მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-24
დაუმორჩილებელი ნუცა ანუ "კონკიას" რემიქსული ვარიანტი

"- გაოგნებული ვარ მისი ნიჭით და შესაძლებლობებით. ის უბრწყინვალესი, უდიდესი მომღერალია..." - აღფრთოვანებას ვერ მალავს მისი მოსმენის შემდეგ ელენა ობრაზცოვა, ხელიდან 22 ბრილიანტით დამშვენებულ ოქროს ბეჭედს იხსნის და ახალგაზრდა მომღერალს უძღვნის...

"- ვიქტიუკს ქართული "პიაფი" ჩამოაქვს" - დიდი შრიფტით ბეჭდავდნენ სხვადასხვა ქვეყნის გაზეთები საგასტროლო სპექტაკლის მოლოდინში...

"- ის ისეთივე ხულიგანი და გიჟია, როგორიც მე და ედიტ პიაფი" - ასე აფასებს მის ბობოქარ სულიერ სამყაროს უდიდესი რეჟისორი ვიქტორ ვიქტიუკი...

"- მე მას ჯერ კიდევ დაუმუშავებელ ბრილიანტს შევადარებდი" - ამბობს პროდიუსერი ტანია ბერკოვიჩი...

ფრენკ სინატრას დაკრძალვის დღეს რისკავს და ნიუ-იორკის ერთ-ერთ დიდ საკონცერტო დარბაზში მღერის სინატრასავე "ნიუ-იორკ-ნიუ-იორკს"... საბედნიეროდ, რისკი ამართლებს და აუდიტორია ოვაციას უმართავს...

მაგრამ ეს იყო მოგვიანებით...

მანამდე კი თბილისში, ერთ ლამაზ, თბილისურ სახლში ცხოვრობდნენ დედა, მამა და პატარა უცნაური გოგონა. დედა ყოველდღე რუსთაველის თეატრში დადიოდა. მამა იჯდა და ხატავდა... გოგონა კი ხან დედას შესცქეროდა კულისებიდან, - როგორ ძერწავდა შთამბეჭდავ სახეებს, ხან კი სახლში გაირინდებოდა და თვალს ვერ აცილებდა მამას, რომელიც ფუნჯით ხელში ტილოზე საოცრებებს ქმნიდა.

მუსიკას დაბადებამდე გრძნობდა... კარგად ახსოვს ქალბატონ მზია მაღლაკელიძეს, მოცარტის მოსმენისას როგორ აფართხალდებოდა ხოლმე მის სხეულში პატარა არსება - ეს ერთხელ და ორჯერ არ მომხდარა...

მერე, სულ ერთი ციდა იყო, როცა მიუჯდებოდა ინსტრუმენტს და პატარ-პატარა ვალსებს თხზავდა.

- ვინ არის ეს ლამაზი კოღოო - უკითხავს ერთხელ ბატონ რამაზ ჩხიკვაძეს, როცა კულისებში უცნაური, სიფრიფანა კაბაში გამოწყობილი ნუცა შეუნიშნავს...

მუსიკალურ სკოლაში სწავლისას საშინლად ეზარებოდა ნოტების გარჩევა და მეცადინეობა. ნაწარმოებს ვინმეს დააკვრევინებდა და შემდეგ სმენით ზუსტად იმეორებდა მოსმენილს... ხანდახან კი იჯდა და ხატავდა, ხატავდა ისეთივე გატაცებით, როგორც მამა - ბატონი ჯემალ შანშიაშვილი და ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როცა სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა.

- აკადემია არეულ-დარეულ პერიოდში, ომის დროს დავამთავრე. მივხვდი, რომ თავისუფლება მჭირდებოდა. მოსკოვში წასვლა გადავწყვიტე. მეგობარმა ამიღო ბილეთი და ასე უცებ, ჯიბეში მხოლოდ 10 დოლარით აღმოვჩნდი სრულიად უცხო ქალაქში - იხსენებს ნუცა.

ერთი პერიოდი კაფეში მუშაობდა, თუ სადმე თვალს მოჰკრავდა და საშუალება მიეცემოდა, მაშინვე ინსტრუმენტს მიუჯდებოდა და მღეროდა. შემდეგ მსახიობმა ჟან დანიელმა ურჩია, ძველ მუნიციპალურ მცირე თეატრში მისულიყო და დროდადრო პატარა სცენაზე ემღერა... ასეც მოიქცა... სულ ცოტა ხანი დასჭირდა ყურადღების მისაქცევად. მის მოსასმენად ცნობილმა მომღერლებმა დაიწყეს სიარული, მალე ნუცა ბორის მაისეევმა მიიწვია. დაიწყო საგასტროლო ტურნეების წლები. პოპულარობა დღითი დღე იზრდებოდა. "იალტა-95"-ზე მეორე პრიზი აიღო. ცნობილმა მსახიობმა გაფტმა დაჯილდოების ცერემონიალზე სინანულით აღნიშნა: ნუცა პირველი ადგილის ღირსი იყო, გული მწყდება, რომ ასე არ მოხდაო... კონკურსზე სამი სიმღერა შეასრულა - განთქმული "ნიუ-იორკ-ნიუ იორკი", რომანსი "Hერბ", ბებიამ - ცნობილმა პედაგოგმა სონიკო ფხალაძემ რომ შეაყვარა ბავშვობაში და რომელიც შემდეგ მის სავიზიტო ბარათად იქცა და "ჟლბყჯრფზ ცდტხფ", რომლის მუსიკის და ტექსტის ავტორი თავად გახლდათ.

- კონკურსის პირობა ასეთი იყო - ყველა მონაწილეს სამი სიმღერა უნდა შეესრულებინა - ერთი - რომელიმე ჰიტი, მეორე - რუსული რომანსი და მესამე სრულიად ახალი სიმღერა. უფინანსობის გამო სიმღერა ვერ შეიძინეს, სხვა გზა არ მქონდა - თავად დავწერე... სულ რამდენიმე კვირაში "ჟლბყჯრფზ ცდტხფ" ჰიტად იქცა. იმ პერიოდში შეყვარებული ვიყავი... სიყვარულის გარეშე ვერაფერს ვაკეთებ. მაშინ მომდის მუზა - აცხადებს ნუცა...

ამ პერიოდში კი თბილისში მონატრებული დედა - ქალბატონი მზია ნუცას ლექსებს და ჩანაწერებს პოულობს - თითქმის ყველა ჩანაწერი ერთი და იმავე ფრაზით მთავრდება - "როგორ მინდა თეატრი..."

ეს ნატვრაც კონკიასავით სწრაფად უხდება. მისი ნიჭით აღფრთოვანებული მიშა ეფრემოვი რუსეთის დრამატული თეატრის სცენაზე იწვევს და მთავარ როლს ანდობს სპექტაკლში "ზღვარზე", რის გამოც მალე უდიდეს და მნიშვნელოვან თეატრალურ პრიზს - "Xფქრფ"-ს მიანიჭებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ნუცა პირველი ქართველი იყო, ვინც ეს პრიზი დაიმსახურა (მომდევნო წლებში "Xფქრფ" მიანიჭეს ბატონებს რობერტ სტურუას და ოთარ მეღვინეთუხუცესს - ე.მ.).

ნინო ანანიაშვილის იუბილეზე თანამედროვეობის უდიდესი რეჟისორი ვიქტორ ვიქტიუკი ხვდება და ნუცას ცხოვრებაშიც ახალი ხანა იწყება. "ედიტ პიაფმა" ნახევარი მსოფლიო დაიპყრო. სწორედ ნიუ-იორკში ამ სპექტაკლზე შედგა ელენა ობრაზცოვას და ნუცას გახმაურებული დუეტი. როცა ქალბატონი ელენა სცენაზე მისალოცად ავიდა, ნუცამ ერთად სიმღერა შესთავაზა, საკუთარი ხმა დაუთმო, თვითონ კი მეორე ხმით მიჰყვა უდიდეს მომღერალს...

- მე და ქალბატონ ელენას ახალი პროექტი გვაქვს - ვაპირებთ ერთად ვიმღეროთ სიმღერა ჯაზის სტილში. ჩვენთან იმუშავებს ცნობილი ჯაზმენი, რომელიც თავის დროზე ელა ფიტცჯერალდთან მუშაობდა...

ნუცასთვის იწერება მხატვრული ფილმის სცენარი...

ნუცაზე იღებენ დოკუმენტურ ფილმს სერიისთვის "გამოჩენილი ადამიანები"...

ნუცას სოლო კონცერტებს ელოდებიან სხვადასხვა ქვეყანაში...

ახლა ის ნიუ-იორკშია - ზის და ხატავს. ხატავს თავის სიმღერებს, რომ კონცერტის წინ გამოფენა მოაწყოს, ყველას აჩვენოს, როგორ ხედავს მელოდიებს.

ნუცა მზად არის ახალი თეატრალური პროექტისთვისაც. ქართული ჩოხა შეიძინა, რომელიც ჯინსებზე აცვია.

- ხშირად ხდება ხოლმე - ძველ სიმღერას ახალ რიტმებს არგებენ და იღებენ რემიქსს. მე ვთვლი, რომ რემიქსულად მაცვია. რაც შეეხება თეატრით ჩემს გატაცებას, ეს ბავშვობიდან დაიწყო - ალბათ მაშინ, როცა სულ პატარა დედას ვუყურებდი, საგრიმიოროში როგორ ირგებდა ხელოვნურ წამწამებს. ერთი სული მქონდა მოეხსნა, რომ შემდეგ მე გამეკეთებინა...

ნუცა თბილისში სექტემბერში ჩამოვა. მანამდე კი ნუცას დედას, ქალბატონ მზიას გავესაუბრე... იქ, იმ სახლში ემოციური აურაა - ზღვა ენერგია მოდის ქალბატონ მზიასგან, აგრეთვე ბატონი ჯემალის ნახატებიდან და ნუცას ფოტოებიდან... აქ, ამ კედლებში იზრდებოდა პატარა ნუცა, არც ისე იოლად დასამორჩილებელი და თვინიერი ბავშვი...

- ძალიან უცნაური იყო. საკმარისი იყო რაღაც გაგეფიქრებინა, ის იმ წუთში მიხვდებოდა, რაზე ფიქრობდი და პასუხს ხმამაღლა გეტყოდა თავისი ბოხი ხმით. ძალიან უყვარდა ბებიები - დედაჩემი და დეიდაჩემი. სულ მათ იფიცებდა ხოლმე. როცა დეიდა გარდამეცვალა, ნუცას არ შევატყობინე - დამირეკა და მითხრა - ვიცი, რომ ანიკო აღარ არის და რატომ მიმალავო... გავოგნდი... ძალიან მგრძნობიარეა, საოცრად აქვს განვითარებული წინათგრძნობა. სულ მეშინოდა ნათელმხილველობისკენ არ გადახრილიყო.

- რჩევებს თუ გეკითხებათ ხოლმე?

- სულ მეკითხება და მაინც ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც თვითონ უნდა, ამიტომ ახლა მუდმივად ერთ პასუხს ვაძლევ - ნუცი, შენ როგორც გინდა...

- მოსკოვში რისი იმედით წავიდა?

- არავის და არაფრის... აიჩემა და წავიდა...

- რა არ უყვარს?

- როცა ჭკუას ვარიგებ და ვეჩიჩინები...

- ბატონი ჯემალი მოესწრო ნუცას წარმატებას?

- მოესწრო იმ დღეს, როცა ფრენკ სინატრას დასაფლავებაზე იმღერა ნიუ-იორკში და ძალიან ბედნიერი და გახარებული იყო. ამ კონცერტის შემდეგ ნუცა სულ შეშინებული ყოფილა - აეკვიატა ფიქრი - მზია აღარ იქნება თუ ჯემალი? სამწუხაროდ, ეს წინათგრძნობაც აუხდა - მოსკოვში დაბრუნებულს მამა გარდაცვლილი დახვდა. იმწამსვე გადმოფრინდა და მიხედა და მოუარა თავის საყვარელ მამიკოს.

- ბატონი ჯემალიც თქვენსავით და ნუცასავით ემოციური იყო?

- ძალიან განიცდიდა ყველაფერს. დიდმა მოქანდაკემ - სანდრო რაზმაძემ მასზე ასეთი რამ თქვა - ის გარეგნობით ოტელოა და სულით რომეოო. მართლაც ასე იყო.

- ნუცა თქვენ გგავთ...

- იერით და - სცენაზე... ხასიათით, ბუნებით, მჭევრმეტყველებით სულ მამამისს ჰგავს.

- თქვენ არ ფიქრობთ ნუცასთან წასვლას?

- ხანდახან, როცა ვჭირდები, მივდივარ. საცხოვრებლად ვერ გადავალ. ვერ გავძლებ. არც ის მინდა, ზედმეტი ყურადღებით შევაწუხო.

- საფრანგეთში თუ ჰქონდათ ჩატანილი "ედიტ პიაფი"?

- არა. მაგრამ ალბათ ოდესმე ჩაიტანენ და მჯერა მისი ტრიუმფის...

პ.ს. ეს ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ საოცრად ჰგავს ზღაპარს. ნუცა თვლის, რომ თუ შენში ხელოვნება ბობოქრობს, თუ საკუთარი თავის, ძალის და ნიჭის გჯერა, უფულობა ვერაფერს დაგაკლებს - შეგიძლია 10 დოლარად მოსკოვში ჩახვიდე და სულ რამდენიმე წელიწადში მთელი მსოფლიო აალაპარაკო. და თუ მაინც არ გჯერა ყოველივე იმისა, რაც გიამბეთ, შეგიძლიათ მისი თავგადასავალი "კონკიას" რემიქსულ ვარიანტად ჩათვალოთ...

ავტორი: ეკა მახარაშვილი


კალენდარი
ოქტომბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
15
16
17
18
19
20
22
23
24
25
26
27
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი