რუსეთმა გასულ კვირას საზეიმოდ აღნიშნა თავისი სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების 43-ე წელი, რასაც, ეტყობა, არცთუ შემთხვევით დაემთხვა პრეზიდენტ ბუშის ბრძანებულება- აშშ-მა დაიწყო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ეროვნული სისტემის შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სისტემის ფარგლებში მიმდინარე მე-8 გამოცდა უშედეგოდ დამთავრდა და ანტირაკეტამ ვერ ჩამოაგდო სამიზნე, უკვე მომავალი წლის ბოლოსთვის ექვს ანტისარაკეტო სისტემას პენტაგონი ალასკაზე, 4-საც კი კალიფორნიაში განათავსებს, დამატებით 20 ანტირაკეტა სამხედრო ხომალდებზე იქნება მოთავსებული. ამას დაემატება ასობით საზენიტო "პეტრიოტი", რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია "მიმობნეული". ანტირაკეტების ამ არსენალით პენტაგონი, ბუნებრივია, ვერ უზრუნველყოფს ჩრდილო ამერიკის კონტინენტის სრულ უსაფრთხოებას, განსაკუთრებით კი ათასობით რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან. თუმცა ამერიკელებს განსაზღვრული აქვთ, ადრეული შეტყობინების ორი მძლავრი რადიოლოკაციური სადგურის აგება დიდ ბრიტანეთსა და გრენლანდიაში. ისინი დაახლოებით იმავე კლასისა იქნება, როგორიც რუსებს აზერბაიჯანში, გაბალინში უყენიათ. პენტაგონში არ გამორიცხავენ, რომ შემდგომში ამგვარი სადგურები NATO-ში გაწევრებული ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორიებზეც აიგოს, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს შემდეგს- NATO და პირველ რიგში აშშ, დაინტერესებულნი არიან ამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთში გაფართოებით, რაც მათ ახალ ტერიტორიებს და სივრცეებს მოუპოვებს მორიგი სტრატეგიული ამოცანების განსახორციელებლად.















































































