მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული საქართველო
2002-10-24
"მზე აქ შემიჩერებია": მამია ვარშანიძის გახსენება

ადამიანს ნიჭს ღმერთი აძლევს და ღმერთი განსაზღვრავს მისი ცხოვრების გზას.

შემოქმედი და კერძოდ პოეტი კი, ერთგვარი შუამავალია ზეცას და მიწას შორის, ცოცხალი ნერვია, ანთებული მესამე თვალია, რომელიც ყველაფერს გრძნობს და ხედავს, განიცდის და განსაკუთრებულად წარმოაჩენს.

დღეს მამია ვარშანიძეზე გვინდა გესაუბროთ, პოეტსა და კაცზე, რომელსაც ღმერთმა არა მარტო მწერლობის ნიჭი უბოძა, არამედ უხვად დაასაჩუქრა ადამიანური ღირსებებით.

მამია ვარშანიძე დაიბადა 1916 წელს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ურეხში. 7 წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა, მისი აღზრდა ბიძებმა ითავეს. სკოლის ოთხი კლასის დამთავრების შემდეგ მამია მწვანე კონცხზე მდებარე ტექნიკუმში ჩაირიცხა. მისი პირველი ლექსი "დილა" 1933 წელს დაიბეჭდა. ამ პერიოდში ის უკვე აქტიურად აქვეყნებს ლექსებს საქართველოს ჟურნალ-გაზეთებში, 1935 წელს მამია ვარშანიძე საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი ხდება, ხოლო სამამულო ომის დაწყების პირველი დღეებიდან ჩრდილო-კავკასიის ფრონტზე იბრძვის. ომის დამთავრების შემდეგ სწავლას აგრძელებს ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე.

1946 წელს გამოდის მისი პირველი პოეტური კრებული "მებრძოლის სიმღერები", ამას მოჰყვა პოემა: "ხიხანის არწივები", რის შესახებაც თვითონ პოეტი წერდა: "ხიხანის არწივები" ჩემს საუნჯედ მიმიჩნევია, ეს ხომ სამხრეთ საქართველოს მკვიდრთა, აჭარელთა სულის ეპოპეაა და არაერთი პიროვნების აპოლოგია. "ხიხანის არწივები" ძველი აჭარაა, დღევანდელი და მომავალი აჭარაა, ამ პოემის მაცოცხლებელი დედაძარღვი ეროვნულ-პატრიოტული, რაინდული სულისკვეთებაა, ეს ღვთიური თვისება ჩვენს წინაპრებს, ვინ იცის, რა დროიდან მოსდგამთ".

გუშინდელი დღესავით მახსოვს ბატონ მამია ვარშანიძის მომღიმარე სახე, თბილი გამოხედვა, მამაშვილური დარიგება. ბათუმში ერთ-ერთი ჩემი სტუმრობისას ლექსების წიგნი "ჩემი ტაძარი" მისაჩუქრა. ეს იყო 1996 წელს.

ეს წიგნი დიდი საგალობელია სამშობლოსი, იმ მშობლიური კუთხის, სადაც პოეტი დაიბადა და აღიზარდა, ესაა მისი მშობლიური სოფელი, მთები, ჩანჩქერები და მინდორ-ველი:

"მშობლიური მთების ახლოს

ძველისძველი ქვევრებია,

მოდი, ნახე, მე აქ ვსახლობ,

მზე აქ შემიჩერებია".

პოეტი დიდი სიყვარულით აგვიწერს იმ დღეს, როცა დედამ პირველად ბათუმში ჩამოიყვანა და ქალაქის ბედს აზიარა: დედის სახე, დედის გვერდით გატარებული დღეები, იავნანა, წლები სიყვარულით არის დახატული. პოეტის ლექსის ქსოვილი ისეთი ნაზი, გამჭვირვალე და სუფთაა, რომ ლექსის სტრიქონებს შორის ავტორის სული მოჩანს:

"დედის თვალებს შევფოფინებ ნატვრით

და ხანდახან ჩემს გულს შესძრავს ელდა,

მე სულს მიდგამს დედის სახე-ხატი,

ჩემი დიდი ღვთაებაა დედა".

მამია ვარშანიძე ქართული ლექსის ტრადიციების ერთგულია, ტრადიციულია მისი ლექსის ფორმაც.

მისი შემოქმედება გაჟღენთილია მამულიშვილური სიამაყის გრძნობით, სულის ყოველი სიმით, ყოველი ნერვით თავის მშობლიურ კუთხეზე, აჭარაზე და სრულიად საქართველოზეა შეყვარებული:

"ზღვაო და ცაო, თქვენს ნაკადებში,

თქვენს სილურჯეში სადღაც დამძარით,

მზივ საფიცარო, ჩემო სამშობლოვ,

შენა ხარ ჩემი წმინდა ტაძარი!"

განსაკუთრებული ადამიანი იყო მამია ვარშანიძე, გამორჩეული, კეთილი, დიდთან დიდი, პატარასთან - პატარა, თბილი და მიმტევებელი.

განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა შვილებთან, მისი ვაჟი ნუგზარი იხსენებს: "ეს იყო მართლაც საოცრად დიდი სიყვარული და მეგობრობა ერთად.

არ ყოფილა საიდუმლო, რომ მამისთვის არ გამემხილა. ის იყო ჩემი ერთადერთი მესაიდუმლე, მეგობრობდა ჩემს მეგობრებთანაც. უფროსი ძმასავით გვერდში მედგა ყველგან და ყველაფერში.

საჩუქრად შეგონებების კრებული დამიტოვა - ეს ერთგვარი ანდერძია, რომელსაც მუდამ თან დავატარებ".

მამია ვარშანიძეს დღესაც დიდი სიყვარულით იგონებენ მისი მეგობრები და კოლეგები. ნუგზარ ჯაფარიძე:

"საოცრად მიმნდობი და უღალატო კაცი იყო, შესანიშნავი მოქალაქე, ესეისტი, რედაქტორი.

ეს მან თქვა: "მოდი, მნახე, მე აქ ვსახლობ, მზე აქ შემიჩერებია".

ჩვენი ოჯახები ჯერ კიდევ ომამდე მეგობრობდნენ, დედულეთიც ერთი გვქონდა. ახლა აღარ მახსოვს, როდის ჩამოვართვი პირველად ხელი ბატონ მამიას. ან კი რა მნიშვნელობა აქვს ამას.

ორმოცდაათი წლის იუბილედან მოყოლებული, ყველა მისი შემდგომი იუბილეს მოწმე და მონაწილე გახლავართ.

60 წლის იუბილე, 1976 წლის დეკემბერი. ბათუმის სახელმწიფო თეატრი ორშაბათობით ისვენებს. ბატონი მამიას იუბილეც ორშაბათისთვის დანიშნეს. მერე, ბარე სამჯერ სამი ორშაბათისათვის გადადეს და პარასკევს ეუბნებიან, ბატონო მამია, ხომ იცით, ორშაბათი ბიუროს დღეა, მდივნები დაღლილები იქნებიან, მოდით, სამშაბათისათვის გადავდოთ, ფილარმონიის შენობა რითაა ნაკლები თეატრის შენობაზეო.

ეწყინა მამიას, მაგრამ არაფერი უთქვამს, დათანხმდა.

დაიგზავნა მოსაწვევები. 19-ში იუბილეა. ისევ დაიბარეს საოლქო კომიტეტში.

ბატონო მამია, 19-ში ბრეჟნევის 70 წლისთავია და უხერხული გამოვა თქვენი იუბილეს გამართვა, მოდით, გადავდოთო.

ახლა კი გადაირია კაცი. სტუმრებს რა ვუყო ხალხო, ნახევარი თბილისი მყავს მოწვეულიო.

ყური არავის უგდო... ჩავატარეთ იუბილე დათქმულ დღეს.

ათი წლის შემდეგ, 1986 წელს, 70 წლის იუბილე შედარებით მშვიდად ჩატარდა, ხოლო 80 წლისთავის იუბილეზე პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

მამია ვარშანიძემ საკუთარი სიცოცხლის რისკით ათწლეულობით მალულად ინახა მისი რეპრესირებული მეგობრების ლექსები და აგერ, ახლახან გამოსცა.

მანვე შეადგინა მშვენიერი კრებული: ქართველი მწერლების შემოქმედებიდან ამონარიდი ლექსები, პროზის საუკეთესო ნიმუშები, აჭარის მიმართ მიძღვნილი და ორჯერ გამოსცა.

რამდენი ასეთი კეთილი საქმე ჩამოვთვალო, მისი მოუსვენარი, მუდამ შემართული, ფუტკარივით მოუღლელი შემოქმედებითი ცხოვრებიდან.

ყველა ამ სიკეთესთან ერთად მამია ქალების დიდი მოტრფიალე იყო. ერთ მაგალითს მოგიყვან.

ჩვენი კუთხის ასობით მცხოვრები მესხეთ-ჯავახეთში დაასახლეს. ეს პროცესი ოთხმოციანი წლების დასაწყისიდან იღებს სათავეს.

ჩავედით ასპინძაში მწერალთა კავშირის დელეგაცია, ფრიდონ ხალვაშის ხელმძღვანელობით. აგვისტოს ხვატია.

მთელი ასპინძა ამოსულიყო, ქალიან-კაციანად ყველას ცელი ეჭირა ხელში.

მთის სიცხე, მოგეხსენებათ, ბარისას არა ჰგავს, მეტად მწველია. ვიცით, მამიას წნევა აქვს და ამ სიმაღლეზე არაფერი მოუვიდესო, ვუფრთხილდებით.

უცებ გავიხედე და რას ვხედავ, ოქროსფერ ბალახში დედოფალივით მოდის, არა, კი არ მოდის, მოცურავს ულამაზესი ქალი, მზე ოდნავ გადახრილია სამხრეთისაკენ და მისი სხივები თავთუხისფერ თმებში ისე გაბლანდულა, იფიქრებ, მართლა მზიდან ჩამოსულა მიწაზეო.

ეს კიდევ არაფერი, მოგვიახლოვდა ჩვენი ზმანება, მოკლესახელოებიანი, ყვითელი სპორტული ბლუზა აცვია, ორი პატარა ჯიბით.

მამია უფრო მოწადინებით დააკვირდა ქალს, მერე შლაპა მოიძრო თავიდან, შუბლი ცხვირსახოცით გაიმშრალა და დაძაბული ხმით გამაფრთხილა: ნაღდად მზემ დაგვკრა ბიჭო, მთამ დასიცხვა იცის, თვარა, აბა, ამფერი რამე ჩემს დღეში არ მინახავსო.

იმ ჩვენი ცოდვით სავსე მზის მოციქულმაც, შეგვატყო ამდენი თვალთვალი და ჩურჩული და რა ჰქნა იცით, ჩაიყო ხელი იმ ციცქნა ჯიბეებში და ორი პატარა, სულ პატარა, კვერცხის გულივით ყვითელი მწყრის ბარტყი ამოიღო და ბალახებში გაუშვა.

მერე იაპონურად გაპობილი თაფლისფერი თვალები ეშმაკურად მოწკურა, ოქროსფერ თმებზე ჭილის ქუდი შეისწორა და გაგვშორდა".

დავით თედორაძე:

"მამია ვარშანიძესთან სამი ათეული წელი ვმეგობრობდი. ჩვენ ერთი დედულეთი გვქონდა, უფრო მეტიც, ჩვენი დედები ნათესავები იყვნენ, რაც მე განსაკუთრებულ სიამაყეს მანიჭებდა. ჩემი პირველი წიგნის გზის დამლოცავი ბატონი მამია იყო. მისგან გულწრფელი მოლოცვები და ქათინაურები არასდროს მომკლებია. ბავშვივით სუფთა და გულუბრყვილო გახლდათ. ლექსით ცოცხლობდა, პოეზია იყო მისი საკვები და საზრდო. ბევრჯერ გამჩენია სურვილი მისი რჩეულის შედგენისა, მისთვისაც მითქვამს, მაგრამ არასდროს დამთანხმებია. ფერადი წიგნი-ალბომის დაბეჭდვაც შევთავაზე მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე, სპონსორიც მყავდა ნანახი. არ მინდაო, - უარი მითხრა.

სიკვდილამდე აქტიური იყო. უსაქმოდ ვერასდროს ნახავდით. უყვარდა ფეხით სიარული. იყო დაუღლელი. საკუთარი თავის ფასი იცოდა.

თავდავიწყებით უყვარდა მეუღლე - ქალბატონი თინა გიგინეიშვილი, თვალები კი, ლამაზი ქალებისკენ ყოველთვის გაურბოდა, ერთხელ ხელნაწერი მომიტანა, საშუალება თუ დაგრჩება, იქნებ დამიბეჭდოო. ვკითხულობ წიგნის სათაურს და დაუფიქრებლად ვეუბნები - დაგიბეჭდავ, ახლავე ჩავუშვებ წარმოებაში, მარტო სათაური რად ღირს-მეთქი. "სიყვარული სისხლისაგან იცლება". ასე ერქვა იმ წიგნს. ერთ თვეში დავუბეჭდე და სასიგნალო ეგზემპლარი სავადმყოფოში მივუტანე. ნეტავი გენახათ, როგორ გაიხარა. ათასი მადლობა მითხრა. შემდეგ იქვე მყოფ შვილს, ნუგზარს აუხირდა, ერთ კვირას აქ რა გამაძლებინებს, სახლში წამიყვანეო. მესამე დღეს მოუკვდა მამია ბათუმს, მის მიერ ნაფერებ და ნალოლიავებ ქალაქს, აჭარა-მესხეთს, მისი პოეზიის მკვებავ მხარეებს და მთლიანად საქართველოს.

მასთან, როგორც ავტორთან, მუშაობა რთული იყო. დიდი ძალისხმევა გჭირდებოდა, რამდენიმე მიუღებელი სტრიქონი ამოგეღო. გამონაკლისი, ალბათ, მე ვიყავი. გრძნობდა, როგორ მიყვარდა, როგორ ვაფასებდი და "დათმობაზე" მიდიოდა.

თეატრში მამიას იუბილე ჩატარდა. სტუმრებიცა და მასპინძლებიც მაშინდელ რესტორან "აჭარაში" ბანკეტზე შევიკრიბეთ. რამდენიმე სტუმარი, მამია რომ განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა, ბანკეტზე იგვიანებდა. ვიღაცამ მამიას უჩურჩულა, ეგენი საოლქო კომიტეტის მდივანმა "მოგიტეხა" და ინტურისტში წაიყვანა სავახშმოდო. გადაირია მამია - მოვკლავო, ჩემს სტუმრებთან რა ესაქმებაო. ძლივს დააწყნარეს. ინტურისტში კაცი აფრინეს, ცუდ ამბავს დაატრიალებს, სასწრაფოდ თუ არ გამოუშვებ სტუმრებსო.

ეროვნული მოძრაობა კულიმინაციას აღწევს. ზვიად გამსახურდია ბათუმში, სკვერში მიტინგს მართავს. კოკისპირულზე უარესი წვიმაა. საოლქო კომიტეტის მაშინდელ პირველ მდივანს გურამ ემირიძეს ვიღაცამ ამბავი მიუტანა, მამია ვარშანიძეცაა მიტინგზეო. მე, ჯემალ ქათამაძე და რამაზ სურმანიძე თავისი მანქანით გაგვგზავნა მამია მოიყვანეთო. მიტინგზე ოცდაათ კაცამდე თუა შემორჩენილი, იქცევა ქვეყანა, მამია დგას ძეგლივით ვეებერთელა ქოლგით და უსმენს გამომსვლელებს. მივედი და ვეუბნები: გურამ ემირიძემ გამომგზავნა, ბატონი მამია ამ თავსხმაში მიტინგზეა, არ გაცივდეს, სახლში წაიყვანეთო. უმალვე დაიჯერა, როგორ გაიგოო, რა კარგი კაციაო, როგორ ზრუნავს ჩემზეო - სახლში მისვლამდე ემირიძეს ადიდებდა და ლოცავდა.

წელს მისი რჩეული ლირიკის გამოცემას ვაპირებთ. ხელიხელსაგოგმანები წიგნი იქნება..."

ავტორი: მერი შალვაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი