მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული საქართველო
2002-12-27
საქართველო არასოდეს დაივიწყებს

უკვე კარგა ხანი გავიდა, მაგრამ მას, ვინც ამა წლის 12 მაისს საქართველოს მწერალთა სასახლის დარბაზში იმყოფებოდა, არა მგონია დაავიწყდეს ეს დღე, რომელიც გამოჩენილი რუსი პოეტისა და მთარგმნელის, უსაზღვროდ განათლებული პიროვნების, საქართველოს ერთგული მეგობრისა და კეთილისმყოფელის, ვადიმ კოზოვოის ხსოვნას მიეძღვნა. მწერალთა კავშირის ხელმძღვანელებმა, თანამშრომლებმა ყოველგვარი პირობები შექმნეს, რათა ეს საღამო შესაფერის დონეზე ჩატარებულიყო. თბილისში ამ დროისათვის ჩამოვიდა ვადიმ კოზოვოის ქვრივი, ბორის პასტერნაკის ცხოვრების მეგობრის ოლგა ივინსკაიას ქალიშვილი, თავადაც საუკეთესო ლიტერატორი ირინა ემელიანოვა, რომელმაც მანამდე გამოსცა და ჩვენთანაც ჩამოიტანა ძვირფასი მეუღლის ხსოვნის უკვდავსაყოფი უაღრესად დიდი ღირსების კრებული "შენი შეურყეველი სამყარო". ამ კრებულის მნიშვნელობაზე ქვემოთ ვიტყვით ორიოდ სიტყვას.

ვადიმ კოზოვოი ადრეული ყმაწვილობიდანვე სულისშემხუთველი, მისივე გამოთქმა რომ გამოვიყენოთ, "ტყუილების გროვაზე დამყარებული, ყველაზე საძაგელი, მახინჯი და მომაკვდინებელი" საბჭოური ტოტალიტარიზმის შეურიგებელი მოწინააღმდეგე იყო და 1957 წელს, მოსკოვის უნივერსიტეტში მეოთხე კურსზე სწავლისას, 19 წლის ხარკოველი ჭაბუკი არალეგალური ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს - იგი სისასტიკით ცნობილ ლუბიანკაში მოხვდა. მალე 8 წლის პატიმრობა მიუსაჯეს (აქედან 6 წელი მოიხადა) და გადაასახლეს. მორდოვიის ბანაკებში ყოფნის დროს გაიცნო მან დედასთან ერთად გადასახლებული თავისი მომავალი მეუღლე ირინა ემელიანოვა, ბორის პასტერნაკის შვილობილი, რომელთანაც ბევრი საერთო იპოვა (ხასიათების შეწყობის გარდა, ფრანგული კულტურის, ფრანგული ლიტერატურის გამორჩეული სიყვარული) და რომელმაც ცხოვრების ძნელ გზაზე სამაგალითო ერთგულება, თანადგომა გაუწია. ვადიმ კოზოვოის სახელი პირველად ჩემი დაუვიწყარი მასწავლებლის, ბატონ აკაკი გაწერელიასგან გავიგე. 1972 წელს საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთ საუკეთესო ჟურნალში "ვოპროსი ფილოსოფიი" წაეკითხა მისი უღრმესი წერილი "პოლ ვალერი ინტელექტუალური უნივერსალიზმის ძიებაში" და აღფრთოვანებული მეუბნებოდ, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ეს პიროვნება ახლოს უნდა გავიცნოო. ოთხი წლის მერე კოზოვოიმ გამოსცა (უმრავლესობა მისი თარგმანები იყო, კომენტარებიც მასვე ეკუთვნოდა) პოლ ვალერის რჩეული ესეეი ხელოვნებაზე მალე ღრმად განსწავლული ლიტერატორის, საუცხოო ქართველოლოგის პეტერბურგელი ტატიანა ნიკოლსკაიას მეშვეობით, ბატონმა აკაკი გაწერელიამ მიწერ-მოწერა გააბა ვადიმ კოზოვოისთან და თბილისში მოიპატიჟა იგი, რამდენჯერმე ტელეფონითაც დაელაპარაკა. ბატონმა აკაკიმ მაშინ მითხრა - ვადიმი თბილისში აპირებს პასტერნაკის არქივის მოზრდილი ნაწილის ჩამოტანას და ეს დიდი ამბავი იქნებაო (აღნიშნული არქივი ამჟამად გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმშია დაცული და მისი აღწერილობა, მასალები წიგნადაც გამოიცა). ეს ამ ოცდაორი წლის წინათ იყო.

ხსენებულ საღამოს მწერალთა კავშირში ჟურნალ "ლიტერატურნაია გრუზიას" რედაქტორი, ცნობილი ლიტერატურათმცოდნე ზაზა აბზიანიძე უძღვებოდა. მან ილაპარაკა რუსულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების იმ მდიდარ ტრადიციებზე, რის საფუძველზედაც სულ ახლო წარსულში რუს და ქართველ მწერლებს უმჭიდროესი კავშირი, გულითადი მეგობრობა ჰქონდათ ერთმანეთთან, გაიხსენა რუს პოეტთა სახელოვანი პლეადა, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა მრავალსაუკუნოვანი ქართული პოეზიის პოპულარიზაციის ესოდენ საშურ საქმეში. ზაზა აბზიანიძემ ზოგადად თქვა მხატვრული თარგმანის უდიდეს მნიშვნელობაზე და საგანგებოდ შეეხო ამ საქმეში ვადიმ კოზოვოის წვლილს.

ჩვენმა უბრწყინვალესმა, ენციკლოპედიური განათლების სწავლულმა და მთარგმნელმა ბაჩანა ბრეგვაძემ გულთბილად გაიხსენა ვადიმ კოზოვოისთან პირადი შეხვედრები და საუბრები, ის უშუალობა და წარუშლელი შთაბეჭდილება, რაც ვადიმის პიროვნებამ მასზე მოახდინა. საგანგებოდ აღნიშნა, რომ ალაგ-ალაგ, როცა ამას საჭიროება მოითხოვს, კოზოვოი უფრო მოქნილს ხდის პოლ ვალერის ტექსტის ერთგვარ სიხისტეს, ეს კი მართლაც იშვიათი ღირსებაა.

რევაზ კვესელავამ, რომელიც არაერთი შესანიშნავი წერილისა და სცენარების ავტორია, თქვა თუ ვადიმ კოზოვოის როგორი კულტი იყო აკაკი გაწერელიას ოჯახში (ბატონი აკაკის შთამომავლები დღემდე სიყვარულით იგონებენ განსვენებულის სტუმრობას, თავაზიანობას), აღნიშნა ვადიმ კოზოვოის თარგმანების, ესეების, კომენტარების უმაღლესი პროფესიონალიზმი.

ნიჭიერმა ახალგაზრდა ხელოვნებათმცოდნემ და კრიტიკოსმა დავით ანდრიაძემ ღრმა პატივისცემითა და სიყვარულით ილაპარაკა იმ თვალსაინო ამაგზე, რაც ვადიმ კოზოვოიმ რუსულ და ფრანგულ კულტურებს, მთარგმნელობით ხელოვნებას დასდო, აღნიშნა მისი ესეებისა და გამოკვლევების არაჩვეულებრივი სიღრმე, მიმზიდველობა, მოქნილობა, ენის სიმდიდრე.

ხსოვნის საღამოზე გამოვიდა ირინა ემელიანოვას თანმხლები, მისი ახლო მეგობარი, გამოჩენილი საბავშვო მწერლის ვიქტორ დრაგუნსკის ქვრივი ქალბატონი ალა დრაგუნსკაია, რომელმაც ძალზე საინტერესოდ ილაპარაკა ვადიმ კოზოვოის მთარგმნელობით მოღვაწეობაზე, სინანულით აღნიშნა, რომ ნაადრევმა სიკვდილმა არ დააცადა, ბოლომდე გამოევლინა თავისი შესაძლებლობანი.

მე თვითონ გავიხსენე თუ როგორ შევხვდი ვადიმ კოზოვოის გაწერელიების ოჯახში, ჩემს მეგობრებთან ერთად (გივი გეგეჭკორი, სამწუხაროდ, აღარაა ცოცხალი), როგორ გამახარა მისმა ახლოს გაცნობამ, რარიგ გვსიამოვნებდა მასთან თითქმის ყოველდღიური საუბრები, გვხიბლავდა მისი მტკიცე ხასიათი და ამავე დროს თავდაჭერილობა, უბრალოება, უღრმესი, მრავალმხრივი განსწავლულობა- ლიტერატურის, ფილოსოფიის და თვით პოლიტიკური საკითხების უღრმესი ცოდნა. მაშინვე გაგვენდო (1980 წლის მაისი იყო), გავლენიანი ფრანგი მეგობრების შემწეობით როგორმე მინდა საფრანგეთში წავიდე, შვილი წავიყვანო სამკურნალოდ (უფროსი ვაჟი, ბორისი, დღემდე ნერვიული ავადმყოფია) და იქ დავრჩები საცხოვრებლად, მერე ოჯახსაც გადავიყვან, რუსეთში მუშაობა მიჭირსო. ერთ რამეს კი ნაღვლობდა - წლობით ნაგროვები უმდიდრესი ბიბლიოთეკა მაქვს, იმის თან წაღებას ვერ მოვახერხებო.

ერთი წლის შემდეგ, 1981 წელს მართლაც შესძლო პარიზში ჩასვლა და დამკვიდრება - დიდი ფრანგი პოეტები - ანრი მიშო, რენე შარი და სხვები ყოველნაირად ხელს უწყობდნენ, რომ რაიმე დაბრკოლება არ შექმნოდა. ვადიმს ოთხ წელიწადს ხშირი მიმოწერა ჰქონდა თავის უერთგულეს მეუღლესთან, იმედოვნებდნენ, რომ მალე ერთად იქნებოდნენ და ბოლოს ირინა ემელიანოვაც, უმცროს ვაჟთან, ანდრეისთან ერთად, პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. ვადიმ კოზოვოის წერილები, მოსკოვშიც ცოლთან გაგზავნილი (იმ ბარათებშიც არ ავიწყდებოდა საქართველო და თავისი თბილისელი მეგობრები, მუდამ მოკითხვას გვითვლიდა) იმდენად ღრმა და მრავლისმომცველია, უთუოდ ცალკე წიგნად არის გამოსაცემი და ვიცი, სულ მალე ეს ასეც მოხდება.

ჯერ კიდევ თბილისში ყოფნისას ვადიმ კოზოვოიმ მაჩვენა მის მიერ ჩამოტანილი ბორის პასტერნაკის არქივის (იმხანად ხალხთა მეგობრობის მუზეუმს ჩააბარა შეღავათიან ფასად) ზოგიერთი იშვიათი მასალა, კერძოდ, ტიციან ტაბიძის რამდენიმე ლექსის პასტერნაკისეული ბრწყინვალე თარგმანები. ვადიმი კარგად იცნობდა "ცისფერყანწელების" შემოქმედებას; განცვიფრებული იყო, რომ ტიციან ტაბიძე ათიან წლებში წერდა ლოტრეამონის პოეზიაზე, იმ დროს, როცა "მალდორორის სიმღერების" ავტორზე საფრანგეთში, მის სამშობლოში თვით ლიტერატორებმაც კი არაფერი იცოდნენო.

პარიზში მყოფი ვადიმ კოზოვოი მოგვიანებით, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მწერდა, რომ რუსეთის მონახულების გარეშე ცხოვრება არ შეეძლო, წელიწადში ერთხელ მაინც უნდოდა ჩასულიყო, რომ იქაური ბუნებისთვის შეევლო თვალი, იქაური ჰაერი ჩაესუნთქა. განუხორციელებელ ოცნებად დარჩა საქართველოში თუნდ ერთხელ ჩამოსვლა. ჩვენი უიღბლო სამშობლო, ევროპის არაერთ ქვეყანაში ნამყოფს, სრულიად განსაკუთრებულად უყვარდა, გვამხნევებდა - რადგან საქართველო თავისუფლებას ეღირსა, ბევრი რამე უნდა მოითმინოთ და წელში გაიმართებით, ყველაფერს მიაღწევთო.

ჩვენთან როცა იყო, ამ გაზაფხულზე ირინა ემელიანოვამ საქართველოს ძველი დედაქალაქი მცხეთა მოინახულა, სვეტიცხოვლის გალავანთან მიწა აიღო და პარიზში დაბრუნებულმა ვადიმ კოზოვოის საფლავს მოაბნია. ამაზე ახლახან მომწერა. მან კარგად უწყის, რა ღვთაებრივი მადლიც აქვს მცხეთას მთელი საქართველოსთვის და რას ნიშნავს აქაური მიწის სიწმინდე. ეს მშვენივრად იცის, აგრეთვე, ჩვენმა გულითადმა მეგობარმა, ზემოთ ნახსენებმა ძვირფასმა ქალბატონმა ტატიანა ნიკოლსკაიამ, რომელმაც ნაადრევად გარდაცვლილი უნიჭიერესი პოეტისა და პოროზაიკოსის კონსტანტინ ვაგინოვის შემოქმედებას საუცხოო გამოკვლევები უძღვნა, კერძოდ, ქართული წყაროების იშვიათი ცოდნით გამორჩეული კომენტარები დაურთო მცხეთაზე დაწერილ მის ერთ უსათაუროს (ვაგინოვი, სხვათა შორის, გამოკვეთილად ამჟღავნებს საქართველოს სიყვარულს, მსოფლიო ცივილიზაციის უძველესი კერების დიდი მცოდნე, თაყვანისმცემელია და შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ მცხეთას იგი ამ საამაყო არეალში აქცევს, საგანგებო პატივს მიაგებს).

12 მაისს საქართველოს მწერალთა სასახლეში შეკრებილებმა მოისმინეს ვადიმ კოზოვოის ხმის ჩანაწერი. იგი დიდი შთაგონებით და ზომიერი არტისტიზმით კითხულობდა მის მიერ უზადოდ თარგმნილ პოლ ვალერის ერთ-ერთ შედევრს. იმავე საღამოს ჩემმა სიყრმის მეგობარმა, თავად საუკეთესო პოეტმა და დიდოსტატმა, მთარგმნელმა დავით წერედიანმა მითხრა - ვადიმ კოზოვოის ერთი უმთავრესი ღირსება ის არის, რომ სათარგმნელ ავტორთან პირისპირ გაყენებს, თავად, როგორც შემოქმედი, გვერდზე დგება, ყოველთვის ცდილობს, ორიგინალის თავისებურებანი, სული გადმოსცესო. ამას იგი აკეთებდა მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე ჰქონდა გაცნობიერებული ძველი ჭეშმარიტება - თარგმნა ამასთანავე დედანთან გაჯიბრება, მეტოქეობა გახლავთ.

ზემოთ ნახსენებ საღამოზე შედგა, აგრეთვე, პრეზენტაცია ირინა ემელიანოვას მიერ სამაგალითო თავდადებით, უსაზღვრო სიყვარულით, დახვეწილი გემოვნებით შედგენილი, საარქივო დოკუმენტებითა და უნიკალური ფოტომასალით უხვად ილუსტრირებული ბრწყინვალე კრებულისა - "შენი შეურყეველი სამყარო". გარდა ვადიმ კოზოვოის რჩეული ლექსების, ინტერვიუების და პირადი ბარათებისა, აქ შეუნელებელი ინტერესით იკითხება ბორის დუბინის, ჟორჟ ნივას, მიხეილ ალპატოვის, ნიკოლოზ ხარჯიევის, პიოტრ სუვჩინსკის, რენე შარის, ჟან-კლოდ მარკადეს, მორის ბლანშოს, ჟულიენ გრაკის, ჟაკ დიუპენის და სხვათა წერილები.

თავად შემდგენელი სულ რამდენიმე გვერდზე გვამცნობს, როგორ დაებადა ამ წიგნის იდეა და რა იყო მთავარი საზრისი ვადიმ კოზოვოის რთული, უმდიდრესი სულიერი ცხოვრებისა. ირინა ემელიანოვა ამ კრებულის თავშივე მადლობას სწირავს იმ პიროვნებებს (ა.გრინბაუმი, ბ.დუბინი., ა.ლიბერმანი, ვ.პროცენკო), რომელთაც ქმედითი დახმარება გაუწიეს ამ მშვენიერი წიგნის გამოცემაში.

აქვე მინდა აღვნიშნო - ორიოდე თვის წინ საქართველოს რადიომ გადასცა პოეზიის, მწერლობის თავგადაკლული მოყვარულის, ძალზე განათლებული, ჩუმი და უანგარო მოღვაწის, ჟურნალისტ ანზორ გელაშვილის საუცხოო ლიტერატურული კომპოზიცია "ბორის პასტერნაკის ბოლო სიყვარული", რომელსაც გულგრილად, მადლიერების გრძნობისა და აღტაცების გარეშე ვერავინ მოისმენდა.

ჟურნალმა "ინოსტრანნაია ლიტერატურამ" ამა წლის ოქტომბრის ნომერში გამოაქვეყნა თანამედროვეობის გამოჩენილი ლიტერატორის, უბრწყინვალესი, დიდად ნაყოფიერი მთარგმნელის ბორის დუბინის სითბოთი, სინანულითა და სიყვარულით აღსავსე წერილი "ორი კულტურის ადამიანი", სადაც იგი უეცრად გარდაცვლილ თავის ძვირფას მეგობარზე ვადიმ კოზოვოიზე ერთგან წერს: "მის ცხოვრებას ამაგრებდა და წარმართავდა ორი ფრთა: პოეზია და მეგობრობა. ორივე ეს ნიჭი დიდი სიუხვით ჰქონდა მომადლებული".

ასეთ ნათელ, ღვთივ კურთხეულ პიროვნებას, ცხადია, მისგან მრავალგზის მოფერებული საქართველო, მისი აქ შეძენილი, ცოცხლად დარჩენილი ქართველი მეგობრები არასოდეს დაივიწყებენ.

ავტორი: ემზარ კვიტაიშვილი


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი