მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული საქართველო
2002-12-27
ჭიანჭველები

იყო და არა იყო რა, იყო ერთი სოფელი, თუ რაიონული ცენტრი, თუ ქალაქი, ან დიდი ქალაქი, ან ქალაქ-სახელმწიფო, თუ პატარა ქვეყანა, ან სულაც, დიდი ქვეყანა, რომელსაც ჭუჭრუტანა ერქვა. იგი გარშემო სულ მთებით იყო შემორკალული. მთებით, რომლებიც კეცზე გამომცხვარ ჭადს მოგაგონებდათ. მზეზე გამომხმარი თიხისგან, ყვითელი და დაბზარული მთათა სისტემა, ღობესავით შემოეღობა ჭუჭრუტანას. მზე ამ ქვეყანაში მრგვალი არ იყო, იგი მთელს ცაზე გაშლილიყო. დილით ადრე ამოდიოდა და მხოლოდ ღამე ჩადიოდა. ჩასვლის შემდეგაც ახერხებდა თავისი ნაწილაკების მიწაზე დატოვებას. ყველაფერში იყო მზის პატარა ნატეხები: გაყვითლებულ ბალახში, გამომშრალ მიწაში, ტყეების გახუნებულ ფერებში, მოლივლივე მდინარეებში, მთვარეში, ვარსკვლავებში, ცხოველების თვალებში, ბავშვების სიზმრებში და დედების იავნანაში. ზეცა აქ მიუწვდომლად მაღალი იყო. მხოლოდ ერთი მთის მწვერვალი სწვდებოდა. ეს მწვერვალი მუდამ ნისლში იყო გახვეული. იქ არავინ არასოდეს ყოფილა, მაგრამ სწორედ ეს მწვერვალი, ნისლში გახვეული და უხილავი ჭუჭრუტანას ასევე ნისლში გახვეულ და უხილავ საზღვრად ითვლებოდა. საზღვრად, რომელიც ლეგენდას უფრო ჰგავდა, ვიდრე სინამდვილეს. მისი არსებობა არც არავის დაუმტკიცებია და არც სჭირდებოდა ვინმეს.

ჭუჭრუტანაში ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებსაც ერთი უცნაურობა ჰქონდათ. ისინი არასოდეს არ გასცდენიან თავიანთი ქვეყნის საზღვრებს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იცოდნენ სხვა ქვეყნების არსებობის შესახებ. ისინი ხუმრობდნენ კიდეც: "ჭუჭრუტანელი ჭიანჭველებიც კი არ სტოვებენ სამშობლოს". ყოველ დილით შეგეძლოთ დაგენახათ ორ რიგად დარაზმული ჭიანჭველები როგორ მიემართებოდნენ სწორედ ნისლიანი მთის დასალაშქრად. მაგრამ ასევე ორ რიგად ჩამწკრივებულები, ყოველ საღამოს, უკან ბრუნდებოდნენ. არავინ იცოდა, რა უნდოდათ ჭიანჭველებს იმ მთის მწვერვალზე, მთავარი იყო, რომ ბრუნდებოდნენ. იძახოდნენ, ჭიანჭველები საზღვრის სადარაჯოდ დადიანო.

ჭუჭრუტანაში ერთი მეოცნებე, პატარა ბიჭი ცხოვრობდა, სახელად აგლო. იგი ზეცამდე ხელით მიწვდენაზე ოცნებობდა. რა ხერხი არ იხმარა ოცნების ასახდენად: ხან კიბეზე ავიდა, ხან ხეზე, ხანაც შეხტომით აპირებდა ზეცისთვის ხელის მიწვდენას. მაგრამ ხომ გეუბნებით, ამ ქვეყანაში ცა მიუწვდომლად მაღალი იყო.

ერთხელ, ვახშმობის დროს, აგლოს პურის ლუკმაში ერთი ჭიანჭველა შეჰყვა და პატარა ბიჭუნამ იგრძნო, როგორ შეჭამა სხვისი სიზმარი. სიზმარი, რომელიც ოცნებით იყო სავსე. სიზმარი, რომელიც მის პატრონს ჯერ არც კი დასიზმრებია. სიზმარი, რომელიც იმ ჭიანჭველას სადღაც ძალიან შორს მიჰქონდა. სიზმარი, რომელსაც აგლო სიზმარშიც კი ვერ ნახავდა.

ღამე აგლოს პატარა, ოქროსთმიანი ბიჭუნა დაესიზმრა, ბიჭუნა მზეზე ოცნებობდა. აგლომ თავისი სამშობლო სხვის სიზმარში ნახა: მთები, რომლებიც კერპთაყვანისმცემლებივით რკალად ჩამდგარიყვნენ და რაღაც რიტუალურ ცეკვას ასრულებდნენ; მზით მოფენილი ზეცის გალავანი, რომელიც მთებს მჭიდროდ ეხურება თავზე; ბუნება, რომელშიც ლურჯი ფერი მზის სხივების სიყვითლეს ამოუჭამია და ადამიანები, რომლებიც თავიანთი თმისა და თვალების სიშავით თითქოს მზეს უპირისპირდებიან.

მეორე დღეს აგლო მთელი დღე ნანახ სიზმარზე ფიქრობდა. აგლო მიხვდა, რომ ადამიანების სიზმრები მათთვის ჭიანჭველებს მოაქვთ, მაგრამ საიდან? ალბათ ზეციდან! ისინი ხომ ყოველ დღე ნისლიანი მთის მწვერვალზე ადიან და საღამოს უკან ჩამოდიან. ალბათ იქ არიგებენ სიზმრებს.

მეორე ღამესაც აგლომ იგივე სიზმარი ნახა და დილით კიდევ უფრო ჩაფიქრებულმა გაიღვიძა. მას სხვისი სიზმრის უნებლიე ქურდობა ადარდებდა. აგლო მთელი დღე ლოგინში იწვა, ფანჯრიდან ნისლიან მთას გაჰყურებდა და ოქროსფერთმიან ბიჭუნაზე, რომელსაც მან ოცნება მოჰპარა, ფიქრობდა.

მესამე ღამესაც იგივე სიზმარი ნახა აგლომ. დილით გაიღვიძა თუ არა, საგზალი ჩაილაგა და ჭიანჭველებს გაჰყვა ნისლიანი მთის მწვერვალში. ერთადერთი, რაც მან ზუსტად იცოდა, ის იყო, რომ სიზმარი პატრონს უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ როგორ?! რა დახვდება იმ მთის მწვერვალში? ვინ ურიგებს ჭიანჭველებს სიზმრებს და როგორ შეხვდება აგლოს გამოჩენას? იქნებ, ჭიანჭველები სულაც არაფერ შუაში არიან და იმ ნისლში ღმერთი ცხოვრობს, ან ღმერთები, ან ანგელოზები, ან ჭიანჭველების ღმერთები, რომლებსაც ადამიანები არ უყვართ, განსაკუთრებით ის ადამიანები, სხვისი სიზმარი რომ დაღეჭეს და გადაყლაპეს. ასე ფიქრობდა აგლო, სანამ ჭიანჭველებთან ერთად ნისლიან მთას ლაშქრავდა.

ნისლიანი მთის დალაშქვრა კიბეზე ასვლა არ გეგონოთ! გაცილებით უფრო რთული გამოდგა. ხან კუნძზე წამოდო ფეხი და წაიქცა, ხან ფოთოლზე მოცურდა და კინაღამ ხევში გადავარდა, ხან დათვის ღრიალი მოესმა, ხან წვიმა წამოვიდა და თავიდან-ფეხებამდე დაასველა, ხანაც გზა აებნა და ჭიანჭველების კვალი ძლივს მონახა.

ხოდა, ბევრი იარა, თუ ცოტა, აგლომ მიაღწია მთის მწვერვალს. მთის მწვერვალზე მას არაფერი არ დაუხვდა: არც ღმერთი, არც ღმერთები, არც ანგელოზები, არც ჭიანჭველების ღმერთები, რომლებსაც ადამიანები არ უყვარდათ, განსაკუთრებით კი ის ადამიანები, სხვისი სიზმარი რომ დაღეჭეს და გადაყლაპეს, მხოლოდ ნისლი. ცისფერი, მდუმარე და სველი ნისლი.

დაღლილი აგლო მთის მწვერვალზე ჩამოჯდა და ნაღვლიანად იყურებოდა ცარიელ ნისლში. უეცრად მას ჭიანჭველები გაახსენდა. ნეტავ მათ აქ რაღა დაუკარგავთ?! აგლომ დაიხედა მიწაზე და რა დაინახა?! საოცრება! ჭიანჭველები სულაც არ ტრიალდებოდნენ და არ ბრუნდებოდნენ უკან სახლში, ისინი მშვიდად განაგრძობდნენ თავიანთ გზას. გადადიოდნენ მთის მეორე მხარეს და წინ-წინ მიიწევდნენ. ხოლო ის ჭიანჭველები, რომლებსაც ყოველ საღამოს ხედავდნენ მის სამშობლოში, მთის გაღმიდან მოსული ჭიანჭველები ყოფილან. ისინიც გადმოდიოდნენ მთაზე და ჭუჭრუტანისკენ მიემართებოდნენ.

ორი სხვადასხვა მიმართულებით მიმავალი ჭიანჭველები დაინახა თუ არა, აგლოს გაახსენდა, რომ თავისი ოცნება აიხდინა, ზეცას ხელითაც შეეხო და მთელი სხეულითაც. მეტი რაღა უნდა სდომებოდა, მაგრამ შეჭმულ სიზმარს რა უყოს?! პატრონი უნდა მონახოს. აუცილებლად უნდა მონახოს! ეს გადაწყვიტა თუ არა, გაჰყვა ჭუჭრუტანელ ჭიანჭველებს უცხო ქვეყანაში. აგლო ფიქრობდა, რომ სწორედ იმ ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეს ოქროსფერთმიანი ბიჭუნა. სწორედ მაშინ, როდესაც მან თავისი ოცნება აისრულა, ვერაფრით მოჰპარავდა ოცნებას სხვას.

აგლო მიდიოდა და ფიქრობდა: "ნეტავ ვინ თქვა, რომ მთის მწვერვალზე არის საზღვარი?! ჭიანჭველები თუ გადადიან მთაზე, ჩვენ, ადამიანებს, რატომ არ შეგვიძლია, ნეტავ?! არც არავის უცდია და..." მოკლედ, ბევრი იარა, თუ ცოტა, მივიდა უცხო ქვეყანაში. დიდი უცნაური ქვეყანა იყო. აქ ზეცა სასწაულად დაბლა იყო, პირდაპირ ფეხებში გებლანდებოდა. ჰაერი კი ისეთი სველი, რომ ჯერ ხელით უნდა დაგეწურა და მხოლოდ შემდეგ გადაგეყლაპა. დღე და ღამე სულ ერთად იყვნენ, ერთად თენდებოდნენ და ერთად ღამდებოდნენ, ამიტომ, უმეტეს წილად, სულ ღამე იყო. მუდამ ნისლი იდგა და ყოველი სტუმარი მხოლოდ შემთხვევითი გამვლელი იყო, რადგანაც ორ ნაბიჯში აღარ ჩანდა, ხოლო ასეთ ნისლში მას ხელმეორედ ნამდვილად ვეღარასოდეს შეხვდებოდი. ადამიანები ისე ცხოვრობდნენ, არც კი იცოდნენ ზეცაზე მნათობების არსებობაზე რამ. აქ ღამე მთვარე და ვარსკვლავები არ იყო, ხოლო დღე მზე არსად ჩანდა. წვიმა კი ისე ხმაურიანად წვიმდა და თოვლი ფეხქვეშ ისე ხმამაღლა ჭრაჭუნებდა, რომ ადამიანის ხმა თითქმის არ ისმოდა, ხოლო ზამთარში ისე ციოდა, რომ პირიდან ამოსული სიტყვა ჰაერშივე იყინებოდა, ამიტომ, უმეტეს წილად, სულ ჩუმად იყვნენ. სამაგიეროდ, რძე ძალიან თეთრი, ბალახი ძალიან მწვანე, წყალი ძალიან ლურჯი, მიწა ძალიან შავი და წვიმა ძალიან სველი იყო. ყველაფერს თავისი ფერი და თავისი სახელი ჰქონდა.

ყველამ იცოდა - ვაშლი წითელია, შაქარი ტკბილი, წყალში შეიძლება დაიხრჩო, ყინული ცივია, ცეცხლი ხელს წვავს, ღრუბელს წვიმა მოაქვს, ყვავილს კარგი სუნი აქვს, ძროხა რძეს იწველება, დედას შვილი უყვარს და ღმერთი სადღაც შორს ცხოვრობს. თუმცა, ეს უკანასკნელი ჭუჭრუტანელებმაც იცოდნენ. სწორედ ასეთ ქვეყანაში ცხოვრობდა ბიჭუნა, რომელსაც თმაში მზის სხივები ჰქონდა აბურდული და მზეზე ოცნებობდა.

აგლომ ყველა ამ უცნაურობაში მშვენიერი ვერაფერი შეამჩნია. იგი ისე იყო გართული ოქროსფერთმიანი ბიჭუნას ძებნით, სხვა არაფერი აინტერესებდა. მხოლოდ დადიოდა და აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, იქნებ სადმე, სიზმარში ნანახი ბიჭი, დაენახა.

ბევრი იარა, თუ ცოტა, ბოლოსდაბოლოს, შეხვდა თავისი სიზმრის ბიჭუნას, რომელიც ამ დროს გზისპირას, ქვაზე იჯდა და ნისლიანი მთის მწვერვალს სევდიანად გაჰყურებდა. "რას ფიქრობს, ნეტავ?" იფიქრა აგლომ და ბიჭუნას მიუახლოვდა.

- მე შენი სიზმარი შევჭამე!!! - უთხრა აგლომ და მორცხვად თვალები დახარა.

ბიჭუნამ არ უპასუხა.

- მე შენი სიზმარი შევჭამე!!! - გაუმეორა აგლომ და წინ ჩაუდგა. ბიჭუნამ მშვიდად შეათვალიერა და კითხვით სავსე თვალები მიაპყრო.

- მე შენი სიზმარი შევჭამე-მეთქი!!! - ისევ გაიმეორა აგლომ.

- მერე, რა ვქნა ახლა?! რას მთავაზობ, მე შენი სიზმარი შევჭამო?! - დაცინვით იკითხა ბიჭუნამ.

- აუუ, მე ამხელა გზა იმისთვის კი არ გამომივლია, ვიღაცებმა დამცინონ. უბრალოდ, სიზმრის დაბრუნება მინდოდა. ხო და, თუ არ გჭირდება, წავიღებ უკან!!! - იწყინა აგლომ და წასვლა დააპირა.

- შენ რა, მართლა შეჭამე ჩემი სიზმარი? - გასძახა ბიჭუნამ.

- აბა, აქ რა დამიკარგავს?! - ჩაიბურტყუნა აგლომ.

- კარგი, კარგი! ნუ ბრაზდები! ყველამ იცის, რომ სიზმარი დავკარგე და მეგონა, მეხუმრებოდი უბრალოდ. იმიტომაც გიპასუხე ასე! - აღელდა ბიჭუნა, - რა ვქნათ ახლა? როგორ დამიბრუნებ სიზმარს?

- მოგყიდი, გინდა? - ჩაიცინა აგლომ.

- მომყიდი? - გაიკვირვა ბიჭუნამ.

- არა, ვიხუმრე. - ვეღარ მოითმინა აგლომ და სიცილი დაიწყო. ბიჭუნამაც გაიცინა.

- არა, მართლა! როგორ უნდა დამიბრუნო?

- მე მგონი, ერთად უნდა დავიძინოთ და ხელები ჩავკიდოთ ერთმანეთს. თვითონ დაგიბრუნდება! - სერიოზულად აუხსნა აგლომ.

- ხოოო! ალბათ მართალი ხარ! - ჩაფიქრდა ბიჭუნა.

ოქროსფერთმიანმა ბიჭუნამ აგლო სახლში წაიყვანა. ღამე ისინი ერთ ლოგინში დაწვნენ და ხელები ჩაკიდეს ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, აგლომ ღამე ისევ ის სიზმარი ნახა. დილით ადრე, ძალიან დანაღვლიანებულს გაეღვიძა. ოქროსფერთმიან ბიჭუნას ჯერ კიდევ ტკბილად ეძინა. აგლო კი ფიქრობდა: "არ უშველა ჩემმა მოფიქრებულმა ხერხმა! სხვა ხერხი უნდა ვეძებოთ. ნეტავ ვის ეცოდინება, როგორ უნდა სიზმრის დაბრუნება?!" ამასობაში ბიჭუნამაც გაიღვიძა:

- ოხ! რა მადლობელი ვარ შენი, რომ იცოდე!!! რამდენი ხანია, სიზმარი არ მინახავს! თანაც, ეს სიზმარი ყველაზე ლამაზია ჩემს სიზმრებში. - გახარებული ყვებოდა ბიჭუნა.

- რა სიზმარი ნახე? მომიყევი, რა! - გაიკვირვა აგლომ.

- ვნახე: მთები, რომლებიც კერპთაყვანისმცემლებივით რკალად ჩამდგარიყვნენ და რაღაც რიტუალურ ცეკვას ასრულებდნენ; მზით მოფენილი ზეცის გალავანი, რომელიც მთებს მჭიდროდ ეხურება თავზე; ბუნება, რომელშიც ლურჯი ფერი მზის სხივების სიყვითლეს ამოუჭამია და ადამიანები, რომლებიც თავიანთი თმისა და თვალების სიშავით თითქოს მზეს უპირიპირდებიან.

სანამ ბიჭუნა ყვებოდა, აგლო ფიქრობდა და უეცრად მიხვდა: ეს სიზმარი სულაც არ ყოფილა სხვისი. იგი აქ უნდა მოსულიყო და ეს ქვეყანა ენახა, იმისთვის, რომ მიმხვდარიყო ამას.

აგლოს გუნება გამოუსწორდა. მას გაახსენდა მშობლიური მთები, რომლებიც კერპთაყვანისმცემლებივით რკალად ჩამომდგარიყვნენ და რაღაც რპიტუალურ ცეკვას ასრულებდნენ; მზით მოფენილი ზეცის გალავანი, რომელიც მთებს მჭიდროდ ეხურება თავზე; ბუნება, რომელშიც ლურჯი ფერი მზის სხივების სიყვითლეს ამოუჭამია; ადამიანები, რომლებიც თავიანთი თმისა და თვალების სიშავით თითქოს მზეს უპირისპირდებიან და მოგზაური ჭიანჭველები, რომლებმაც იგი აქ მოიყვანეს!

აგლომ საგზალი ჩაილაგა, მეოცნებე ბიჭუნას დაემშვიდობა და სახლისაკენ გაუდგა გზას. არც უკან დაბრუნება გამოდგა ადვილი. ბევრ სირთულეს გადაეყარა აგლო, მაგრამ ამაზე სხვა მოთხრობაში მოგითხრობთ...

ავტორი: ნინო იაკობიძე


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი