მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-24
კაცი თუ ჯანმრთელი ხარ, რატომ არ უნდა დალიო ღვინო?

"დრომ კი გაირბინა ჩემს ცხოვრებაში და ათეული წლებიც უკან ჩამომატოვებინა, მაგრამ როგორიც ვიყავი წინათ, ახლაც ისეთი ვარ და გარეგნული იერის ცვლილების გარდა ასაკის მომატებით ჩემში არაფერი შეცვლილა" - ამაყად მითხრა მსახიობმა იმედო კახიანმა.

- დროს შერჩევა, მოფრთხილება უნდა?

- დაგეთანხმებით, მაგრამ 19 წლის კაცი ამაზე არ ვფიქრობდი და ალბათ ეს კანონზომიერიც იყო.

- როგორი იყავით 19 წლის, უფროსების რჩევებს იღებდით?

- რჩევებს მაშინაც და ახლაც სიამოვნებით ვისმენდი და ვისმენ. მიღებით კი იმას ვიღებ, რაც მისაღებია. 19 წლისა უკვე სტუდენტი ვიყავი. 20 წლისა კი "საბუდარელი ჭაბუკის" წყალობით პოპულარული კაცი გავხდი.

- ხშირად დანანებით ხომ არ იყურებით წარსულისკენ და წინ გახედვის, სიბერის ხომ არ გეშინიათ?

- არა, არა, რას ამბობთ. ღვთის წყალობით ბედნიერი ვარ იმით, რაც ღმერთმა მარგუნა და ყოველ დილით და საღამოს ვლოცულობ, თუ რა თქმა უნდა, საღამოს ნასვამი არა ვარ. ჩემი მეუღლე მეუბნებოდა ამას წინათ - არ გინდა ახლა 20 წლის რომ იყოო? მე ვუთხარი, დამანებე ახლა თავი, სულ არ მინდა ისევ განვლილის გავლა და არც სიბერის არ მეშინია-მეთქი. ეს ყველაფერი ღმერთმა დაგვიკანონა ასე და ცხოვრების ყველა ეტაპი ჩვეულებრივად უნდა გავიაროთ.

- დღევანდელი გადასახედიდან, როგორ ფიქრობთ, არსებობს ცხოვრების დაუპყრობელი მწვერვალები?

- ჩემს ცხოვრებაში ასეთი მწვერვალი არ ყოფილა. დიდ მიზნებს კი არ ვისახავდი, მაგრამ რაც მომინდომებია, შემისრულებია კიდეც.

- საქმიანობის შეწყვეტა - ზოგიერთი ადამიანისთვის არსებობის შეწყვეტასაც ნიშნავს.

- მეც ასე ვფიქრობ. ამიტომაც არასდროს გავჩერებულვარ ერთ საქმეზე. ახლაც, ეს ტელესერიალი რომ არ იყოს, სხვა საქმეს მოვკიდებდი ხელს. პატარა ბიზნესი მაქვს კიდეც - მეგობრებთან ერთად გავაკეთე სტამბა. ამით ვირჩენ თავს ძირითადად. აბა, კინოსტუდიიდან ხელფასი აღარ არის და ამ ტელესერიალში ერთ სერიაში მონაწილეობისთვის ვიღებ 20 დოლარს, ეს სხვა ქვეყანაში რომ ვთქვა, არ დამიჯერებენ. მაგრამ ჩვენთან ეს ბედნიერებად ითვლება, გესმით? აი, ჩემი მეუღლეც დოცენტია, მაგრამ თავისი ხელფასი გზის ფულად არ ჰყოფნის.

- მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, მაინც ფიქრობთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის?

- დიახ, ბატონო, მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ჯერ ერთი, ღმერთი სულ იფარავდა საქართველოს და ახლაც მისი წყალობის იმედი მაქვს, მერე კიდევ, ქართველი კაცის მოუღლელი მარჯვენის, ნიჭიერების იმედი მაქვს, ვიღაცამ შეიძლება თქვას, ქართველი ზარმაციაო, მაგრამ ცდებიან, ბატონო, ცდებიან. გადით ქალაქგარეთ, გაიარეთ, ნახეთ, ერთი დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთი თუ არის სადმე. ზემო იმერეთში თოკით დაკიდებული თოხნიან მიწას. იმედი მაქვს, რომ ხვალინდელი დღე კარგი იქნება. ახლა გეოპოლიტიკური სიტუაციაც ისე ვითარდება, რომ დიდი იმპერიების შექმნის სურვილი აღარავის უჩნდება და, ალბათ, ჩვენი გადაყლაპვის მსურველებიც აღარ იქნებიან.

- ჩაგრულთა ქომაგი თუ ხართ?

- დიდი მებრძოლი, მოჩხუბარი და ადამიანის ცოცხლად შემჭმელი არც ახალგაზრდობაში ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. ჩემს პოპულარობას კი ყოველთვის სხვების დასახმარებლად ვიყენებ. ადრე უფრო იოლად გამომდიოდა ეს. რაიკომის მდივნებთან და მსგავს ჩინოვნიკებთან ზოგს ბინის საკითხს ვუგვარებდი, ზოგს კიდევ რას. ახლაც ბევრი გაჭირვებულის გვერდით დავმდგარვარ სიამოვნებით.

- როცა ადამიანი კითხვას წყვეტს, აზროვნებასაც წყვეტსო - ნათქვამია. თქვენ რას კითხულობთ ბოლო ხანს?

- ო, კითხვამ მიჩვევა იცის. ამ ბოლო დროს, ვახუშტი კოტეტიშვილის ბიოგრაფიულ წიგნს, "ჩემს წუთისოფელს" ვკითხულობ, ძალიან საინტერესოა. ხშირად ვუბრუნდები "დათა თუთაშხიას". ძალიან მიყვარს რეზო ინანიშვილის მოთხრობების გადაკითხვა.

- ღვინის ხარისხის და ასაკის დასადგენად ხელადას ფსკერამდე ცლით?

- ღვინის მსმელი კაცი მქვია, მაგრამ ხშირად არ ვსვამ. დიდი, ხალხმრავალი სუფრა არ მიზიდავს, ხუთ-ექვს კაცთან ერთად მიყვარს ქეიფი, არც დათრობა მიყვარს. ვსვამ იმიტომ, რომ უფრო ვიხსნები და ვთამამდები, თუ ფხიზელს რაღაცის თქმა მიჭირს, ნასვამი გაბედულად ვამბობ.

- "ღვინო, დუდუკი, ქალები"... ალბათ, ცნობილი ლექსის ამ სტრიქონსაც ეთანხმებით...

- აბა რა, კაცო. იყო ცნობილი კაცი, ოთარ ქინქლაძე, მან იცოდა ხოლმე თქმა - ვინც ღვინოს სვამს, ყველა კაი კაციაო, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ღვინოს ვინც არ სვამს, ყველა ... აო. მოკლედ, ბატონმა ოთარმა თქვა, ახლა იმ სიტყვას ვერ გავიმეორებ. კაცი თუ ჯანმრთელი ხარ, რატომ არ უნდა დალიო ღვინო?

- ღვინის თემას მოვრჩეთ და გადავიდეთ ქალებზე.

- ქალებზე? სიამოვნებით, ბატონო. მაგრამ ახალგაზრდებში ძალიან არასასიამოვნო ტენდენცია მოდის. რაღაც ყურადღებას აღარ აქცევენ თითქოს ქალებს. ბიჭები თითქოს უფრო ნაზები გახდნენ. ეს ჩემთვის ტრაგედიაა. ჩვენს დროს სხვანაირი დამოკიდებულება იყო ქალების მიმართ. სხვანაირად მივმართავდით, ახლა კი ბიჭები ჟარგონით ელაპარაკებიან გოგოს. რას ჰგავს ეს. ან კიდევ, ეს რა უბედურებაა, ანგელოზივით გოგო რომ ფეხზე დგას და ბიჭი ჩაკუნტული ელაპარაკება. კაცი არ ხარ, შე კაცო?

- ქალთან ლაპარაკი ხშირად უფრო მეტ ცოდნას გვაძლევს, ვიდრე მეცნიერთან საუბარიო, უთქვამს ერთ ცნობილ კაცს.

- კი ბატონო. ქალთან სიფრთხილეა საჭირო, რომ რაიმე არ შეგეშალოს. ეს სიფრთხილე კი ცოდნასაც გაძლევს და ბევრ კარგ ჩვევასაც გიმუშავებს.

- გატყობთ, აქტიური მამაკაცის თანასწორუფლებიანი ქალებიც არ უნდა გხიბლავდეთ.

- არა, აქტიური ქალი არ მომწონს. აი, რომ იტყვიან ვიღაცაზე, ვაჟკაცი ქალიაო, არ მომწონს. ქალი ნაზი უნდა იყოს. ვაჟკაცი ქალი რა უბედურებაა, კაცო. ჩემთან ოჯახშიც ვერ წარმომიდგენია, რაიმე სერიოზული საკითხი ჩემ გარეშე გადაწყვიტოს ცოლმა.

- ანუ მიგაჩნიათ, რომ ბრძნული საქციელია, როცა ცოლს უსმენთ და მის საწინააღმდეგოს აკეთებთ?

- რა თქმა უნდა. ბოლომდე უნდა მოვუსმინო. თუ შეგამჩნია, რომ არ უსმენ, გაბრაზდება. საუბრის ბოლოს კი იმას გააკეთებ, რასაც საჭიროდ ჩათვლი. 40 წელია ერთად ვცხოვრობთ და მეუღლემ შესანიშნავად იცის ჩემი ხასიათი. იუმორში ვატარებთ ყველაფერს. ცხოვრება ასე უფრო იოლია.

- ზოგს მიაჩნია, რომ ადამიანები გამდიდრებისათვის უფრო იღვწიან, ვიდრე ბედნიერებისათვის, თქვენ როგორ ფიქრობთ?

- მგონია, რომ დიდი ქონება, ფული და სიმდიდრე რაღაც ტვირთად აწევს ადამიანს. ეს არასოდეს მინატრია. ფული ყოველთვის მხოლოდ იმდენი მაქვს, რაც ჯიბეში მიდევს. შენახვა არ ვიცი. ან რად მინდა. შენახულს სხვა მოგპარავს და ამას ჯობია თავად დახარჯო. თანაც უარს არაფერზე ვეუბნები ცოლ-შვილს და შვილიშვილებს, ამიტომაც ხშირად ვარ უფულოდ, მაგრამ რომ მახსენდება, როგორ მივანიჭე სიამოვნება ოჯახის წევრებს, თავადაც კმაყოფილებას ვგრძნობ.

ავტორი: ეკა ლომიძე


კალენდარი
ოქტომბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
15
16
17
18
19
20
22
23
24
25
26
27
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი