მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული საქართველო
2002-08-23
ქართული დამწერლობის "საიდუმლო" ამოხსნილია

ქართული ეროვნული დამწერლობის გენეზისის პრობლემის კვლევას ხანგრძლივი ისტორია აქვს. მის გარშემო სპეციალურ ლიტერატურაში მრავალი და არაერთგვაროვანი მოსაზრებაა გამოთქმული, რაც მოცემული პრობლემის სირთულითაა განპირობებული. ნიუანსობრივ სხვაობაზე რომ არ გავამახვილოთ ყურადღება, მოკლედ და კონკრეტულად, აღნიშნული პრობლემის ირგვლივ სადღეისოდ არსებული ვითარება ამრიგად შეგვიძლია წარმოვადგინოთ: ა) ქართული ასომთავრული ანბანი შექმნილია წინაქრისტიანულ ეპოქაში და შესაბამისად, მისი შემქმნელი წრე-გარემოც წარმართულია, ბ) ქართული ასომთავრული ანბანი შექმნილია ქრისტიანულ ეპოქაში ადგილობრივი ეკლესიის მოთხოვნილება-საჭიროებისდა მიხედვით. ამ ორ ძირითად კონცეფციას თავისი ერთგული მომხრეები და ავტორიტეტები ჰყავს, რომლებიც განსხვავებული არგუმენტაციის მოხმობით ცდილობენ გაამყარონ საკუთარი პოზიციის მართებულობა.

მოცემული პრობლემის ირგვლივ არსებული ხანგრძლივი მეცნიერული დავა-კამათი, როგორც ჩანს, დასკვნით ფაზაში შევიდა. რ.პატარიძის მიერ 1980 წელს გამოცემულ მონოგრაფიას - "ქართული ასომთავრული", რომელშიც ავტორი ქართული დამწერლობის წარმართობის ხანაში ჩამოყალიბების შესახებ თვალსაზრისს ამკვიდრებს, 1989/90 წ.წ.-ში მოჰყვა აკად. თ.გამყრელიძის სპეციალური მონოგრაფია - "წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა (ანბანური წერის ტიპოლოგია და წარმომავლობა)", სადაც საპირისპირო თვალსაზრისია საკითხზე ჩამოყალიბებული, - თამამად შეიძლება ითქვას, რომ განსახილველი პრობლემის ენათმეცნიერული მხარე თ.გამყრელიძის ფუნდამენტური გამოკვლევის შემდეგ პრაქტიკულად გადაჭრილია. ცნობილმა ლინგვისტმა დამაჯერებელი არგუმენტაციით უჩვენა ის, რომ ქართული ასომთავრული ანბანი (პირველსახე მერმინდელი ნუსხა-ხუცურისა და მხედრულისა) არის ბერძნული წერითი სისტემის გრაფიკული სტილიზაციის შედეგად IVს-ში შექმნილი ქრისტიანული დამწერლობა, რომლის პრაქტიკაში შემოღების მიზეზი და უმთავრესი მიზანიც "საღმრთო წერილისა" და სხვა ძირითადი ქრისტიანული ლიტერატურის ქართულ ენაზე გადმოღების საჭიროება და სურვილი გახლდათ. მანამდე მსგავს თვალსაზრისს ანვითარებდნენ კ.კეკელიძე, ა.შანიძე და ზოგიერთი სხვა მეცნიერიც. თ.გამყრელიძის აღნიშნული მონოგრაფიის გამოქვეყნებისთანავე დღის წესრიგში დადგა პრობლემის ისტორიულ-წყაროთმცოდნეობით რაკურსში განხილვის საკითხი და მასთან დაკავშირებული თეოლოგიური ასპექტების განმარტებაც. სწორედ ამ ამოცანის გადაჭრის ცდად შეიძლება ჩაითვალოს ახალგაზრდა მკვლევარის, ბესარიონ (ბესიკ) ხურცილავას მიერ, მიმდინარე წლის მაისის თვეში გამოცემული ნაშრომი: "ქართული ასომთავრული ანბანის შექმნის ეპოქის, გარემოებებისა და ავტორთა ვინაობის საკითხისათვის", რომელიც მოიცავს 149 სტამბურად ნაბეჭდ გვერდს და შესავალთან და ბოლოსიტყვაობასთან ერთად შედგება ექვსი თავისაგან.

ორიოდ სიტყვით აღნიშნული წიგნის სამეცნიერო წრეებში ჯერჯერობით ნაკლებად ცნობილი ავტორის შესახებ: ბ.ხურცილავა ივ.ჯავახიშვილის სახ.თსუ ისტორიის ფაკულტეტის აღზრდილია (დაამთავრა 1987 წელს); მუშაობს საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკურ სასახლეში მხარეთმცოდნეობისა და ტურიზმის განყოფილების გამგედ და ემსახურება მოზარდი თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდა-განათლების საშურ და საპატიო საქმეს, არის არაერთი აუდიტორული ღონისძიებისა და ნორჩ მხარეთმცოდნეთა სასწავლო ექსპედიციების ხელმძღვანელ-ორგანიზატორი. ბ.ხურცილავას თაოსნობით მოსწავლეთა სასახლეში, 1992 წელს, საფუძველი ჩაეყარა ეთნოგრაფიისა და ხალხური რეწვის კაბინეტს, რომლის აღსაზრდელები უკანასკნელი წლების მანძილზე, სისტემატურად მონაწილეობენ თსუ ეთნოლოგიის კათედრის მიერ ორგანიზებულ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებშიც. ბ.ხურცილავას გამოქვეყნებული აქვს სხვადასხვა სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელო ლიტერატურა (გზამკვლევები, ბროშურები) და პუბლიცისტური სტატიები. მისი სამი კვლევითი ხასიათის წერილი 2001 წელს დაიბეჭდა ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საისტორიო ალმანახ "კლიო"-ში და მეცნიერთა ცხოველი ინტერესიც დაიმსახურა. აღნიშნულ წერილებს მოკლე ხანში მოჰყვა საყურადღებო მონოგრაფიის დღის სინათლეზე გამოტანის ფაქტიც. ახალგაზრდა მკვლევარის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან თამამად და, რაც საგულისხმოა, დამოუკიდებლად იკვლია ქართული ანბანის გენეზისის ურთულესი და დღემდე საკამათო, პრობლემატური საკითხები ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ძიებების შუქზე. მისი მონოგრაფია თავიდან ბოლომდე კვლევითი ხასიათისაა და შესასწავლ საკითხებთან მიმართებაში უამრავ სიახლეს სთავაზობს დაინტერესებულ მკითხველს. ნაშრომი მოიცავს პრობლემის ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი, ფილოლოგიურ-ენათმეცნიერული, საეკლესიო ქრონოლოგიის, თეოლოგიური თუ სხვა სახის ასპექტების კვლევის ელემენტებს, რაც ერთობლიობაში, მართლაც გასაოცარ შედეგებს იძლევა.

წიგნის შესავალშივე გაცხადებულია ავტორის პოზიცია შესასწავლი პრობლემის მიმართ. ბ.ხურცილავა ცალსახად უჭერს მხარს თავის დროზე კ.კეკელიძის, ა.შანიძისა და თ.გამყრელიძის მიერ სპეციალურ ლიტერატურაში გამოთქმულ თვალსაზრისს ქართული ანბანის ქრისტიანულ ეპოქაში შექმნის შესახებ. მკვლევარი გრძნობს, რომ ამ თვალსაზრისის ჩვენში მყარად დამკვიდრებას გზაზე მთავარ წინაღობად ძველი სომხური საისტორიო ტრადიციის მონაცემები ეღობებიან. ამიტომ, მისი ნაშრომის I თავი კორიუნისა და მოვსეს ხორენაცის სათანადო ცნობების კრიტიკულ ანალიზს ეთმობა. ზემოხსენებული სომეხი ავტორების ცნობების შეპირისპირების ნიადაგზე წარმოჩენილი რეალობის ფონზე ბ.ხურცილავა აკეთებს სრულიად მოულოდნელ, მაგრამ ამასთანავე ფრიად ლოგიკურ დასკვნას იმის თაობაზე, რომ კორიუნისა და მოვსეს ხორენაცის თხზულებებში ცნობები ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ, მართალია, გვიანი ხანის ყალბისმქმნელ რედაქტორ-გადამწერთა მეოხებით ძლიერ არის სახეცვლილი და ტენდენციურად გადაკეთებული, მაგრამ ასეთი ცნობები მოცემულ მოვლენასთან მესროპ მაშტოცის სახელის დაკავშირების გარეშეც შეიძლება ყოფილიყო სომხურ წყაროებში იმთავითვე ჩართული. ამის დასტურად მკვლევარს მოჰყავს მაგალითი მოვსეს ხორენაცის თხზულებიდანვე, სადაც ერთი, ცალკე აღებული ქვეთავი მთლიანად წმ.ნინოს მიერ ქართლის მოქცევის ამბავს ეთმობა, ოღონდ ტენდენციური ეროვნული შეფერილობით. ერთი სიტყვით, მკვლევარის აზრით, აღნიშნული ცნობების გადაკეთების მიზეზი მათში მაშტოცის სახელის მოგვიანებით ჩართვის ფაქტშია საძიებელი. თავდაპირველ ვარიანტში კი, როგორც ბ.ხურცილავა შენიშნავს, საუბარი ყოფილა ქართული ანბანის ორი პიროვნების მიერ შექმნის შესახებ. ესენი, მისი აზრით, ქართლის მეფე "ბაკური" და მწიგნობარი "ჯალ"-ი ყოფილან; როდესაც ახალშექმნილი ანბანით "საღმრთო წერილის" ქართულად გადმოღება დაუწყიათ, ამ საქმიანობაში აქტიურად ჩართულა ქვეყნის მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი მოსეც. მაშტოცის სტუმრობა მცხეთაში 408 წლის მახლობელ ხანებში არ იყო დაკავშირებული ქართული ანბანის შექმნის მოვლენასთან. მკვლევარი ვარაუდობს, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობდა დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაზიარების პროცესი სწორედ საღმრთისმეტყველო ლიტერატურის თარგმნის თვალსაზრისით.

წიგნის მეორე თავში, ავტორი იკვლევს ქართული მწიგნობრობის შექმნის შესახებ ლეონტი მროველთან დაცული ტრადიციის ავთენტურობის საკითხს. მისი აზრით, მემატიანეს ხელთ ეპყრა რაღაც ძველი და ჩანს, რომ იმ დროისთვის უკვე საფუძვლიანად დაზიანებული, ფრიად ბუნდოვანი გადმოცემა ქართული ანბანის ორი პიროვნების მიერ შექმნის შესახებ, რომლის მცდარი გააზრების ნიადაგზე ლეონტი მროველმა აღნიშნულ მოვლენაზე შეიმუშავა სრულიად ახალი ვერსია, რომელმაც თავის მხრივ პირვანდელი ვერსიის ტრადიციული მეხსიერებიდან განდევნა გამოიწვია. ბ.ხურცილავას აზრით, ლეონტის ხელთარსებულ იმ უცნობ, ძველ ვერსიაში საუბარი იყო ქართული ანბანის ორი პიროვნების მიერ გამოგონებაზე, რომელთაგან ერთი ქართლის მეფე იყო, ფარნავაზიანთა გვარისა, მეორე კი, იმავე გვარეულობის წარმომადგენელი პირი, სახელად "ორმიზდ" (ტექსტშია: "სპარსული არმაზი"). ლეონტი მროველმა ეს ორი პირი ერთ კონკრეტულ პიროვნებაში, ქართლის ლეგენდარული მეფის - ფარნავაზ I-ის პერსონაში გააერთიანა და ქართული დამწერლობის ერთადერთ მემომქმედადაც ეს უკანასკნელი გამოაცხადა. სამაგიეროდ, ლეონტი მროველის თხზულების ტექსტში, ჯერჯერობით უცნობი მიზეზით, გამქრალია იმ ბაკურ მეფის ხსენების ფაქტი, რომელსაც IV-V ს.ს. მიჯნაზე ქართლის მეფედ ასახელებენ კორიუნი და მოვსეს ხორენაცი, აგრეთვე, "მოქცევაი ქართლისაის" მატიანეც ბაკურ თრდატის ძის სახით. ბ.ხურცილავა საკუთრივ "მოქცევაის" ცნობების შუქზე ნათელყოფს იმ გარემოებას, რომ არათუ წმ. ნინოს მცხეთაში მოსვლის ჟამს, არამედ შემდგომშიც, ვიდრე IV ს-ის უკანასკნელ მეოთხედამდე მაინც, ქართული ეროვნული ანბანი პრაქტიკაში დანერგილი არ უნდა ყოფილიყო. აქ, ისევე, როგორც მეზობელ სპარსეთსა და სომხეთში, ტექსტების ჩასაწერად გამოიყენებოდა არამეული და ბერძნული ალფაბეტები (პირველი, როგორც ჩანს, ჰეტეროგრაფიის პრინციპით იხმარებოდა).

ბ. ხურცილავას ნაშრომის III თავი დავათის გახმაურებული ქვასვეტის გამოსახულებების ქართულ ანბანთან მიმართების საკითხის კვლევას ეხება. მკვლევარის აზრით, ეს ძეგლი ჩვენი ეროვნული დამწერლობის საიდუმლოებით მოცულ, "დაფარულ" წარსულზე მოგვითხრობს ხელოვნების ენით. მასზე გამოსახული ორი უცნობი საერო დიდებული არის კიდეც ქართული ანბანის შემქმნელი პირების დუეტი. კერძოდ, პირველ პლანზე მდგომი უფრო მაღალი სოციალური სტატუსის მქონე პირი, როგორც ბ. ხურცილავა ფიქრობს, მეფე ბაკური უნდა იყოს, მის გვერდით გამოსახული პირი, მარცხენა ხელში ეტრატის გრაგნილით კი - ორმიზდად წოდებული მწიგნობარი. ამათი სახელების საწყის ინიციალებს მკვლევარი სტელაზე გამოსახული ქართული ასომთავრული ანბანის პირველ მწკრივში გამოცალკევებულ "ა" და "ბ" ნიშნებში ხედავს: "ა(რმაზ)", ანუ "ორმიზდ"-ი და "ბ(აკურ)"-ი. ე.ი. სახეზე გვაქვს გემატრიული საიდუმლო დამწერლობის გამოყენების ფაქტი. მკვლევარი ცხადყოფს ქვასვეტზე კრიპტოგრაფიული დამწერლობის ქართული სისტემის - "ანჯანურის" გამოყენების ფაქტსაც. იგი მხარს უჭერს მათემატიკოსების ნ.კანდელაკისა და გ.ცერცვაძის თვალსაზრისს იმის თაობაზე, რომ ქართული ანბანის ასო-ნიშნებს წერითთან ერთად ქრონოლოგიური ფუნქციაც გააჩნდათ. სწორედ ქართულ ქრისტიანულ ქრონოლოგიურ სისტემასთან კომპლექსში განიხილავს წიგნის ავტორი ასომთავრული ანბანის შექმნის მოვლენას. მისი აზრით, ქართული ასომთავრული ანბანის და 532-წლიან ციკლებზე დაფუძნებული ეროვნული 5.604-წლიანი "დასაბამითგანი" წელთაღრიცხვის სისტემის ავტორები ერთიდაიგივე პირები არიან. დამაჯერებელია ბ.ხურცილავას განმარტება ქვასვეტზე მონიშნული რიცხვის - "5.320" რაობაზე, რომელიც, მისი აზრით, არანაირ კავშირში არ არის ფარნავაზ I-ის ეპოქასთან, ანუ ძვ.წ. 284 წლის თარიღთან, როგორც ეს აქამდე მიაჩნდათ ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაში. საკითხის არსი ახსნილია ფრიად მარტივად და, რაც მთავარია, ლოგიკურად: ქართული "დასაბამითგანი" წელთაღრიცხვის შემქმნელთა მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ღვთისმშობლის ხარების, ქრისტეს შობის, ჯვარცმისა და აღდგომის თარიღების ფიქსაცია ბიბლიური ცნობებიდან გამომდინარე, ადრეული ხანის ქრისტიანთა შორის დოგმად მიღებული საკრალური XI მოქცევის ფარგლებში. ამიტომ, ქორონიკული წელთაღრიცხვის საკრალური XI მოქცევის 284-ე წელი ეფარდება ქართული "დასაბამითგანი" წელთაღრიცხვის 5.604 წელს, ანუ ორივე შემთხვევაში მონიშნულია ღვთისმშობლის ხარებისა და ქრისტეს დაბადების სიმბოლური დრო. აქედან გამომდინარე, დავათის ქვასვეტზე აღნიშნული რიცხვით - "5.320", მონიშნულია სწორედ საკრალური XI მოქცევის საწყისი მიჯნა, ანუ "ქრისტეს მოსვლის" საათის დაწყება, რომელიც გვირგვინდება ქრისტეს განკაცების მისტიური მოვლენით. ბ.ხურცილავა ეთანხმება ნ.კანდელაკისა და გ.ცერცვაძის თვალსაზრისს იმის თაობაზე, რომ ქართული ეროვნული წელთაღრიცხვა არის დიოკლეტიანეს ერის საპირისპირო ქრონოლოგიური სისტემა. თუკი დიოკლეტიანეს ერის დასაწყისი გამოხატულია ქრისტეს დაბადებიდან ათვლილი 284-ე წლით (ახ.წ. 284 წ.), ქართულ წელთაღრიცხვაში იმავე რიცხვით XI 532-წლიანი მოქცევის ფარგლებში აღნიშნულია ქრისტეს შობის მოვლენა. საინტერესოა, რომ რიცხვი "284", სხვა მხრივაც გამორჩეულია. ის მეგობრული რიცხვების პითაგორული წყვილის ერთ-ერთი წევრიცაა და იგივე რიცხვი საჩინოვდება ღმერთის აღმნიშვნელი ბერძნულის სიტყვის - "თეოს" იზოფსეფიითაც. ყოველივე აღნიშნული იმის მოწმობადაც გამოდგება, რომ ქართული ასომთავრული ანბანის შემქმნელი პირების მსოფლმხედველობა იყო ქრისტიანული. დავათის ქვასვეტის გამოსახულება, თევზის მოყვანილობის გაშლილ ეტრატზე ამოკაწრული ასომთავრული ანბანით, არის ქრისტიანული იკონოგრაფიის ენით გამოთქმული მისტიკური რწმენა იმის შესახებ, რომ ქართული ენა "ქრისტეს ენაა", რომელსაც მეორედ მოსვლის ჟამს ელის ამაღლება. ბ.ხურცილავა ეთანხმება ქვასვეტის შექმნის VI ს-ის ბოლოთი დათარიღებისშესახებ სამეცნიერო ლიტერატურაწი გამოთქმულ მოსაზრებას, თუმცა, ამ ძეგლის სტერეოტიპური დედნის შექმნას ის უფრო ადრეული ხანით (IV ს-ის ბოლო ან V ს-ის დასაწყისი) ათარიღებს.

წიგნის IV თავი "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაის" პროზაული ჰიმნის ქართულ ანბანთან მიმართების საკითხის კვლევას ეძღვნება. ბ.ხურცილავა იზიარებს გ.ნარსიძის აზრს იმის შესახებ, რომ "ქებაი" ადრექრისტიანულ ხანაში მიღებული "მისტიკურ-სიმბოლური ენით" არის დაწერილი, რომლის შექმნა ქრისტიანული წმინდა საიდუმლოებების გარშემომყოფ არაქრისტიანთაგან დაფარვის სურვილით იყო განპირობებული. ამჯერად, ბ.ხურცილავა განმარტავს იმას, თუ რატომ აცხადებს ჰიმნის ავტორი ქართულ ენას დავათის სტილის გამოსახულების ავტორის მსგავსად "ქრისტეს ენად". მკვლევარის აზრით, ქართული ენა (გამოხატული ეროვნულ ანბანში) იმდენად არის ჰიმნის უცნობი ავტორის შეხედულებით "ქრისტეს ენა", რამდენადაც, ამ ენაზე ამეტყველდა "უფლის სიტყვა" - სახარება. "საღმრთო წერილის" ქართულად ამეტყველება კი ეროვნული ანბანის შექმნის შედეგად გახდა შესაძლებელი. ბ.ხურცილავას შეხედულებით, "ქებაი", მისი ატრიბუტიკით ქართული ანბანის შემქმნელთა წრეში დაიწერა IV ს-ის ბოლოს. მისი ავტორის ვინაობა გამჟღავნებულია ჰიმნის წინადადებრივ აკროსტიქში, რომლის გამოვლენა წიგნის ავტორის დამსახურებაა და რომელშიც მოჩანს სახელი "მოსე". მკვლევარი "ქებაის" ჰიმნს უკავშირებს სომხურ წყაროებში ნახსენებ ქართლის მღვდელმთავრის - მოსე ეპისკოპოსის პიროვნებას. "ქებაის" ჰიმნში ალეგორიული სიმბოლიზმის ენით მოცემულ "დაფარულ" ინფორმაციას ბ.ხურცილავა, რიგ შემთხვევაში, ხსნის ისევ და ისევ კრიპტოგრაფიული დამწერლობის "ანჯანური" სისტემის ნიადაგზე, რომელიც, მისი აზრით, თავად ქართული ანბანის შემქმნელ პირებს უნდა შეემუშავებინათ ბერძნული ანალოგიების მიხედვით. "ქებაის" ჰიმნიც ადასტურებს ქართული ანბანის ეროვნულ წელთაღრიცხვასთან მიმართების ფაქტს. ბ.ხურცილავას ყველაზე მნიშვნელოვან მიგნებად უნდა ჩაითვალოს "ქებაის" ტექსტში მის მიერ ამოკითხული ინფორმაცია ქართული დამწერლობის ორი პიროვნების მიერ შექმნის შესახებ. ისინი ალეგორიული სიმბოლიზმის ენით "ახალ ნინოდ" და "ჰელენე დედოფლად" იწოდებიან, მათი ახლო ნათესაობის ფაქტია გაცხადებული სახარებისეული გმირების - მარიამისა და მართას დობის ფაქტის ხაზგასმით. მკვლევარის აზრით, "ქებაის" მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ ქართული ანბანის ერთ-ერთი შემქმნელი პირი იყო ადგილობრივი მონარქი და რომ "ახალი ნინო" გულისხმობს წმ. ნინო კაპადოკიელის მოციქულებრივი ღვაწლის გამგრძელებელი, განმაახლებელი ისტორიული პიროვნების არსებობის ფაქტს. ამ მხრივ მკვლევარი საინტერესო პარალელსაც პოულობს სომხური ანბანის შემქმნელის - მესროპ მაშტოცის ღვაწლის მაგალითზე. კერძოდ, ეს უკანასკნელი, სომეხ მორწმუნეთა თვალში წმ. გრიგოლ განმანათლებლის საქმის განმაახლებლად მოიაზრებოდა. სომეხი მემატიანის - ფავსტოს ბუზანდის ერთი ცნობის თანახმად, წმ. გრიგოლ პართეველის ძალისხმევით, სომხებმა ქრისტიანული რჯული გარეგნულად მიიღეს, ხოლო უფლის მცნებები და საღმრთო კანონები მათთვის დიდხანს შეუცნობი დარჩა. ეროვნული ანბანის შემოღების კვალობაზე "საღმრთო წერილის"სომხურად გადმოღების ფაქტმა ეს ხალხი ჭეშმარიტ სარწმუნოებას აზიარა. ანალოგიური ვითარებაა საგულვებელი ქართული ანბანის შემოღების შემთხვევაშიც - ასეთია მკვლევარის აზრი აღნიშნულ საკითხზე.

ნაშრომის V თავი ეძღვნება ასომთავრული ანბანის სიმბოლიკის ქრისტიანული არსის ახსანა-განმარტებას. ბ.ხურცილავა ასომთავრულ ანბანშივე ხედავს მისი შემქმნელი პირების ქრისტიანულ-მისტიკური მსოფლმხედველობის გამოვლინების მაგალითებს. თავის დროზე სხვათაგან აღნიშნული საგულისხმო ფაქტების გვერდით მკვლევარს მოჰყავს საკუთარი, მართლაც აღნიშვნის ღირსი მიგნებები. კერძოდ, მისი აზრით, "ხან" ასო-ნიშნის სახელწოდებისა და რიცხვითი შესატყვისობის ("6.000") ერთობლიობით გამჟღავნებულია ანბანის შემოქმედთა მსოფლგაგების ის სურათი, რომელიც დამახასიათებელი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ V საუკუნემდელი ეპოქის (III-IV ს.ს.) სინამდვილისათვის. წიგნის ავტორის აზრით, "ხანი" დროის აღმნიშვნელი ერთ-ერთი ქართული ტერმინია, ხოლო რიცხვი "6.000" III-IV ს.ს.-ის ქრისტიანთათვის კარგად ცნობილი მისტიური თარიღი, ქრისტეს მეორედ მოსვლის სიმბოლური დრო, ათვლილი "დასაბამითგანი" წელთაღრიცხვის საწყისი წერტილიდან, ანუ ბიბლიურ კოსმოგონიაზე დამყარებული სამყაროს შექმნის საწყისი მიჯნიდან. მკვლევარის რწმენით, სხვაობა "მეორედ მოსვლის" მაჩვენებელ რიცხვსა (6.000) და იესო ქრისტეს დაბადების დროდ ქართულ "დასაბამითგან" წელთაღრიცხვის სისტემაში მოცემულ რიცხვს (5.600) შორის არის კიდეც ქართული ანბანის შექმნის უკიდურესი ზედა ქრონოლოგიური ზღვარი, რომელიც ახ.წ. 400 წელს ეფარდება (ნ.კანდელაკისა და გ.ცერცვაძის გამოკვლევით, ქართულ წელთაღრიცხვაში გათვალისწინებული ყოფილა ქრისტეს ცხოვრების ხანგრძლივობის გრძელი და მოკლე ვერსიაც; IV ს-ში უფრო პოპულარული გრძელი ვერსია იყო, რომელიც დასაბამიდან ქრისტეს განკაცებამდე 5.600 წელს ითვლიდა, მოკლე ვერსიით კი, დროის აღნიშნული მონაკვეთი 5.604 წელს მოიცავდა). როგორც წიგნის ავტორი აღნიშნავს, მოცემული თარიღი IV ს-ის უკანასკნელ მეოთხედში ფრიად ცნობილი გახლდათ. კერძოდ, იმდროინდელი წარმართი საზოგადოება სწორედ აღნიშნული თარიღის დადგომას უკავშირებდა თურმე ქრისტიანობაზე საბოლოო გამარჯვების იმედებს. ამის საპირისპიროდ, ასომთავრული ანბანის (რომელიც, როგორც ითქვა, კალენდარულ-ქრონოლოგიურ ფუნქციასაც ითავსებდა) ავტორებს ზუსტად იგივე თარიღი (ახ.წ. 400 წ.) "მეორედ მოსვლის" მისტიურ მოვლენასთან დაუკავშირებიათ და ამრიგად, უცდიათ მსოფლმხედველობრივად წარმართ საზოგადოებასთან დაპირისპირება. ანალოგიური მიდგომა ჰქონიათ მათ, როგორც ზემოთ აღინიშნა, ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის - "დიოკლეტიანეს ერის" მიმართაც. ქართულ ასომთავრულ ანბანში "ხან" ასო-ნიშნის სახელწოდებისა და რიცხვითი მნიშვნელობის ქართულ "დასაბამითგან" წელთაღრიცხვასთან შეპირისპირების ნიადაგზე ასომთავრული დამწერლობის შექმნის ზედა ქრონოლოგიურ ზღვრად ახ.წ. 400 წლის თარიღის დასახელების ფაქტს ის მნიშვნელობაც აქვს, რომ ის კიდევ ერთხელ ავლენს მესროპ მაშტოცის მიერ ქართული ანბანის გამოგონების შესახებ სომხურ საისტორიო წყაროებში წარმოდგენილი ვერსიის ნაყალბევობას და ამის კვალობაზე ორი მეზობელი ხალხის ქრისტიანულ დამწერლობებს შორის მიმართების რეალურ-ისტორიულ სურათსაც, როგორც ცნობილია, სომხური ანბანის შექმნის დროდ არმენოლოგიაში 405/406 წ.წ.-ია აღიარებული.

განსაკუთრებული მნიშვნელობისაა წიგნის VI თავში, ავტორის მიერ წარმოდგენილი ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ძიებანი. ამ თავის საწყის ნაწილში მკვლევარს თავმოყრილი აქვს ყველა ის წერილობითი ცნობა, რომელიც კი ბაკურის პიროვნებას შეეხება. ბ.ხურცილავა აღნიშნულ პირს ზოგიერთი ისტორიკოსის მსგავსად, აიგივებს "მოქცევაი ქართილისაის" მატიანეში ნახსენებ მეფე ბაკურ თრდატეს ძესთან და მკითხველის ყურადღებას სამართლიანად მიაპყრობს იმ უცნაურ გარემოებაზე, რომ ამ მეფის სახელის ხსენება გამქრალია ლეონტი მროველის, ანუ იმ ავტორის თხზულებაში, რომელიც ქართული მწიგნობრობის მესაძირკვლედ ლეგენდარულ ფარნავაზ მეფეს აცხადებს. მკვლევარი დამაჯერებლად უჩვენებს აღნიშნული პირისა და ბერძენ-რომაელ ავტორთა (ამიანე მარცელინე, გელასი კესარიელი, რუფინუსი, ლიბანიოსი, ზოსიმე, გიორგი ამარტოლი და სხვა) თხზულებებში ნახსენები იბერიელი ბაკურის იდენტურობის ფაქტს. ასევე აიგივებს ამ პიროვნებას პეტრე იბერის პაპასთან - ქართლის მეფე დიდ ბაკურთან, რომლის შესახებაც ძვირფას ცნობებს გვაწვდის პეტრეს ბიოგრაფი იოანე რუფუსი (V-VI ს.ს.). მოტანილი მასალები ამზეურებენ ქართული ანბანის ერთ-ერთი მესაძირკვლის ცხოვრების ეპიზოდებს, პიროვნულ ნიშან-თვისებებს, მსოფლმხედველობისა და რელიგიური მრწამსის სურათს, ოჯახურ გარემოს და ა.შ. IV ს-ის 50-იან წლებში დაბადებულ იბერიელ მეფისწულს 378 წლისთვის უკვე ვხედავთ რომის იმპერიის სამხედრო სამსახურში, მონაწილეობს ადრიანოპოლთან გოთების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში; შემდეგ, პალესტინის საზღვრების სარდლად მყოფი, ებრძვის ბარბაროს სარკინოზებს და სულ ბოლოს ჩრ. იტალიაში (ფრიგიდიუსსთან) ერკინება თეოდოსი დიდის მოწინააღმდეგე ევგენიოს ტირანს (394 წ.). ბაკურის პიროვნული პორტრეტი მრავალმხრივია: ის არის ასკეტური სულისკვეთების მორწმუნე ქრისტიანი, რომელიც "ზრუნავს ჭეშმარიტებაზე"; შემკულია თვალშისაცემი გარეგნობითა და სულიერი თვისებებით, თაყვანს სცემს მჭევრმეტყველების ხელოვნებას, ფილოსოფიურ აზროვნებას; დაჯილდოებულია სიმამაცითა და მხედრული ნიჭით. 395 წლიდან, ვიდრე 410-იანი წლების მიწურულამდე ის განაგებს ქართლის სამეფოს, იმავდროულად აშენებს ციხე-ტაძრებს, ღარიბთა თავშესაფარ სახლებს, ზედმიწევნით იცავს ასკეტურ-ქრისტიანული ცხოვრების წესს, აოცებს გარშემომყოფთ თავისი ქრისტიანული სათნოებით, მაღალი ინტელექტით და ა.შ. თანამედროვენი მას ამკობენ ეპითეტით "დიდი". მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი მითითება დიდი ბაკურის მიერ ქართული ანბანის შექმნის შესახებ, წერილობით წყაროებში არ მოიპოვება, ბ.ხურცილავას მოჰყავს ირიბი ხასიათის მაგალითები, რომლებიც მოწმობენ იმას, რომ აღნიშნული პირი არა მხოლოდ ეროვნული ანბანისა და წელთაღრიცხვის ფორმირების პროცესის მოთავე და შემოქმედი იყო, არამედ, "საღმრთო წერილის" ქართულად თარგმნის აქტიური მონაწილეც. სწორედ ამის დასტურად მიაჩნია მკვლევარს იოანე რუფუსის ის ცნობა, რომლის თანახმად, დიდი ბაკური იყო იბერთა "ქვეყნის მმართველთაგან პირველი ქრისტიანი მეფე და მთელი ის ხალხი ღვთისმოშიშობამდე მიიყვანა".

საკმაოდ რეზონული ჩანს მკვლევარის მიერ ბაკურის გოთურ სამყაროსთან კონტაქტების შესახებ გამოთქმული მოსაზრება იმის ფონზე, რომ აკად. თ.გამყრელიძის მიერ, თავის დროზე, აღინიშნა ასომთავრულ ანბანზე IV ს-ის შუაგულში შექმნილი გოთური ქრისტიანული დამწერლობის გავლენის ფაქტი, რომელსაც ენათმეცნიერი ყირიმელ გოთებთან ქართული სამყაროს კავშირ-ურთიერთობების არსებობის ნიადაგზე ვარაუდობს. ბ.ხურცილავა მიიჩნევს, რომ ბერძნულთან ერთად გოთური ანბანით სარგებლობდა სწორედ ბაკური, რომელსაც შეხება ჰქონდა გოთებთან, თუნდაც, სამხედრო ასპარეზზე და რაც უფრო საგულისხმოა, იმ რეგიონთან (მეზია), სადაც გოთური ანბანის შემქმნელი პირი - ეპისკოპოსი ცულფილა (311-383 წ.წ.) სახლობდა თანამეტომეებთან (ვესტ-გოთებთან) ერთად IV ს-ის II ნახევარში (350-383 წ.წ.). მკვლევარის აზრით, ქართულ ანბანს საფუძველი ბაკურის ბიზანტიის იმპერიაში მოღვაწეობის დროს უნდა ჩაჰყროდა, IV ს-ის 80-იანი - 90-იანი წლების მიჯნასთან ახლოს და შემთხვევითი არ არის, რომ 395 წელს გარდაცვლილი საეკლესიო მწერალი - გელასი კესარიელი უკვე 90-იანი წლების დამდეგისთვის აღნიშნულ პირს "იბერთა შორის სახელოვან" პიროვნებად აცხადებს. ასომთავრული ანბანის პრაქტიკაში დამკვიდრება კი 395 წლიდან, ბაკურის ქართლში გამეფებისთანავე უნდა განხორციელებულიყო. IV ს-ის მიწურულისათვის, ჩანს, რომ ქართულად უკვე თარგმნილი იყო "საღმრთო წერილი", საეკლესიო ლიტურგიაც, შესაბამისად, ქართულ ენაზე წარმოებდა. იმავე ხანებში უნდა გაფორმებულიყო "წმ. ნინოს ცხოვრების" ჩვენთვის ცნობილი ქართული რედაქციის არქეტიპი, რომელსაც გარე სამყაროში, სხვათა შორის, სწორედ იბერიელი მეფისწული ბაკური ავრცელებდა. ნაშრომში მოყვანილი ისტორიული მასალები არანაირ ეჭვს არ ტოვებს დიდი ბაკურის ქართული მწიგნობრობის სათავეებთან დგომის ფაქტთან დაკავშირებით. მაგრამ აღნიშნულ პირს, როგორც მკვლევარი გვარწმუნებს, მხარში ედგა კიდევ ერთი კონკრეტული ისტორიული პიროვნება, რომლის სავარაუდო სახელი მკვლევარმა ლეონტი მროველის ცნობაზე დაყრდნობით "ორმიზდ"-ად აღადგინა. ბ.ხურცილავამ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, საკუთარი ვარაუდის მართებულობის დამადასტურებელ მაგალითად დაასახელა პალესტინის ქართული მონასტრის დღემდე უძველესად (433-444 წ.წ.) მიჩნეული წარწერა, სადაც პეტრე იბერის პაპის - ბაკურის (დიდი ბაკურის) გვერდით იხსენიება უცნობი საერო დიდებული და ბაკურისვე ძუძუმტე - "გრი ორმიზდი". მან წარწერაში მოხსენიებული პირები ქართული ანბანის შემქმნელებად მიიჩნია და "გრი ორმიზდი" გააიგივა სომხურ წყაროებში ქართული დამწერლობის შექმნის კონტექსტში ნახსენებ მწიგნობარ "ჯალ"-ისთან. ამ გაიგივების საფუძველი მკვლევარმა მოძებნა შემდეგ გარემოებაში: საშუალო სპარსული "გრი" - სიტყვის ახალსპარსული სემანტიკური შესატყვისია სიტყვა "ჯან"-ი, რომელიც სომხურ წყაროებში "ჯალ"-ის სახით არის დამახინჯებული. ამ ცვლილების მიზეზი, მკვლევარის აზრით, შეიძლება გამხდარიყო ის ფაქტი, რომ საშუალო სპარსულ ანბანში "ნ" და "ლ" ბგერები იდენტური გრაფიკული ნიშნით გამოისახებოდა, ან კიდევ ბერძნული "ნიუ"-ს "ლამბდა"-დ დაზიანების შემთხვევა. ბ.ხურცილავა მიიჩნევს, რომ თავდაპირველი "გრი"-ის "ჯან"-ით ჩანაცვლებას სომხურ წყაროებში ადგილი VIII ს-ზე ადრინდელ პერიოდში არ უნდა ჰქონოდა. აღნიშნული გარემოებით, გარდა იმისა, რომ მისით ჩვენთვის საინტერესო ცნობის სომხურ წყაროებში (კორიუნთან, მოვსეს ხორენაცისთან) გადაკეთების ქვედა ქრონოლოგიური ზღვარი დგინდება, მაშტოცის მცხეთაში სტუმრობის ჭეშმარიტი მოტივაციის გამორკვევის შესაძლებლობაც ჩნდება. კერძოდ, ბ.ხურცილავა არ გამორიცხავს იმგვარ შესაძლებლობას, რომ სომხური ანბანის შექმნაში ქართული ასომთავრულის ერთ-ერთ შემოქმედ პირს, გრი ორმიზდს, მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული და, რომ ამის კვალობაზე, ანბანის, წიგნის, ასო-ნიშნის აღმნიშვნელი სომხური ტერმინი "გირ/გრი" ისევე იყოს დაკავშირებული შემქმნელი პირის სახელთან, როგორც სლავური დამწერლობის ერთ-ერთი სახეობის - "კირილიცას" სახელწოდება, ამ უკანასკნელის შემოქმედი პირის, კონსტანტინე - კირილეს სახელთან. შესაძლოა, ამ გარემოებით შექმნილი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, შეიცვალა კიდეც პირვანდელი "გრი (ორმიზდ)" სახელი მისი ახალსპარსული შესატყვისით სომხურ წყაროებში, ჯერ კორიუნთან, შემდეგ კი სხვა ავტორთა თხზულებებშიც. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ პირის კომპოზიტური სახელიდან სომხურ წყაროებში შემორჩენილია მხოლოდ მისი საწყისი ნაწილი (ჯალ), ისიც შეცვლილი სახით, ეს იმის ნათელი მოწმობაცაა, რომ აღნიშნულ წყაროებში მოცემული ცნობები ქართული ანბანის შექმნასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნადაა დაზიანებული და გადაკეთებული (არა უადრეს VIII საუკუნისა).

ბ. ხურცილავა უპასუხოდ არ ტოვებს იმ უცნაურ გარემოებას, რომ ადგილობრივ ნარატიულ წყაროებში ვერ ვპოულობთ ცნობას ქართული ანბანის ქრისტიანულ ეპოქაში გამოგონებისა და ამ მოვლენის ავტორების შესახებ. ის ამ ვითარების ახსნას რელიგიურ-თეოლოგიური ასპექტების მეშვეობით ცდილობს: ქართული ასომთავრული ანბანისა და მასზე მორგებული ეროვნული ქრისტიანული წელთაღრიცხვის სისტემის ავტორები იყვნენ ასკეტურ-მისტიკური ცნობიერების მქონე თავმდაბალი ქრისტიანი ადამიანები, რომლებიც, გარდა იმისა, რომ თავადაც გაურბოდნენ საკუთარი ღვაწლის აფიშირებას თანადროული სა

ავტორი: იოსებ კვიციანი


კალენდარი
დეკემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი