მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-24
დემეტრე - მემკვიდრე დავითისი, "სიმხნითა უმჯობესი აღმაშენებლისა"...

დავით აღმაშენებელი უფროს უფლისწულს თავისზე აღმატებულად მიიჩნევს

იდგა მეთორმეტე საუკუნის ოციანი წლები. წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფოა დავით აღმაშენებლის საქართველო. წინ "დიდნი საქმენი და ლაშქრობანი" იყო. საქართველოს ახალ აღზევებას ელოდა წარჩინებულიც და მდაბიოც, მეზობელიც და მეგობარიც. არც მაინცდამაინც ასაკოვანი იყო დიდი დავით IV. ორმოცდათორმეტი წელი - დაგროვილი სიბრძნისა და გამოცდილების გამოყენების ხანაა. მაგრამ არსთა გამრიგეს მარტოოდენ ეს ხანა გაემეტებინა "მესიის მახვილისათვის". მოახლოებული აღსასრული პირველმა მეფემ იგრძნო: და თუ ცოტა ადრე დაიწერა ანდერძი შიომღვიმის მონასტრისადმი, ახლა შეიქმნა "გალობანი სინანულისანი", რომელშიც დაგვიტოვა თავისი სულის ამოძახილი...

... და დაიწერა ანდერძი ტახტის მემკვიდრესთან დაკავშირებითაც. ანდერძი, რომლის წაკითხვამ კიდევ ერთხელ განაცვიფრა ქართველნი მძლეთამძლე მეფის თავმოდრეკილობითა და გულმოწყალებით. მეფის ანდერძში ასეთი სტრიქონებიც იყო: "მრავალი წყალობანი ჰყვანა ჩემ ზედა (საწუთრომან) სოფელსა ამას შინა, რამეთუ მომცა პირველად შვილი ესე ჩემი დემეტრე, სიბრძნითა და ახოვანებითა და სიმხნითა უმჯობესი ჩემსა".

ტახტის კანონიერი მემკვიდრე უფლისწული დემეტრე იყო, - დავითის პირველი ქორწინების ნაყოფი, ანისელი მეფის ასულის პირმშო. დემეტრეს დედის დედოფლობა საქართველოს სამეფოს ძლიერებას ანაცვალეს. დიდებულთა გადაწყვეტილებით იგი სასახლიდან განაძევეს. აღმაშენებლის პირველი ცოლი (რომლის სახელიც კი არ შეუტანიათ მატიანეში) მონასტერში აღკვეცილა. დავით მეფეს კი ყივჩაღთა მთავრის, ათრაქა შარაღანისძის ასული მოჰგვარეს მეორე ცოლად, "განთქმული სიკეთითა გურანდუხტ დედოფალი".

სულ მალე დასჭირდა დავითს დამოყვრებულ ყივჩაღთა დახმარება. ურიცხვი ჯარი სჭირდებოდა მეფეს და სიმამრსა და ცოლისძმებს მიაშურა დახმარებისთვის. მათაც გადასცეს სიძეს ყივჩაღების "სიმრავლე ფრიად დიადი" - 40 ათასი ოჯახი. ჩამოსახლებისთანავე (200 ათასზე მეტი ყივჩაღი ქართლ-კახეთში განასახლა მეფემ) დიდიან-პატარიანად გაქრისტიანდნენ და მცირე ხანში გაქართველდნენ კიდეც. ასე რომ, დედოფლის "მზითევში მოყოლილ" ყივჩაღთა წყალობით აღმაშენებელმა უძლიერესი გვარდია შექმნა...

ყივჩაღმა დედოფალმა ღირსეული მეუღლეობა გაუწია აღმაშენებელს. ოთხი შვილიც გაუჩინა მეფეს. თამარი და კატაი - შემდგომში შირვანისა და ბიზანტიის დედოფლები, უმრწემესი ქალი, ისიც თამარი და ვაჟი ვახტანგი, რომელსაც შინაურობაში ცვატას ეძახდნენ. გურანდუხტი ამავდროულად დედაწართმეულ დემეტრესაც უწევდა დედობას და ამით ცდილობდა მშობელთან განშორების სიმძიმე შეემსუბუქებინა მეფისწულისთვის.

ტახტის უპირველეს მემკვიდრედ, ცხადია, უფროსი უფლისწული დემეტრე ითვლებოდა და ისიც ფაქტია, რომ სიცოცხლის მიწურულს მეფეთ მეფემ დემეტრე ტახტის მპყრობლად აკურთხა და მისი დიდი იმედიც ჰქონდა. ამავე დროს დიდბუნებოვან აღმაშენებელს თავისი უმრწემესი ვაჟიც არ ავიწყდება, რომელიც მაშინ 12-ოდე წლისაც არ იყო და ანდერძში მის მფარველობას შეავედრებს სამეფოდ გამწესებულ უფროს ვაჟს. მამის სურვილია, რომ მეფე დემეტრემ "ძმა მისი გაზარდოს და თუ ინებოს ღმერთმან და ვარგიყოს ცვატა, შემდგომად მისსა მეფე-ჰყოს მამულსა ზედა".

დემეტრე პირველის შესახებ მატიანემ მეტად მწირი მასალა შემოგვინახა. თხზულება, რომელიც მის მეფობას შეეხებოდა, დაკარგულია. ფრაგმენტული ცნობები აქვს შემონახული დავით აღმაშენებლისა და ლაშა გიორგის დროინდელ მემატიანეთ, სომეხ ისტორიკოს ვარდანს.

დავით მეფე დარწმუნებული იყო დემეტრეს ღირსებებში. იმედოვნებდა, რომ მისი ხელდასხმით კურთხეული შვილი იქნებოდა ქვეყნის მზრუნველი მმართველი, ქვეშევრდომთა ქომაგი, უებრო მხედარი და მებრძოლი.

უფლისწულ დემეტრეს მეფობისთვის ამზადებენ

დემეტრეს ბავშვობიდანვე ამზადებდნენ მეფობისთვის, წვრთნიდნენ, ავარჯიშებდნენ, საომარ ხერხებს, ქვეშევრდომთა სიყვარულსა და სიქველეს უნერგავდნენ.

ჭაბუკი იყო უფლისწული, როდესაც პირველი დამოუკიდებელი ლაშქრობა ჩაატარა, შირვანი დალაშქრა ქართულმა სპამ მისი უებრო მეთაურობით. 1117 წელს დაიწყო შირვანის გადმობირება, ამავე წელს გიში აიღეს. თვით დემეტრე წარუძღვა ქართული ლაშქრის იერიშს სამი წლის შემდეგ ქალაძორზე და როგორც მემატიანე იტყვის, "ქმნა ომნი საკვირველნი, რომლითა განაკვირნა მხილველნი და მსმენელნი, გამოიღო ციხე ქალაძორი და ძლევამოსილი მოვიდა წინაშე მამისა თვისისა სავსე ალაფით და ტყვეთა ურიცხვითა". ამას მოჰყვა ყაბალას აღება და შირვანი საქართველოს ერთგული ყმადნაფიცი გახდა.

თავისი წილი დაიდო უფლისწულმა დემეტრემ "ძლევაი საკვირველშიც" - დიდგორის ბრძოლაში, 1121 წლის 12 აგვისტოს, როდესაც ქართველთა ელვისებური შეტევის დროს მარჯვენა ფლანგს სარდლობდა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.

ამიტომაც წერდა დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი: "დავითმან თვისითა ხელითა დასუა საყდართა თვისთა ძე თვისი დემეტრე, სახელითა ოდენ ცვალებული".

ლაშა გიორგის მემატიანე კი ასე მოიხსენიებდა აწ უკვე დიდ წინაპარს: "ყოვლითურთ ემსგავსა ძირსა კეთილსა დავითიანსა, ხესა ღმრთივ დანერგულსა".

დემეტრე თურქებს საკუთარ უძლეველობაში არწმუნებს

1125 წელს, თავისი მეფობის ბოლო წელს დავით აღმაშენებელი მეფედ აკურთხებს შვილს. მეფეთ მეფის გარდაცვალებისთანავე მოუსინჯეს დავითის გარეშე დარჩენილ საქართველოს ძალა თურქებმა... დმანისი და ხუნანი იყო ის სამანი, რომელთა ქართველთათვის ჩამოცილებაც განიზრახეს, მაგრამ დემეტრემ ეს ქალაქებიც დაიბრუნა და მტერსაც თავისი ძალა აჩვენა.

განსაკუთრებული იყო ანისის საკითხი. ანისი იმდროინდელი უსახელმწიფო სომხების მთავარი ქალაქი იყო, რომელიც დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა თურქებისგან, ხოლო მისი მფლობელი შედადიანთა წარმომადგენელი აბულსოვარი თავისი რვა ძით დასავლეთ საქართველოში გადაასახლა. მატიანეში ასევე სწერია: "რვათა ძეთა მისთა თანა და მხევალთა და სძალთა"... ანისში მესხი აზნაურები ჩააყენა და მმართველად აბულეთი და მისი ვაჟი ივანე დაუყენა, მაგრამ დემეტრეს მეფობისას ქალაქისთვის დიდი ბრძოლა გაჩაღდა მის ძველ და ახალ მფლობელებს შორის. საბოლოოდ, ანისი ძველ პატრონებს, აბულსოვარის მემკვიდრეებს დაუბრუნეს ყმადნაფიცობის სტატუსით და მათაც, ამ მაჰმადიანმა მმართველებმა, ბოლომდე უერთგულეს დემეტრეს. რასაც ვერ ვიტყვით აბულეთის ვაჟზე, ივანეზე.

პირველი შეთქმულება დემეტრეს წინააღმდეგ

სწორედ ივანე გახდა სულისჩამდგმელი პირველი დიდი შეთქმულებისა, რომელშიც დემეტრეს ნახევარძმა, მცირეწლოვანი (12 წლის) ვახტანგი, იგივე ცვატაც ჩაითრიეს. ეტყობა, აბულეთის შთამომავალმა ვერ მოინელა, რომ ანისზე ხელი ააღებინეს და ძალაუფლება შეუკვეცეს. შეთქმულების გამარჯვების შემთხვევაში აბულეთი გახდებოდა ქვეყნის ფაქტობრივი მპყრობელი. მაგრამ შეთქმულება გაცხადდა... მეფე დემეტრე თავისი ფეხით ჩავიდა აჯანყების ბუდეში - დმანისში, ყველაფერი გამოარკვია. განრისხებულმა არ დაინდო მტერს აყოლილი ნახევარძმა, ვერც მისმა უასაკობამ მოულბო გული. უფლისწული, რომელიც დავით აღმაშენებლის ანდერძის მიხედვით უფროს ძმას თავისი მეფობის შემდგომ უნდა გაემეფებინა "მამულსა ზედა", არ "ვარგყო"...

დაუფიქრებლად გაწირა (გათქვა) აბულეთის ძემ ცვატა. მეფის ბრძანებით, თვალისჩინი დაუბნელეს ანდერძისეულ ტახტის მემკვიდრეს. თვით ივანე აბულეთის ძემაც ცოტა ხანში სიკვდილით აგო პასუხი სახელმწიფო დანაშაულისთვის - დემეტრემ დასაჯა იგი. აბულეთის ძეს მემკვიდრე დარჩა - თირქაში. მოღალატის მემკვიდრეს დემეტრემ საპყრობილეში უკრა თავი.

კარნი განძისა და დარუბანდისა ლეგენდის თანხლებით

დემეტრე პირველის ბრძოლებიდან ერთ-ერთი სახელიანი 1138 წელს განძაზე გალაშქრება და აქ მოპოვებული გამარჯვებაა. თუმცა, ზოგიერთი მემატიანე და ისტორიკოსი ამ გამარჯვების ხელშეწყობას იმავე წელს განძაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრაშიც ხედავს. ასეა თუ ისე, დემეტრემ გაიმარჯვა და ნიშნად ამ წარმატების უკვდავყოფისა, ჩამოხსნა ქალაქის ალაყაფის კარი, ჩამოიტანა საქართველოში, გამოჭედვისას დატანილ არაბულ წარწერას ქართული წარწერაც დაუმატა და გელათის მონასტერს შესწირა. ახლა უკვე გადაშლილი ეს წარწერა მარი ბროსეს წაუკითხავს და თედო ჟორდანიას ქრონიკებშია აღნუსხული, ასე ეწერა თურმე კარიბჭეზე: " ... მეფემან დიმიტრიმ... რანი დაარღვია და ეს კარი მუნით მოიტანა წელსა მეფობისასა იგ(13)", ე.ი. 1138 წელს. ეს კარი აღმაშენებლის საფლავის ქვის სიახლოვეს, ტაძრის კედელზეა ახლაც მიყუდებული, როგორც დემეტრეს ძლიერების სიმბოლო. თუმცა ამ კარს ხალხი დიდხანს დარუბანდის კარად მიიჩნევდა.

გელათშივე ყოფილა შეწირული "კარი დარუბანდისა" - დავით აღმაშენებლის მიერ ჩამოტანილი ძლევამოსილი ლაშქრობის შემდეგ, მაგრამ, განძის კარისგან განსხვავებით, მას ჩვენამდე არ მოუღწევია (კარი გადაუდნიათ და ტაძრის მშენებლობისთვის მოუხმარებიათ). სამაგიეროდ, მშვენიერი ლეგენდა შემონახულა მის შესახებ:

ქართველ ვაჭარს დარუბანდში ლეკები დასცემიან თავს და გაუძარცვავთ. ლეკთა ბელადთან მისულა იგი და შეუჩივლია, სამართალს ვითხოვ, ჩემი საქონელი დამიბრუნეთო.

როცა ლეკს შეუტყვია, რომ ვაჭარი ქართველი იყო, დაცინვით უთქვამს, სამართალი შენს მეფეს სთხოვეო.

- დავითს რომ ვუთხრა, ცუდად წაგივა საქმეო.

- იმანაც დარუბანდის კარი არ ჩამომიხსნასო!..

... მეფეთ მეფემ ეს ამბავი რომ შეიტყო, იწყინა თურმე. ორი ათასი კიდობანი დაამზადებინა, თითოში თითო შეიარაღებული მეომარი ჩასვა, აქეთ-იქიდან გადაჰკიდა ცხენებს, ვაჭრულად გამოწყობილ წინამძღოლებს მომჩივანი დაუყენა წინ, დარუბანდში გაისტუმრა და თავადაც უკან მიჰყვა. თან კაცი აფრინა ლეკთა ბელადთან, ურიცხვი საქონელი მომაქვს გასაყიდადო.

გაუხსნეს დარუბანდის კარი.

კიდობნებიდან ორი ათასი რჩეული მეომარი ამოუშვეს, რომელთაც არ გასჭირვებიათ ელვის უსწრაფესად აეღოთ მთელი ქალაქი. დავითმა პირველ რიგში, დარუბანდის რკინის კარი ჩამოახსნევინა თურმე, ლეკებს აჰკიდა და გელათში ჩამოატანინა...

რაც შეეხება გელათს, იგი სწორედ დემეტრემ განასრულა 1130 წელს მამის ანდერძისამებრ, რომელშიც აღმაშენებელი წერდა: "ხოლო დარჩა სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრულად და წამყუა მისთვისცა ტკივილი სამარადისო. აქ შვილმან ჩემმან მეფემან დემეტრემ სრულ ჰყოს ყოვლითურთ საუკუნოდ (სალოცავად) ჩემთვის და მისთვის და მომავალთა ჩემთათვის".

ტახტის მოდავე შვილი

ქვეყნის საშინაო ცხოვრებაში კვლავ შფოთმა დაისადგურა. კიდევ ერთი შეთქმულება, კვლავ მეფობისა და ტახტისთვის... ეს იყო 1150 წელს. ამჯერად უფროსი შვილი დავითი განუდგა მეფეს. რა იყო ამის მიზეზი? იქნებ ის, რომ ტახტის მემკვიდრეს მოთმინება აღარ ეყო, ვერ დაელოდა თავის რიგს, სულსწრაფობა გამოიჩინა? ან იქნებ დემეტრეს უფროს ვაჟს, დავითს ეჭვის ჭია ღრღნიდა, რადგანაც როგორც შემდგომი დროის მეისტორიე წერს, დემეტრე იყო "მარჩეველი ძისა უმცროსისა"... იქნებ ასეც იყო, რადგანაც ეს უმცროსი ძე გახლდათ უფლისწული გიორგი, - შემდგომში სახელიანი მეფე გიორგი III (თამარ მეფის მამა). როგორც ჩანს, თავისი პირადი ღირსებების გამო გამორჩეულად უყვარდა დემეტრეს უმრწემესი ვაჟი.

შეთქმულება ამჯერადაც დამარცხდა. კიდევ ერთხელ გადარჩა საქართველოს სამეფო ტახტი. მართალია, შვილისთვის უპატიებია უკადრისი ღალატი, სამაგიეროდ, დანარჩენი შეთქმულები სამაგალითოდ დაუსჯია.

1150 წლით არ დამთავრებულა ტახტის დასაკავებლად მორიგი შეთქმულება. როგორც ჩანს, მყარად, წლების განმავლობაში სამეფო კარზე არსებობდა ოპოზიციური დასი, რომელიც მეფის ცენტრალიზებული ძალაუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს გუნდი იყო, რომელმაც მცირეწლოვანი ცვატა წააქეზა, ეს გუნდი უნდა ყოფილიყო უფლისწულ დავითის წამქეზებელიც. საბოლოოდ, ყველაფერი ეს სამეფო ტახტისთვის, ერთი შეხედვით მშვიდობიანი გადატრიალებით დასრულებულა...

დემეტრე ბერის ანაფორაში

1155 წელს უფლისწულ დავითის მომხრენი კვლავ გააქტიურდნენ. როგორ წარიმართა მორიგი შეთქმულება, უცნობია. ერთი კია - ამავე წელს დემეტრემ დატოვა ტახტი, განეშორა საერო ცხოვრებას და დამიანეს სახელით ბერად შედგა დავით გარეჯის მონასტერშიP - მეფის პორფირი (სამოსელი) ბერის ანაფორაზე გაცვალა. ცხადია, ეს იყო იძულებითი აქტი, რაც შემდგომმა მოვლენებმაც დაადასტურა.

დღენაკლული აღმოჩნდა ტახტზე ასული დავითის მეფობა. მან მხოლოდ ექვსი თვე იმეფა და მოულოდნელად გარდაიცვალა. არავინ იცის, ბუნებრივი სიკვდილით დაამთავრა დავითმა სიცოცხლე თუ მიწიერი ძალა დაეხმარა. ფაქტი ის არის, რომ დემეტრემ მონასტერი დატოვა და ხელში კვლავ სამეფო სკიპტრა დაიკავა. თანაც შეისრულა გულის ნადები, რჩეული შვილი თანამესაყდრედ დაისვა გიორგი III-ის სახელით: "მამამან ძითურთ ძე ტკბილი, შემგუარი მამისა, აღამაღლა თავისა თანა და ძისა სწორად მოსაყდრედ გამოაჩინა"...

ამის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია დემეტრე მეფეს... მიიცვალა იგი სამოციოდე წლის ასაკში, 1156 წელს ბელტის ციხეში - მეფე "სვიანი და გამარჯვებული, სიმაღლესა და სიმდიდრესა შინა მდაბალი, გლახაკთა მოწყალე, ობოლთა და ქვრივთა განმკითხველი, მშენებელი საყდართა და ეკლესიათა"... ღირსეულად ატარა "დროშა სვიანად ხმარებული, გორგასლიანი და დავითიანი".

... დაკრძალეს მის მიერვე გასრულებულ სავანეში - გელათის მონასტერში.

ოცდაათი წელი იმეფა დემეტრემ, მემკვიდრემ დავითისამ და სრულად შეუნარჩუნა ქვეყანას სახელი და ავტორიტეტი. არაფერი ვიცით, თუ ვინ იყო დემეტრეს მეუღლე, საქართველოს იმდროინდელი დედოფალი. იოანე ჭიმჭიმელს აღუწერია შესხმის სახით დემეტრე მეფის ქველობა და მხნეობა, - როგორც გვეუბნება თამარის ისტორიკოსი: "იოანე ფილოსოფოსისა ჭიმჭიმელისა შესხმა-მოთხრობა აღმოაჩენს დემეტრესა მხნესა ხდომასა შინა და მძლესა ბრძოლასა შინა". სამწუხაროდ, ჩვენამდე არც ამ ნაწარმოებს მოუღწევია.

ავტორი იამბიკონისა

ასე რომ, დემეტრე პირველი - დიდებული მეფის მემკვიდრე, თვითონაც ძლიერი ხელმწიფე იყო. გარდა ამისა, იყო "სიბრძნისმოყვარე... ბრძენი, რიტორი და პიიტიკოსი". დემეტრე მეფე ცნობილია, როგორც ავტორი იამბიკოებისა, რომელიც მიძღვნილია შიომღვიმისა და ღვთისმშობლისადმი. საყოველთაოდ ცნობილია მისი იამბიკო ღვთისმშობლისადმი - "შენ ხარ ვენახი", რომლის მიხედვით ღვთისმშობელი, მეუფის დედა არის აყვავებული ვენახი, სიმბოლო და საწყისი სიცოცხლისა:

შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული,

მორჩი კეთილი, ედემში დანერგული,

ალვა სულნელნი, სამოთხით გამოსრული,

ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული,

და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული.

... ეს არის გალობა - აყვანილი მიწიდან პირდაპირ ზეცამდე. არც გასაკვირია, ამქვეყნიურ გაუტანლობას გარიდებული ბერად აღკვეცილი მეფე გარეჯის ლავრაში მარიამის ხატის წინ მუხლმოყრილი ცდილობდა შვება ეპოვა. მიწიერ საცდურს თავგამორიდებული სიცოცხლეს ხედავს ღვთისმშობელში და საგალობლად ქცეული მისი იამბიკოც ამიტომაც გახალხურდა და გამოსცდა საუკუნეებს.

პ.ს. ამრიგად, ბედნიერი არ ყოფილა აღმაშენებლის მემკვიდრე, ჯერ იყო და დედა წაჰგვარეს... დიდი მამის მიერ წყალობაყოფილი და მეფედ კურთხეული იძულებული გახდა მოღალატე ძმა დაესაჯა, მერე უფროსმა შვილმა გაწირა - იძულებული გახადა დავით გარეჯს შეხიზვნოდა... შემდგომ მოღალატე შვილის ბურუსით მოცული სიკვდილი - ისევ ტახტი და ისევ ხელმწიფის მძიმე ტვირთი... ბოლო იმედი ისღა იყო, რომ თანამოსაყდრედ ღირსეული შვილი დაისვა...

იქნებ ეს ბოლო იმედი ჩანს მის იამბიკონშიც, სადაც ალვას და ვაზს შედარებული ღვთისმშობლისადმი სიყვარული სიცოცხლის სიყვარულიც არის ამავდროულად.

ისტორიული წყაროებისა და ქართველ მეცნიერთა ნაშრომების მიხედვით დემეტრე პირველის ეპოქა მიმოიხილა ნოდარ შოშიტაშვილმა



კალენდარი
ოქტომბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
15
16
17
18
19
20
22
23
24
25
26
27
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი