მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული საქართველო
2002-12-27
"შენდობით მომიხსენიეთ..."

ყველა სოფელში და, საერთოდ, ამ წუთისოფელში არის ერთი სევდიანი ადგილი - სასაფლაო, სადაც ცოტა ხნით მაინც, ყველას იპყრობს საიმქვეყნოზე ფიქრი, ავიწყდება "ზვაობანი საფლავისანი" და ცოდვა-მადლიც სხვაგვარად სწონის. ვისთვის სასაფლაო მხოლოდ მკვდრების სამყოფელი და განსარიდებელი ადგილია, ვისთვის კი - ვისაც მის სიახლოვეს უცხოვრია, ბავშვობიდანვე, ერთგვარი კვლევის, თამაშში შეფარული ღრმა ინტერესის საგანი ხდება. იქ ყველაფერს სხვა ბეჭედი აზის: წარმავლობის, სიკვდილის, ბედისწერის, ღმერთთან თანაზიარობის. მახსენდება ლადო ასათიანის "ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული"... და შემდეგ გამაოგნებელი რიტორიკული კითხვა: "ვის გინახავთ სასაფლაო, თავს რომელი იმეტებდით?"

- ჩემს სოფელში, ჯუთაში, ბავშვობიდანვე ვხედავდი ერთ საფლავის ქვას, რომელიც მინდია არაბულს ეკუთვნის. შემდგომში წაქცეული ვნახე და გავასწორე. ქვაზე დახვეწილად არის გამოსახული ქართულ ჩოხაში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ცალი ხელი ხარისთვის ჩაუვლია რქაში, ცალი კი - თოფისთვის. გუთანიც იქვე, ხარის ფეხებთან გდია. თურმე, მინდია 1921 წელს ზვავმა დალია. მთიულეთში ჰყოლია ნათლული და ეს ქვა იმას ჩამოუტანია, მამაჩემის მონაყოლიდან ვიცი. ბავშვობიდან ვფიქრობდი, ასეთი საფლავის ქვების რაღაც ფორმით დაფიქსირებაზე, შეკრებაზე, - ამბობს ცნობილი ფოლკლორისტი, პროფესორი ამირან არაბული, რომელმაც ახლახან, ჯერ ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, შემდეგ კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მოაწყო გამოფენა "შენდობით მომიხსენიეთ". ამ პროექტის ავტორები მასთან ერთად არიან პოეტი ეთერ თათარაიძე და მხატვარი თენგიზ მირზაშვილი.

გამოიფინა 120 ფერადი ფოტოსურათი და ამასთანავე - ეპიტაფიები. ეს არის პირველი ფართომასშტაბიანი ღონისძიება, თუმცა, მხოლოდ დასაწყისი, რადგან სრულად ვერ მოხერხდა თუნდაც იმ მასალის გამომზეურება, რაც ფოტოფირზე დაფიქსირდა. არადა, საქმე საშურია და ბოლომდე მისაყვანი, რადგან დრო - ამ შემთხვევაში - კატასტროფულად "მუშაობს" იმ ქვებზე. დრო-ჟამმა ბევრს ისედაც დაუკარგა იერ-სახე. შეიძლება, მალე საერთოდ აღიგავოს მიწისაგან, მაგრამ ახლა უკვე გაჩნდა იმედი.

წლეულს, 2002 წლის 7 აგვისტოს, დაიწყო ის მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, რომელიც საფლავის ქვების დაფიქსირებას და ეპიტაფიების შეგროვებას ისახავდა მიზნად. დაიწყეს ერწო-თიანეთით. ივრის ხეობაში პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა უმეგზურათ. მოიარეს სიმონიანთხევი, ჩეკურაანთგორი, ჟებოტა, ახალსოფელი, ლიშო, არტანი... შემდეგ იყო მცხეთის შემოგარენი: წინამძღვრიანთკარი, ბიწმუნდი, ახატანი, საგურამო, ზედაზენი. ამას მოჰყვა ალგეთის ხეობა: ფარცხისი, ახალსოფელი, შოხნარი, მარაბდა... შემდგომ - თეთრიწყაროს რაიონი, მანგლისი. უნდა აღინიშნოს, რომ მარაბდის სასაფლაოზე ცხრა ძმა ხერხეულიძის ცხრავე საფლავის ქვა დაცულია და თითოეულ მათგანს ბორჯღალის გამოსახულებიანი პატარა ქვანიში აქვს, სხვა საფლავებისგან გამორჩეულად. ჯგუფის წევრები ესტუმრნენ კასპის რაიონსაც: სოფელი ქვემო ხანდაკი, კავთისხევი, თვალადი, გუდალეთი, ნოსტე, მთიულთუბანი, წინარეხი, ქვათახევი - უამრავი ქვა დაფიქსირდა ფირზე. ნაწილობრივ კახეთიც მოიარეს: საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის, თელავის და ყვარლის რაიონები. ესტუმრნენ ქსნის და არაგვის ხეობებსაც, ხევის სოფლებსაც. თავად უხდებოდათ გამწმენდი სამუშაოების შესრულება - ეკალბარდისგან, ბალახებისა თუ ხავსისაგან ასუფთავებდნენ საფლავის ქვებს.

სამწუხარო ის არის, რომ ეს ხელობა - ქვითხუროობა, ფაქტიურად, დაიკარგა. არავინ იცის, ვისი ნაოსტატარია ეს უნიკალური ქვები; ბევრი მათგანი, როგორც აღნიშნეს, ფიროსმანის დონის შედევრია. არადა, თითქმის ყველა მათგანი ანონიმი, უჩინარი ავტორის ხელქმნილია. ერთადერთი დუშეთის რაიონის სოფელ არახვეთში ნახეს ცოცხალი ქვითხურო - ავთანდილ ბურდული, რომელიც დღესაც აგრძელებს მამაპაპურ ხელობას.

...გამოფენის შთაბეჭდილებათა წიგნიდან, მწერალ გივი შაჰნაზარის ჩანაწერი: "ღმერთო, ახლაღა მივხვდი, სად იწყებოდა ფიროსმანის ხელოვნების უკვდავება, მის ღვთაებრივ სულსა, გონებასა და თვალს ასეთი ეროვნული გენიალურობა (მაპატიოს ნიკალამ ეს "ხმამაღალი სიტყვა) არ გამორჩებოდა".

ვერაფერს დავუმატებთ. ჩვენ, ჯობია ისევ იმ გზას გავუყვეთ, რომელიც, თუნდაც მლეთის ქვემოთ მდებარე პატარა სოფელ სეფეში მიგვიყვანს. მარტო იქ სამი ფირი გადავიღეო, - ამბობს ბატონი ამირანი და თან ღიმილით დასძენს, - ყველა ქვას აწერია: "დამფასა (დამაფასა) შვილმა", "დამფასა მამიდამ", "დამფასა" ამან და ამან... ერთს კი "დამფასა ჩემმა ამაგმა".

რა თქმა უნდა, ესტუმრნენ გოდერძი ჩოხელის ლეგენდარულ გუდამაყარსაც. ალბათ გახსოვთ მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი "აღდგომა". იგი სწორედ აქ, დუმაცხოში და მაქართაშია გადაღებული. ეს ფილმიც ერთგვარი ბიძგი იყო ამირან არაბულის იდეის განხორციელებისა ისევე, როგორც, რამდენიმე წლის წინ, თენგიზ მირზაშვილის, მინდია ესაძის, გოჩა ღულელაურის შედგენილი ხელნაკეთი ალბომი "არაგვის ხეობის საფლავის ქვები", სადაც სულ რაღაც ოცამდე ექსპონატია წარმოდგენილი.

საფლავის ქვები და ეპიტაფიები ერის კულტურული მემკვიდრეობის ის ნაწილია, რომელმაც ყველაზე უტყუარად შემოგვინახა ხალხური ხელოვნება, ხალხის მსოფლმხედველობა თუ რელიგიურობა; თითქმის ხელუხლებელი საბადოა, რადგან ამ მხრივ ძალზე მწირი ლიტერატურა მოიპოვება. გარდასული მკვლევარების - ექვთიმე თაყაიშვილის, მარი ბროსეს, გიორგი ჩიტაიას, იოსებ მეგრელიძის, ანა ბაქრაძის, სიმონ ბოლქვაძის, თეიმურაზ ბარნაველის, თანამედროვეთაგან კი ელდარ ნადირაძის, ვალერი სილოგავას, სიმონ ლეჟავას, მინდია ესაძის მიერ მოძიებული მასალები მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ეპიგრაფიკულ ძეგლებს შეიცავს, რაც ნამდვილად არა ქმნის იმ საერთო სურათს, რასაც ფოლკლორისა და ეთნოლოგიის, შეიძლება ითქვას, ეს ახალი დარგი მოიცავს. შესასწავლია თითოეული რაიონი, თითოეული სოფელი თუ სამაროვანი; როგორც ამერისა, ისე იმერისა, სრულიად საქართველოსი. ამჯერად, ძირითადად აღმოსავლეთ საქართველო იქნა წარმოდგენილი, დასავლეთიდან მხოლოდ მარტვილის რაიონი: ბანძა, ნახარებაო, ხონი, ჭოგნარი, უბირი და მაღლაკი.

ჩნდება იმედი იმისა, რომ ამ მართლაც საშვილიშვილო საქმემ, იქნებ დაკარგული ეროვნული ცნობიერებაც აღგვადგენინოს. მარტო ის რად ეღირება, ამხელა განძის მფლობელები თუ დღევანდელი პომპეზური სასაფლაოების "რევიზიაზეც" დავფიქრდებით. ეს ხომ, როგორც ბატონი ამირანი იტყოდა, არის სიბრმავე, სიჩლუნგე, გემოვნების დეგრადაცია, შეურაცხმყოფელი ჩვენი ისტორიის მქონეთათვის.

სწორედ ამიტომ და იმიტომაც, რაც ზემოთ აღვნიშნეთ, უნივერსიტეტში გამოფენის გახსნის დღეს გაჩნდა იდეა: ვინაიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ ეს ქვები აღარ იქნება, ამიტომ, რაც შეიძლება მალე უნდა მომზადდეს და გამოიცეს მაღალი პოლიგრაფიული დონის წიგნი ან ალბომი, სადაც სრულყოფილად იქნება წარმოდგენილი ეს ქვები და ეპიტაფიები, შესაბამისი გამოკვლევებით. ეს იქნება საქართველოს ზოგადი სახე - ჩვენი საერთო, ქართველი წინაპრის საფლავის გადარჩენა. ამას კი, მოგეხსენებათ, შესაბამისი სახსრები ესაჭიროება. უკვე გაიხსნა ანგარიში, რომლის რეკვიზიტებია:

საზღვაო ბანკის თბილისის ფილიალი

კოდი 203868207

ანგარიში ლარის - 001360836

ანგარიში სავალუტო - 01070232.

ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრი.

შეძლებულ პირებს, ორგანიზაციებსა თუ კერძო ფირმებს ვთხოვთ, ამ ეროვნული საქმისთვის გაიღონ წყალობა.

რუსუდან გაბროშვილი



კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი