მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-24
ვინ არის რიჩარდ მაილსი... ამერიკის ელჩი "ექსტრემალურ ვითარებათა" ექსპერტი

"მე ვისურვებდი, რომ ჩემს სამშობლოს დაბრუნებოდეს ძველი ძლიერება; არ დასჭირვებოდეს უცხო ქვეყნების დახმარება და სავსებით დამოუკიდებელი იყოს მშვიდობისა თუ ომიანობის ჟამსაც..." უცნაურია, მაგრამ ეს სიტყვები კოლხ ორატორს, აიეტს ეკუთვნის და ქრისტეს აქეთ 554 წლით დათარიღებულ, ბიზანტიურ მატიანეშია შემონახული. დღესაც იგივე პრობლემებია - წარსულის ნოსტალგია, ისევ ქართველთაგან დამცრობილი საქართველო, შოუდ ქცეული პოლიტიკური გარჩევები და ისევ ძლიერი მფარველის იმედად ყოფნა... რას ვიზამთ, როგორც ჩანს, ასეთი ყოფილა პატარა ქვეყნის ხვედრი. მსოფლიოს ძლევამოსილი სახელმწიფოები მიდიან და მოდიან. ევროპა-აზიის გზასაყარზე შეკუნჭული პატარა საქართველო კი საუკუნეების მანძილზე ხან ბიზანტიას შეჰყურებს ხელებში, ხან ოსმალეთს თუ სპარსეთს, ხან რუსეთს და ხანაც ამერიკას. XXI საუკუნეში მისი დრო დადგა. ამერიკის შეერთებული შტატები წინამორბედი მსოფლიო ჰეგემონებისგან სტრატეგიით განსხვავდება. ის ცნობილია, როგორც "იმპერია მოწვევით", რომლის მთავარი ღირებულებები ადამიანის უფლებათა განუხრელი დაცვა, სამოქალაქო საზოგადოება და საშუალო ფენაზე დაფუძნებული საბაზრო ეკონომიკაა. მიუხედავად ასეთი კეთილმოსურნეობისა, ფუნდამენტური ისლამის ქვეყნები მასში მოსისხლე მტერს ხედავენ. ამერიკის წარმომადგენლობები როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში საგანგებოდ არის დაცული, რადგან "ტრადიციული" ერები "არატრადიციულ ერთან" ინტეგრაციას მტკივნეულად აღიქვამენ.

გასულ კვირაში შეერთებული შტატების ახალდანიშნულმა ელჩმა პრესის წარმომადგენლები აუდიენციაზე მიგვიწვია. დათქმულ დროს ამერიკის საელჩოში მივედი - უსაშველოდ წვიმდა. გამიკვირდა, რამდენიმე ჟურნალისტი გოგონა ქუჩაში რომ დამხვდა. მაგრამ "საკონტროლო გამშვებ პუნქტში" ამერიკელ მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით მეც გარეთ მოცდა მირჩიეს. ისღა დამრჩენოდა, გოგონებთან ერთად შხაპუნა წვიმაში საელჩოს წინ გამოკრული ბინ ლადენის ფოტოებით შემექცია თავი. ჯერ კიდევ საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაცვა რამდენიმე ეტაპად ნაწილდება: 50-100 მეტრში ქართულფორმიანი ქართველები დგანან, უფრო ახლოს, ამერიკულფორმიანი ქართველები, მთლად შიგნით კი უკვე აშშ-ის საზღვაო ქვეითი ჯარისკაცები ზრუნავენ დიპლომატების უსაფრთხოებაზე. როგორც იქნა, საელჩოს შენობიდან პრესცენტრის თანამშრომელი გამოვიდა და გამშვებ პუნქტში შემოწმებაზე მიგვიპატიჟა. გულდასმით გასინჯეს ჩანთები, ფოტოაპარატები და დიქტოფონები. ეს მხოლოდ პირველი დონე იყო. მეორე დონეზე, უკვე საელჩოს შენობაში ისევ შეგვაჩერეს. ტყვიაგაუმტარი მინის მიღმა, ათასნაირი აპარატურის ფონზე მდგომმა ამერიკელმა ჯარისკაცმა ისეთი სახით მოგვთხოვა ელექტროხელსაწყოების მიწოდება, რომ ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ პაწაწინა ღრიჭოში ვეებერთელა დიქტოფონი ჩააკვეხა და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა მის უკან ამოსაძრობად. უცნაურია, მაგრამ თავად შენობის შესასვლელი კარი ბევრად უფრო მსუბუქი და უბრალოა, ვიდრე შენობის შიგნით, დარბაზიდან დარბაზში გამავალი ათობით მასიური, დაჯავშნული კარი. წვალებით ვაღებდით და ისე მივიწევდით წინ ახალდანიშნულ ელჩთან შესახვედრად. სხვათა შორის, რიჩარდ მაილსს ფრიად საინტერესო ბიოგრაფია აქვს - საზღვაო ქვეითი ჯარი, შემდეგ ინდიანის უნივერსიტეტი და აშშ-ის რუსული ენის სამხედრო ინსტიტუტი გერმანიაში. მუშაობდა პოლიტიკური ლიდერების მომზადების საკითხებზე; საბჭოთა კავშირის, აღმოსავლეთ ევროპისა და იუგოსლავიის საკითხთა ბიუროში; სამხედრო პოლიტიკურ ბიუროში; იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის საერთაშორისო საკითხთა ცენტრის მკვლევარი. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბატონი მაილსი სახელმწიფო დეპარტამენტის საპატიო ჯილდოს ორგზის კავალერი და საპრეზიდენტო ჯილდოს მფლობელია, მისი ბიოგრაფია ალბათ ჯეიმს ბონდსაც შეშურდებოდა. ჩვენთვის ისიც საყურადღებო უნდა იყოს, რომ ბატონ მაილსს დიპლომატიური მოღვაწეობის 35-წლიანი გამოცდილება აქვს და შეიძლება შეერთებული შტატების ექსტრემალურ ვითარებათა ელჩად ჩაითვალოს - საბჭოთა კავშირის დაშლამდე მოსკოვის საელჩოში მუშაობდა, 1992-93 წლებში იყო აშშ-ის ელჩი აზერბაიჯანში - სწორედ იმ დროს, როდესაც რუსეთი ყველაფერს აკეთებდა სტრატეგიული ქვეყნის ხელში ჩასაგდებად და სომხეთთან პროვოცირებული ომის პარალელურად, ხშირი იყო სამხედრო გადატრიალების მცდელობებიც. იმდროინდელი

ამერიკული პრესის თანახმად, მაილსმა დიდი როლი ითამაშა აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოს დამკვიდრებასა და საგარეო ორიენტაციის განსაზღვრაში. 1996-1999 წლებში ხელმძღვანელობდა ბელგრადის მისიას. მისი მოღვაწეობა მილოშევიჩის რეჟიმის ზენიტისა და დამხობის პერიოდს ემთხვევა. წამყვანი ევროპული გაზეთების იმდროინდელი პუბლიკაციებით, იუგოსლავიაში მაილსს "დანის პირზე" უწევდა სიარული და დიპლომატიის უმაღლესი პილოტაჟი გამოავლინა. მისმა საევაკუაციო თვითმფრინავმა ზუსტად იმ წამებში დატოვა ბელგრადი, როდესაც ნატოს გაერთიანებულმა ესკადრილიამ მასირებული დაბომბვა დაიწყო. იუგოსლავიის ომის შემდეგ რუსეთ-ამერიკის ბრძოლა ბალკანეთზე გავლენისთვის გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ამ ბრძოლაში ბულგარეთს გადამწყვეტი ადგილი ჰქონდა და დიპლომატიურ ასპარეზზე კვლავ მაილსი გამოჩნდა. შედეგმა არ დააყოვნა - ბულგარეთმა ოფიციალურად დააფიქსირა ამერიკასთან მეგობრობის და ნატოში გაწევრების სურვილი. როგორც ჩანს, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გაკრულ მსოფლიო რუკაზე ამჯერად საქართველოს რიგი დადგა.

ყველაფერი ნიადაგის მომზადებით დაიწყო. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რემლერმა ერთ-ერთ ინტერვიუში საჭირო დროს, საჭირო "ბომბი" გახეთქა. მსოფლიოში მიმდინარე ანტიტერორისტული კამპანიის ფონზე პანკისის ხეობაში "ალ-ქაიდას" მებრძოლების გამოჩენამ ამერიკელებს საქართველოში სამხედრო ინსტრუქტორების გამოგზავნის საბაბი მისცა. აშშ-ის ადმინისტრაცია გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას სამიოდე თვე აჭიანურებდა და რუსეთის პოლიტიკური ნების მოთელვის შემდეგ თბილისის აეროპორტში ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი დაეშვა - საბრძოლო აღჭურვილობით და სპეცდანიშნულების ინსტრუქტორებით. მცირე ხანში კი მათ რუსეთ-ამერიკის "ექსტრემალურ ვითარებათა" ექსპერტი, რიჩარდ მაილსიც ჩამოჰყვა, როგორც აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში. მან ჩამოსვლისთანავე აქტიური მოქმედება დაიწყო.

ბატონი მაილსი ჟურნალისტების კითხვებს დიპლომატიური ტაქტითა და ღიმილით პასუხობდა.

- ყურადღებით ვადევნებ თვალყურს საქართველოში მიმდინარე არჩევნებს. მთავარია, რომ ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. რაც მეტი ხალხი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მით ნაკლები იქნება გაყალბების შანსი. ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით საარჩევნო კომისიას. თუმცა, ერთი რამ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ - საქართველომ პირველ რიგში თვითონ უნდა მიხედოს თავის თავს. ვერანაირი უცხო ქვეყნის რესურსები თავიდან ბოლომდე თქვენს გასაკეთებელს ვერ გააკეთებს.

- საქართველოში არსებულ ეთნოკონფლიქტურ კერებზე რას გვეტყვით?

- სერიოზული პრობლემაა. მე, როგორც შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ყველაფერს გავაკეთებ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისათვის. ამ მიზნით აფხაზეთში ჩასვლასაც არ გამოვრიცხავ.

ბატონმა ელჩმა აფხაზეთში მყოფ დსთ-ის სამშვიდობო ძალების შესახებაც ისაუბრა. ერთი შეხედვით, უცნაურად ჩანს, მაგრამ აშშ-ის ადმინისტრაციის აზრით, უმჯობესია, თუ მათი მანდატის ვადა 6 თვით გახანგრძლივდება. თუ დავუფიქრდებით, ეს ლოგიკურიც არის. ქართული ჯარის ნატოს სტანდარტებით წვრთნა ეს-ესაა დაიწყო და სანამ ამერიკის სამხედრო ძალები საქართველოში საფუძვლიანად მოიკიდებენ ფეხს, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გაღვივება რუსეთს უფრო ხელს აძლევს, ვიდრე ამერიკას. სანამ რუსის ჯარი აფხაზეთში დგას, კონფლიქტის მეტ-ნაკლებად დაკონსერვებაზეც პასუხისმგებელია.

მორიგი შეკითხვის შემდეგ ბატონმა მაილსმა საბჭოური წარმოების უშველებელი ჯიბის საათი "მოლნია" ამოიღო და მაგიდაზე დადო. ეს იმის ნიშანი იყო, რომ აუდიენცია დასასრულს უახლოვდებოდა.

ასეც მოხდა. "ყოველ საათში შეხვედრა მაქვს დანიშნული, სხვა დროს კიდევ შევხვდებით..." მოგვიბოდიშა "ექსტრემალურ ვითარებათა" ელჩმა.

როგორც ჩანს, საქართველოს ორიენტაციისთვის ბრძოლა მართლაც გადამწყვეტ ფაზაში შედის. მეორე საკითხია, მოახერხებს თუ არა პოსტსაბჭოთა სივრცის სპეციალისტი დიპლომატი ქართველ პოლიტიკოსთა "ჭკუაში ჩაგდებას", თუ, როგორც ხდება ხოლმე, პირიქით, მას "გადაიყვანენ ჭკუიდან".

ავტორი: დაჩი გრძელიშვილი


კალენდარი
აგვისტო  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი