მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-10
თბილისის მიწისძვრამ ათასობით ადამიანი ქუჩაში დატოვა, სამაგიეროდ, ერთეულები მდიდრდებიან: თბილისელი ჩინოვნიკების გამდიდრების ახალი ხერხი...

ახალი გათენებული იყო, როცა მეტრო "ღრმაღელეს" უკან მდებარე ნაგომარისა და რატევანის ქუჩებზე გაშლილ კარვებს მივუახლოვდით, რომლებშიც 25 აპრილის მიწისძვრისაგან სანახევროდ დანგრეული ან დანგრევის პირას მისული სახლების მობინადრეები არიან დაბანაკებულნი. მოულოდნელად, ერთი კარვიდან კარგად ნაპატივები ვირთხა გამოვარდა, რომელსაც ხანში შესული, ფაშფაშა დედაკაცი ცოცხით და წყევლა-კრულვით მოსდევდა. წინ, რა თქმა უნდა, ჩვენ - ფოტოკორესპონდენტი და თქვენი მონა-მორჩილი შევეგებეთ. ყურადღებით აგვათვალიერა და მზერა ჩვენს ხელჩანთებზე შეაჩერა. სწორედ ამ ხელჩანთების გამო ჩაგვთვალა გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის წევრებად. ეტყობა, ქალი ძალიან გაუმწარებიათ გამგეობის წევრებს, რადგან ისეთი სიტყვებით ამკობდა მათ, გამეორებას ნამდვილად ვერ გავბედავ. ისე, თუ გლდანი-ნაძალადევის გამგეობის ხელმძღვანელები დაინტერესდებიან, შემიძლია დიქტოფონზე ჩაწერილი კასეტა ვაახლო, ნაგომარი-რატევანის ქუჩების მობინადრეთა მიერ მათ "სადიდებლად" წარმოთქმული "დითირამბებით" სავსე. შეტევაზე გადმოსულ ქალბატონს სასწრაფოდ მოვახსენეთ ჩვენი ვინაობა და სიტუაცია დაუყოვნებლივ განიმუხტა. მან კარვის შესასვლელის ორივე კალთა ასწია და თორმეტი ოჯახის დროებით საცხოვრებელში შეგვიპატიჟა.

რას გვიამბობენ მიწისძვრით დაზარალებულები

უზარმაზარ კარავში ორრიგად ჩაემწკრივებინათ საწოლები. ლოგინებში მხოლოდ პატარები იწვნენ, ზოგიერთს ეძინა კიდეც. როგორც შემდეგ გაირკვა, ბავშვების უმრავლესობა სიცხიანი იყო და მშობლები საწოლიდან წამოდგომის უფლებას არ აძლევდნენ.

კარვის ბინადარნი: "დედაქალაქში 25 აპრილს მომხდარმა მიწისძვრამ ათასობით თბილისელი დატოვა უბინაოდ. ჩვენც ქუჩაში დავრჩით. სამაგიეროდ, მიწისძვრით ათასობით დაზარალებულის ტრაგედიით ზოგიერთი ჩინოვნიკი ითბობს ხელს - ჩვენს დასახმარებლად გამოყოფილი ფულით მდიდრდება."

ნინო ცხვირავაშვილი: "მიწისძვრის შემდგომ პირველ დღეებში მართლაც გვეხმარებოდა გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა - თითოეულ ოჯახს 50 ლარი დაგვირიგეს, მაისის ბოლომდე პურიც უფასოდ მოჰქონდათ და სხვა პროდუქტებიც. მაგრამ უკვე 2-3 კვირაა გამგეობიდან და, საერთოდ, მთავრობიდან არავინ გამოჩენილა. უკვე აღარავის ვედარდებით. გვპირდებოდნენ, ბინებსაც მოგცემთო, მაგრამ მხოლოდ ეს ფარღალალა კარავი გაიმეტეს. ვატყობ, გამოზამთრება ამ კარავში მოგვიწევს. არადა, ორი მცირეწლოვანი ბავშვი მყავს, ცივი ზაფხულია და კარავში მიცივდებიან, ზამთარში რა იქნება, ხომ წარმოგიდგენიათ?! ვფიქრობდი, წავალ "ახალ მემარჯვენეებთან", იქნება დამეხმარონ-მეთქი, მაგრამ მერიის და გამგეობის წარმომადგენლებმა გვითხრეს, თუ ვინმესთან მიხვალთ სათხოვნელად, ჩვენი დახმარების იმედი ნუ გექნებათო".

ბაჩუკი რაზმაძე: "ერთი თვეა გამგეობიდან არავინ მოსულა. არადა ამ კარავში წვიმის დროს ისევე წვიმს, როგორც გარეთ. მერე მზე რომ გამოვა, ისეთი ოხშივარი დგება, კარავში გაჩერება აღარ შეიძლება. ღამღამობით ვმორიგეობთ, რადგან, როცა გამგეობიდან 50 ლარი დაგვირიგეს, ბანდიტები დაგვესხნენ თავს. კიდევ კარგი, არ გვეძინა, თორემ სულ გაგვძარცვავდნენ. ერთხელ გამგეობამ ექიმები გამოგვიგზავნა - ყველა გალეშილი იყო. იშაყირეს, იცინეს და წავიდნენ..."

ნინო დევნოზაშვილი: "გესმით ჩემი ბავშვი როგორ ახველებს? სიცხე აქვს, მე კი წამალი ვერ მიყიდია. ვიყავი გამგეობაში, აქ ნუ მოდიხარო და გამომაგდეს. მივედი მერიაში - მითხრეს, თქვენი სახლი სიაში არ არისო და მშენებლობის სამინისტროში გამაგზავნეს. იქ კი არავინ მომისმინა. ავადმყოფბავშვიან ქალს წაღმა-უკუღმა მარბენინებენ ეს უსულგულოები..."

მამაკაცი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა: "ამ ქვეყანას ვინ გამოასწორებს?! თუ პატრონი არ გყავს და ფული არ გაქვს, ძაღლადაც არავინ ჩაგაგდებს. ერთი სახლი ვიცი ფაღავას ქუჩაზე, მიწისძვრისას ეს კორპუსი უმნიშვნელოდ დაზიანდა. ჭკვიანები აღმოჩდნენ იქაურები. დაწერეს განცხადება და მშენებლობის სამინისტროდან თავიანთი მანქანებითვე მოიყვანეს კომისია, გზად რესტორანში შეიარეს, ერთი კარგად აქეიფეს. სამაგიეროდ, შეზარხოშებულმა კომისიის წევრებმა აქტში დააფიქსირეს, რომ კორპუსი ძალზე დაზარალებულია და "გასამრჯელოდ" მობინადრეებისაგან წინასწარ შეგროვილი ფულიც ჩაიჯიბეს. თითოეულ ოჯახს, თავის რესტორნიანად, ყველაფერი ეს 210 დოლარი დაუჯდა. სამაგიეროდ, ახალ ბინასაც მიიღებენ და ძველიც დარჩებათ. ჩვენ კი ფული არ გვაქვს და რომც გვქონდეს, ვის მივცეთ, არავის ვიცნობთ და ისე ვინ გვენდობა. კაცები კარვებს დანებით ვიცავთ, რომ ღამე ვინმე გარეწარი ან მთვრალი არ შემოგვივარდეს. თავიდან კარვებს პოლიციელები იცავდნენ, მაგრამ ახლა მობეზრდათ ქუჩაში დგომა".

მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ თბილისის მერიამ გადაწყვიტა, უპირველესად ის ოჯახები დაეკმაყოფილებინა ბინებით, რომლებსაც სტიქიამ სახლები დაუნგრია ან დანგრევის პირას მიიყვანა. ამისათვის მერიამ თბილისის მოსახლეობისაგან იმ ბინების შესყიდვა გადაწყვიტა, რომლებიც თბილისელებს არ სჭირდებათ, ან კიდევ დაკეტილი აქვთ, ან გაქირავებული. ე.წ. საბინაო ბანკის შექმნა ადგილობრივი რაიონული გამგეობების საბინაო-კომუნალური სამსახურების თანამშრომლებს დაევალათ. გამგეობების წვრილ ჩინოვნიკებს, როგორც ჩანს, ბევრი არც უფიქრიათ და საჩქაროდ დაუკავშირდნენ ბინების მაკლერებს. მექანიზმი ასეთი იყო: მაკლერები მონახავდნენ სანდო კლიენტებს, რომლებიც თანახმა იქნებოდნენ თავიანთი ბინების გაყიდვაზე, ოღონდ ბინის რეალურ საბაზრო ფასს 500-დან 1000 დოლარამდე წაუმატებდნენ და ბინის გაყიდვის, ე.წ. "შეთანხმებების ფურცელში" არარეალურ ფასს დააფიქსირებდნენ. როცა მერია დაიწყებდა ბინების შესყიდვას, ბინის მეპატრონე წამატებულ თანხას გამგეობის საბინაო-კომუნალური სამსახურის წევრებს მიართმევდა, თავის მხრივ კი ისინი თავის წილს მაკლერებს მისცემდნენ. ყოველივე ეს მშრალ ხიდთან მდგარი მაკლერების უსტაბაშმა - 80 წელს გადაცილებულმა სერგო არაქელოვმა მიამბო.

სერგო, მართალია, იმ ასაკშია, ტყუილიც რომ დაეჯერება, მაგრამ ვარჩიეთ მაინც გადაგვემოწმებინა ინფორმაცია და გლდანი-ნაძალადევის, აგრეთვე ისანი-სამგორის გამგეობებს ვეწვიე, როგორც ერთოთახიანი ბინის გამყიდველი. გლდანი-ნაძალადევის საბინაო-კომუნალურ სამსახურში ვინმე კოკამ (პირობითად) მიმიღო, რომელსაც ჩემი სურვილი გავანდე და დავპირდი, ცოტა ძვირად თუ გამაყიდვინებ, პატივისცემას არ დაგამადლი-მეთქი. კოკამ თავდაპირველად შორს დაიჭირა ჩემი "საქმიანი" წინადადება, მერე ოთახიდან გავიდა, ვიღაც-ვიღაცებს მოეთათბირა და რომ დაბრუნდა, მითხრა - მერიის ბინების შესყიდვის ფონდის კომისიაში არასამთავრობოები, ჟურნალისტებიც და რა ვიცი, ვინ აღარ შეიყვანეს, ამიტომ მე მხოლოდ "შეთანხმების ფურცელს" თუ დაგიწერ და მერე ფონდში შენ თვითონ უნდა ჩააწყოო. კოკამ ე.წ. "შეთანხმების ფურცელი" მართლაც დამიწერა, მაგრამ ბინის უნახავად, კანონით, ეს საბუთი არ უნდა შეედგინა. ის იყო, წამოსვლა დავაპირე, რომ ახალგაზრდა კაცი მომიახლოვდა და მკითხა, კოკასთან რა გინდოდაო. რომ მომისმინა, სხვა კაბინეტში შემიყვანა და ახალი "შეთანხმების ფურცელი" დამიწერა, სადაც ბინის ფასი ზუსტად 1000 დოლარით გაზარდა. მე და გამგეობის ჩინოსანმა ზეპირი ხელშეკრულებაც დავდეთ, - თუ ჩემი ბინა გაიყიდებოდა, წამატებული 1000 დოლარი მისთვის უნდა მეფეშქაშებინა - რა ვქნა, ბრატ, ორი მესამედი ამ ფონდში უნდა მივიტანოო, მომიბოდიშა.

იგივე პროცედურა ისანი-სამგორის რაიონის გამგეობაშიც გავიმეორე.

მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის აპარატის უფროსი ჯემალ ხუციბერიძე: "მიწისძვრამ უამრავი სახლი დააზარალა - ზოგი ძლიერად, ზოგიც შედარებით მსუბუქად. დღევანდელი მონაცემებით, თბილისში 1602 სახლია, რომლებიც მესამე კატეგორიას განეკუთვნება, ანუ დანგრევას ექვემდებარება. არსებობს მეორე კატეგორიის 8099 ბინა, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებს გამაგრებით სამუშაოებს. აღრიცხვაზეა აყვანილი მსუბუქად დაზიანებული 4017 სახლი. მერიასთან არსებული მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდი სტიქიური უბედურების შემდეგ რამდენიმე საათში შეიქმნა.

პირველსავე დღეებში ფონდმა რამდენიმე ასეული უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი (სულ 374 ოჯახი) სხვადასხვა საწარმო-დაწესებულებაში თუ კვლევით ინსტიტუტებში შეასახლა. გარდა ამისა, დავდგით კარვები უსახლკაროდ დარჩენილთათვის. მაგრამ ჩატარებული ღონისძიებები არ არის საკმარისი. მიწისძვრისაგან დაზიანებული სახლები დღემდე ინგრევა და ყოველდღიურად მატულობს უსახლკაროთა რიცხვი. თბილისის მერიაში შეიქმნა სპეციალური ფონდი, სადაც ხდება შემოწირული თანხების აკუმულირება. შემოსული თანხებით Yმიწისძვრისაგან დაზარალებულთათვის ვაპირებთ ბინების ყიდვას. ფონდმა, რომლის თავმჯდომარეა ნოდარ ამაშუკელი, ჯერჯერობით, მხოლოდ 60 ბინის შესყიდვა მოახერხა. სხვათა შორის, ამას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. თითქოს ფონდის ხელმძღვანელობამ შესყიდული ბინების ფასი ხელოვნურად გაზარდა, ხოლო ზედმეტი თანხები მიითვისა. ფონდის გამგეობა საპატიო თბილისელებისაგან არის დაკომპლექტებული. ფონდის წევრები არიან, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები. ამიტომ რაიმე მაქინაციაზე ლაპარაკი უსაფუძვლოდ მიმაჩნია, თუმცა იმის გამო, რომ ბინების შესყიდვაში მონაწილეობდა რაიონული გამგეობების უამრავი წარმომადგენელი, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ბევრი რამ ფონდის მუშაობაში მეც არ მომწონს. თუნდაც ის, რომ ფონდის გამგეობის წევრები უხელფასოდ მუშაობენ(!). ობიექტებზე თავიანთი მანქანებით დადიან, არავინ აფინანსებთ. ეს საკითხი დავსვი მერიის და გამგეობის წევრების წინაშე, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე."

როგორც ხედავთ, ბატონმა ჯემალ ხუციბერიძემ არც მწვადი დაწვა და არც შამფური. მან თავი დაიზღვია, როცა ბრძანა, არაფერია გამორიცხულიო, მაგრამ არც ფონდის გამგეობის წევრებს აწყენინა. ამიტომ ჩვენ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის გამგეობის თავმჯდომარეს ნოდარ ამაშუკელს დავუკავშირდით. მისი განცხადებით: "ჩვენ ვართ ფონდში შემოსული თანხების განმკარგავნი და არავის ბრძანებას არ ვასრულებთ. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სპეციალისტებმა დაგვისახელეს იმ დანგრეული სახლების კატეგორიები, რომელთა ბინადარნი ჩვენი ფონდის დახმარებას ექვემდებარებიან. უპირველესად, ის 300 ოჯახი უნდა უზრუნველვყოთ ბინებით, რომლებიც კარვებში არიან შესახლებულები. ჯერჯერობით, ფონდს არც ერთი, ვიმეორებ, არც ერთი ბინა არ შეუსყიდია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მიწისძვრის შემდგომი თვე-ნახევარი ფონდს სარეგისტრაციოდ და სხვა იურიდიული პროცედურების გასავლელად დასჭირდა. აგრეთვე მომზადდა და დამტკიცდა "2002 წლის 15 აპრილის ქ. თბილისის მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალურ ფონდში შემოსული თანხების მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყენების წესი", რომლის თანახმად, განსაზღვრულია ყველა ის ფინანსური ღონისძიება, რომელიც საჭიროა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ. მათ შორის ფონდის გამგეობისა და აპარატის შესანახი ხარჯებიცაა გათვალისწინებული. მაგრამ არც ამ წესის მიღებამდე ვიყავით გულხელდაკრეფილები. ამ ხნის განმავლობაში ადგილობრივი რაიონული გამგეობების დახმარებებით შევქმენით შესასყიდი ბინების ე.წ. ბანკი, ამჟამად ბანკში 3102 ბინაა. თითოეულის ღირებულება 10 ათასი ლარის ფარგლებშია. ამჟამად შერჩეული გვაქვს შესასყიდად 60 ბინა. მათ მოძიებასა და მფლობელებთან გარიგებაში რაიონული გამგეობების თანამშრომლები დაგვეხმარნენ. ბინების მეპატრონეებთან გაფორმდა წინასწარი "შეთანხმების ფურცელი". ამჟამად ფონდის ანგარიშზე მხოლოდ მილიონ-ნახევარი ლარი და 50 ათასი ამერიკული დოლარია. ეს საკმარისი არ არის, რათა ყველა დაზარალებული დავაკმაყოფილოთ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ თანხები ფონდის ანგარიშზე კიდევ შემოვა". ბატონმა ნოდარ ამაშუკელმა კატეგორიულად უარყო ბინების შესყიდვის პროცესში რაიმე მაქინაციის არსებობა, მაგრამ ფონდის გამგეობის წევრებს თენგიზ შეყრილაძესა და დავით ქოქოსაძეს, როცა ვუამბეთ, თუ როგორ გაგვიზარდეს გამგეობებში ბინების ფასი და რა სიტყვიერი შეთანხმება დაიდო ჩვენ შორის, ეს არ გაკვირვებიათ. "შესასყიდი ბინების შესარჩევად რაიონების გამგეობის წევრები და მათი მაკლერები დადიოდნენ და სწორედ მათ იჩალიჩეს სიების შედგენისას. ისე, მაკლერების გარეშე ამდენ გასაყიდ ბინას თავს ვერ მოვუყრიდით. ზოგიერთი თავის ბინაში 10 წელია არ ყოფილა და მისი მფლობელის ადგილსამყოფელი მხოლოდ მაკლერმა იცის. გვერწმუნეთ, ჩვენი ფონდის გამგეობის წევრები, არასამთავრობოებთან ერთად, არავის მივცემთ უფლებას, რომ გაგვასულელონ. კარგად შევისწავლეთ ბინების ფასები და ზუსტად იმდენ თანხას გადავიხდით, რაც რეალურად ღირს ესა თუ ის ბინა.".

თბილისის საკრებულოს მდივანი ზურაბ გუდავაძე (საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი): - ის, რაც მოხდა, საშინელებაა. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი სპიტაკის მიწისძვრის შედეგები. იმ დროს საბჭოთა კავშირის რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ იყო მიმართული. წარმოიდგინეთ ჩვენი მწირი ბიუჯეტის პირობებში, როგორ ექსტრემალურ სიტუაციაში ვართ, თანაც ყოველდღე მატულობს მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სახლების რიცხვი. თბილისის მიწისძვრამ 100 მაღლივი კორპუსიც დააზიანა, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებენ გამაგრებით სამუშაოებს. გარდა იმისა, რომ მერიაში შეიქმნა ფონდი, ქართველი ბიზნესმენების ერთმა ჯგუფმაც გადაწყვიტა დამოუკიდებლად ემოქმედა და თავიანთი ფონდი შექმნეს მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად.

- ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ქართველმა ბიზნესმენებმა მერიის ფონდს უნდობლობა გამოუცხადეს?

- ვერ გეტყვით, ისე კი, ჯობდა დაზარალებულთა დასახმარებლად გაღებული ყველა თანხა მუნიციპალიტეტის სპეციალურ ფონდში თავმოყრილიყო, რაც საშუალებას მოგვცემდა უფრო მოქნილად და მიზანმიმართულად დაგვეხარჯა თანხები. ეს გარკვეულწილად პრობლემებს წარმოშობს. შესაძლებელია ერთმა და იმავე დაზარალებულმა კერძო ფონდიდანაც მიიღოს დახმარება და მერიის სპეციალური ფონდიდანაც. რატომღაც ამ ფონდების მესვეურები დაზარალებულთა სიების მოწოდებაზე უარს გვეუბნებიან.

- როგორც ირკვევა, კერძო ფონდებმა უკვე ფულადი დახმარებებიც გასცეს 10 ათასი ლარის ოდენობით. ზოგიერთმა ბინები უყიდა დაზარალებულებს, მერიის ფონდი კი ახლა იწყებს მუშაობას.

- მართალია, მაგრამ მერიის ფონდს აუცილებელი იურიდიული პროცედურები უნდა გაევლო, თანაც დაზარალებულებისთვისაც შესასყიდი ბინები მოსაძიებელი იყო. ამასთან, უნდა დაგვედგინა, ვის უნდა დახმარებოდა უპირველესად ფონდი. ერთი სიტყვით, ჩვენი მუშაობა სამ ეტაპად წარიმართება. პირველი ეტაპი ითვალისწინებს თავისუფალი ბინების სასწრაფოდ შეძენას და უბინაო ხალხისთვის უფასოდ გადაცემას. მეორე ეტაპი ითვალისწინებს ნაკლებდაზიანებული სახლების გამაგრებით სამუშაოებს, ხოლო მესამე ეტაპზე უნდა მოვიზიდოთ თავისუფალი სახსრები, უნდა მომზადდეს საინვესტიციო პროგრამები.

მერიასთან არსებულ სპეციალურ ფონდში უკვე შესასყიდად შერჩეული 60 ბინიდან რამდენიმე მფლობელის კოორდინატები და სხვა მონაცემები ამოვიწერეთ და ერთ-ერთს ტელეფონით დავუკავშირდით.

- ქალბატონო, თქვენ ბინას ყიდით?

- რა ვიცი, შვილო, ჩემთან იყვნენ საბურთალოს რაიონის გამგეობიდან და მითხრეს, ბინას ხელსაყრელ ფასში გაგაყიდვინებთ, თუ მაღარიჩს იკისრებო და ერთოთახიან ბინაზე, დიდ დიღომში, 6,5 ათას დოლარზე შევთანხმდით. ეს თანხა მაკლერმა ჩამაწერინა და მერე აღარ გამოჩენილან.

- ეგ არ მაინტერესებს, ვის რა უთხარით. რეალური ფასი მითხარით და შეიძლება დღესვე ვიყიდო თქვენი ბინა.

- 5,5 ათას დოლარზე ნაკლებად ვერ გავყიდი. მობრძანდით, ბინა დაათვალიერეთ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მოგეწონებათ...

იმის გასაგებად, თუ როგორ ხდება დაზიანებული სახლებისათვის კატეგორიების მინიჭება, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ვესტუმრეთ. სამინისტროს ფოიეში უამრავი ხალხი ირეოდა - დაზიანებული სახლების კატეგორიების სიებს კითხულობდნენ. დაზარალებულთა უმრავლესობა უკმაყოფილო ჩანდა მინიჭებული კატეგორიით.

თავდაპირველად, ჩვენ სამინისტროს წამყვან მორიგე სპეციალისტს იზოლდა კაპანაძეს გავესაუბრეთ:

"საერთაშორისო ნორმებით მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სახლები 5 კატეგორიად იყოფა, დაზიანების ხარისხის მიხედვით. სამინისტრომ რატომღაც პირველი და მეორე ხარისხის დაზიანებები შეაერთა და პირველი კატეგორია მიანიჭა. ასევე შეერთდა მესამე და მეოთხე ხარისხის დაზიანებები და მეორე კატეგორიად განისაზღვრა. უცვლელი დარჩა მეხუთე ხარისხის დაზიანება, ანუ "შენობის სრული ჩამოზვავება, დანგრევა" და შესაბამისად, მას მესამე კატეგორია მიენიჭა. სამინისტროს იმდენი თანამშრომელი არა ჰყავს, რომ ყოველი სახლი ნახონ. ამიტომ მოვიწვიეთ სპეციალისტები სხვადასხვა ორგანიზაციიდან, რომლებიც დაზიანებულ სახლებს შესაბამის კატეგორიას ანიჭებენ. თუმცა დაზარალებულები მაინც ითხოვენ, რომ მოწვეულმა სპეციალისტებმა კატეგორიები გაუზარდონ, მაგრამ ამ აფერაზე არავინ წავა".

კომენტარი სამინისტროში ჩამოყალიბებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელს ზაურ კაპანაძესაც ვთხოვეთ: "ოპერატიული შტაბი მხოლოდ მიწისძვრით დაზიანებული სახლების დაზიანების ხარისხს ადგენს და მას შესაბამის კატეგორიას ანიჭებს, ხოლო რაც შეეხება დაზიანების ხარისხების შეერთებას, ეს გამარტივების მიზნით გაკეთდა(?!). თბილისში, ძირითადად, მეორე და მესამე კატეგორიის დაზიანებული სახლებია და თითქმის არ არსებობს მესამე კატეგორიის, ანუ დანგრეული სახლები(?!). ამიტომ, მესამე კატეგორიას არც ერთ სახლს არ ვანიჭებთ.

- როგორ, მერიაში, მერიის მუნიციპალიტეტის ოპერატიულ შტაბში, სპეციალურ ფონდში გვითხრეს, რომ უპირველესად მესამე კატეგორიის სახლების მობინადრეებს დაეხმარებიან. თქვენ კი აცხადებთ, რომ ასეთი სახლები არ არსებობს?

- მართალი ხართ. მერიაში დაზარალებულებს ეუბნებიან, მესამე კატეგორია მოგვიტანეთ და მაშინ დაგეხმარებითო. რატომ და რისთვის ითხოვს მერია მესამე კატეგორიას, ამაზე ვერაფერს ვიტყვი.

როგორც ხედავთ, მიწისძვრიდან თვე-ნახევრის გასვლის შემდეგ შესაბამისი სტრუქტურები კატეგორიების მინიჭებაზეც ვერ შეთანხმებულან, სხვა ქმედით ღონისძიებებზე რომ არაფერი ვთქვათ.

როგორ იქცევა ნორმალური სახელმწიფო მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ

ჩვენი ხელისუფლების საყურადღებოდ: ევროპაში, რომ არაფერი ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებზე, არსებობს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტები, ზოგ ქვეყანაში კი სამინისტროც. მათ განკარგულებაშია შესანიშნავად აღჭურვილი სხვადასხვა ტექნიკური საშუალება. კარგად გაწვრთნილი მობილური რაზმები, რომლებიც მიწისძვრის ან სხვა სტიქიური უბედურების დროს, რამდენიმე წუთში იწყებენ უბედური შემთხვევების ლიკვიდაციას. იმავდროულად, წლების მანძილზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპეციალურად შექმნილ ფონდში ირიცხება სოლიდური თანხები და მათი დახარჯვა მხოლოდ საგანგებო სიტუაციების დროსაა გათვალისწინებული. ყურადსაღებია ისიც, რომ საგანგებო სამსახურებს აქვთ საკვები პროდუქტების, ტანსაცმლის, მედიკამენტების ხელშეუხებელი მარაგიც. განვითარებულ სახელმწიფოებში სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სადაზღვევო კომპანიები. ევროპელთა უმეტესობას საკმაოდ სოლიდურ თანხად დაზღვეული აქვთ არა მარტო თავისი სიცოცხლე, არამედ უძრავ-მოძრავი ქონებაც.

პ.ს. ჩვენ კი უცხოეთიდან ჩამოსული შემწეობების იმედზეღა ვართ დარჩენილი. საკითხავი ის არის, მივა კი ის დაზარალებულებამდე, თუ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ და ისევ ზოგიერთი უკეთური ჩინოვნიკის ჯიბეში დაილექება?!

ავტორი: ზვიად ჩაკვეტაძე


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი