მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველო
2002-12-03
ბოროტების სათავე, ანუ როგორ შეთითხნეს "მეგრელთა საქმე"

გაგრძელება. დასაწყისი "საქართველო" #8,9,10,11,12,13,14. 2002 წ

კოლმეურნეობებს უმოწყალოდ ძარცვავდა ყველა, ბრიგადირიდან დაწყებული თავმჯდომარემდე. ამ უკანასკნელს რაიონის ხელმძღვანელობა ჰყავდა სარჩენი და გაძარცულ კოლმეურნეობაში კოლმეურნეთათვის დასარიგებელი რაღა უნდა დარჩენილიყო. ამაზე მინდა მკითხველს მოვუთხრო ხალხში გავრცელებული ერთი ანეკდოტი: "ერთ-ერთ კოლმეურნეობას რაიონიდან რევიზორი გაუგზავნეს. რევიზორმა გზაზე ერთი კოლმეურნე ჩაისვა მანქანაში. იფიქრა, მოდი ამ გლეხს გამოვკითხავ ზოგიერთ რამეს, რათა ცოტა წარმოდგენა მქონდეს, თუ რა ხდება შესამოწმებელ ობიექტზეო. რევიზორი ეკითხება გლეხს სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის ერთი კითხვა ასეთი იყო: "რამდენი წევრია თქვენს კოლმეურნეობაში?" გლეხი პასუხობს: "ჩვენს კოლმეურნეობაში ორი წევრია - თავმჯდომარე და ბუღალტერი". რევიზორი მიხვდა, რასაც ნიშნავდა ამ ენაკვიმატი გლეხის პასუხი. მივიდა ადგილზე, დაიწყო შემოწმება, მაგრამ საერთო ენა უმალ გამოძებნა თავმჯდომარემ რევიზორთან, რათა მას თვალი დაეხუჭა ზოგიერთ დარღვევებზე. რევიზორი მოუყვა თავმჯდომარეს იმ კაცზე, ვინც გზაზე შეხვდა, აღწერა მისი გარეგნობაც. თავმჯდომარე და ბუღალტერი უმალ მიხვდნენ, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ეს კაცი და იმავე ღამეს ერთი სატვირთო მანქანა სიმინდით, ლობიოთი და სხვა პროდუქტებით პირამდე გავსებული შინ მიუგზავნეს. მეორე დღეს ეს კოლმეურნე წავიდა სოფლის ცენტრში რაღაცის საყიდლად. მაღაზიის წინ რევიზორი შეხვდა, რომელიც ნასადილევი იყო და თანაც კარგად შეზარხოშებული. რევიზორმა იცნო გუშინდელი თანამოსაუბრე. გაახსენდა მისი ნათქვამი და კვლავ ჰკითხა: "კაცო, რამდენი წევრია თქვენს კოლმეურნეობაში?". გლეხმა უპასუხა: "ჩვენს კოლმეურნეობაში სამი წევრიაო". რევიზორმა გაკვირვებული ტონით მიმართა გლეხს: "ეს როგორ, შენ ხომ თქვი, ორი წევრი იყოო". იყო, ბატონო, ორი წევრი, მაგრამ წუხელ მეც გამაწევრეს". რევიზორი ყველაფერს მიხვდა. კომენტარს მკითხველს მივანდობთ.

ბერიას კანდიდატურა

ბუნებრივია, იბადება კითხვა - რატომ სტალინმა თავის შემცვლელად მაინცდამაინც ბერიას კანდიდატურა აირჩია? ნუთუ, მართლა პოლიტბიუროში არავინ გამოინახა მისი ალტერნატივა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს ადვილია. როგორც ადრე აღვნიშნეთ, ყველასათვის გასაგებია, თუ რა ადმინისტრაციულ-მმართველობითი სისტემა ჰქონდა დანერგილი მაშინ სტალინს. ასეთი სისტემის შენარჩუნებას რკინისებური კაცი სჭირდებოდა, რომელიც არაფერს დაერიდებოდა დასახული მიზნის განხორციელებისათვის. სწორედ ასეთი პიროვნება იყო ბერია. პოლიტბიუროს სხვა წევრები მეტ-ნაკლებად ლოიალურები იყვნენ. შემთხვევითი არც ის იყო, რომ პოლიტბიუროს წევრები სტალინის წინადადებას ბერიას აღზევების თაობაზე დუმილით შეხვდნენ. მათ ჰქონდათ ამის საფუძველი. იცოდნენ, რომ ბერია ჩუმად ყველას უთვალთვალებდა, იცოდნენ უმნიშვნელო რამეზე არავის დაინდობდა, არავის არაფერს აპატიებდა. მის ხელში ისედაც განუზომელი ძალაუფლება იყო თავმოყრილი. ერთი სიტყვით, ყველას ეშინოდა მისი. ბუნებრივია, რომ ასეთი მკაცრი კაცის სახელმწიფოს სათავეში დასმას არც ერთი მათგანი არ დაეთანხმებოდა.

* * *

მეორე დღესვე, როგორც კი კაგანოვიჩმა მოახსენა ბერიას პოლიტბიუროს სხდომაზე მისი კანდიდატურის წამოყენების შესახებ და ის, რაც შემდეგ მოხდა, ბერია ეახლა სტალინს და უთხრა: ..."იოსებ ბესარიონის ძევ, ორი-სამი წელია გულდასმით ვაკვირდები პოლიტბიუროს წევრებს, გულდასმით ვსწავლობ მათ ყოველ ნაბიჯს. ჩემის აზრით, უკეთესი იქნება ზოგიერთი მათგანი - ოთხი კაცი მაინც გამოვიყვანოთ პოლიტბიუროს შემადგენლობიდან. მე მოგცემთ პოლიტიკურად სანდო პირთა სიას, საქართველოს ცენტრალური კომიტეტიდან და სხვა რესპუბლიკებიდანაც. მათგან კი, ვინც უნდა შევიდეს პოლიტბიუროში, აირჩიეთ თვითონ". დღესდღეობით ცნობილი არაა, კონკრეტულად ვისი შეყვანა სურდა ბერიას პოლიტბიუროში, მაგრამ ბატონ ილიას მაღალი ჩინის ჩეკისტებისგან მოუსმენია, რომ პოლიტბიუროს შემადგენლობიდან გასაყვანად ბერიას მიაჩნდა: პირველ რიგში ბულგანინი და ხრუშჩოვი (ბერიას ჭკუის მოქნილობა და გამჭრიახობა დაადასტურა კიდეც ცხოვრებამ სტალინის სიკვდილის შემდეგ).

სტალინმა ამ წინადადებაზე ბერიას ცივი უარი შეაგება და დასძინა: ..."ნაციონალურ საკითხზე შრომა მაქვს დაწერილი და გამოქვეყნებული, გარდა ამისა, ეს რომ გავაკეთო უეჭველია ნაციონალისტად გამომაცხადებენ". მაშინ ბერიამ, რომ იტყვიან, არც აცია და არც აცხელა, ისე მიახალა სტალინს: ..."იოსებ ბესარიონის ძევ! გახსოვდეთ, როგორც მე, ისე თქვენც ორივეს დაღუპვა გველის". ამ დღიდან, ამბობენ, რომ სტალინს და ბერიას შორის შავმა კატამ გაიარაო (ბატონი ილიას თქმით, ასეთი აზრი დადიოდა აღიარებულ ჩეკისტებს შორისაც).

1952 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში სტალინი კვლავ ჩამოდის ბორჯომში. აქ მას დახვდნენ ელისაბედაშვილი, ეგნატაშვილი, ბუჯიაშვილი, ძმები ბალავაძეები, მგელაძე და სხვები. მათი უმეტესობა სტალინის ნაცნობები იყვნენ, ზოგიც ნათესავი. სტალინი ყველას მიესალმა, ხელი ჩამოართვა და მოიკითხა ისინი. ელისაბედაშვილი და ეგნატაშვილი ოფიციალურად ელაპარაკნენ სტალინს: ..."მართალია, ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობიდან გაყვანილია, პარტიიდან გარიცხულია და პასუხისგებაში მიცემულია ყველა დიდი მეგრელი, მაგრამ ჯერ კიდევ მათ საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში ნომენკლატურული ადგილები უკავიათ და საქართველოში პოლიტიკურ კლიმატს ჰქმნიანო".

ამ დროისათვის მოხსნილია და პასუხისგებაში მიცემულია მიხა ბარამია, ჭიჭიკო რაფავა, ვლადიმერ შონია, მამია ზოდელავა, პეტრე შარია, ვალოდია ზარელუა, ნინა ჟვანია, კონსტანტინე ჭიჭინაძე და სხვები, სულ 37 კაცი.

ზუსტად ცნობილი არაა, თუ რა და როგორ ილაპარაკეს სტალინთან შეხვედრისას ზემოთ აღნიშნულმა მასთან დაახლოებულმა პირებმა, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ მათი წასვლიდან ერთი საათიც არ იყო გასული, სტალინმა გასცა განკარგულება: გაეგრძელებინათ დაპატიმრება და პასუხისგებაში მიეცათ ნომენკლატურულ თანამდებობაზე მყოფი ყველა მეგრელი. აქვე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება სამეგრელოს მთელი მოსახლეობის აყრისა და გადასახლების შესახებ.

როგორც აღვნიშნეთ, ამ დროისათვის მოხდა საქართველოს გაყოფა თბილისისა და ქუთაისის ოლქებად, ქუთაისის საოლქო კომიტეტის მდივნად აირჩიეს ბალავაძე, თბილისის საქალაქო კომიტეტისა - ბუჯიაშვილი1.

ნ. რუხაძის მხილება

1952 წელს დაპატიმრებები გაგრძელდა. კოტე ბზიავა ყველაზე ბოლოს აიყვანეს. ჯერ კიდევ, როცა რუხაძე არ იყო გაძევებული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტიდან, მან ბზიავას თხოვა დაეთვალიერებინა საზღვარი. ამ მიზნით მას რამდენიმე კაცი გააყოლეს. ბზიავა თავისი ხალხით დააკავეს საზღვართან. მან საბუთები წარუდგინა დაცვას, მაგრამ არ მოუსმინეს, სურათი გადაუღეს და მასალები რუხაძეს მიუტანეს. რუხაძემ მგელაძეს ბზიავას დაპატიმრების სანქცია სთხოვა, მაგრამ ცივი უარი მიიღო. მგელაძე თანდათან ხვდებოდა რუხაძის "საქმიანობას", მაგრამ უკვე გვიან იყო. რუხაძე იმდენად იყო გათამამებული, რომ ამ საკითხზე შეედავა კიდეც მგელაძეს. ამ უკანასკნელის კაბინეტიდან იგი გაბრაზებული გამოვიდა და ტელეფონით დაელაპარაკა სტალინს. სტალინმა მაშინვე დაურეკა მგელაძეს და უთხრა: ..."რატომ არ აძლევ ბზიავას დაჭერის ნებას, იგი ადრეც იყო დასაჭერიო". მგელაძე მიხვდა, რომ რუხაძემ დააბეზღა სტალინთან.

რუხაძე წელში ამაყად გაიმართა, გაიფოფრა. მგელაძესთან თამაში მოგებული ჰქონდა. გადის დრო, მიდის დაკითხვები. ძიება მიყავთ, როგორც ადრე აღვნიშნეთ, აკრძალული მეთოდებით. დგება დაკითხვის ოქმები, იკინძება ტომები. მაგალითად, ბარამიაზე შედგენილი იყო 29 ტომი, კოკაიაზე 32 ტომი, მირცხულავაზე 27 ტომი და ა. შ.

გრიგოლ კოკაიამ ყველაზე საინტერესო როლი ითამაშა იმ დრამაში, რომელიც მაშინ იდგმებოდა საქართველოს უშიშროების სამინისტროში. მან შეწყვიტა ჩვენების მიცემა იმ მომენტიდან, როგორც კი გაიგო, რომ მოხსნილი იყო ჩარკვიანი და მის ადგილზე გადაყვანილი იყო მგელაძე.

რუხაძემ კოკაია მოაყვანინა თავის კაბინეტში და უთხრა: ..."შე "ჟულიკო", რატომ არ იძლევი ჩვენებას? გინდა ძალით აგალაპარაკოთ? შენ იცი სად ხარ? დედას გიტირებ, აქედან ცოცხალი ვერ გახვალ".

- ვნახოთ, ვის ეტირება დედა, მგელაძე მე ძირფესვიანად მიცნობს, მან დღეს იცის, ჩვენ არავითარი ჯგუფი არ გვქონია და არც სახელმწიფო მოღალატეები ვართ. მან იცის, რომ მე ქვეყნისა და პარტიის ერთგული კაცი ვარ. იგი ჩემს დაუკითხავად არცერთ რაიკომის მდივანს არ ნიშნავდა. ყველა დიდ საქმეზე მე მეთათბირებოდა ქუთაისის საოლქო კომიტეტის მდივნად მუშაობის დროს. მან მაშინათვე ეჭვი შეიტანა ყველაფერში, რასაც შენ ჩადიოდი, ახლა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს უსაზიზღრესი ბრალდებები შენი ხელმძღვანელობითაა შეთითხნილი. ისიც ვიცით, ვინ გყავს ამ სისაძაგლეში ჩათრეული და რა არხებით მიდის ეს შავბნელი მონაჩმახი სტალინთან. მგელაძე ქუთაისშივე მეუბნებოდა: "გრიშა, ცოტა მოიცადე, რუხაძეს დედა ეტირება. მტარვალო, ახლოსაა ანგარიშების გასწორების დრო".

კოკაია იმდენად იყო განაწამები და დასუსტებული, რომ აჩრდილს ჰგავდა, მაგრამ ღონე მოიკრიბა და ზემოთ თქმული საბრალდებო დასკვნასავით მიახალა რუხაძეს. უნდა ითქვას, რომ რუხაძე გატყდა. გამოიძახა მცველი და უბრძანა - კოკაია საკანში ჩაეყვანათ. თვითონ კი დაჯდა და ცხელ გულზე დაწერა საჩივარი მგელაძეზე. საჩივარი გაუგზავნა სტალინს. მისი შინაარსი დაახლოებით ასეთი იყო: იგი წერდა, რომ საქართველოს კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი აკ. მგელაძე ხელს უშლიდა მუშაობაში, რომ იგი დიდი ინტერესით არ ეკიდებოდა მეგრელ დამნაშავეთა დაპატიმრებებს, პირიქით, ბევრ შემთხვევაში იცავდა მათ, არ აძლევდა სანქციებს, მაგალითად, მოყავდა ბზიავაზე სანქციის მიუცემლობა და რომ უშუალოდ სტალინის შეწუხება გახდა საჭირო მის დასაპატიმრებლად. იგი საჩივარში მიუთითებდა, რომ მგელაძე დედით მეგრელი იყო, გვარად სალია. წერდა, რომ მგელაძე 1937 წელს დაპატიმრებული იყო და შემდეგ ბერიას მითითებით იქნა განთავისუფლებული. რომ მგელაძე კოკაიას ძმაკაცია და ვერაფრით ვერ შეურიგდა მის დაპატიმრებას. აქვე აღნიშნავდა, თითქოს მას გააჩნია საკმაოდ სარწმუნო საბუთები იმის შესახებ, რომ მგელაძე თანაუგრძნობს მეგრელებს, ამდენად იგი დამნაშავეა. გარდა ამისა, აფხაზეთში მუშაობის დროს იგი ეწეოდა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და სხვა.

სტალინი გაეცნო ამ საჩივარს. გასაკვირია, რომ ეს გენიოსიო კაცი ახლა მაინც ვერ მიხვდა, თუ ვინ იყო რუხაძე და როგორ შეიყვანა მან მთელი ქვეყანა შეცდომაში. ამ შეცდომით კი სამეგრელოს რეგიონის მთელ მოსახლეობას ჯვარცმა ელოდა. ვინ იცის, რას ფიქრობდა სტალინი ამ წუთებში. ერთი რამ ცხადია, მან ამავე საჩივარზე წააწერა: ..."ამხ. აკ. მგელაძეს. ჩემის აზრით, თვით რუხაძეა პროვოკატორი, იმოქმედეთ კანონის მთელი სიმკაცრით". აღნიშნული საჩივარი სტალინის რეზოლუციით უკანვე მიიღო მგელაძემ. ეს მოხდა 1952 წლის მაისში. მგელაძემ მაშინათვე მოიწვია კომიტეტის ბიუროს სხდომა, ბიუროს წევრებს გააცნო საქმის ვითარება. რუხაძე გამოაცხადა პროვოკატორად, ცილისმწამებლად, სტალინის მითითებით ძალით იქვე ააგლიჯა სამხრეები, დააპატიმრა და საკანში ჩააგდო. სწორედ ამაზე ამბობს ხალხური სიბრძნე: "რაც მოგივა, დავითაო, ყველა შენი თავითაო".

...მიდის ძიება. საკანში იტანჯებიან უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც თავიანთი განათლების და უნარის შესაბამისად იყვნენ დაწინაურებულნი. ახლა კი ქართულ-ნაციონალისტური ჯგუფის მსხვერპლნი გამხდარან. რუხაძის დაპატიმრების შემდეგ სულ სხვა სიომ დაჰბერა. ახლა ბევრმა გაიცნობიერა, რაშიც იყო საქმე. მაგრამ ვის შეეძლო ამის შესახებ ჩაეყებინა საქმის კურსში სტალინი? ვისაც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ხელი ჰქონდა ამ საზიზღარ საქმეში, აწუხებდათ ის, რომ ბერია ჯერ კიდევ იჯდა თავის ადგილას. მეტად შეშფოთდნენ ავი საქმის მკეთებლები.

"მეგრელთა საქმის" არქიტექტორთა ნამოქმედარში ბერია იმთავითვე ხედავდა, თუ ვის გარშემო და რა მიზნით იხლართებოდა ინტრიგის ეს ქსელი. მან ისიც კარგად იცოდა, თუ რას ნიშნავდა "მეგრელთა საქმისათვის" ასეთი ფართო მასშტაბის მიცემა და საკავშირო პოლიტიკის რანგში აყვანა. იგი ხვდებოდა, რომ მალე, სულ მალე, ბარამია ამ ჯგუფის რიგითი წევრი გახდებოდა, ხოლო ჯგუფის მეთაურად თვითონ მას მონათლავდნენ. ამას ყველაფერს ხვდებოდა არა მარტო ბერია, არამედ თვით უბრალო ხალხიც. იქნებ ეს გახდა მიზეზი საქვეყნოდ წარმოშობილიყო აზრი ბერიას მიერ სტალინის თავიდან მოშორების თაობაზე.

ბევრ პუბლიკაციაში შეხვდებით "მტკიცებას", თითქოს სტალინის სიკვდილში ერიოს ბერის ხელი. ცხადია, ყველა ავტორი ამ თემაზე გამოთქვამს თავის შეხედულებას, მსჯელობს და აკეთებს ლოგიკურ დასკვნას, მაგრამ არცერთ მათგანს ამ საკითხზე არ გააჩნია ბოლომდე ეჭვმიუტანელი, სანდო, უტყუარი საბუთი. ამდენად ისინი ყველა სუბიექტური აზრია.

ამ საკითხზე ინტერესმოკლებული არ არის ბერიას ვაჟის, სერგოს აზრი. იგი ამბობს: ..."მე შემიძლია აღვიდგინო მეხსიერებაში ის ოჯახური ატმოსფერო, როცა გარდაიცვალა იოსებ ბესარიონის ძე. დედამ ჩემი დასწრებით განუცხადა მამას: ლავნეტი, შენ რამდენიც არ უნდა დაიმშვიდო თავი, შენი დრო გათავდა, შენ გიტანდნენ სტალინის წყალობით, ახლა კი მორჩა, სანამ გვიან არაა, დაწერე განცხადება გადადგომის შესახებ, მოიგონე ავადმყოფობა, ან სხვა რამ მოიფიქრე.

მამას არ ჩვეოდა თვითდამშვიდება. მას კარგად ესმოდა, თუ რა შეიძლება მოყოლოდა იმ დროისათვის არსებულ ძალთა დაჯგუფებას. მეუღლის რჩევაზე მან უპასუხა - ნინო, მე თუ დავწერ განცხადებას გადადგომის შესახებ, განა ეს შეცვლის მდგომარეობას? ისინი თუ მოინდომებენ, სულერთია, განახორციელებენ თავიანთ მზაკვრულ ჩანაფიქრს".

გამოდის, რომ სტალინის სიკვდილი ბერიას დაღუპვის წინა დღედ მიაჩნდა მთელ ოჯახს. ამის შემდეგ ძნელია ვირწმუნოთ მავანთა მტკიცება, თითქოს სტალინის სიკვდილი განხორციელდა ბერიას ხელით.

ჩვენის ღრმა რწმენით, სტალინის სიკვდილიში ბერიას მონაწილეობის ყველა ვერსია, რაც ხალხშია გავრცელებული და რაც ზოგიერთი ავტორის მიერაა გამოთქმული, სუბიექტურია. ამდენად, არცერთი მათგანი არ შეიძლება ჭეშმარიტებად ჩავთვალოთ.

უფრო სარწმუნოა, რომ სტალინი გარდაიცვალა თავისი დღით, მძიმე ფორმის დამბლისაგან. ასეთია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ჩვენ მას უნდა ვერწმუნოთ.

1953 წელს, იგონებს ბატონი ილია: ..."ვმუშაობდი შსს საგარეჯოს რაიონული განყოფილების უფროსად. 28 თებერვალს გამომიძახეს ცეკაში და დამახელწერილეს ორ მარტს გამოვცხადებულიყავ ბიუროზე. ვიცოდი, რაზეც მეძახდნენ. თუ აქა იქ კიდევ დარჩა ჩემი რანგის მეგრელი, ახლა იმათაც რიცხავდნენ პარტიიდან და იჭერდნენ. როცა დავბრუნდი განყოფილებაში, ამბავი დამახვედრეს, რომ რადიო იუწყებოდა - ქვეყანას დაატყდა უბედურება, სტალინს დამბლა დაეცაო. ორ მარტს გამოვცხადდი ცეკაში. იქ მითხრეს, რომ ბიურო არ შედგებოდა, რადგან მგელაძე ოთხი პროფესორის თანხლებით მოსკოვში გადაფრენილიყო".

ოთხ მარტს სტალინი გაცივდა წელს ქვევით. მაშინათვე პოსტები განაწილდა: თავდაცვის მინისტრად - ბულგანინი, სტალინის ადგილზე მალენკოვი (სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ) შინაგანი და უშიშროების სამინისტროები გაერთიანდა და მინისტრად ბერია დაინიშნა. მოლოტოვი საგარეო საქმეთა მინისტრად და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დარჩა. ხრუშჩოვი ისევ მოსკოვის კომიტეტის მდივანი იყო.

როგორც წემოთ აღვნიშნეთ, ხუთ მარტს სტალინის სიკვდილი გამოაცხადა რადიომ. 9 მარტს იგი დაასვენეს მავზოლეუმში ლენინის გვერდით. ამ პომპეზურ გასვენებაზე მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან იყო დელეგაცია. ამავე დღეს გაიმართა მოსკოველთა სახელდახელო მიტინგი, რომელიც გახსნა ნ. ხრუშჩოვმა, სადაც სიტყვები წარმოთქვეს: მოლოტოვმა, მალენკოვმა, ლ. ბერიამ. ოთხივე გამოსვლაში გამოიკვეთა ის აზრი, რომ მსოფლიოს პროლეტარიატს თავს დაატყდა დიდი უბედურება - გარდაიცვალა ი. ბ. სტალინი. ბერიამ თავის სიტყვაში ჩაურთო: ..."ბოლშევიკთა კოჰორტა კვლავ განუხრელად გაყვება ლენინ-სტალინის ხაზს და ქვეყანას მიიყვანს კომუნიზმის საბოლოო გამარჯვებამდე". ოთხივე გამომსვლელი თავიანთ სიტყვებში სტალინს ეფიცებოდა ერთგულებას პარტიისა და ხალხის სახელით.

მიტინგის დღესვე ყველა სამხედრო ნაწილში ხრუშჩოვის ინიციატივით და ბულგანინის ხელმოწერით დაგზავნილი იქნა დაშიფრული დეპეშა: ..."მხოლოდ ეროვნებით რუს ოფიცრებს! თუკი ბერია მოიმოქმედებს სახელმწიფო გადატრიალების მსგავსს, ადგილზე მიიღეთ ყველა ზომა, რათა ცხოვრებაში არ გატარდეს მისი არცერთი განკარგულება".

ხრუშჩოვის დიდი ხნის ოცნება იყო ხელისუფლების სათავეში მოხვედრა. მან ამის გეგმა ადრევე შეიმუშავა. იგი ყველა ღონეს ხმარობდა საამისოდ. ჩვენ არ შევუდგებით იმის აღწერას, თუ როგორ და რა გზით მიაღწია ხრუშჩოვმა ხელისუფლების სათავეში მისვლას, მხოლოდ გვინდა ძალზე მოკლედ მოუთხროთ იმ მკითხველს, რომელიც არ მოსწრებია მის ვაიმოღვაწეობას და ავადსახსენებელ პერიოდს 1953 წლის აგვისტოდან 1964 წლის ოქტომბრამდე, თუ რას წარმოადგენდა ეს კაცი.

ხრუშჩოვი, სანამ სკკპ მოსკოვის კომიტეტის მდივანი გახდებოდა უკრაინის კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად მუშაობდა. სრულიად გაუნათლებელი ვინმე იყო - მუშფაკი ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ გააჩნდა დიდი ენერგია და შრომის ორგანიზაციის შესაშური უნარი. სტალინმა იცოდა მისი განსწავლულობის დონე, მაგრამ მასში დაინახა რა ზემოთაღნიშნული თვისებები, დააწინაურა და იგი პოლიტბიუროს წევრიც ხდება. ომის დროს ხრუშჩოვი, როგორც სამხედრო საბჭოს წევრი, ფრონტზე იმყოფებოდა, თუმცა სამხედრო საქმისა ბევრი არაფერი გაეგებოდა. სტალინის სიკვდილის შემდეგმალე მას მალენკოვი პირველი მდივნის პოსტსაც უთმობს, სწორედ ამ წუთიდან იღებს დასაბამს სუბიექტივიზმისა და ვოლუნტარიზმის გაფურჩქვნა უსტალინოდ დარჩენილ ქვეყანაში. მან ამერიკის შეერთებულ შტატებს ნიკოლოზ მეორის დროინდელი და სტალინის დროს აღებული ვალებიც კი გადაუხადა. ქვეყანა ეკონომიურად დასუსტდა. თუ ხრუშჩოვის სახელმწიფოს სათავეში მოსვლამდე სსრ კავშირი ოქროს მარაგის მხრივ მსოფლიოს ხუთეულ ქვეყნებს შორის იხსენიებოდა, ხრუშჩოვის მოღვაწეობის დროს ერთ-ერთი ბოლო გახდა. ისე დაეცა სოფლის მეურნეობის დონე, რომ რუსეთმა პურის ყიდვა დაიწყო. უინსტონ ჩერჩილს ერთ-ერთი კორესპონდენტი შეეკითხა: "პოლიტიკურ მოღვაწეთა შორის როგორ შეაფასებდით ხრუშჩოვს?" მან უპასუხა: ..."ხრუშჩოვს მე გენიოსად მივიჩნევდიო". ეს როგორ, რითი? ჩაეკითხა კორესპონდენტი. ჩერჩილმა დაუკონკრეტა პასუხა: "კაცი გენიოსი უნდა იყო, რომ რუსეთი უპუროდ დატოვოო".

ხრუშჩოვი ხშირად მოგზაურობდა. ქვეყანას მისი გაუთავებელი და სრულიად უმიზნო წოწიალი მილიონები უჯდებოდა. რუსეთი კვლავ ვალებში ჩაეფლო. 1962 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას სიტყვით გამოვიდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომაზე და დააყენა საკითხი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გაეროს წევრად მიღების შესახებ. მას დარბაზი კარგად არ შეხვდა, შეიძლება ითქვას, მას იქ აურიეს, უსტვინეს, არ მოუსმინეს, განაწყენებულმა პასუხად ცალ ფეხზე გაიხადა და ტუფლის ქუსლით მაგრად დაუკაკუნა ტრიბუნაზე. მართალია, ამ უცნაური საქციელით დარბაზი შეცბა და გაირინდა, მაგრამ ეს მოქმედება ქვეყანას, ამბობენ, დიდი ჯარიმის გადახდის ფასად დაუჯდაო.

ხრუშჩოვი, შეიძლება ითქვას, ცბიერების, ეშმაკობის, გაუნათლებლობის და სიბრიყვის რაღაცნაირი ჰიბრიდი იყო. მან ეშმაკობით ბერიასაც აჯობა და აკი დაამარცხა კიდეც. მის პიროვნებაზე სრული წარმოდგენა რომ შეგვექმნას, საჭიროდ მიგვაჩნია მკითხველს, განსაკუთრებით იმ მკითხველს, რომელიც არ მოსწრებია ხრუშჩოვის მოღვაწეობას, გავაცნოთ ცნობილი ხელოვანის მიხეილ რომის, ქეთევან ჩხაიძის მიერ გადმოქართულებული სტატია, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ "დროშას" 1968 წლის ოქტომბრის ნომერში.

1. ზემოთ უკვე შევნიშნეთ, რომ ავტორის მსჯელობა სტალინ-ბერიას ურთიერთობაზე და სტალინის სიკვდილის ფაქტორებზე უსაფუძვლო ჩანს. მისი მოცილების მიზეზი იყო პოლიტიკის

შეტრიალების აუცილებლობა კორეაში დამარცხების შედეგად. რაც შეეხება სტალინის როლს სამეგრელოს გასახლების გადაწყვეტაში, ეს ვერსია (რომელიც საზოგადოებაში ძალიან იყო გავრცელებული) ყოველმხრივ დამაჯერებელი ჩანს. რედ. კოლეგია).

ავტორი: ვ. ნ. შონია


კალენდარი
დეკემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი