯიანის სახლში რომ შუქი ანთია, ასე გვიან ვითომ დისერტაციას წერს? - ისე ჰკითხა მერაბს, რომ წამით არ მოუშორებია თვალი განათებული ფანჯრისათვის.

- ხომ იცით, რა ინტრიგანი მამის შვილია. ეზოსთან გავლილებიც რომ გვნახოს, საოლქო კომიტეტის მდივანთან გვიჩივლებს. არ მოგწყინდათ ამდენი ახსნა-განმარტებების წერა? - გაეპასუხა მერაბი და საეჭვო სახლი შეათვალიერა.

- აი, როცა ახსნა-განმარტებების წერა მომწყინდება, პირობას გაძლევ, იმ დღესვე წავალ სამსახურიდან, - უთხრა თანამშრომელს და კალაიჯიანების სახლის მოშორებით გააჩერებინა მანქანა. რად აიხირა ამ საღამოს მაინცდამაინც კალაიჯიანის სახლი ღუღუნიმ, ვერაფრით მიმხვდარიყო, მაგრამ უფროს კოლეგას უხმოდ დაემორჩილა.

ამასობაში, რაციით გადმოსცეს, გოგოლის ქუჩაზე ქურდობა მოხდა და თქვენც აქეთ გადმოინაცვლეთო. მერაბმა მანქანა დაქოქა.

- მოიცა, ნუ ჩქარობ, ახლა ჩვენ უფრო ის უნდა გვაინტერესებდეს, სად მიიტანენ ნაქურდალს. იქ კი ყველაფერი გარკვეულია. სახლი გაქურდეს და მორჩა. თუ გუმანი არ მატყუებს, ნაქურდალი ამ სახლში უნდა მოვიდეს. მანქანა ცოტა მოფარებულში გადააყენე. არ უნდა შეგვნიშნონ... - უხალისოდ გადააყენა მერაბმა მანქანა.

- ჩამოი ახლა, ძირს და გამომყევი, - ჩაილაპარაკა და კალაიჯიანების სახლისაკენ აიღო გეზი. ეზოში ისე შეიპარნენ, სახლში მყოფთ არაფერი გაუგიათ. ამ სახლს ორივენი კარგად იცნობდნენ, ბარე ათჯერ ექნებოდათ გაჩხრეკილი. კალაიჯიანებს პირველ სართულზე გარაჟი ჰქონდათ, რომლის კარი ღია დაუხვდათ, მანქანა კი რატომღაც ეზოში იდგა. ღუღუნი გარაჟის სიღრმეში შევიდა, მერაბი კი კარს ეფარებოდა, ისე, ყოველი შემთხვევისათვის. დრო გადიოდა. ღუღუნი სიბნელეში ჩაიკარგა. საათზე მეტი გავიდა, მერაბი კი გაუნძრევლად აჰკვროდა გარაჟის კარს, რისთვის? რატომ? თუმცა... უეცრად ვიღაცამ ეზოს კარი შემოაღო და ორი დიდი ჩემოდანი ხვნეშით შემოათრია ეზოში. "ბიჭოს, მგონი ღუღუნი არ შემცდარა", გაიფიქრა მერაბმა და კიდევ უფრო მჭიდროდ აეკრა კარს. მოსულმა ჩემოდნები ეზოში დატოვა და ზემო სართულზე ავიდა. მალე მასპინძლის ბიჭთან ერთად დაბრუნდა. ჩემოდნებს ხელი წამოავლეს და ჩაბნელებულ გარაჟში შეათრიეს. მოულოდნელად შუქი აინთო და ქურდსა და მის ხელისდამცლელს წინ მოღიმარი ღუღუნი ფაცაცია აესვეტათ.

- პრივეტ ვამ ოტ გოგოლია, - დაჭმუჭნილი კეპი მოუხადა და მდაბლად დაუკრა თავი შემოსულთ. ორივე იმწამსვე ჩიკორივით დაბზრიალდა, მაგრამ გასაქცევი გზა უკვე მოჭრილი იყო - ახოვან მერაბ რაფავას უკვე მოესწრო კარის მიხურვა. უამისოდაც ვერსად გაექცეოდნენ ეს წრუწუნები ამ გოლიათს. კალაიჯიანის ვაჟი ერთი დამჭლევებული ნარკომანი იყო და არც "გასტროლიორი" რაფიკ ჩოლოკიანი გახლდათ დიდი ხვითო. იმავე ღამეს ორივემ იმდენი რამ დაფქვა, მრავლისმომსწრე ღუღუნიც გაოცდა, - ნარკოტიკებით სოხუმს პოლონური წარმოშობის პირხმელი, ქერა ახალგაზრდა, ვინმე იურა ამარაგებს. დროდადრო, შეკვეთის შესაბამისად, ნარკოტიკების დიდ პარტიებს აწვდის სოხუმელ ვინმე ჭანტურიასო. ჩოლოკიანმა იურას ლურჯი ფერის "ჟიგულის" ნომერიც გაიხსენა, თუმცა, რამდენად გულწრფელი იყო, ამას მხოლოდ დრო დაამტკიცებდა. ეს ინფორმაცია ყურადსაღები იყო და ღუღუნიც და მერაბიც გამუდმებით ეძეEბდნენ მის ამოსახსნელ გასაღებს. თვრამეტი თვე გავიდა მას შემდეგ, მერაბი დააწინაურეს და გაგრაში გადაიყვანეს. ღუღუნი კი ისევ სოხუმში აგრძელებდა სამსახურს. როგორ არ უტრიალა ჭანტურიას, იქნებ ნარკოტიკების აღების დროEს დავაკავოო, ვინ არ მიუგზავნა, რომ რაღაც ხელჩასაჭიდი ჰქონოდა, მაგრამ ამაოდ. თუმცა ჭანტურია თვითონაც ნარკომანი იყო და მის დასაკავებლად ესეც იკმარებდა. მაგრამ ღუღუნი მაინც მარჯვე შემთხვევას ელოდა. გრძნობდა, დღეს თუ არა ხვალ მის გადაგდებულ ანკესს დიდი ღლავი უნდა ამოჰყოლოდა.

შუადღისას განყოფილების მორიგემ დაურეკა - ვიღაც უკრაინელი მოიყვანა შემოვლის ჯგუფმა. სიმფეროპოლში ჩადენილ ქურდობაში უნდა იმხილებოდეს, მაგრამ ვერაფერს უმტკიცებენ, თუმცა თვითონ ძალზე საეჭვოდაა შეშფოთებული და თქვენთან შეხვედრას ითხოვს.

ღუღუნი მაშინვე განყოფილებაში გაჩნდა.

უკრაინელმა პირობა წამოაყენა, - სულერთია, ვერაფერს დამიმტკიცებთ. სიმფეროპოლის მილიციამ კარგა ხანია შეწყვიტა ჩემზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე და ამის დამადასტურებელი ცნობა აგერ ა, ხელში მიჭირავს. ამასთან, სასტუმროში საცოლე მელოდება და თუ დროზე გამიშვებთ, ისეთ საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით, კიდევ დიდხანს იქნებით ჩემი მადლიერიო.

კარგად იცნობდა ამ კატეგორიის ხალხს. ასეთებს ეხერხებოდათ საინტერესო ზღაპრების შეთხზვა მოსალოდნელი დანაშაულის შესახებ, მაგრამ, როცა უკრაინელი ნარკოტიკების დიდი პარტიის შემომტანზე ალაპარაკდა და ლურჯი "ჟიგულიც" ახსენა, გაოცებისაგან თვალის გუგები გაუფართოვდა. მიხვდა, არ ტყუოდა უკრაინელი.

- როდის შემოვა საქონელი, - ჰკითხა და ჯიქურ შეხედა ინფორმატორს.

- დღეს, ღამით, ოღონდ ვის უნდა გადასცეს, ნამდვილად არ ვიცი, - დარწმუნებით თქვა უკრაინელმა.

- კარგი, გაგიშვებთ, მაგრამ ვიდრე აქაურობას არ დატოვებ, მხედველობის არეში გვეყოლები. ყოველ შემთხვევაში, ორი-სამი დღე მაინც. შეიძლება დაგვჭირდე კიდეც. ამისათვის მზად იყავი.

"მაშასადამე, ღირდა თვრამეტი თვე ლოდინი. თუ ეს უკრაინელი არ ცრუობს, რაც ნაკლებად მოსალოდნელია, ამაღამ კარგ ნადავლს უნდა გამოვკრათ ხელი, მაგრამ როგორ გინდა ამდენ მანქანაში ამოარჩიო ის ერთადერთი, რომელსაც ნარკოტიკები მოაქვს. მართალია, მანქანის ფერი და მარკა ცნობილია, თითქოს ნომერიც (აკი შარშან გვითხრეს ამის შესახებ), მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ ერთმა და იმავე პიროვნებამ ასეთი საქმე ერთი და იმავე მარკის მანქანით, ან თუნდაც ერთი და იმავე ნომრებით აკეთოს", ფიქრობდა ღუღუნი და განკარგულებას ამზადებდა საგზაო საგუშაგოებისა და მილიციის სხვაY სამსახურებისათვის. გრძნობდა, ეს საქმე იმად ღირდა, რომ ყველას მიეღო მასში მონაწილეობა. დაღამებამდე ბევრი აღარაფერი რჩებოდა, დრო საშური იყო. აკი გააფრთხილეს - ამაღამო. სცადა, გაგრასაც დაჰკავშირებოდა, მაგრამ უთხრეს, სატელეფონო კავშირის აღდგენა დაგვიანდებაო. როცა მჭირდება, მაშინ არაა, ვის რა ჯანდაბად უნდა ამისთანა ტელეფონებიო და გაბრაზებულმა ყურმილი დაახეთქა აპარატს.

გაგრაში კი იმ დღით მერაბ რაფავას თავისი ჯგუფი გამოეყვანა ქალაქში და ტრანზიტით გამვლელ საეჭვო მანქანებს ამოწმებდა. უცებ თYვალში ლურჯი "06" და მისი პირხმელი მძღოლი მოხვდა. ნარკობარიგის შესახებ მის მეხსიერებაში წლინახევრის წინ მოსმენილი ერთბაშად ამოტივტივდა და თუმცა მანქანის სანომრე ნიშანი არ ემთხვეოდა, მისი გაჩხრეკა ბრძანა.

- ა, მოჟეტ ნე სტოიტ, ნაჩალნიკ. ია ვოტ რებიატამ მაგარიჩ პასტავლიუ. ტამ ნიჩეუგო ნეტ. ნე ლიუბლიუ, კოგდა კოვერაიუტსა ვ მაიხ ლიჩნიხ ვეშჩახ, - გარიგება შესთავაზა მძღოლმა, მაგრამ მერაბი მას არ უსმენდა. "ბარგს კი არა, სავარძლებს მიაქციეთ ყურადღება", ანიშნა ხელქვეითებს, თვითონ კი მძღოლს არ აშორებდა თვალს. "არის, უფროსო, რაღაც არის, მაგრამ ეს უფრო სულგუნის თავებს წააგავს, ვიდრე ნარკოტიკების შეკვრას" - და ალმაზბეი ქჩაჩმა, სისხლის სამართლის სამძებროს უმცროსმა ინსპექტორმა ხელში შეათამაშა თეთრ პარკში გამოკრული მართლაც სულგუნის ფორმის რაღაც საგანი. მძღოლის რეაქციით იგრძნო მერაბმა, რომ არ შემცდარა. ეს სწორედ ის ხერსონელი იურა იყო, სოხუმსა და ალბათ მთელ აფხაზეთსაც რომ ამარაგებდა საწამლავით. წამსვე დაადო ხელბორკილი მარჯვენაზე და თავის მარცხენა ხელზე მიიბა პირხმელი ნარკობარიგა.

დიდხანს გრძელდებოდა დაკითხვა. საიდან? როგორ? რატომ? ბოლოს და ბოლოს, იურა გამოტყდა, რომ იგი უკრაინელი ივანე გოდსკოვსკია და ნარკოტიკებით ამარაგებს საქართველოს ზღვისპირეთს. დღესაც, ღამის თერთმეტ საათზე, სოხუმის ვაგზალზე ელოდება ყავარჯნიანი მამაკაცი, რომელიც მხოლოდ ხუთ წუთს დაიცდის, მეტს არა. ნარკოტიკები მას უნდა გადასცეს. მერაბმა საათს დახედა. თერთმეტი უკვე დაწყებულიყო. ტელეფონს ეცა - კი ბატონო, ახლავე შეგაერთებთ, როგორც იქნა, აღადგინეს კავშირი, - გამოელაპარაკა მორიგე ინსპექტორი.

- ღამის თერთმეტ საათზე ვიღაც ყავარჯნიანი უნდა შეხვდეს ნარკობარიგას. ხომ გახსოვს შარშანდელი ინფორმაცია უკრაინელის შესახებ. აგერ მყავს ხელზე გამობმული.

- მერაბ, იჩქარე. თუ ვერ ჩამოასწრებ, ყავარჯნიანს მე ავიყვან. მართალია, დამტკიცება გაგვიჭირდება, მაგრამ სულ არაფერს მაინც აჯობებს. აბა, შენ იცი! - ჩასძახა ყურმილს და იგრძნო, როგორ მოუდუნდა სხეული ღუღუნის. ყველაფერს იფიქრებდა, მაგრამ საქმის ამგვარ გაგრძელებას ვერ წარმოიდგენდა. თურმე, ვიდრე ის და მისი ხალხი, მთელი სოხუმის მილიცია ლურჯი "ჟიგულის" დაკავებას ცდილობდა, მერაბმა უხმაუროდ მოხსნა უზარმაზარი ტვირთი და თავსატეხი თავის მასწავლებელს.

დრო ულმობლად მიიწევდა წინ. უფრო მეტად ჩქარობდა დროსთან გაჯიბრებული მერაბის მანქანა, რომელშიც ახლა მერაბისა და გოდსკოვსკის გარდა, ალმაზბეი ქჩაჩი და გაგრის მილიციის უფროსის მოადგილე კონსტანტინე არლანი ისხდნენ. მანქანა თავპირისმტვრევით მიიწევდა წინ, ერთი-ორგან, მოსახვევში კი, ისე მოცურდა, ცოტაც და, გზიდან გადაცვივდებოდნენ. ალმაზბეი მეტ-ნაკლებად შეჩვეული იყო მერაბის ამგვარ სიგიჟეს, მაგრამ არლანმა ვეღარ გაუძლო. გუდაუთაში ავტოინსპექციის საგუშაგოსთან მერაბს მანქანა გააჩერებინა, - ნარკოტიკების დედაც და თქვენი ყველაფრის, მე შვილები მყავს გასაზრდელი და სიკვდილს არ ვაპირებო და იქვე დარჩა. ცოტა ნორმალურ მძღოლს გამოვყვებიო. ახალ ათონთან, მოსახვევში, მერაბის საპირისპირო მხარეს ვეებერთელა სატვირთო გამოვარდა. მარჯვენა მხრიდან გვერდის ავლა აშკარა დამტვრევას ნიშნავდა. მერაბმა ერთბაშად მარცხნივ აიღო, მანქანა ჯერ ორ თვალზე დადგა, მერე როგორღაც ისევ დაეშვა ასფალტზე საბურავების ყმუილით და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით, ბრმა ზონაში აუქცია გვერდი სატვირთოს. ძლივს ამოისუნთქა ალმაზბეი ქჩაჩმა და თავისთვის ჩაილაპარაკა:

- ვედ ტაკ მოჟნა ი პაგიბნუტ! სტოიტ ლი? - და ჭირის ოფლი მოიწმინდა. მერაბი კი ისევ თავაწყვეტილი მიაქროლებდა მანქანას. სოხუმამდე რამდენიმე კილომეტრიღა რჩებოდა, მაგრამ ეს დაწყევლილი ეშერის გადასარბენი არა და არ თავდებოდა. ერთგან კინაღამ ვეებერთელა ავტობუსმა გადაუარა ზემოდან, მერე რის ვაი-ვაგლახით აუარეს გვერდი ვიღაც მოტოციკლისტს. მაინც არ შეუნელებიათ სვლა. მერაბმა იმდენი ქნა, რომ გაგრა-სოხუმის ოთხმოცდაათკილომეტრიანი მონაკვეთი ორმოცდაათ წუთში დაფარა და თერთმეტს წუთები აკლდა, სოხუმის ვაგზლის მოედანზე რომ შეგრიალდა ნარკობარიგის ლურჯი "ჟიგულით", რომელსაც ამ დროისათვის უკვე ბოლომდე ჰქონდა აწეული ოთხივე კარის ჩაბურული მინა. ღუღუნისთან გასაუბრების დრო აღარ რჩებოდა. მერაბმა იცოდა, ის ახლა აქ, სადღაც ახლომახლო ტრიალებდა და მაძებრის მახვილი თვალით ირგვლივ ყველაფერს აკონტროლებდა. მანქანაში ერთბაშად ჩამოცხა და სუნთქვაც გაჭირდა. მართალია, ღამე იყო, მაგრამ ვაგზლის მოედანი ისე გაეჩახჩახებინათ, მინების ჩამოწევა არ შეიძლებოდა. ყავარჯნიანს შესაძლოა ეცნო მერაბი ან ალმაზბეი და მაშინ ამ მანქანას აღარ გაეკარებოდა. ბედად, ორი წუთის შემდეგ, ანუ ზუსტად თერთმეტ საათზე, მოპირდაპირე მხრიდან ყავარჯნიანი მამაკაცი გამოჩნდა და მძღოლის მხარეს ოდნავ ჩამოწეულ ფანჯარაში, მერაბისათვის უკვე ცნობილი პაროლით იკითხა: - ხომ არ მოუტანიათ წერილი ხერსონიდან? მანქანიდან კი ასევე პაროლით უპასუხეს, - წერილი არა, მაგრამ მოკითხვას კი გითვლიანო. ყავარჯნიანმა ის იყო, შვებით ამოისუნთქა, რაკი "საქონელმა" მშვიდობით ჩამოაღწიაო სოხუმამდე და გაბედულად გამოაღო მანქანის კარი, სალონში შუქი აინთო, მაგრამ ბარიგის ნაცვლად, საჭესთან მერაბ რაფავა შერჩა ხელთ. ამ ორ ადამიანს კი ერთმანეთის გაცნობა სულაც არ სჭირდებოდა. ყავარჯნიანი სწორედ ის სოხუმელი ნარკომანი ჭანტურია გახლდათ, რომელზეც ჩვენ წერილის დასაწყისში ვწერდით. წამიც და, ჭანტურიას ზურგს უკან ასე ნაცნობი ჩახლეჩილი ხმა მოისმა - საკუთარი ფეხით მოცუნცულდი გალიაში, ბიჭო? - ეს ღუღუნი ფაცაცია იყო. გამწარებულმა ჭანტურიამ მხოლოდ ისღა მოახერხა, რომ ყავარჯნით ხერსონელის მანქანის საქარე მინა ჩაამსხვრია. თუმცა მხარზე იმწამსვე იგრძნო მერაბ რაფავას ძლიერი მარჯვენა, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ წინააღმდეგობას აზრი აღარ ჰქონდა და ჭანტურიაც დანებდა.

კონსტანტინე არლანი ორი საათის დაგვიანებით, ანუ მას შემდეგ ჩავიდა სოხუმში, როცა ღუღუნის და მერაბს უკვე აყვანილი ჰყავდათ ამ საქმეში გარეული ცამეტი კაცი. ორმოცდაორი კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღეს ამ ოპერაციის შედეგად, რაც იმ დროისათვის უპრეცედენტო შემთხვევად იქნა აღიარებული საქართველოს მილიციის ისტორიაში.

P.შ. ღუღუნი ფაცაცია დღესაც ახსოვთ სოხუმში - თუ დაგიჭერს ფაცაცია, ვერ გიშველის კასაციაო, - იხსენებენ იქაურები. თვითონ ღუღუნი კი ლტოლვილობაში გარდაიცვალა ენგურის ხიდთან, სოფელ რუხში და იქვე დაკრძალეს.

ალმაზბეი ქჩაჩი ამჟამად თვითაღიარებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრია. კონსტანტინე არლანი ამ ოპერაციის შემდეგ გუდაუთის მილიციის უფროსად დააწინაურეს და როცა ომის შემდეგ ქართველების სახლები ვეღარ გაიყვეს, თავი წააჭრეს თავისიანებმა.

მერაბ რაფავა გამსახურდიას დროს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემდეგ კი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო. ამჟამად იურიდიული ფირმის ხელმძღვანელია. მომდევნო ნომრებში ჩვენ კვლავაც დავუბრუნდებით ამ სახელსა და გვარს.

ავტორი: ვაჟა გავაშელი


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი