დღეს მოქმედი საერთაშორისო ნორმები სხვადასხვაგვარად ექცევა "მოხალისე" მებრძოლს, ანუ იმას, ვინც უცხო ქვეყანაში მიდის რაღაცა სამართლიანი საქმის დასახმარებლად (ასეთი იყო, მაგალითად, ბაირონი საბერძნეთში და ნიკო ბაგრატიონი ტრანსვაალში) და "დაქირავებულ" მებრძოლს. პირველს იდეალისტის ერთ-ერთ სახეობად თვლიან, მეორეს - დაქირავებული მკვლელისად. ახლა ამ პოზიციის გადასინჯვის საკმაოდ სახიფათო ტენდენცია ისახება. ბრიტანეთის საგარეო მდივანმა ჯეკ სტროუმ ამ რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა, რომ დაქირავებულთა ინსტიტუტი სულაც არაა ცუდი რამ და მათთვის შესაბამისი ზრდილობიანი სახელიც მოინახა: "კერძო სამხედრო კომპანიები". დღის წესრიგში დადგა მათი ლიცენზირების და, ზოგადად, მათი კანონმდებლობითი რეგულირების ფორმათა გამონახვის ამოცანა. ამ ინიციატივას, რომელიც ძნელად თუ ეფარდება ლეიბორისტული ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ "ეთიკურ საგარეო პოლიტიკას", დიდი პროტესტები მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან.
რაა ამ პოზიციის არგუმენტაცია და რა დგას მის უკან? "არგუმენტი" ისაა, რომ ახლა "მცირე ომებისა და სუსტი სახელმწიფოების" დროა, რის გამოც მადლია, რომ, უცხო თავდასხმის ან შინაგანი ამბოხების შემთხვევაში, რომელიც ხელისუფლებას ემუქრება, ამ უკანასკნელს შეეძლოს დაქირავებულთა მოხმობა (ასეთი სახელოვანი ოპერაცია ინგლისელი დაქირავებულების ბოლო ათწლეულთა ისტორიას მოეძებნება თავის არქივებში). ხოლო ძალა და საჭიროება, რომელიც ამ სიახლის უკან დგას, ის გახლავთ, რომ ინგლისელ პოლიტიკოსებს მწვავედ უდგას მსოფლიოს არაერთ წერტილში (პირველ ყოვლისა - აფრიკაში) სამხედრო ჩარევის აუცილებლობის საკითხი, მაგრამ ამავე დროს ჩარევა არ ძალუძთ, ჯერ ერთი, მათი სამხედრო ძალების მეტისმეტი "გაჭიმულობის" გამო, მეორეც, ხალხის პროტესტის გამო, რომელსაც არ ჰსურს, თავისი ჯარისკაცები სხვათა ომებში დაღუპული ნახოს. "დაქირავებულთა" ბედი მოსახლეობას არ ედარდება (ეს თვით ამ დაქირავებულთა პრობლემა გახლავთ). ხარჯი კი, ბუნებრივია, ნაწილობრივ მაინც იმ "სუსტ მთავრობებს" დააწვებათ, ვისაც სამხედრო დახმარება დასჭირდება.
მაგრამ ამ სიახლის უკან ერთი სხვა, ჯერჯერობით არხსენებული ძალაც დგას. თვით იმ "სუსტი სახელმწიფოების" არსებობა, როგორც მსოფლიოს სისტემის ერთ-ერთი ელემენტისა, რომელთა გადამრჩენადაც მოწოდებულნი არიან "დაქირავებულნი", კაცობრიობის ორგანიზაციის ის ფორმა გახლავთ, რომელსაც გლობალისტური ეკონომიკური პოლიტიკა საჭიროებს. თუ სახელმწიფოთა გაძლება-ვერგაძლების პროცესებიდან გამოირიცხა მათი საკუთარი ძალის ფაქტორი (და თუ ამ სახელმწიფოებმა, ამიტომ, საკუთარი ძალის შექმნაზე არც იფიქრეს), ეს მსოფლიო რუკას მთლიანად გახდის "დიდთა" მოტივირებული თუ არამოტივირებული "მოპრიანების" სათამაშოდ, რომელსაც მსოფლიო ბიზნესის ამწუთიერი ინტერესები განსაზღვრავენ.















































































