მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-10
რამდენს იღებენ ქართველი იმიჯმეიკერები დღეში?! ... იმიჯმეიკერმა სერიოზული შეცდომა დაუშვა და პასუხი საკუთარი ტყავით აგო...

ვინ არიან იმიჯმეიკერები და არჩევნებში მოგების რამდენ პროცენტს უზრუნველყოფენ ისინი? შევეცადეთ, ამ კითხვაზე პასუხი დღევანდელი რესპონდენტისგან მიგვეღო. მის ვინაობას არ ვასახელებთ, რადგან ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. ერთადერთი, რისი თქმის უფლებაც გამოვტყუეთ, ის არის, რომ მისმა დამქირავებელმა პარტიამ საარჩევნო ბარიერი წარმატებით გადალახა, დაქირავებულ ქართველ იმიჯმეიკერს პარტია დღეში 60 დოლარს უხდიდა, უცხოეთიდან მოწვეულს კი - დღეში 100 დოლარს.

- თქვენ ამბობთ, რომ ყველა პარტიას, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია აწუხებს, იმიჯმეიკერები ჰყავდა ამ არჩევნებში?

- დიახ, ასეა. ეს პარტიები ხელისუფლებაში მოვიდნენ კიდეც. თუმცა, ისეთებიც აღმოჩნდნენ, რომელთაც იმიჯმეიკერებმა ვერაფერი უშველეს და ვერც უშველიდნენ. ჩვენ მხოლოდ მოგების 50%-ს ან ცოტა მეტს უზრუნველვყოფთ. მნიშვნელოვანია რეიტინგი, რომელიც პარტიას, მის ლიდერებს, მათ გაწეულ საქმიანობას ისედაც, ჩვენ გარეშე ჰქონდათ. ისე, ჩვენ "მკვდრის გაცოცხლებაზე" არც ვმუშაობთ. სერიოზული იმიჯმეიკერი "მკვდარ" პარტიაზე არც იმუშავებს.

- რატომ ხდება, რომ პოლიტიკოსებს არ უყვართ თქვენთან კავშირის აფიშირება?

- უმეტეს შემთხვევაში ეს უკავშირდება კონფიდენციალურობას, დუმილს, რომელიც დაფინანსებულია. აქ ერთი მომენტია მნიშვნელოვანი - ჩვენ მიერ შექმნილი იმიჯი ხშირად ხელოვნურია, ეს გახლავთ ნიღაბი, და არა პიროვნების ნამდვილი სახე. შეამჩნევდით, რომ როცა დამქირავებლები ხელისუფლებაში მოდიან, ისინი მალე იცვლებიან: იცვლება მათი ჩაცმულობა, ტერმინოლოგია, ხმის ტემბრიც კი. უფრო ზუსტად, კი არ იცვლებიან, უბრუნდებიან პირვანდელ სახეს. ალბათ გასაგებია, რატომ მალავენ პოლიტიკოსები ჩვენთან ურთიერთობას - მათ ხელს არ აძლევთ, საზოგადოებამ იცოდეს, რომ სიმპათიური სახე, რომელსაც არჩევნებამდე ხედავს ხალხი, ფიქციაა, ხელოვნურია.

- ერთ პარტიაზე საშუალოდ რამდენი იმიჯმეიკერი მუშაობს?

- სულ ცოტა 4. თუ პარტია ძლიერია, შეიძლება 10-იც დაიქირაოს. თითოეულ მათგანს თავისი საზრუნავი სფერო აქვს - გარეგნობა, ვარცხნილობა, ტერმინების შერჩევა, მედიასთან ურთიერთობა და სხვა. მუშაობს სოციოლოგი და ფსიქოლოგიც. ყველა მათგანს კი ხელმძღვანელობას უწევს ერთი - მთავარი იმიჯმეიკერი.

- კლიპების გადაღებაც იმიჯმეიკერების გადაწყვეტილებაა? როგორც ვიცი, თქვენ საზღვარგარეთაც გიმუშავიათ რამდენიმე ქვეყანაში და იქ რამდენად ეფექტურია კლიპები?

- ისეთი ეფექტური არ არის, როგორც საქართველოში. საქმე ის არის, რომ საქართველოში მუსიკა უყვართ. ინგლისში, მაგალითად, საარჩევნო-სარეკლამო კლიპზე მომგებიანად კანდიდატის მონოლოგი ითვლება. ჩვენთან კი, ასეთ შემთხვევებში, ტელევიზორს სხვა არხზე გადართავენ. ჩვენში ახლა დაინერგა საარჩევნო ე.წ. პლაკატებზე მთლიანი გუნდის, მისი წევრების აღბეჭდვა. ეს ნოვაცია რამდენიმე პარტიის იმიჯმეიკერებმა ერთდროულად შემოიტანეს. ამაში ფსიქოლოგიური მომენტი დევს: მოღიმარი პოლიტიკოსების ჯგუფმა ხალხში ერთად ყოფნის, ერთგულებისა და სანდოობის ემოცია აღძრა.

- რამდენად შესაძლებელია, რომ პარტიამ სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს იმიჯმეიკერების გარეშეც?

- რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუ მას ცნობილი ლიდერი ჰყავს. მაგალითად, "მოქალაქეთა კავშირს" თავის დროზე სულაც არ დასჭირვებია იმიჯმეიკერები. მათ იმიჯმეიკერიც და ლიდერიც ერთი ჰყავდათ - პრეზიდენტი. სმკ-ის აქტივისტები ძალზე მოხერხებულად მანიპულირებდნენ შევარდნაძით. ლამის ზომბირება გაუკეთეს მასას.

- საერთოდ, რამდენად მაღალ დონეზეა დღეს საქართველოში იმიჯმეიკერების ინსტიტუტი?

-ეს ინსტიტუტიც ჩამოყალიბების პროცესშია. ჩვენმა პოლიტიკოსებმა ახლა ისწავლეს იმიჯმეიკერების მოზიდვა და დაფასება. ალბათ გახსოვთ, როცა ნათელაშვილმა თვითმმართველობის წინა არჩევნებში გაიმარჯვა, მერე ხშირად ისმოდა ფრაზა - ხალხი ნათელაშვილის ფოჩიან კანფეტებს დახარბდაო. სინამდვილეში, იგი უნიჭიერესი ლიდერი-იმიჯმეიკერი აღმოჩნდა. მისი წინასაარჩევნო კამპანია ჩვენ გულდასმით შევისწავლეთ. მან ხალხის გული იმით მოიგო, რომ კონკრეტულ ელექტორატს კონკრეტული "კანფეტები" დაურიგა და არა ზოგადი "მილიონი სამუშაო ადგილი". ბოლო არჩევნებმა ნამდვილად დამარწმუნა, რომ ნათელაშვილის მაგალითზე სხვებმა ჭკუა იხმარეს და რაკი იმიჯმეიკერის ტალანტი არ გააჩნდათ, მათი მოწვევა დაიწყეს. რა თქმა უნდა, ადრეც ინტერესდებოდნენ, მაგრამ არა ასე აქტიურად. იმიჯმეიკერებს გვერდით აუცილებლად სჭირდება კარგი ფსიქოლოგი, რითაც ქართველებს ნამდვილად შეგვიძლია ვიტრაბახოთ. ასე რომ, კარგ ფსიქოლოგთან თანამშრომლობა ჩვენთვის პროგრესის და განვითარების საწინდარია.

- საზღვარგარეთ რა სიტუაციაა ამ მხრივ?

- ჰეგემონ ქვეყნებში, სადაც არჩევნებში ორი ან სამი პარტია ებრძვის ერთმანეთს და არა 20, იმიჯმეიკერის ინსტიტუტი სახელმწიფოებრივ დონეზეა განვითარებული. ცნობილია, რომ ამერიკაში ელექტორატის მიზიდვა ურთულესი საქმეა. იქ პარტიის იმიჯზე 5-კაციანი ჯგუფი კი არა, ასობით მაღალპროფესიული კადრი მუშაობს. დღეში ორჯერ ტარდება სოციოლოგიური გამოკითხვა, ეწყობა ხანგრძლივი შეხვედრები, მაგალითად, სრულიად უმნიშვნელო ქარხნის მუშებთან და ა.შ. იქ კლიპებით ვერავის მოატყუებ. მე დავინტერესდი ლუპენის წარმატების საიდუმლოთი. მისი პოპულარობა განაპირობა აქცენტმა ეროვნულ საკითხებზე. მისმა წარმატებამ არჩევნებში შოკში ჩააგდო მსოფლიო. ფრანგებმა კი მასში მეორე დე გოლი დაინახეს. თავისი თავის დიდი იმიჯმეიკერი და უნიჭიერესი ლიდერი იყო აბრაამ ლინკოლნი. ერთხელ მან პატარა გოგონას წერილი მიიღო - თქვენ ძალიან გამხდარი ხართ და თუ წვერს მოუშვებთ, სახე შეგევსებათ, მოგიხდებათო. ლინკოლნმა გაიზიარა გოგონას რჩევა და ისტორიას შემორჩა მისი პორტრეტი წვერით.

- ახლა ეჭვი გამიჩნდა, რომ კობა დავითაშვილი იმიჯმეიკერის რჩევით გახდა.

- როგორც არ უნდა იყოს, კობამ ორი კურდღელი დაიჭირა: ჯანმრთელობასაც მიხედა და ღიპიანი პარლამენტარის სახელიც მოიშორა.

- ცოლების ჩართვა წინასაარჩევნო კამპანიაში იმიჯმეიკერთა მითითებაა?

- ზოგჯერ თვითონ ცოლები არიან იმიჯმეიკერები. კლინტონი სულ ამბობდა, რომ არა ჰილარი, მე პრეზიდენტი ვერ გავხდებოდიო. ჰილარიმ მართლაც დაამტკიცა, რომ გონიერი ქალია. მას რომ ლევინსკის გამო სკანდალი აეტეხა, დღეს სენატორი ვერ გახდებოდა. ტაქტმა და თავდაჭერილობამ მას იმიჯი აუმაღლა. რუზველტის მეუღლე - ელეონორა ყოველთვის იყო ჯარისკაცებისა და უმწეო მოხუცების სასურველი სტუმარი. ნენსი რეიგანს კი პრეზიდენტ რეიგანზე მეტად აინტერესებდა სოციალური პრობლემა. ეს კი, ბუნებრივია, პრეზიდენტს მეტ ღირსებას მატებდა. ახლა მათ სანდრა რულოვსმა მიბაძა, თუმცა არცთუ შთამბეჭდავად, მაგრამ მაინც წარმატებულად: როგორც იცით, უცხოელები ქუჩაში მარტო სიარულს გაურბიან. ეს სადა და მომხიბვლელი ქალი კი მარტო ჩავიდა მეტროში და თავისი ქართულით გააოცა თბილისელი მგზავრები, რომლებიც დიდ სითბოს და კეთილგანწყობას ამჟღავნებდნენ უცხოელი ქალბატონის მიმართ.

- გასაგებია, რომ საზღვარგარეთ იმიჯმეიკერების მუშაობა გამართლებულია, მაგრამ ჩვენთან, როცა ყველა საუბრობს არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე, რატომ იხდიან პოლიტიკოსები იმიჯმეიკერების დასაქირავებლად დიდ ფულს?

- ამაზე მარტივად გიპასუხებთ: როცა ქირაობენ იმიჯმეიკერს, ნაკლებად ფიქრობენ და აპირებენ, გააყალბონ არჩევნები. დამქირავებელი მუშაობს ელექტორატზე და არა არჩევნების გაყალბებაზე.

- ე.ი. ურჩევნიათ, ხალხი "გააცურონ" და ბიულეტენები არ გააყალბონ?! უკაცრავად, და, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იმიჯმეიკერები პოლიტიკოსებს ხალხის მოტყუებაში ეხმარებიან...

- საერთოდ, თქვენი ეჭვი შეიცავს ლოგიკურ მარცვალს, მაგრამ რას იტყოდით იმაზე, რომ სუპერდემოკრატიულ ქვეყნებშიც კი იმიჯმეიკერების არმია მუშაობს პარტიაზე ან პიროვნებაზე?

- თქვენ ერთ პარტიაზე მუშაობდით? და საერთოდ, თუ აქვს იმიჯმეიკერს უფლება ერთდროულად რამდენიმე პარტიაზე ან პიროვნებაზე იმუშაოს?

- საერთოდ, ჰყავთ მუდმივი და დროებით დაქირავებული იმიჯმეიკერები: დროებითს სულ ცოტა არჩევნებამდე 5 თვით ადრე ქირაობენ. იმიჯმეიკერის სამუშაო საკმაოდ მძიმეა - 24 საათის მანძილზე უნდა უსმინო მედიას, სხვათა კომენტარებს და თავად მოამზადო საპასუხო გამოსვლები. უნდა იზრუნო დამქირავებლის გარეგნულ მხარეზე. ყოფილა შემთხვევა, როცა იმიჯმეიკერს რაღაც სერიოზული შეცდომა დაუშვია და შემდეგ პასუხი საკუთარი ტყავით აგეს, უცხოურ პრაქტიკაზე მოგახსენებთ.

- ამ არჩევნებში რომელ პარტიას ჰყავდა ყველაზე მეტი და ძლიერი იმიჯმეიკერი?

- ამაზე არ გიპასუხებთ.

- მე მაინც მგონია, რომ თქვენ "იატაკქვეშეთში" მუშაობთ. ვინაობის გამხელაზეც უარს ამბობთ...

- დამქირავებლის მოთხოვნაა, რომ ზედმეტი არ ვილაპარაკოთ. თუმცა, კიდევ ორი არჩევნებია საკმარისი და მერე, ვიცი, რომ იმიჯმეიკერთა ინსტიტუტს აქაც აღიარებენ. ერთ რამეში კი, მინდა დარწმუნებული ბრძანდებოდეთ: იმიჯმეიკერები მხოლოდ იმიჯზე არ მუშაობენ, იმაზეც ვმუშაობთ, რომ ელექტორატის პოლიტიკური დონე და თვითშეგნება ამაღლდეს და მოქალაქეებს საარჩევნო ყუთთან მისვლა არ დაეზაროთ.

ავტორი: ქეთი ბერეკაშვილი


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი