მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-24
სისხლიანი აჯანყება სოხუმის ციხეში... შტურმი 45 წამს გაგრძელდა

რუსული საინფორმაციო საშუალებების მიხედვით ზ. გამრეკელი

ახლახან, ტელეკომპანია HTB-მ ვრცელი გადაცემა მიუძღვნა 12 წლის წინ სოხუმის ციხეში მომხდარ პატიმართა ამბოხებას და მის ჩახშობაში რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმების მონაწილეობასა და როლს. თავის დროზე გახმაურებული ეს ამბოხი იმ წლებში მომხდარ ჩვენთვის მტკივნეულ ბევრ მოვლენასაც გვაგონებს...

ეს ამბავი 1990 წლის აგვისტოში მოხდა სოხუმში. ეროვნული მოძრაობის არნახული აღმავლობის ქვეშ მყოფ ქართულ საზოგადოებას და ურთიერთდაპირისპირებებით გართულ ეროვნულ პოლიტიკურ ძალებს, რომელთა ერთი ნაწილი ე.წ. კონგრესის არჩევნებისთვის ემზადებოდა, მეორე ("მრგვალი მაგიდის" სახით) კი საპარლამენტო არჩევნებისთვის, დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ სოხუმის ციხეში გათამაშებული დრამისთვის, რაც პატიმართა ამბოხებას მოჰყვა. არც მოსალოდნელი პოლიტიკური ფიასკოთი შეფიქრიანებულ გუმბარიძის ხელისუფლებას შეუწუხებია თავი სოხუმში მილიციის დამატებითი ძალების გაგზავნაზე. მით უმეტეს, რომ სოხუმიდან არც არავის უთხოვია მსგავსი დახმარება. ამბოხების ჩახშობა მთლიანად საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ კრუჩკოვმა და მისი ბრძანებით მოქმედმა ანტიტერორისტულმა ჯგუფმა "ალფამ" ითავა, რომელსაც უშუალოდ სოხუმში გამგზავრებამდე შეუერთდა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი "ვიტიაზი"... აღნიშნულ ინციდენტამდე ერთი წლით ადრე, 1989 წლის ივლისში აფხაზეთში პირველად დაიღვარა სისხლი ქართველებსა და აფხაზებს შორის, რის გამოც ფეხზე დადგა აფხაზეთის ქართული და მთელი სამეგრელოს მოსახლეობა. მაშინ მოხერხდა დიდი ომის თავიდან აცილება. ხოლო როდესაც ვითარება შედარებით დამშვიდდა, მოსკოვის ბრძანებით მთლიანად განაიარაღეს აფხაზეთის ქართული მოსახლეობა, ამოიღეს სამი ათასამდე სანადირო თოფი, შაშხანა, კარაბინი, პისტოლეტი და რევოლვერი, პლუს დიდძალი ტყვია-წამალი (მარტო ვაზნების რაოდენობა 20 ათას ერთეულზე მეტი იყო). აი, ამ უზარმაზარ არსენალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ ბინა სწორედ სოხუმის დროებითი დაკავების იზოლატორის ერთ-ერთ სათავსში მიუჩინა, რაც, რა თქმა უნდა, უცნობი არ დარჩებოდა ციხის ბინადარი "ავტორიტეტებისათვის", განსაკუთრებით სიკვდილმისჯილებისთვის, რომლებსაც თავის გადასარჩენად გაქცევის გარდა სხვა გზა არ ჰქონდათ! უშუალოდ 1990 წლის აგვისტოში სოხუმის ციხეში იჯდა სიკვდილმისჯილი შვიდი პატიმარი, მკვლელობისთვის დაპატიმრებული რვა ეჭვმიტანილი, ერთი თვითმფრინავის გამტაცებელი, ოცამდე ყაჩაღი და ბანდიტი, აგრეთვე წვრილმანი ქურდობისა და ხულიგნობისთვის დაკავებული რამდენიმე ათეული დამნაშავე, სულ 75 პატიმარი. ამბოხების ორგანიზატორი გახლდათ ადრე სამჯერ ნასამართლევი და იმჟამად სამი ადამიანის (მათ შორის ორი მილიციელის) მკვლელობისთვის სიკვდილმისჯილი, გვარად პრუნჩაკი და მისი თანამოაზრე რეციდივისტი ძიძარია. სწორედ მათ შეიმუშავეს ამბოხების მოწყობისა და ციხიდან გაქცევის მართლაცდა თავზეხელაღებული გეგმა...

11 აგვისტოს ცხელ დღეს სოხუმის პლაჟზე მონებივრე ათასობით დამსვენებელს ელექტროშოკივით დაუარა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ქალაქის ცენტრში ანუ პლაჟიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით მდებარე ციხეში დაიწყო შეიარაღებული ამბოხი და რომ მოსალოდნელი იყო კბილებამდე შეიარაღებულ რეციდივისტთა ქალაქში გამოჭრა, მძევლების აყვანა, სროლა და უბედურება! ამ ინფორმაციით თავზარდაცემული დამსვენებლები პანიკამ მოიცვა. არც მოსახლეობა დარჩენილა დალხენილი, რომელიც ისედაც უკვე გრძნობდა მოახლოებული ომის სუნს. ქალაქი გაინაბა, მთელი სოხუმი ლამის პოტენციური მძევლის როლში აღმოჩნდა...

ციხეში კი მოხდა შემდეგი: დილის 8 საათზე, როცა სიკვდილმისჯილთა საკანი გააღეს ნაგვისა და ე.წ. პარაშის გასატანად, ზედამხედველ მილიციელს თავს დაესხა შვიდი ე.წ. "სმერტნიკი", გაკოჭეს და იარაღი წაართვეს. ამ ფაქტს შეესწრო ციხის ზედამხედველთა უფროსი თემურ შიკირბა, რომელიც დღესაც ირწმუნება, რომ იგი მივარდა ძირს დაცემულ მილიციელს, გამოგლიჯა გასაღებთა აცმა და კორიდორში გასასვლელი გისოსებიანი კარისკენ ისროლა იმ იმედით, რომ გასაღებები გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა. მაგრამ გასაღებების მსხვილი აცმა გისოსებში ვერ გაეტია და იქვე დავარდა... ამბოხებულმა პატიმრებმა შიკირბაც გაკოჭეს, ერთი-ორი წიხლიც ჩააზილეს და საკნების კარები გააღეს! პატიმრებმა მძევლად აიყვანეს კიდევ სამი ზედამხედველი, მაგრამ პრუნჩაკს და ძიძარიას უფრო სხვა რამ აინტერესებდათ. მათი ბრძანებით, პატიმრებმა მთელი იზოლატორი გაჩხრიკეს და ე.წ. სასეირნო კორიდორთან მდებარე სათავსში მიაგნეს ზემოაღნიშნულ არსენალს - სათავსი გაჭედილი იყო თოფებითა და პისტოლეტებით, ტყვია-წამლით! აღტკინებულმა ამბოხებულებმა უმალ დაინაწილეს იარაღი და ამ პროცესში ყურადღებაც მოადუნეს, რითაც ისარგებლა მძევლად აყვანილმა ერთ-ერთმა მილიციელმა, რომელმაც შეძლო გაქცევა და იზოლატორში შესასვლელი რკინის კარის გარედან ჩარაზვა. სწორედ ამ მილიციელის წყალობით გახდა ცნობილი ინფორმაცია ამბოხების დაწყების შესახებ. მაგრამ არც პრუნჩაკს დაუკარგავს დრო უქმად. მისი უშუალო მითითებით ამბოხებულებმა ყველა კორიდორში ბარიკადები აღმართეს, ყველა ფანჯარაში კი "პატიმარი-სნაიპერი" ჩასაფრდა. შედეგად ამბოხებულები მთლიანად აკონტროლებდნენ ციხის ეზოს და ყველა შესასვლელ-გასასვლელს. მოლაპარაკებაზე მისულ სამართალდამცავებს კი თავზე გადმოაყარეს ვაზნები, რითაც დაუდასტურეს, რომ არსენალი მათ ხელში იყო და არც დანებებას აპირებდნენ! პრუნჩაკმა და ძიძარიამ ულტიმატუმი წაუყენეს მთავრობას და ვერტმფრენი და ხელშეუხებლობის გარანტიები მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით, იზოლატორის გადაწვით და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლით იმუქრებოდნენ. ციხის შტურმს აფხაზეთის მილიციის ძალებით აზრი არ ჰქონდა, რადგან პრუნჩაკის მიერ პრაქტიკულად ციხესიმაგრედ გადაქცეული იზოლატორი მოიერიშე მილიციელებს სრულ განადგურებას უქადდა...

ამასობაში, მოსკოვში "კგბ"-ის მაღალჩინოსნების საგანგებო თათბირზე გადაწყდა სოხუმში მიევლინათ ცნობილი ანტიტერორისტული ქვედანაყოფი "ალფა", რომელსაც ოპერაციისას დაეხმარებოდა შინაგანი ჯარის სპეცრაზმი "ვიტიაზი". ამ ჯგუფების აფხაზეთში გაგზავნა იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ "ალფა" და "ვიტიაზი" სოხუმის აეროპორტში... პრეზიდენტ გორბაჩოვის თვითმფრინავით ჩაიყვანეს(!). ეს მოხდა 14 აგვისტოს ანუ ამბოხების დაწყებიდან მესამე დღეს და სწორედ 14 აგვისტოს მიაღწია კულმინაციას იზოლატორში და მის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა. მოხდა ის, რომ ამბოხებულებმა შეძლეს ციხის ადმინისტრაციის სეიფის გახსნა და დოკუმენტაციის ამოღება, საიდანაც პრუნჩაკმა შეიტყო იზოლატორში ჩასმული მილიციის საიდუმლო ინფორმატორების, ე.წ. "ნასედკების" ვინაობა. "ნასედკები" სასტიკად აწამეს და ისინიც მძევლებად გამოაცხადეს. ვითარება დაიძაბა იზოლატორის მიმდებარე ტერიტორიაზეც და ქალაქშიც. ციხესთან მიიჭრნენ მძევლების, პატიმრების და "ნასედკების" ახლობელ-ნათესავები, რომლებიც მოითხოვდნენ მძევალთა უპირობო გათავისუფლებას. იმავდროულად იქვე, ლენინის მოედანზე, მოსახლეობის სხვა ჯგუფმა სტიქიური მიტინგიც წამოიწყო, სადაც გაისმოდა მოწოდებები ციხის შტურმით აღების შესახებ. მათ მოწოდებებს ეწინააღმდეგებოდნენ პატიმართა ახლობლები და საქმე კინაღამ ხელჩართულ ბრძოლამდეც მივიდა. შეიქმნა რეალური საშიშროებაც, რომ ამბოხებული პატიმრები გამოიჭრებოდნენ გარეთ, შეერეოდნენ თავშეყრილ ბრბოს და ასე მოახერხებდნენ მიმალვას... აი, ამ ვითარებაში, "ალფა" და "ვიტიაზი" ჩაერთვნენ საქმეში. თავდაპირველად, საჭირო გახდა მათი როგორმე საიდუმლოდ შეყვანა და ჩასაფრება ციხეს მიშენებულ სხვა დანიშნულების შენობაში, რომელსაც მხოლოდ ერთადერთი შესასვლელი ჰქონდა და რომელიც ამბოხებულ პატიმართა თვალთახედვის არეში იყო მოქცეული. ამიტომ, შესასვლელის გასწვრივ დააყენეს ტანმაღალ მილიციელთა მჭიდრო მწკრივი და სცენარის თანახმად ამ მილიციელებმა გააგრძელეს "მოლაპარაკება" გისოსებიან ფანჯრებთან მოკალათებულ პატიმრებთან. ამასობაში კი მილიციის მწკრივის უკან ცოცვით შედიოდნენ აღნიშნულ შენობაში "ალფას" და "ვიტიაზის" მებრძოლები. პრუნჩაკი და ძიძარია უკვე კატეგორიულად მოითხოვდნენ ვერტმფრენს, რომელიც ციხის სახურავზე უნდა დამჯდარიყო.

დიდი ხნის მოლაპარაკების შედეგად პატიმრები დაარწმუნეს, რომ ვერტმფრენის სიმძიმეს შენობის სახურავი ვერ გაუძლებდა და შეჰპირდნენ, რომ ვერტმფრენი იქვე ლენინის მოედანზე დაჯდებოდა. პრუნჩაკი დათანხმდა, ოღონდ ვერტმფრენამდე მისასვლელად ჯავშანტრანსპორტიორი მოითხოვა... საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ციხის ეზოში დატოვებდნენ გამზადებულ მიკროავტობუს "რაფს", რომელიც მიიყვანდა კიდეც ამბოხებულებს და მათ მძევლებს ვერტმფრენამდე... "ალფას" კი მოქმედების რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა შემუშავებული. ციხეს მიშენებული შენობის ფანჯრებიდან "ალფა" შესანიშნავად აკონტროლებდა იზოლატორის ფანჯრებს და ყველაზე მარტივი ვარიანტი იყო სნაიპერების ცეცხლით დაეხოცათ პრუნჩაკი, ძიძარია და კიდევ რამდენიმე თავზეხელაღებული ბანდიტი, სხვები კი აეძულებინათ რომ დანებებულიყვნენ. ეს ლოგიკურიც იყო, რადგან მეამბოხეთა შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებიც წვრილმანი ხულიგნობისთვის 15-15 დღიან სასჯელს იხდიდნენ. შეუდგნენ კიდეც ამ ვარიანტის განხორციელებას, მაგრამ პარლამენტიორმა მილიციელებმა პრუნჩაკი და ძიძარია ვერაფრით მიიტყუეს ფანჯარასთან. ისინი ოთახის სიღრმეში ისხდნენ მძევლებთან და იქიდან აძლევდნენ მითითებებს ფანჯარაში გადმოყუდებულ სხვა მეამბოხეებს, ამიტომ საბოლოოდ გადაწყდა შტურმის განხორციელება სამი მხრიდან: სპეცრაზმების პირველ ჯგუფს იერიში უნდა მიეტანა "რაფზე" მას შემდეგ, როგორც კი ამბოხებულები ჩასხდებოდნენ შიგ. "რაფში" მცირე სიმძლავრის ბომბიც დაამონტაჟეს, რომლის აფეთქებასაც უნდა დაებნია ამბოხებულები და იმავდროულად ეს იქნებოდა ნიშანი შტურმის დაწყებისა. "ალფას" და "ვიტიაზის" დანარჩენ ჯგუფებს კი იერიში უნდა მიეტანათ ორი მიმართულებიდან - პირველი სართულიდან, რომლის შესასვლელი რკინის კარი ღამით დანაღმეს და სახურავიდან, რის შედეგადაც ალყაში უნდა მოექციათ შენობაში დარჩენილი ამბოხებულები.

გათენდა 15 აგვისტო და დადგა ოპერაციის დაწყების დროც. ციხის ეზოში შეიყვანეს "რაფი" და დატოვეს. ჰაერში კი ვერტმფრენმა რამდენჯერმე შემოუფრინა შენობას და ლენინის მოედანზე დაჯდა. ეზოში პირველი გამოვიდა ძიძარია, რომელმაც საფუძვლიანად დაზვერა იქაურობა, მივიდა მიკროავტობუსთან, შეამოწმა, დაქოქა და დარწმუნდა რა, რომ ბენზინის მარაგი საკმარისი ჰქონდა და არც რაიმე საეჭვო იყო ირგვლივ, ნიშანი მისცა დანარჩენ ამბოხებულებს, გამოსულიყვნენ ეზოში და ჩამსხდარიყვნენ "რაფში". თავდაპირველად 12 ნიღბიანი და კბილებამდე შეიარაღებული ბანდიტი გამოვიდა (ნიღბები წინდებისგან ჰქონდათ გამოჭრილი). მათთან ერთად იყო ორი მძევალიც (დანარჩენი მძევლები შენობაში დატოვეს ამბოხებულებთან, დაზღვევის მიზნით), რომლებსაც ასევე ნიღბები ჰქონდათ ჩამოცმული. სპეცრაზმელები მათივე მტკიცებით, საგონებელში ჩავარდნენ, რადგან შეუძლებელი იყო გარჩევა, ვინ იყო ამ ნიღბიან ხალხში მკვლელი და ვინ მძევალი, თუმცა ცნობილია, რომ მსგავს შემთხვევებში "ალფა" მძევლების ბედზე ნაკლებად ფიქრობდა... (აქ ძალაუნებურად გვახსენდება "თვითმფრინავის ბიჭების" სახელით შემორჩენილი თბილისური ტრაგედია, როცა "თავზეხელაღებულთა" დასასჯელად სწორედ ამ სპეცრაზმელთა გაუგონარმა სისასტიკემ, მაშინდელი რუტინამოდებული, მორჩილი საზოგადოებაც კი გააოგნა და სულში პროტესტი ჩაუსახლა - ზ.გ.)

მეამბოხეები ჩალაგდნენ "რაფში", რომელმაც რამდენიმე მეტრის გავლაღა მოასწრო და გაისმა აფეთქების ხმაც: დაიწყო შტურმი, მაგრამ საფრიდან გამოცვენილ სპეცრაზმელებს "რაფიდან" ცეცხლი შეაგებეს (მოგვიანებით ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბანდიტებმა 25-მდე გასროლა მოასწრეს). პრუნჩაკმა, რომელიც "მძღოლის", ძიძარიას გვერდით იჯდა, მიბრჯნით დაახალა კისერში "ალფას" წევრს, რომელიც "რაფში" შეღწევას ლამობდა. სპეცრაზმელი მძიმედ დაიჭრა, თუმცა მაინც მოასწრო პრუნჩაკის დაცხრილვა. დანარჩენი სპეცრაზმელები ჯავშანჟილეტებმა იხსნა დაჭრა-დაზიანებისაგან... "რაფის" შტურმი 45 წამს გაგრძელდა და ბანდიტთა სრული უვნებელყოფით დასრულდა. საგულისხმოა, რომ ამ სისხლიან ზედახორაში მხოლოდ პრუნჩაკი დაიღუპა და რამდენიმე პატიმარი მსუბუქად დაიჭრა. იმავდროულად მიმდინარეობდა შტურმი საკუთრივ იზოლატორის შენობაში, რაც გაცილებით რთული საქმე გამოდგა. კორიდორებში აღმართული ბარიკადებიდან ამბოხებულები განუწყვეტლივ ისროდნენ. დაიჭრა რამდენიმე სპეცრაზმელი და აი, სწორედ მაშინ გამოიყენა "ალფამ" პირველად იმჟამად გასაიდუმლოებული იარაღი ე.წ. "შაითან-ტრუბა", ყუმბარმტყორცნი, რომელიც მეტალის ასობით ბურთულას ისვრის და უაღრესად ეფექტურია დახურულ შენობაში გამოსაყენებლად. გასროლილი ბურთულები საშინელი სისწრაფით რიკოშეტით სხლტება კედლიდან იატაკზე, იატაკიდან ჭერზე, ჭერიდან იატაკზე და ა.შ. და ცელავს (მაგრამ არ კლავს) ყველას და ყველაფერს, რასაც კი მოხვდება! აი, ეს "შაითან-ტრუბები" მიუშვეს კორიდორების ბარიკადებზე გამაგრებული მეამბოხეების წინააღმდეგ, ისინი კი საშინელი ღრიალით გაწვნენ იატაკზე და დანებდნენ. ბევრი ამბოხებული პატიმარი დაიჭრა და დასახიჩრდა, შენობაში შტურმი მხოლოდ სამ წუთს გაგრძელდა! საინტერესოა, რომ იზოლატორში გათამაშებულ ამ დრამას თვალყურს ადევნებდნენ იქვე მდგარი საცხოვრებელი კორპუსების აივნებსა და ფანჯრებში მოკალათებული სოხუმელები, რომლებმაც შტურმის დასრულებისთანავე... ტაშით დააჯილდოეს სპეცრაზმელები!

"ალფას" და "ვიტიაზს" მოსკოვში როგორც გმირებს ისე შეხვდნენ. ყველა სპეცრაზმელი ორდენებითა და მედლებით დააჯილდოეს, სოხუმის ცენტრში განხორციელებული ოპერაცია კი შესულია რუსეთისა და დასავლეთის სპეცსამსახურთათვის განკუთვნილ სპეციალურ სახელმძღვანელოებში! რაც შეეხება ამბოხებულ პატიმართა შემდგომ ბედს, აფხაზეთში მალე ისეთ პროცესებს მიეცა გასაქანი (რაც შემდეგ ომში გადაიზარდა), რომ მათი დიდი ნაწილის კვალი დაიკარგა. უშუალოდ ომისას კი პრესაში აქა-იქ გამოჩნდა ცნობა, რომ რამდენიმე ყოფილი მეამბოხე-პატიმარი ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა...



კალენდარი
ოქტომბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
15
16
17
18
19
20
22
23
24
25
26
27
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი