მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-24
ქართველ ხელისუფალთათვის სამშობლო იწყება ფულიდან, მათი თავი და საჯდომი არ განსხვავდება ერთმანეთისგან

"მოძულე ადამიანებზე ამბობენ, ისინი არასრულყოფილების კომპლექსით აღბეჭდილნი არიანო. უფრო იმას ვიტყოდი, რომ მათ სხვაგვარი კომპლექსი აქვთ. ისინი მიიჩნევენ, რომ მათ საბედისწეროდ არ აფასებენ სათანადოდ. არ არსებობს განსხვავება ინდივიდუალურ და ჯგუფურ სიძულვილს შორის. მას, ვისაც სძულს ცალკეული ადამიანი, ყოველთვის ძალუძს აჰყვეს ჯგუფურ სიძულვილს, ან გაავრცელოს ეს სიძულვილი. ჯგუფური სიძულვილი - რელიგიური, იდეოლოგიური, სოციალური, ეროვნული - არის თავისებური ძაბრი, რომელიც ითრევს ყველას, ვინც განწყობილია ინდივიდუალური სიძულვილისთვის"...

ვაცლავ ჰაველი

ძნელია თქმა, რომ დღევანდელი ქართველი წინასწარ არის განწყობილი სიძულვილისთვის, მაგრამ ის, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება ჩვენივე მონაწილეობით და რასაც ვხედავთ, გვიჩვენებს, რომ, საუბედუროდ, ჩვენი საზოგადოებისა და ისტებლიშმენტის უმრავლესობა სწორედაც რომ განწყობილია საამისოდ. ქართველთა შორის მძვინვარე ეს სიძულვილი კი, ჰაველისა არ იყოს, ერთი ძაბრიდან მიედინება უზარმაზარ კასრში, ივსება, იღვრება, ხანდახან სკდება კიდეც და წალეკვით ემუქრება ხალხსაც და ქვეყანასაც... ერთ დროს ურთიერთსიყვარულით გამსჭვალული და ძმობა-მეგობრობაზე გადაგებული ქართველობა დამოუკიდებელ სამშობლოში დაემსგავსა მშიერი მგლების ხროვას, რომელიც მზადაა დაგლიჯოს და გამოხრას კიდეც ჯერ კიდევ ცოცხალი თვისტომის ძვლებიც კი. ამ სიძულვილს დასასრული არ უჩანს და თუ ასე გაგრძელდა, დიდ საშიშროებას გვიქადის. ალბათ ესეცაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ სიტყვა "სამშობლო" გადაქცეულია რაღაც მეათეხარისხოვან ცნებად. შესაბამისად, ქართველმა კაცმა აღარ იცის, თუ რუს პოეტს ნათქვამს დავესესხები, "საიდან იწყება სამშობლო" და მხოლოდ ინსტინქტურადღა აღიქვამს იმ ტერიტორიას, რასაც რუკაზე საქართველო ჰქვია! ამ საკითხებზე მოსაზრებების გამოთქმა ვთხოვე ბატონ ვახუშტი კოტეტიშვილს:

- ჩემთვის სამშობლო სხვა ცნებაა, სახელმწიფო - სხვა. შეიძლება სახელმწიფო არ გქონდეს, მაგრამ სამშობლო მუდამ არსებობდეს. ასე ვიყავით რუსეთის იმპერიისა და კომუნისტების ეპოქაში, როცა სამშობლო გვქონდა, მაგრამ საქართველო სახელმწიფო არ იყო. იდეალური რეალობა მაშინ არის, როცა შენი სამშობლო იმავდროულად ნორმალური სახელმწიფოა. ჩვენ ვიმყოფებით სტადიაში, როცა სამშობლო გვაქვს და გვინდა, რომ იგი სახელმწიფოდ ვაქციოთ, მაგრამ ჯერჯერობით, ეს მიზანი შორეულ პერსპექტივად რჩება... დიახ, ყველაზე დაბალი ინტელექტის მქონე ხალხისთვის ალბათ გარკვეული ტერიტორიის არსებობით შემოიფარგლება სამშობლოს ცნება. მაგრამ თავისი ტერიტორიის ასეთი აღქმა და სიყვარული ცხოველსაც აქვს და სხვათა შორის, მგლები და ძაღლები უფრო კარგად იცავენ თავიანთ ტერიტორიას, ვიდრე ჩვენ ვიცავთ და ვუვლით საკუთარ სამშობლოს. სამშობლოს შეგნებული სიყვარული და შეგნებული პატრიოტიზმი კი აუცილებლად მომდინარეობს სულიერებიდან. ნუ ეწყინებათ მრეწველებს, რადგან მრეწველობა კი არ გადაარჩენს საქართველოს, რაც რა თქმა უნდა, სასურველია განვითარდეს და აყვავდეს, არამედ საქართველოს გადაარჩენს სულიერება. სულიერებაში არ ვგულისხმობ მხოლოდ რელიგიას და რელიგიურობას, მხედველობაში მაქვს ხელოვნება, კულტურა და ის სულიერი ფასეულობები, რაც შეუქმნიათ თავისი არსებობის მანძილზე ქართველებს და რაც თაობიდან თაობას გადაეცემა დაწერილი, თუ დაუწერებლი კანონებით. ამას უნდა მოფრთხილება. თუ ქართველმა საკუთარი მენტალიტეტი დაკარგა, ეს უკვე საქართველო აღარ იქნება!

კომუნისტების დროს მეც და სხვებიც აღშფოთებულნი ვიყავით იმით, რომ წარწერები იყო ქართულ და რუსულ ენებზე. დღეს უმრავლეს შემთხვევებში მხოლოდ ინგლისურენოვანი წარწერებია. რასაკვირველია, ეს სხვა ქაჯობა და გოიმობაა. არც უცხოური მუსიკის წინააღმდეგი არ ვარ, ახალგაზრდობაში ჯაზით ვიყავით გატაცებულნი და ლუი არმსტრონგი და ელა ფიტცჯერალდიც ძალიან გვიყვარდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ "წინწყარო", "მუმლი მუხასა" და "მრავალჟამიერი" დაგვევიწყებინა. დღეს კი იქმნება "ქართული სიმღერები" ქართული სულისთვის სრულიად უცხო რიტმებზე, რომელშიც ვერ თავსდება ქართული სიტყვები და აზრი ვერ გამომაქვს, რას და რაზე მღერიან. ბოლოს და ბოლოს, ისეთი რა გაგვიჭირდა მუსიკალურად უმდიდრეს ერს, რომ ამ უმსგავსობას ვამკვიდრებთ?! საუბედუროდ, ქართველობისთვის უცხო და სრულიად მიუღებელი სხვა ტენდენციებიც გამოიკვეთა. მახსოვს, ჩემს ბავშვობასა და ახალგაზრდობაში მთავარი იყო ბიჭობა. რა თქმა უნდა, იყვნენ ე.წ. დედიკოს ბიჭებიც, მაგრამ ისინიც კი ცდილობდნენ ვაჟკაცური იერი ჰქონოდათ ცხოვრებაშიც და საქმიანობაშიც. დღეს კი, უკნიდან რომ შეხედავ, ვერ გაიგებ, ბიჭი მიდის თუ გოგო. ე.ი. მოძრაობა, მანერები, ვარცხნილობა თითქმის ერთნაირი აქვთ. იმავე ქართულ ესტრადაზე დგანან ბეხლეწი ბიჭები და ქალურად წრიპინებენ და კატებივით კნავიან! ეს უკვე საშიში ტენდენციებია, ვინაიდან სულიერი გადაგვარების დასაწყისს ვხედავ უკვე!

- დავუმატოთ ამას ელემენტარული ყოფითი კულტურის უმდაბლესი დონე ყველგან, დედის გინება გამარჯობა-გაგიმარჯოსავით... შუა ქუჩაში მანქანების გაჩერება და მოძრაობის შეფერხება და დავსვათ კითხვა - საიდან იწყება დღევანდელი ქართველისთვის სამშობლო?!

- სამშობლო სადარბაზოდან და ქუჩიდან არ იწყება, იწყება შენგან, შენი შინაგანი არსებიდან, რომელშიც ჩადებულია წინა თაობების კოდი და მენტალიტეტი. კულტურული მემკვიდრეობა არ უნდა გაძლევდეს უფლებას, რომ იქცე პირუტყვად. ქართველი ვარ - ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ქართულ ენაზე ვმეტყველებ, არც იმას, რომ ამ გეოგრაფიულ გარემოში დავიბადე და აქაური მთა-ბარი მომწონს. ქართველობა არის შინაგანი ერთობლიობა იმ სულიერებისა და მსოფლმხედველობისა, რისი მატარებელიც ვარ. შუა ქუჩაში რომ ორი მანქანა გაჩერდება და მათი პატრონები ერთმანეთს ელაზღანდარებიან, მოძრაობა კი ჩერდება, რა არის ეს?! უკულტურობა, პირუტყვობა, მაპატიეთ და, სხვათა ადამიანური ღირსების ფეხებზე დაკიდება. არადა ქართველისთვის არ იყო მსგავსი რამ დამახასიათებელი. როდესაც ადამიანი სულიერებას კარგავს, ნელ-ნელა ცხოველური ინსტინქტები იღვიძებს მასში და მტაცებლური მენტალიტეტიც უყალიბდება. დოსტოევსკის შეგონება - თუ ერთი ბავშვის თვალზეც კი ცრემლია, როგორ შეიძლება ბედნიერი ვიყო - რა თქმა უნდა, მათი გონებისთვის მიუწვდომელია. დოსტოევსკიზე გამახსენდა. ამას წინათ ერთი ცნობილი პიროვნების ნათქვამი "ჩვენ ყველანი დოსტოევსკის "დეგენერატიდან" მოვდივართო". დოსტოევსკის "დეგენერატიდან" კი არ მოდიან, უბრალოდ, დეგენერატები არიან!

სალვადორ დალის ეკუთვნის ფრაზა: "ყველაფერი, რასაც ტრადიცია არ უდევს საფუძვლად, პლაგიატიაო". ჩვენ კი არ ვუფრთხილდებით უმდიდრეს ტრადიციებს და უბადრუკ პლაგიატორებად მოვჩანვართ.

- ხელისუფლების ქმედებას და პასუხისმგებლობასაც შევეხოთ, ბოლოს და ბოლოს, ისინიც ქართველები არიან, ჩვენი საზოგადოებიდან გამოსულნი, რომელთა უმრავლესობისათვის, როგორც დრომ გვიჩვენა, როგორც ჩანს, "სამშობლო" იწყება ფულიდან და მთავრდება კვლავ ფულით, თანაც ბინძური ფულით...

- მე და თქვენ მაღაზიიდან რომ პური მოგვეპარა, ციხეში ჩაგვსვამდნენ. როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში ცოტას ქურდობისთვის ისჯები, მაგრამ თუ ძალიან ბევრი მოიპარე - ხელშეუხებელი ხარ! ასეთი საზოგადოება შექმნა ჩვენმა ხელისუფლებამ. ამიტომ, ყველა დამნაშავეა, ვისაც კი რაიმე მოეკითხებოდა და დღესაც მოეკითხება ამ ქვეყანაში. არა ვარ ის კაცი, რომ ამ ჩინოვნიკ-ქურდების დასჯით გავიხარო, მაგრამ მათ უნდა ჩამოერთვას ნაქურდალი ფული და დაუბრუნდეს ხალხს! ქართველ ხელისუფალთათვის სამშობლო იწყება ფულიდან, სკამიდან და მაპატიეთ, საკუთარი საჯდომიდან. მეტიც, მათი თავი და საჯდომი არ განსხვავდება ერთმანეთისგან.

70-იან წლებში ინტელიგენციის წარმომადგენლები დაგვიბარეს ცეკაში და გვკითხეს - რა ვქნათ, რით ვუშველოთ ჯავახეთსო?! მე ვუთხარი და სხვებიც ამყვნენ: კარგი იქნება, თუ ახალქალაქში რომელიმე დიდ საწარმოს გადაიტანთ, რომელსაც გაჰყვებიან ოსტატები, ინჟინრები, მუშახელი ადგილობრივი იქნება და დასაქმდება-მეთქი. მაგრამ ყველაზე კარგი იქნება, თუ ვთქვათ, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს გადავიტანთ ახალქალაქში, შევქმნით იქ საუნივერსიტეტო ქალაქს. წავა იქ პროფესურა, ახალგაზრდობა, მათი ნაწილი დასახლდება და ქართული გარემო შეიქმნება-მეთქი, მაგრამ, არა. მაშინაც ფეხებზე ეკიდათ სამშობლო. არადა კომუნისტებს გაუჭირდებოდათ ამის გაკეთება? როცა ფერეიდნელები ჩამოასახლეს და გაფანტეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ვითომ უკეთესად მოხდებოდა მათი ადაპტაცია, დიდი შეცდომა გახლდათ. ჯერ იყო და ფერეიდნელებს ალაგ-ალაგ თათრებსაც ეძახდნენ დაბალი ინტელექტუალური დონის ქართველები, რითაც ძალიან ატკინეს მათ გული. სიმწრით ამბობდნენ: "რა თათარი, რის თათარი კაცო, სამი-ოთხი საუკუნე გამიძლია სპარსეთში, ქართული ენა შემინარჩუნებია, პურს რომ ვაცხობ, ჯვარს ვასვამ და ამის ღირსნი ვართ?!" ჩემი ფერეიდნელი სტუდენტი ცხონებული რეზო მიქელაძე მეუბნებოდა თავის დროზე: ჩვენ უნდა დავესახლებინეთ ჯავახეთში, რადგან ეს რეგიონი კლიმატური და ბუნებრივი პირობებით ძალიან ჰგავს ფერეიდანს. კახეთიდან კი გადაგვასახლეს, მაგრამ ფერეიდანში ვაზი არ ხარობს და დაგვავიწყდა მევენახეობა. გავხდით მესაქონლეები და ჯავახეთში რომ კომპაქტურად ჩაგვასახლონ, ჯერ ერთი, საიმედო ზღუდე ვიქნებით საქართველოს სამხრეთი საზღვრისა და მეორეც, მთელ საქართველოს ხორცითა და რძის პროდუქტებით უზრუნველყოფთო! კაციშვილმა არ მიუგდო ყური ამ ჭკვიან კაცს! შეცდომას შეცდომაზე უშვებდა ხელისუფლება და ასეა დღესაც!

- და მაინც, რატომ სძულთ ქართველებს ერთმანეთი? ესეც "გენეტკიურ კოდში" გვაქვს ჩადებული?

- დღეს ბოროტების და სიძულვილის ზეობის ხანაა. შინაგანად ჩვენ ამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირსნი არ აღმოვჩნდით, არ დაგვიმსახურებია ეს. საქართველო პოლიტიკურად დაემსგავსა უმწყემსოდ და უძაღლოდ დარჩენილ და ნაპირებშემოძენძილ ცხვრის ფარას. ასე შემოგვეძენძა აფხაზეთი, სამაჩაბლო. დიახ, ინდივიდუალისტები ვართ, მაგრამ იმავდროულად თანადგომის კოდი დევს ჩვენში. ჩვენ რომ მეგობრობა და ურთიერთგატანა ვიცით, ესეც იშვიათია. არ არის დამახასიათებელი ქართველი კაცისთვის გულღრძოობა და ბოროტება. უბრალოდ, ეს მოიტანა უმძიმესმა სოციალურ-ეკონომიკურმა პირობებმა. თუ ადამიანს გამოაცალე ყველაფერი, რაც ადამიანურობასთან არის დაკავშირებული და მათხოვრისა და პირუტყვის მდგომარეობაში ჩააყენე, ის ცხოველად გადაიქცევა და მისგან დანდობას ნურავინ ელის. მოვა არჩევნები და იქნებ მაშინ მაინც გავიხსენოთ ყველამ, რომ ვართ მოქალაქეები და არა გაურკვეველი დანიშნულების მქონე ცოცხალი არსებები. ავირჩიოთ ნორმალური ადამიანები და ნორმალური ხელისუფლება.

- გადარჩენამდე მისვლას "ლოკომოტივი" სჭირდება. თუ ადრე ერის წინამძღოლის ფუნქციას მწერლობა, ინტელიგენცია ასრულებდა, დღეს ეს ფენაც გახლეჩილია უამრავ დაჯგუფებად და მათ შორისაც წრეგადასული სიძულვილი მძვინვარებს...

- მამაჩემი და კონსტანტინე გამსახურდია ძმადნაფიცი "შავჩოხოსნები" გახლდნენ და მაშინდელ გაზეთში "ქართული სიტყვა" ისეთი უმძაფრესი პოლემიკა იყო გაჩაღებული აღმოსავლური და დასავლური კულტურების შესახებ, ვახტანგ კოტეტიშვილსა და კონსტანტინე გამსახურდიას შორის, დღეს რომ რაიმე თემაზე მსგავსი კამათი გაიმართოს, მოსისხლე მტრები გახდებიან. მაშინ კი ნამდვილ მეგობრებად რჩებოდნენ. მაგალითად, მამაჩემი პრესაში მიხეილ ზანდუკელს ეკამათებოდა ალექსანდრე ყაზბეგის ავტორობის თაობაზე. თურმე, მთელი ღამე გაგრძელდა დასკვნითი პოლემიკა რუსთაველის თეატრში და გათენებისას დაიშალა ხალხი. დავა იყო იმაზე, დიმიტრი ყაზბეგს ეკუთვნოდა ეს ნაწარმოებები თუ ალექსანდრე ყაზბეგს (დიმიტრი ალექსანდრეს ბიძაშვილი გახლდათ). მამაჩემმა დაამტკიცა, რომ ალექსანდრე იყო ავტორი. არადა მამაჩემს რომ არ დაესაბუთებინა ეს, დღეს "ელგუჯასა" და სხვა ნაწარმოებთა ავტორად დიმიტრი ყაზბეგი გვეყოლებოდა! ამას იმიტომ ვამბობ, რომ კორექტულობის ზღვარს არ გასცდენია პოლემიკა. დღეს კი რა ხდება? საშინელებაა, როცა მწერალთა კავშირის ზოგიერთი ბობოლას ნაწერებს კითხულობ. ეს არის უკულტურობა და უმდაბლესი დონე. როგორც ჩანს, ხელისუფლებას სჭირდება ასეთი მყეფარნი, რათა მიუსიოს სხვებს. ჩვენს ხელისუფლებას ამით უდგას სული, ამით არის დაკავებული და ხალხი ფეხებზე ჰკიდია. ეს ალიაქოთი კი იმართება სახელმწიფოს უმაღლესი ეშელონებიდან და არც იმის თქმას მოვერიდები, რომ ამას მართავს პრეზიდენტი. მაგალითად, ვინ არის ლევან მამალაძე? არარაობაა, მაგრამ მამალაძის მსგავსი ხალხი სჭირდებათ. თუ მამალაძე ზომაზე მეტად წამოყელყელავდა თავში ჩაარტყამენ, ჩააჩუმებენ და ახალ მამალაძეს გამოუშვებენ ასპარეზზე და გრძელდება ასე! ამ დროს კი ქართველ ხალხს სული ხდება, ქართული კულტურა თითქმის მოკვდა და უნდა გაგვიკვირდეს, როცა ვიღაც ნიჭიერი გამოჩნდება ხოლმე... მწერალთა კავშირი ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დავტოვე, როცა მუხრან მაჭავარიანი იყო თავმჯდომარე. ჩემი პროტესტი განპირობებული იყო იმით, რომ მთარგმნელობითი კოლეგიის თავმჯდომარეს ოთარ ნოდიას საზიზღრად ექცეოდა მწერალთა კავშირი, რომელიც ამ ამბებს გადაჰყვა და გარდაიცვალა. ოთარ ნოდიას ხსნიდნენ თავის მიერვე დაარსებული მთარგმნელობითი კოლეგიის თავმჯდომარის პოსტიდან. ჩემთან ერთად მწერალთა კავშირი დატოვეს მიშა ქვლივიძემ, ნაირა გელაშვილმა, ზურაბ კიკნაძემ და ცხონებულმა იურა ბაქანიძემ. უკვე დაწყებული იყო საბჭოთა კავშირის რღვევა და უნდოდათ, თავისი კაცი დაენიშნათ კოლეგიის თავმჯდომარედ, რომელთანაც ადვილად მოაგვარებდნენ საქმეს და თბილისის მერიის გვერდით მდებარე კოლეგიის შენობას მიჰყიდდნენ კერძო ბანკს... მოგვიანებით მიჰყიდეს კიდეც. გარდა ამისა, სურდათ სმირნოვის მიერ კოლეგიისთვის დატოვებული ბინის და უნიკალური სამუზეუმო ნივთების ხელში ჩაგდება, რათა გაეყიდათ ისევე, როგორც გაიყიდა მწერალთა კავშირის სარაჯიშვილისეული ავეჯი, ლარნაკები, ნივთები და მხოლოდ ლომისა და ვეფხვის ორი გაქუცული ფიტულიღა დარჩა.

კაცი რომ დაგიწერს: "ვახუშტი კოტეტიშვილი კრუხივით ზის ტელეეკრანზე და ვერ გაიგებ, ხმა საიდან ამოსდისო", ანუ კაცი რომ დაგცინებს - ნაოპერაციები ხარ, მილი გაქვს ყელში ჩადგმული და ძლივს ლაპარაკობო - რაღაზე უნდა ველაპარაკო. არც მიკადრია წივწივაძისთვის პასუხის გაცემა, ოღონდ შევუთვალე - მოდი, ყური მომადე და გაიგებ, საიდან რა ხმა ამომდის-მეთქი. ამ კაცმა იმდენ ხალხს მიაყენა შეურაცხყოფა, ლამის მთელი ქვეყანა ჰყავს გალანძღული. ზურაბ კიკნაძეს "დასცინის", როგორც მკვდარი ენების სპეციალისტს (!). ე.ი. შუმერული, აქადური, ძველებრაული და ძველბერძნული ენები რომ იცის ზურაბ კიკნაძემ, "ოდისეა" რომ თარგმნა ორიგინალიდან, თურმე ეს ყოფილა დასაცინი. ხოლო, როცა არც ერთი უცხო ენა არ იცის, მეტიც, ქართულიც არ იცის ხეირიანად და კვახჭირულ (სოფელი კვახჭირი) დიალექტზე მეტყველებს, ეს ყოფილა ქართული და საქმე!

ავტორი: ზურაბ მჭედლიშვილი


კალენდარი
აგვისტო  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი