მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული საქართველო
2002-12-27
ხმა... მყარი ნაბიჯებისა!

"ხმა ნაბიჯებისა" - ასე ჰქვია მწერალ გია ხუბუას ნოველების კრებულს, რომელიც გამომცემლობა "გეამ" ავტორის ხარჯით გამოსცა 1992 წელს. გამოცემის თარიღზე იმიტომ გავამხილე ყურადღება, რომ სინანულით მინდა აღვნიშნო: არც ავტორს გაუმართლა ბედმა და არც წიგნს. ტრაგიკული სამოქალაქო ომიდან მოყოლებული დღემდე, ქართველ ჯიბეყურია ჩინოვნიკების გადამკიდე, ჩვენი ინტელიგენციის აბსოლუტურ უმრავლესობას არც იმის საშუალება აქვს და არც პირობები, ქართული კულტურის, ქართული სულიერების განვითარებას აქტიურად მიადევნოს თვალი. დღეს წიგნს თითქმის არავინ კითხულობს. მაგრამ არა იმიტომ, რომ ამის მოთხოვნილება არ არის. ვისაც წიგნი უყვარს, ვისაც წიგნი სჭირდება, იმას, უბრალოდ, მისი ყიდვის საშუალება არა აქვს.

დავწერე ახლა ეს სტრიქონი და, ჩემდა საუბედუროდ, გავიცნობიერე, რომ დაახლოებით, ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით ავტორთა მიერ ნაჩუქარ წიგნებს, სულ ხუთიოდ წიგნი შევიძინე.

ერთი სიტყვით, დღეს ვისაც ფული აქვს, იმას არაფერში სჭირდება წიგნი, ხოლო ვისთვისაც წიგნი იწერება, ის წიგნის ყიდვის კი არა, ელემენტარულად, თავის გატანის ფულს ვერ შოულობს. ბუნებრივია, მხედველობაში მაქვს ჭეშმარიტი მხატვრული ლიტერატურა, მაღალი დონის ლიტერატურული ნაწარმოები, თორემ, ეგრეთ წოდებული გასართობი ლიტერატურა, განსაკუთრებით პროზა, რომელსაც ნამდვილ ლიტერატურასთან და მწერლურ შემოქმედებასთან თითქმის არაფერი კავშირში არა აქვს, საკმაოდ იყიდება. ამან შეიძლება ცნობილ და საკუთარი, მყარად ჩამოყალიბებული შემოქმედებითი პრინციპების, სტილის მქონე მწერალსაც კი უბიძგოს გარკვეული "დათმობისაკენ".

სწორედ ასეთ დროში, უფრო სწორად ამ რეგრესის დასაწყისში გამოდის გია ხუბუას მშვენიერ ნოველათა კრებული. მიუხედავად ყველაფრისა, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე, მეგონა, რომ ამ წიგნს - აი, ახლა, აი, ახლა - ვინმე "შეამჩნევდა" და ჩემზე უფრო პროფესიულად, უფრო კომპეტენტურად, ავტორსაც და მკითხველსაც მიულოცავდა ქართულ ლიტერატურულ სამყაროში კიდევ ერთი, მართლაც მშვენიერი პროზაიკოსის შემობრძანებას...

*

ამ ცოტა ხნის წინ, გიას ზუგდიდში შევხვდი. კითხვა-მოკითხვის შემდეგ, ცხადია, მისი ახალი შემოქმედებით დავინტერესდი.

- ნეტავ, ვის რაში სჭირდება?! - გულისტკივილით მითხრა, ლამის გაიოცა.

არ შევიმჩნიე, თორემ, ვინ იცის, რამდენჯერ გაუკაწრავს იგივე აზრს გული ჩემთვისაც.

სახლში რომ მივედი, უნებურად, მისი წიგნი ჩამოვიღე თაროდან.

ზოგი ნოველა 2-3-ჯერაც დიდი სიამოვნებით წავიკითხე.

და მაშინ მივხვდი, რომ ერთი-ორი სიტყვა გია ხუბუასთვის და ქართველი მკითხველისათვის (და არა მარტო მკითხველისათვის) აუცილებლად უნდა მეთქვა... უჭირს დღეს ქართველ მწერალს, უჭირს მატერიალურად და სულიერადაც. უჭირს ქართველ მკითხველს, ქართულ ლიტერატურას, ხელოვნებას, ქართულ ეროვნულ სულს... მაგრამ ეს გაჭირვება, ნუ გვიწყენთ ჩვენო ძვირფასო თბილისელო კოლეგებო, მაგრამ ასგზის და ათასგზის უფრო მეტად შეიგრძნობა ჩვენს რეგიონებში...

*

ჩემი აზრით, იყო წიგნის მკითხველი, ესეც პროფესიაა. ბუნებრივია, მხატვრულ ლიტერატურას ვგულისხმობ. მე ჩემი თავი, ცოდვა გამხელილი სჯობს, პროფესიონალ მკითხველად მიმაჩნია. იყო პროფესიონალი მწერალი, შეიძლება ჯერ კიდევ არ ნიშნავდეს, პროფესიონალი მკითხველიც იყო.

ყველა პროფესიონალ მკითხველს, ალბათ, ნაწარმოების "დაგემოვნების" თავისი მეთოდი, ხერხი თუ შესაძლებლობები აქვს. გახსოვთ, ალბათ, სასიქადულო ქართველი მწერლის გურამ დოჩანაშვილის "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა". პროფესიონალ მკითხველს, ფოტოგრაფ ვასილ კეჟერაძეს მწერლისა და ნაწარმოების "შეფასების" თავისებური "მეთოდი" ჰქონდა...

მეც ჩემი მეთოდი მაქვს: თუ პირველივე წინადადება, ფრაზა, უკიდურეს შემთხვევაში - პირველი აბზაცი მაინც, არ მომეწონა, "დაღუპულია" მერე იმ მწერლისა და ნაწარმოების საქმე. მართალი გითხრათ, ამ ჩემს "მეთოდს" იშვიათად თუ უმტყუნია. თუ უხეში შედარება არ გამომივიდა, როგორც "კარგ ცხენს კოჭზე ეტყობა", ისე მწერალიც პირველივე წინადადებიდანვე ჩანს...

*

"ქალა" ჰქვია გია ხუბუას ნოველების კრებულის პირველ მოთხრობას. იგი ასე იწყება: "ოთუთენეს წმინდა სასაფლაოზე არცთუ დიდი ხნის წინათ კიდევ ერთი ბორცვაკი გაჩნდა (ხაზგასმა აქაც და ყველგან ჩემია, - მ.ჭ.). მის ქვეშ ანანას, როგორც შემდგომ სრულიად შემთხვევით გახმაურდა, უთავო ანუ თავმოკვეთილმა ნეშტმა განისვენა".

მეორე წინადადება, რიგითი მკითხველიც რომ დამეინტრიგებინა, იმიტომ მოვიშველიე, თორემ, პროფესიონალი მკითხველისთვის პირველი წინადადებითვე, ისედაც "ყველაფერი" ნათელია. ხოლო სიტყვა "ბორცვაჟი" უკვე ის შტრიხ-კოდია, რომლითაც, თუ რომელზედაც ააგებ შენს (თუ მწერლის) დამოკიდებულებას შემდგომ მოთხრობილ "ამბავთან", რომელსაც უკვე ინტერესით და ცნობისმოყვარეობით მოელი. ხოლო, რაც შეეხება ამბავს - წინა წლებში იმიტომ ჩავსვი, რომ ამ სიტყვას მე, აქაც და საერთოდ ნებისმიერ ნაწარმოებთან მიმართებაში, პირობითად ვხმარობ, რადგან ჩემთვის, როგორც პროფესიონალი მკითხველისთვის, იმდენად დიდი მნიშვნელობა არა აქვს ამბის შინაარსს, რამდენადაც იმას, თუ რისთვის დასჭირდა ეს ამბავი მწერალს...

არადა, რა ამბავზეა ამჯერად საუბარი: ერთ ქალაქში (სავარაუდოდ, პროვინციულ ქალაქში) ცხოვრობდა ერთი კაცი ანანა. ბუნებრივია, ჩვენ, ყველანი, რაღაცით ვართ გამორჩეულნი და ანანაც თავისებურად გამორჩეული იყო. ოღონდ, "საქმე ის გახლავთ, რომ ანანას მეტად უცნაური ფორმის, ყოველგვარ სიმეტრიულობას მოკლებული, უხეიროზე უხეიროდ გამოჩორკნილი თავი ჰქონდა".

ჩვენი ცხოვრება ისედაც რაა, და, თქვენ წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა ცხოვრება ფიზიკურად ასე მახინჯი კაცისა... ბუნებრივია, მე არ მოვყვები აქ ამ ნაწარმოების შინაარსს, მივანიშნებ მხოლოდ რამდენიმე ისეთ მომენტზე, რომლებიც მწერლის ჩანაფიქრის გახსნაში, "დეკოდირებაში" დაგვეხმარება.

ანანას ცხოვრებაში იჭრება ქალი?..

ანანა ხელშეკრულებას აფორმებს ერთ-ერთ სამედიცინო ინსტიტუტთან. ამ ხელშეკრულების თანახმად ინსტიტუტი ანანას წინდაწინ უხდის 15 მანეთს, სამაგიეროდ, მისი სიკვდილის შემდეგ თავის ქალა ამ ინსტიტუტის საკუთრება ხდება...

ანანა შემთხვევით წააწყდება წიგნს ინდოელ იოგთა მოძღვრების შესახებ. წიგნის ანოტაციაში ეწერა: "იოგა, რომლის საფუძველი თვითშთაგონება და რწმენაა, სასწაულებს ახდენს"...

ანანა კვდება. მისი თავი ხსენებულ ინსტიტუტში წაიღეს, მაგრამ აქ იგი ფინანსური სკანდალის მიზეზი ხდება: პათოლოგანატომების გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა - ქალა მრგვალი იყო. "იგი არაფრით გამოირჩეოდა ჩვეულებრივ ქალათაგან, შეიძლება ითქვას, მათზე სიმპათიურადაც კი გამოიყურებოდა".

სკანდალიდან ინსტიტუტს ერთ-ერთი საზღვარგარეთული მუზეუმი იხსნის. ის შეიძენს ანანას თავის ქალას, რადგან მის ექსპოზიციებში "თურმე უიშვიათეს, მხოლოდ და მხოლოდ აბსოლუტურად სიმეტრიულ საგნებს ეთმობა ადგილი".

ეს უჩვეულო, ერთი შეხედვით, თითქმის დაუჯერებელი ამბავი, მწერლის ნიჭისა და ოსტატობის წყალობით საოცარი მხატვრული, "შინაგანი" სიმართლითა და ლოგიკითაა გადმოცემული. ამაში ადვილად დარწმუნდება ნებისმიერი განათლებული მკითხველი. სიტყვა "განათლებულს" შემთხვევით როდი გავუსვი ხაზი. სიუჟეტი, ამბავი, გია ხუბუასათვის, როგორც ეს ჭეშმარიტ მწერალს შეეფერება, გარკვეული ფონია, რომლის მიღმა თუ რომლის მეშვეობითაც, მხატვრულ სინამდვილეს - ადამიანის თუ მოვლენის შინაგან სამყაროს, შინაგან ბუნებას გვიჩვენებს, ხატავს. ბუნებრივია, ნაწარმოების ამგვარ აღქმას გარკვეულად მომზადებული მკითხველი სჭირდება. ეს მეტ-ნაკლებად გია ხუბუას ყველა ნოველას, ყველა ნაწარმოებს ეხება.

*

თუ "ქალაში" ფონად უჩვეულო ამბავია გამოყენებული, მეორე ნოველაში, "ბოქლომი", ერთი შეხედვით, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავია გადმოცემული.

ძილის წინ ათასი ოჯახური საზრუნავით გულშეწუხებული ცოლ-ქმარი საუბარს იწყებს იმით, თუ როგორ გაუქურდავთ წინა ღამით მათი მდიდარი მეზობელი... როგორც ნოველიდან ჩანს, თვითონ არ არიან ისეთი ქონების პატრონნი, რომ ვინმეს ხელი წაუცდეს, მაგრამ... ჰოდა, მეორე დღეს ქალაქში სულ სხვა საქმეზე წასული კაცი, ყოველშემთხვევისთვის ბოქლომს იყიდის და ჩამოჰკიდებს მას... სასიმინდე ნალიის კარზე!

ბოქლომს თითქოს შვება უნდა მოეტანა უნებურად შეშფოთებული ცოლ-ქმრისათვის, მაგრამ არა. იმღამესვე მოეჩვენათ, რომ ვიღაცამ ბოქლომი გატეხა და სასიმინდეში შევიდა. კაცი ეზოში ჩამოდის და გულისფანცქალით მიუახლოვდება სასიმინდეს: "კარი დაკეტილი იყო. ზედ შავად ლაპლაპებდა ბოქლომი".

ნოველა ასე მთავრდება: "...თინიკოს და არდევანს ისევ ჩასთვლიმა. ძილ-ფხიზლობაში მაინც ჩაესმოდათ იდუმალი ხმები - ვიღაც აწვალებდა ბოქლომს".

თითქმის არაფრიდან, თითქოსდა არანაირად საინტერესო ამბიდან მწერალი ქმნის პატიოსანი, მშრომელი ოჯახის საოცრად ზუსტ ფსიქოლოგიურ პორტრეტს.

*

ნათქვამია, კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო. მაგრამ მკითხველიც დამეთანხმება, ალბათ, ხშირად კარგად დაწყებულა ნოველაც, მოთხრობაც, საკმაოდ მძაფრადაც გავრცობილა სიუჟეტი, მაგრამ "ყველაფერი" წყალში ჩაყრილა ფინალში, როცა მწერალს ვერ მოუძებნია თუ ვერ უგრძვნია ის ყველაზე ოპტიმალური მომენტი, როცა წერტილი უნდა დაესვას ნაწარმოებს (ამას საოცრად მძაფრად აღიქვამ კიდევ კინოფილმის ყურებისას).

ბუნებრივია, გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ მაინც, ალბათ, რამე განსაკუთრებულ "აღმოჩენაში" არ ჩამეთვლება, თუკი ვიტყვი, რომ მწერლის დონე, მწერლის ინტელექტი, უპირველეს ყოვლისა, ამ ბოლო წერტილის დასმისას ვლინდება.

მახსოვს, ერთ დიდთოვლიან ზამთარს, ჟურნალ "ცისკრის" რომელიღაც ნომერი მომხვდა ხელთ და დიდებული ქართული პროზაიკოსის ჯემალ ქარჩხაძის "იგის" კითხვა დავიწყე. ნაწარმოების, საერთოდ, დასაწყისზე ზემოთ უკვე ვთქვი და მაშინ, როცა ამ მოთხრობას ვკითხულობდი, თითქოს სული შემიგუბდა, მოუთმენლობამ შემიპყრო: სადამდე მომიყვანდა ავტორი და როგორ შეძლებდა იგი ამ საათივით აწყობილი ამბის დასრულებას. რატომღაც ფინალის "მეშინოდა": ხუხულასავით არ დანგრეულიყო ეს ყველაფერი. ჩავათავე და თურმე, აღტაცებისგან, უნებურად, ტაში დავუკარი. ამას მაშინ მივხვდი, როცა სამზარეულო ოთახის კარი გაიღო და გაოცებულმა დედაჩემმა შემოიხედა.

ჩემი აზრით, ფინალი (ბოლო წინადადება, ბოლო აბზაცი) ის მწვერვალია, რომლისკენ ერთი, ბოლო ნაბიჯის გადადგმას ყველა ვერ ახერხებს, ან ვერ ახერხებს ამ მწვერვალზე შეჩერებას და უნებურად გადასრიალდება ხოლმე...

გია ხუბუა ამ მხრივ ერთ-ერთი ბედნიერი გამონაკლისთაგანია. მას ბოლო წერტილის დასმის შესაშური ალღო აქვს. შეიძლება ითქვას, რომ კრებულში მოთავსებული ყველა ნოველა, ამ მხრივ, თითქმის უზადოა.

*

როგორც უკვე აღვნიშნე, საინტერესო (თუ უინტერესო) სიუჟეტი თუ ნოველის სხვა ატრიბუტი გია ხუბუასთვის, როგორც მწერლისათვის, არასოდეს არ არის თვითმიზანი, იგი ყოველთვის გარკვეულ შინაგან ლოგიკას ექვემდებარება - იქნება ეს "მხატვრული სიმართლის" თუ ადამიანთა ქცევა-მოქმედების ფსიქოლოგიის "კვლევა". და, აქ ხაზი უნდა გაესვას გია ხუბუას შემოქმედების, უფრო სწორად, მისი სტილის ერთ თავისებურებას: მწერალს, რა თემასაც შეეჭიდოს, რა მიზანიც დაისახოს, მის თხრობას მუდამ თან ახლავს ხოლმე ერთგვარი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მსუბუქი იუმორი. თანაც ეს იუმორი არასოდეს არ არის ხოლმე საგანგებოდ ხაზგასმული, საგანგებოდლ მოხმობილი: ის თავისთავად იბადება ხოლმე სიტუაციიდან და "ჩვეულებრივი" თხრობიდან. უფრო მეტიც, ზოგჯერ ის ისეა "ჩამალული" სტრიქონსა და სტრიქონს შორის, რომ მკითხველს მისი ქვეტექსტივით "წაკითხვა" უხდება.

სამწუხაროდ, ამის საილუსტრაციო მაგალითებს აქ ვერ მოვიყვან, რადგან ნოველების თავიდან ბოლომდე გადაწერა მომიხდებოდა, მაგრამ ვინც გია ხუბუას ნოველებს წაიკითხავს, მწერლის ნიჭის ამ კუთხითაც უაღრესად ნასიამოვნები დარჩება. მხოლოდ ერთ პასაჟს (ფინალურს) შემოგთავაზებთ ნოველიდან "შემოდგომის მზე".

მძიმედ ნაავადმყოფარი ვალიკო პირს იპარსავს დალაქთან, რომელსაც ობლობის მძიმე ცხოვრების გზა გამოევლო და ზედსიძედ შესულიყო ერთ ოჯახში, სადაც ობოლ ბიჭს პარიკმახერის ხელობაც ასწავლეს თურმე. ერთი საჩოთირო ამბით თავმოყვარეობაშელახული ბოლოს ამ ოჯახიდან გაქცეულა და სხვაგან დამკვიდრებულა. უყვება ახლა ვალიკოს:

"ერთადერთი, რითაც კმაყოფილი ვარ, ისაა, რომ თავმოყვარეობა დამანათლა ღმერთმა. თხუთმეტი წელი მაშინკა და მაკრატელი არ ამიღია ხელში. ჯერ ცოტა ხანს კონდუქტორად, მერე მზარეულად ვმუშაობდი, რათა იმათ არ ეთქვათ, ჩვენი ნასწავლები ხელობით ცხოვრობსო".

არადა, დალაქი ძალზე უხეიროდ პარსავდა. რამდენიმე ადგილას ტამპონიც დაადო კლიენტს.

"სხვა დროს ვალიკო ასე უწყინრად როდი შეხვდებოდა უხეირო გაპარსვას. საკმაოდ გულფიცხი და ენაკვიმატი კაცი იყო. ასე, რომ სხვა შემთხვევაში, თუ მეტს არ იზამდა, ერთ-ორ მწარე სიტყვას მაინც ეტყოდა, აუცილებლად. მაგრამ ახლა მას უფრო მეტის მიტევებაც შეეძლო - საავადმყოფოში თავისი ფეხით პირველად გავლილს სწორედ დღეს დადგომოდა ის წუთი, როცა მძიმე ავადმყოფთან საბოლოოდ მიდის რწმენა სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებისა.

პალატისაკენ ბარბაცით მიმავალმა ბოლომდე მაინც არ დაინდო და გულში გაკენწლა დალაქი, თუმცა ეს თავის მოარხეინებას უფრო ჰგავდა:

"ხელობა ვასწავლეთო, არ ეთქმოდათ..."

*

ჩვევად მაქვს, ცნობილი ან ნაცნობი მწერლის წიგნის რედაქტორის ანოტაციას ან საერთოდ არ ვკითხულობ, ან ბოლოს, წიგნის წაკითხვის შემდეგ გადავავლებ თვალს. რამდენადაც გია ხუბუას შემოქმედებას მე მისი წიგნის გამოსვლამდეც ვიცნობდი, რედაქტორის "წინასიტყვაობაც" "გამომრჩა".

"კრებულში წარმოდგენილია მწერლის 25 ნოველა. საინტერესო სიუჟეტი, ლაკონური თხრობა, ზუსტი ფსიქოლოგიური შტრიხები, მოულოდნელი ფინალი - აი, რა არის დამახასიათებელი გია ხუბუას ნოველებისათვის. უეჭველია, წიგნი მკითხველთა დიდ მოწონებას დაიმსახურებს". - წერს ნინო მდივანი.

ასეთი ზუსტი, ამომწურავი და ლაკონური დახასიათება მწერლის შემოქმედებისა იშვიათად თუ წამიკითხავს.

*

გია ხუბუას აღნიშნულ კრებულში შეტანილი ნოველებიდან, ბუნებრივია, მკითხველს ზოგი მეტად მოეწონება, ზოგი ნაკლებ (მკითხველსაც გააჩნია!), მაგრამ ერთი რამ უდავოა: ნოველები ნამდვილი, ჩამოყალიბებული მწერლის ნაწარმოებებია. ყველა მათგანში იგრძნობა ნიჭი, ტალანტი, ოსტატობა და, რაც მთავარია, მწერლის ინტელექტი. მინდა, ქართველ მკითხველს (თუმცა 10 წლის დაგვიანებით) მივულოცო ასპარეზზე კიდევ ერთი კარგი მწერლის გამოჩენა, გია ხუბუას კი - ეს და უახლოეს ხანს კიდევ მორიგი - გამარჯვება!

"ხმა ნაბიჯებისა" - ასე ჰქვია გია ხუბუას წიგნსაც და კრებულში შეტანილ ბოლო მოთხრობასაც.

რა თქმა უნდა, წიგნის სათაურად მწერლის მიერ მისი გატანა სიმბოლურია...

ჰოდა, მეც ასე ვიტყოდი: ესაა - ხმა მყარი ნაბიჯებისა!

ავტორი: მურად ჭანტურია


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი