მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული საქართველო
2002-12-27
კარლო ჯორჯანელი: "ჩემი შაგრენის ტყავი ხელისგულისოდენაც აღარ არის!"

- . . . . . . . .

- ქალბატონო რუსუდან, ვიდრე კითხვებს დამისვამდეთ, უნდა გამოგიტყდეთ, რომ ინტერვიუს გაცემაში ხამი კაცი ვარ, გამოცდილება თითქმის არ გამაჩნია. ყოველთვის თავს ვარიდებდი. ახლაც რომ დაგთანხმდით, ამას ჩემს ასაკს ვაბრალებ. თავს ვარიდებდი, იმიტომ კი არა, რომ მუდამ მოუცლელი ვიყავი, ანდა იმიტომ კი არა, რომ გულჩათხრობილი და უიმედოდ კარჩაკეტილი მიზანთროპი გახლავართ; არა და არა. უბრალო მკითხველისა (თუ მსმენელისა) მერიდებოდა. ბანალური ამბების თხრობით მისი მოცდენა და გადაღლა არა მსურდა.

ინტერვიუს, როგორც ჟურნალისტიკის ერთ-ერთი პერსპექტიული ჟანრის წინააღმდეგი ვინ შეიძლება იყოს, მაგრამ მისი ამღებიც და გამცემიც მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს იგი საზოგადოებრივად საინტერესო და სასარგებლო, ამაღელვებელი და დაუვიწყარი, გულწრფელი და სანდო გახადოს.

- ბატონო კარლო, თქვენ ასაკს შეეხეთ და ამით ხომ არ დაგვეწყო, რამდენი წლის ბრძანდებით?

- სამოცდაჩვიდმეტის. ასე რომ, ჩემი შაგრენის ტყავი, ალბათ ხელისგულისოდენაც აღარ არის. ცოტა დრო დამრჩა - ამქვეყნად უძვირფასესი რამ, უზოგადესი და უნივერსალური კატეგორია. დროში არსებობს ყოველივე. ალბათ, დარჩენილი დროის სიმცირემ მიბიძგა, ინტერვიუზე უარი რომ არ გითხარით.

- შაგრენის ტყავი კვლავაც გიხსენებიათ ჩემი თანდასწრებით, კარგად მახსოვს. შემთხვევითია, თუ რითია გამოწვეული?

- ვგონებ, ახლაც მომიწევს, ოღონდ ამჯერად, როგორც ბალზაკის შესანიშნავი რომანის "შაგრენის ტყავის" სახელწოდებისა. სკოლაში კარგად ვსწავლობდი. ვიყავი ის, ვისაც პირველ მოწაფეს ეძახიან, მაგრამ ეს არაფერი. ჩემი ტრიუმფის არენა ბიბლიოთეკა იყო. რკინიგზის მე-4-5 სრულ საშუალო სკოლას, სადაც ვსწავლობდი, გვარიანი ბიბლიოთეკა ჰქონდა. ნორჩი მკითხველები უმთავრესად შესვენების დროს შევდიოდით და რიგში ვდგებოდით მოაჯირით შემოზღუდული წიგნთსაცავის წინ, გრძელ მაგიდაზე, როგორც დახლზე, ოდნავ დახრილ მწკრივებად დალაგებული წიგნების ასარჩევად, რაშიც ბიბლიოთეკარი გვეხმარებოდა. დაახლოებით მეხუთე-მეექვსე კლასიდან ჩემი გასტუმრება ბიბლიოთეკარს სულ უფრო და უფრო უჭირდა. საქმე ის გახლდათ, რომ სკოლიდან სახლში მისვლისთანავე, კითხვას ვიწყებდი, ხელების დაბანისა და ჭამის დაწყებისთანავე, ვკითხულობდი სწრაფად და გატაცებით. ამიტომ ბიბლიოთეკარის შემოთავაზებისთანავე ჩემი პასუხი იყო: - წავიკითხე, წაკითხვული მაქვს-მეთქი! - დრო მიდიოდა, ზარის დარეკვის დრო ახლოვდებოდა. ბავშვები მოუთმენლად იცდიდნენ. ბოლოს ბიბლიოთეკარმა გამოსავალი მოძებნა. დამინახავდა თუ არა, რაზით ჩაკეტილ მოაჯირის პატარა კარს გამიღებდა და წიგნთსაცავში შემიშვებდა, რათა თვითონ ამერჩია წასაკითხი მასალა, რასაც სიამაყით აღვსილი ჩემპიონივით სიამოვნებით ვიქმოდი კიდეც. ზედა კლასებში ჩემს თავს უკვე დიდად ნაკითხ კაცად ვრაცხდი. შეიძლება ითქვას, ყველაფერს ვკითხულობდი განურჩევლად, რაცკი ხელში ჩამივარდებოდა, გაზეთების უახლოეს ჯიხურში ჩემთვის შემონახულ ძველი და ახალი ჟურნალებით დაწყებული და გათავებული ჩემი ასაკისათვის ხშირად შეუფერებელი და ძნელად გასაგები მხატვრული ლიტერატურით. დიახ, თავი ნაკითხი მეგონა, მაგრამ ზედა კლასებში ერთხელაც ბალზაკის "შაგრენის ტყავი" ჩამივარდა ხელში, სულმნათი გერონტი ქიქოძის მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი.

გარდა იმისა, რომ ამ რომანში დრო ფილოსოფიური სიღრმითა და დამაჯერებლობით განიხილება, ადამიანის სიცოცხლის ხანმოკლეობა და შესაძლებლობათა სიმცირე მისი ერთ-ერთი პერსონაჟის პირით შემდეგნაირად არის ნათელყოფილი: "დაბეჭდილი ტომების რიცხვი მილიარდს სჭარბობს, ადამიანის სიცოცხლე კი იმდენად მოკლეა, თხუთმეტი ათასის წაკითხვაც შეუძლებელია. "ამ რიცხვებმა თავზე გადავლებული ცივი წყალივით გამომაფხიზლა და ვიგრძენი, ზღვის კოვზით დალევას ვლამობდი. რიცხვები, რასაკვირველია მიახლოებითია, მაგრამ მათი მასშტაბი, მათი შეფარდება კი - დიდად საგულისხმო, მით უფრო ჩვენი ეპოქისათვის, როდესაც პოლიგრაფიაში კომპიუტერი დამკვიდრდა. კითხვის ჟინი არ გამქრობია, მაგრამ სიამაყეს სამუდამოდ დავეუბრე. ვფიქრობ, ყოველი ახალგაზრდა, თუ სურს ჰუმანიტარულად განათლებული იყოს, მშობლიური ლიტერატურის კლასიკოსთა უმთავრეს თხზულებებს მაინც უნდა იცნობდეს, აგრეთვე თანადროულ გახმაურებულ წიგნებს - ე.წ. ბესტსელერებს და მსოფლიო ლიტერატურის ცალკეულ შედევრთა საუკეთესო თარგმანებს. ეს მხოლოდ ძალიან სქემატურად მოხაზული, მაგრამ არცთუ იოლად მისაღწევი მინიმუმია, რომელმაც ყოველ მკითხველში ინდივიდუალური იტერესებით გამოხატული კონკრეტული შინაარსი უნდა შეიძინოს. სიმრავლე ცალკეულ პიროვნებისათვის არის პრობლემა, თორემ კაცობრიობისათვის დილემას არ წარმოადგენს: წიგნთსაცავებში რაც უფრო მეტი წიგნი იქნება, მით უკეთესი. დაე, ყველამ იმით ისარგებლოს, რაც სჭირდება და რაზეც ხელი მიუწვდება.

- მხატვრული ლიტერატურით ისეთი გატაცება, როგორიც თქვენ ბრძანეთ, ადრე თუ გვიან,პრიორიტეტების გაჩენას იწვევს, მკითხველს საყვარელი ლიტერატურული ჟანრები და ავტორები უჩნდება. თქვენთანაც იგივე განმეორდა?

- დიახ, მართალს ვამბობთ. ეს უკვე სკოლის ზედა კლასებში მოხდა: თანდათანობით სიტყვაკაზმული მწერლობისაკენ გადავიხარე (მიაქციეთ ყურადღება: სიტყვაკაზმულს რომ ვამბობ, უბრალოდ ბელეტრისტიკას კი არ ვგულისხმობ, არამედ ისეთ მწერლობას, სადაც მარტო სათქმელს კი არ ექცევა ყურადღება, არამედ იმასაც, როგორ ითქმება, სადაც სიტყვის ესთეტიკური ფუნქციაა წინ წამოწეული და იღბლიან შემთხვევაში პოეტური პროზის მწვერვალებამდე მაღლდება. ავტორთა ვრცლად ჩამოთვლა კი აქ უადგილო იქნებოდა. ვიტყვი მხოლოდ, რომ თანდათანობით ევროპულმა ლიტერატურამ (ფართო გაგებით - რუსული ენის მეშვეობით), ხოლო სტუდენტობისას გერმანულმა ენამ და ლიტერატურამ დაიჭირა გაბატონებული ადგილი. გერმანულს ბავშვობიდანვე ვსწავლობდი, ამიტომ უნივერსიტეტში გერმანისტიკის განხრით სწავლამ განაპირობა გერმანულის დომინირება, თუ პირიქით, გერმანული ლიტერატურით დაინტერესებამ - ცენზის მიღება, ახლა ძნელი სათქმელია.

თქვენ პრიორიტეტები ახსენეთ და მეც ზემოთ თითქოს თავი ავარიდე მათ ჩამოთვლას, მაგრამ, როგორც მთარგმნელმა, ორიოდე მათგანი მაინც უნდა დავასახელო ნათარგმნი ლიტერატურიდან.

ახალგაზრდობაში ჩემი სამაგიდო წიგნები იყო: აქ უკვე რამდენჯერმე ხსენებული "შაგრენის ტყავი" და "წიგნი ტრისტანისა და იზოლდასი". მათი მთარგმნელის ენა, გერონტი ქიქოძის ენა უბიწო ქართულად მიმაჩნდა. ასევე კონსტანტინე გამსახურდიას მიერ თავისუფლად (ერთი-ორგან უზუსტოდაც კი) თარგმნილი გოეთეს "ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი", სადაც ნაწარმოების სული უფაქიზესი ენობრივი ქსოვილით არის გადმოცემული, მის მიერვე თარგმნილი დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედია" და ქრონოლოგიურად უფრო ადრინდელი ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილი შექსპირის ტრაგედიები. ამ მთარგმნელთა მიბაძვა შეგნებულად არასოდეს მიცდია, მაგრამ არაცნობიერად მათ უთუოდ ზემოქმედება მოახდინეს ჩემზე და სტილზეც წარუშლელი კვალი დატოვეს.

- რამდენადაც ვიცი, თქვენ მაღალი სტილის მოყვარულად მიაჩნიხართ და გაუკრიტიკებიხართ კიდეც.

- "მაღალ სტილში", ალბათ მაღალფარდოვნებას გულისხმობთ. თუ ასეა, მაშინ გმადლობთ, რომ დამინდეთ. ხოლო თუ ეს გამოთქმა პირდაპირი მნიშვნელობით იხმარეთ, ე.ი. კარგი სტილის მნიშვნელობით, მაშინ პატივი დაგიდვიათ და უკვე ორგზის იმსახურებთ მადლობას.

ამ შეკითხვით ჩემი სულის სათუთ სიმს შეეხეთ. თუ საერთო-სახალხო ენას ფრონტის უწყვეტ ხაზად წარმოვიდგენთ, მაშინ მის მარჯვენა ფრთაზე მაღალი სტილის სიტყვა-თქმები და სხვა გრამატიკული, ვთქვათ, სინტაქსური საშუალებები დალაგდება, ხოლო მარცხენაზე - ვულგარიზმები, ბარბარიზმები, არგოტიზმები და ა.შ. დღესდღეობით ვერ ვიტყვით, მაღალი სტილი აღორძინების სტადიაშიაო. როგორც ჩანს, მას მაღალფარდოვნების შიშით გაურბიან. ამ მოვლენასთან უშუალო კავშირში არ უნდა იყოს, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ყველაზე კაპიტალურ განმარტებით ლექსიკონში, რომელშიც ფართოდ აისახა ხალხოსნების ლექსიკა, ეს მოხდა რომანტიკოსებისა და ძველი და ახალი აღთქმის წიგნების ლექსიკის ხარჯზე. ქართული საუკეთესო ენობრივი ტრადიციების შენარჩუნება-განვითარებაა საჭირო. დღეს კი ზოგჯერ პირიქით ხდება: ახალგაზრდებში (მწერლებში, ჟურნალისტებში და ა.შ.) ვულგარიზმებით კეკლუცობაც კი შეიმჩნევა. ბილწსიტყვაობა, მჯერა, კარგ ტონად ვერასოდეს იქცევა.

რაც შეეხება მაღალფარდოვნებას, ჩვენს დროში იგი მხოლოდ პაროდიის იარაღად შეიძლება გამოვიყენოთ, რასაკვირველია, თარგმნის პროცესშიც, თუკი საამისო საბაბს დედანი იძლევა. ამ ნახევარი საუკუნის წინ მე და ჩემმა თანამოაბჯრემ - გიორგი ჯორჯანელმა (იგი ჩემი მოგვარე გახლდათ მხოლოდ) ჰაინეს "მოგზაურობის სურათები" ვთარგმნეთ (1957 წ. გამოიცა). ჰაინე დღესაც მის სამშობლოში საუკეთესო სტილისტად და პოეტური პროზის დიდოსტატად მიაჩნიათ. ამავე დროს იგი დაუნდობელი პაროდისტიც გახლდათ, მაგრამ როგორც დიად შემოქმედთ ხშირად ემართებათ, ერთი პარადოქსული წინააღმდეგობრიობაც ახასიათებდა. ზოგჯერ თავად ქმნიდა იმის ბრწყინვალე ნიმუშებს, რის პაროდირებასაც ახდენდა. თარგმანი საზოგადოებამ კარგად მიიღო. ჟურნალ "ცისკარში" ნ.ქართველიშვილმა კონგენიალური უწოდა, მაგრამ ერთმა უეჭველად კომპეტენტურმა და პირუთვნელმა გერმანისტმა კრიტიკოსმა ჟურნალ "მნათობში" დაბეჭდილ ვრცელ რეცენზიაში ქებასთან ერთად მაღალფარდოვნებასა და "გამსახურდიზმებში" დაგვდო ბრალი. როგორც ჩანს, მხედველობიდან გამორჩა კომენტარი, ამ საკითხს რომ მივუძღვენით. ჩემთვის ამ კომენტარს პრინციპული მნიშვნელობა აქვს და ამიტომ იქნებ აქ მთლიანად გადმოვიწეროთ წიგნიდან: ..."ჰაინე აქ და მომდევნო სტრიქონებში იყენებს შესაბამის ადგილებს გოეთეს "ვერთერიდან" და, მიზნად ისახავს რა XIX საუკუნის 20-იან წლებში პოპულარული, ე.წ. "ოსიანისებური" სანტიმენტალური პოეზიის პაროდირებას (როგორც ოდესღაც სერვანტესი - რაინდული რომანისას), თავად ქმნის რიტმული პროზის უბადლო ნიმუშს, რომელსაც პაროდიის მსუბუქი ჩარჩო კიდევ უფრო ამშვენებს და ათავისუფლებს იმ გადამეტებული გრძნობიერებისაგან, სანტიმენტალიზმით შეპყრობილ პოეტებს რომ ახასიათებდათ "(ჰაინრიჰ ჰაინე, "მოგზაურობის სურათები", გვ. 552).

კრიტიკული შენიშვნა საბედისწერო გამოდგა, რადგან მხატვრული თარგმანის სახელმძღვანელოში მოხვდა, რომელსაც დღესაც იყენებენ, თუმცა მოძველებულია, მისი საგრძნობი ნაწილი სხვათა რეცენზიებს ეყრდნობა და თარგმანის თეორიაში მარქსისტულ-კომუნისტური იდეოლოგიის ცნებათა შემოტანის უხეშ ცდას წარმოადგენს. ახალგაზრდა მთარგმნელთა მოსამზადებელ ჯგუფებში ცალკე თემად "ამუშავებენ" "მოგზაურობის სურათების" პოეტური პროზით ჩვენეული თარგმანის შტამპადქცეულ კრიტიკულ ვერსიას. დამოუკიდებლად შესწავლა ხომ უფრო შრომატევადი და ძნელი საქმეა, ვიდრე სახელმძღვანელოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული თვალსაზრისის მექანიკური გამეორება.

"გამსახურდიზმების" საკითხიც, ვგონებ, ნათელი უნდა იყოს. "ვერთერზე" დაწერილ პაროდიის თარგმნისას ჩვენ ქართული "ახალგაზრდა ვერთერის ვნებანის" პოეტური ლექსიკა გამოვიყენეთ.

- ხუთი ათეული წლის განმავლობაში მოღაწეობისას მრავალი ერთიმეორისაგან განსხვავებული სტილის ნაწარმოები გაქვთ თარგმნილი. ამიტომ თქვენი, როგორც სტილისტის, შეფასებისათვის მასალა უხვადაა დაგროვებული, ანუ თქვენი პრაქტიკული საქმიანობით ამომწურავ პასუხს იძლევით, რა როგორ უნდა გაკეთდეს.

- მთარგმნელი დედნის სტილს უნდა იმეორებდეს, რა თქმა უნდა, მშობლიური ენის არსენალის ოსტატურად მოშველიებით. ეს აქსიმომაა. ჰოლდერლინის "ჰიპერიონის" თარგმნისას, მაგალითად, ასევე ქართული პოეტური პროზის და პოეზიის მოანაპოვრები, კერძოდ, კი "ჰიპერიონის" ქრონოლოგიურად და სულისკვეთებითაც მისი ჯუფთი XIX საუკუნის I ნახევრის ლექსიკური ფონდი გამოვიყენე, თორემ დედანშივე ძნელად გასაგები მისტიკური პასაჟების მდარედ გაშიფვრა უფრო იოლი საქმე იქნებოდა.

სულ სხვა ამპლუაში ვგრძნობდი თავს ბერტოლტ ბრეჰტის პიესების ან ერიჰ მარია რემარკის რომანის "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა" თარგმნისას. "კავკასიური ცარცის წრეში", მაგალითად, "გამსახურდიზმებს" მიკროსკოპითაც ვერ აღმოაჩენთ. რემარკის ბატალურ რომანში კი ე.წ. დეპეშური სტილის ელემენტებია გამოყენებული.

კრიტიკამ, უსამართლომაც კი, არ უნდა დაგვაბნიოს, მით უფრო არ უნდა გაგვაბოროტოს, რაგინდ გულნატკენი ვიყოთ, შიგ მოთმინებით უნდა ვეძიოთ რაციონალური მარცვალი. მეც მას შემდეგ უფრო ფრთხილადა ვარ, როცა სიტყვების ზარხოში მომეძალება ხოლმე, რათა მათმა მუშკმა და ამბრმა არ დამათროს.

- შემდეგ შეკითხვას, ისედაც საინტერესოს, თქვენი თარგმანების ფართო სპექტრი ბადებს, ზემოთ დასახელებულებისა და სხვა მრავალთა გარდა, აქ გვხვდება ანდერსენის ზღაპრებიც, კორნეი ჩუკოვსკის საბავშვო პოემებიც და თომას მანის ინტელექტუალური რომანიც - "დოქტორი ფაუსტუსი", რომელიც ახლახან გამოჩნდა წიგნების მაღაზიების თაროებზე. რა ნიშნით ირჩევთ სათარგმნ მასალას?

- სიყვარულის ნიშნით. მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელი მოხიბლული უნდა იყოს იმით, რასაც თარგმნის, უნდა სწამდეს, რომ ამ თარგმანით შეიძლება წვრილმანი, მაგრამ ღირებული რამ შეაქვს მშობლიური ენისა და ლიტერატურის ბეღელში. უფრო მეტიც: ზოგი იმიტომ თარგმნის, რომ ამ გზით გაამჟღავნოს თავისი მრწამსი. ბოლშევიზმის ეპოქაში ცენზურა მუდამ მძვინვარებდა, მაგრამ იყო პერიოდები, როდესაც განსაკუთრებით თრგუნავდა თავისუფალ აზრს. ვერაფერს დაბეჭდავდი. აუცილებლად ხოტბა უნდა შეგესხა კოლმეურნეობისათვის, გემღერა ტრაქტორისათვის, თითქოს ბოლშევიზმის ატრიბუტი ყოფილიყო, გეძაგებინა "სისხლისმსმელი" კულაკები და ა.შ. ამიტომ ჩემი თაობის შემოქმედთაგან ბევრი მთარგმნელობას იწყებდა, სხვისი პირით ლამობდა სათქმელის თქმას. საყოველთაოდ ცნობილია პასტერნაკის ხვედრი. ჩემი მეგობრებიდან კი დავასახელებ: გიორგი ჯორჯანელს (პოეტს, გოეთეს "ფაუსტის" I ნაწილის მთარგმნელს), კარლო ქილარჯიანს (რომენ როლანის "ჟან-კრისტოფის" მთარგმნელს), შოთა ჩანტლაძეს (პოეტს, ფრიდრიჰ ნიცშეს "ასე უბნობდა ზარათუშტრას" მთარგმნელს), თამაზ ჩხენკელს (პოეტს, მწერალს, რაბინდრანათ თაგორის "გიტანჯალის" და სხვა მრავალი ნაწარმოების მთარგმნელს)... შოთა ჩანტლაძის ხსენებისას ერთი გულის ამაჩუყებელი ეპიზოდი მაგონდება: ნიცშეს თხზულებები აკრძალული იყო. დედანს სად ვიშოვიდით, მაგრამ რუსული თარგმანი მე მქონდა. ცნობილი "ვრემიას" მიერ გამოცემული. ბიბლიოგრაფიული იშვიათობა. შოთამ მთხოვა, მეც ვათხოვე და უკან ვეღარ მივიღე. ჯერ რამდენჯერმე მოვიკითხე წიგნი, მაგრამ ამაოდ. მერე დავეხსენი, მივხვდი, ვეღარ ელეოდა. თუ თარგმნიდა, ჩემთვის არ გაუნდვია, ალბათ იცოდა, მასზე ასაკით უფროსი, უკვე ასპირანტი, მას, სტუდენტს, მენტორივით ვეტყოდი, დედნიდან უნდა ითარგმნოს-მეთქი. მან მაინც თარგმნა და, კარგადაც, თუმცა გამოქვეყნების არავითარი პერსპექტივა არ არსებობდა...

თარგმანთა ვრცელი სპექტრიო, ამბობთ, ეს იოლად შეიძლება აიხსნას დროის ვრცელივე მონაკვეთით, რომელშიც ეს თარგმანები იქმნებოდა. დღევანდელი გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ, ალღო თითქოს არ მღალატობდა: ბერტოლტ ბრეჰტის "კავკასიური ცარცის წრის" თარგმნა, მაგალითად, უთუოდ წინაპირობა და ბიძგი იყო რობერტ სტურუას "უბერებელი" სპექტაკლის შესაქმნელად.

- რაოდენობის მხრივ ალბათ შეიძლება, მაგრამ აქ ინტერესთა მრავალფეროვნებაც უნდა ვიგულისხმოთ, რადგან თქვენ აგრეთვე გეკუთვნით გერმანული ენის რამდენიმე სახელმძღვანელო, ნაშრომები ლიტერატურათმცოდნეობისა და ლექსიკოლოგიის საკითხებზე, მონოგრაფია "ევფემიზმები და სიტყვის ტაბუ"...

- ამ მხრივ ძველი ყაიდის ფილოლოგებს ვემსგავსები, თანაბრად რომ იკვლევდნენ ენისა და ლიტერატურის საკითხებს. მაშინ მასალა შეუდარებლად მცირე იყო, დღევანდელთან შედარებით. ამიტომ ინტერესების შეზღუდვა აუცილებელია, რათა სიღრმე უზრუნველვყოთ: ვთქვათ, ცუდი არ არის, თუ ზოგადად ქართული ლიტერატურის ისტორიის სპეციალისტად წარმოგვიდგება ვინმე, მაგრამ უფრო საიმედოა (და დღეს ასეც არის) ვიწრო სპეციალიზაცია, ვთქვათ, უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიკოსი, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიკოსი და სხვა სპეციალობათა დამაზუსტებელი დიფერენციაცია მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. რაც შემეხება მე, ჩემი ცხოვრების მანძილზე ამგვარი ზიგზაგები შეინიშნება. ხან რომელი სფერო დომინირებდა და ხან რომელი. ამ დროს მთავარია დილეტანტიზმში ვერ გამხილონ, სიღრმეში წვდომა შესძლო.

- ასეთი ხელხვავიანობა, თანაც ესოდენ ხანგრძლივად, საყოფაცხოვრებო პირობების გარკვეულ სტაბილურობას მოითხოვს, საყოველთაოდ გავრცელებული აზრის მიხედვით, შემოქმედ ადამიანებს ხელშემწყობი პირობები და განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. ხშირად ამბობენ, რომ ოჯახი და შემოქმედება ერთმანეთს ძნელად ჰგუობს და ხშირად ერთ-ერთი მსხვერპლად ეწირება მეორეს. თქვენ შემთხვევაში სრულიად განსხვავებულ ფაქტთან გვაქვს საქმე - ოჯახში ორი მწერალი ცხოვრობთ, თქვენ და თქვენი მეუღლე პოეტი დოდო გვიშიანი...

- სწორია, საყოველთაოდ გავრცელებული აზრი ასეთია, მაგრამ ჩვენთვის ეტალონებად ქცეულ გენიოსთა ბიოგრაფიებს თუ გადავხედავთ, გამონაკლისებიც ბევრია. შედევრები საშინ პირობებშიც შეუქმნიათო, - შეუძლიათ გვითხრან. - უკეთეს პირობებში მეტს შექმნიდნენო, - გვეუბნებიან, ამის პასუხად. პასუხის პასუხი კი იქნებოდა: - პირიქით, ხშირად შეჭირვებული მდგომარეობა აიძულებდათ ეღვაწათ, მუზასავით იყო მათთვისო და ა.შ. ერთი სიტყვით, ყოველი შემოქმედი განუმეორებელი ინდივიდუალობაა და მისი ბედ-იღბალიც ინდივიდუალურად უნდა განვიხილოთ. ჩვენს ორგანიზებულ საუკუნეში მაინც, როდესაც მსახიობები, პოეტები, მხატვრები, მუსიკოსები არცთუ ურიგო საქმიან თვისებებს ავლენენ, "შემოქმედი ადამიანების" ცალკე გამოყოფა მაინცდამაინც პროდუქტულად არ მესახება. ყურადღება ყველას სჭირდება: ჩვილ ბავშვს, დედამისს, საერთოდ მოყვასს, მათ შორის ატომურ წყალქვეშა გემზე მომუშავე მეზღვაურსაც, ზოგჯერ ექვსი თვით და მეტით რომ მოწყვეტილია ახლობლებს. ხოლო ბევრად უფრო მეტი ყურადღება სჭირდება ოჯახს, ადამიანის ყველაზე საიმედო ნავთსაყუდელს, სახელმწიფოს საყრდენ უჯრედს, მომავალ თაობათა აღმზრდელ კერას, თუკი, რასაკვირველია, გვინდა ოჯახი, ხოლო თუ არა გვსურს, თუ ვინმესთვის ოჯახი სამუდამო მონობის წყაროა, ფრთების შეკვეცა, თავისუფლებაზე უარის თქმაა, მაშინ წინ გამოდის ის, რაც გვინდა. მე ამ მეორე კატეგორიას არ ვეკუთვნი. ოჯახს უამრავ დროსა და ენერგიას ვუთმობ. რაც შეეხება ორი მწერლის თანაარსებობას, ამას დადებითი მხარეც აქვს: შინ მუდმივად ინტელექტუალურ გარემოში იმყოფები, გეხმარებიან ან ეხმარები, გირჩევენ, გაკრიტიკებენ, ან შენ ურჩევ, აკრიტიკებ, ამხნევებ, ანუგეშებ და ა.შ. ამდენი სერიოზული მსჯელობის შემდეგ, თუ ჩვენს თავს გახუმრების უფლებას მივცემთ, მაშინ გეტყვით, რომ სხვა დანარჩენი ზემოთ - ც ნაწილაკში მოვაქციე. ცოლ-ქმრული ურთიერთობა მამაკაცისა და დედაკაცის ურთიერთობიდან გამომდინარეობს და მამაკაცებს მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ქალი (მიუხედავად იმ წარმატებებისა, რასაც მათ მე-20 საუკუნეში მიაღწიეს მრავალ სფეროში) ჩვენზე უფრო სუსტი არსებაა (ბიოლოგიურად, ბევრ რამეში), უფრო ნაზია, მგრძნობიარეა და განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება. ზოგისაგან გაიგონებთ, ემანსიპაციას მიაღწიეს და პრივილეგიებიც შეინარჩუნესო: გზა უნდა დაუთმო, ადგილი უნდა დაუთმო, ბარგი უნდა ჩამოართვა და შენ ატარო. დიახ, დიახ, სწორედ ასე უნდა იყოს. რაინდული მიდგომა მთელ ცხოვრებას შნოსა და ლაზათს მატებს.

- თქვენ ე.წ. "უღმერთობის პერიოდში" მოგიხდათ ცხოვრება. ახლა რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა. გუშინდელი ათეისტები დღეს პირჯვრის გადაწერას და სანთლის ხელში დაჭერას სწავლობენ. რას ნიშნავს თქვენთვის რელიგია?

- ჰო, ათეისტურ გარემოში ვიზრდებოდი. პირველი შეხება რელიგიასთან ანტირელიგიური ლიტერატურის კითხვისას და მაშინდელი ჟურნალ-გაზეთების თვალიერებისას მომიხდა, რომლებიც სავსე იყო გაბანჯგვლული ხუცესების გამოსახულებებით, მტრული შარჟებითა და ნაკვესებით, ეკლესიისა და სასულიერო პირთა მიმართ. მახსოვს ბიჭები, ჩემი სკოლელები, როგორ უშენდნენ ქვებს კათოლიკური ეკლესიის კედლებს, ვიტრაჟებს და დიაკვანსაც, კაფანდარა უშნო კაცს, როცა ის ლანძღვით გამოეჭრებოდათ ხოლმე ეკლესიის ეზოში (ქუჩის ერთ მხარეზე სკოლა იყო, მეორეზე - ეკლესია). მე არ ვმონაწილეობდი. როგორც წესიერ მოსწავლეს შეჰფეროდა, სკოლის შემდეგ შინ მიმეჩქარებოდა, წიგნებთან. ეკლესიის გალავნის მიღმა ჩემთვის უცნობი სამყარო იყო.

ზედა კლასებში ისევ ლიტერატურამ, სადაც უამრავი რელიგიური სიტყვათქმები, ხოლო ზოგჯერ მთელი სიუჟეტებიც მხვდებოდა, გამიღვიძა ინტერესი. რელიგიური ლიტერატურა აკრძალული ხილივით იყო და მეც წყაროებს ძებნა დავუწყე, ხოლო ერთ სევდიან კვირა დღეს ლიტურგიაზეც შევედი იმ კათოლიკურ ეკლესიაში (მეც იქვე ახლოს ვცხოვრობდი) და შემდეგ დროდადრო დავდიოდი, ვისმენდი საორღანო მუსიკას და საეკლესიო საგალობლებს ლათინურ ენაზე, რომელსაც მცირერიცხოვანი ქორო ასრულებდა. მეშვიდე ცაზე დავფრინავდი. გავიცანი ქოროს წევრები, შემდეგ პატერიც... აქ უნდა გავჩერდე, თორემ ისე ღრმად შევტოპავ, ფონს ვეღარ ვიპოვი. ვიტყვი მხოლოდ, მაშინ ახალგაზრდისათვის ამგვარი საქციელი უჩვეულო და გაბედული გახლდათ. თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს და შემდეგ სახელმწიფოს დამოკიდებულება ეკლესიასთან შერბილდა, მაგრამ არა კათოლიკურთან. მერე ქაშვეთსა და სიონში გადავინაცვლე. ქართული გალობით ვტკბებოდი, მაგრამ საორღანო მუსიკისათვის მთელი სიცოცხლე არ მიღალატია.

თქვენ გეღიმებოდათ, როცა ყოფილი ათეისტების ვაინაჩრობაზე ლაპარაკობდით, მართლაც ღიმილის მომგვრელია, მაგრამ რას იზამთ, ღვთისმოსაობასაც აღზრდა და სკოლა სჭირდება. ტაძარში სიარულს კი ნურავის დავუძრახავთ. იქ განმარტოება განსაკუთრებით არასადღესასწაულო დღეებში საოცრად ამშვიდებს და ამაღლებს ადამიანს.

კაცობრიობა არსებობის გარიჟრაჟიდანვე გრძნობდა სამყაროსა და ჩვენი მყოფობის ღვთაებრიობას და პრიმიტიული კულტებიდან დღემდე დიდად განვითარებული კონფესიებით მოვიდა. ყოველ მათგანს ამ ღვთაებრიობის ლოცვა-კურთხევა და ქება-დიდება აკისრია, აგრეთვე ადამიანის ზნეობრივი ამაღლება, სამართლიანობა, შემწყნარებლობა, სიყვარული, შენდობა. კს კი იოლი საქმე არ არის, როდესაც ინტერესთა ამგვარი ჭიდილია. ყოველ ადამიანს, განურჩევლად მისი კონფესიისა, პირველ რიგში ვუსურვებდი სინდისის ლამპარი არ ჩაქრობოდეს გულში, თავად იყოს საკუთარი თავის მკაცრზე უმკაცრესი მსაჯული და ცოდვა სტანჯავდეს. ვინც ქვეყნიერება დააპროგრამა (მომიტევეთ, აქ თანადროული ტერმინის ხმარება), მან ადამიანს ჯილდოდ სამართლიანობის გრძნობა მომადლა. ვინც ამ გრძნობის შენარჩუნებას ახერხებს, ის ბედნიერია...

- ამჟამად რაზე მუშაობთ?

- ვთარგმნი ქართველ გერმანულენოვანი მწერლის, ფილოსოფოსის და პოლიგლოტის - გივი მარგველაშვილის ავტობიოგრაფიული რომანის - "კაპიტანი ვაკუშის" პირველ წიგნს. დიდი ხანია მინდოდა მისთვის ძეგლი ამეგო, ამ მართლაც უნიკალური ბედისა და ნიჭის ადამიანისათვის, ქართველი ემიგრანტის შვილისათვის. იგი, საბჭოეთის ტყვე, რამდენიმე ათეული წელი ბერივით ჩაკეტილი იჯდა საბურთალოს მასივის ერთოთახიან ბინაში, წერდა და წერდა. ქართველი დისიდენტებისათვის (სრულიად სპონტანურად, სხვათა შორის) იდეოლოგიურ უდაბნოში მწვანე კორდივით იყო და მაგნიტივით იზიდავდა მათ. რომანი მრავალმხრივ საინტერესოა, ანალოგიური პროცესები, რაც მარგველაშვილის ბავშვობის და ყრმობის ხანაში გერმანიაში მიმდინარეობდა, შეიმჩნეოდა ჩვენთანაც, როგორც მსგავს ტოტალიტარულ ქვეყანაში. ისტორიულ ფაქტებსა და ქარგებს ავტორი საოცარი ხატოვანებითა და ალეგორულობით აღწერს...

- თქვენ არაფერი გითქვამთ თომას მანის "დოქტორ ფაუსტუსზე", რომელიც წიგნისადმი ყურადღების ტოტალური შესუსტების მიუხედავად, მკითხველთა მოწონებით სარგებლობს წიგნის ბაზარზე.

- თომას მანის შემოქმედების ყადრი ქართველმა მკითხველმა უკვე იცის და შეიძლება ესეც ხელს უწყობდეს სქელტანიანი და რთული რომანის გავრცელებას. მე იგი რვა წლის წინათ ვთარგმნე და მხოლოდ ახლაღა მოხერხდა მისი გამოცემა. მინდა მადლობა გადავუხადო გოეთეს ინსტიტუტის თბილისის ფილიალს, მათ გამოუქვეყნებელ თარგმანში პირველი პრემია მომანიჭეს. ფულადი ჯილდო დიდად დამეხმარა მის გამოცემაში. რომანი ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის წლებში (43-45 წ.წ.) იწერებოდა და თანამედროვეობის მრავალ საჭირბოროტო საკითხს განიხილავს, თუმცა ომი და გერმანიის დანაშაული კაცობრიობის წინაშე ჩრდილად ადგას მის საგრძნობ ნაწილს და ჩარჩოსავითაც კრავს მას. თ.მანი მარადიულ ფაუსტურ თემას XX საუკუნის კარდინალურ პრობლემებს ამყნობს... მაგრამ კმარა... დანარჩენი სხვა დროს იყოს. მადლობა თქვენ, უსაზღვროდ მადლობა მკითხველს.

ესაუბრა რუსუდან გაბროშვილი



კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი