მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ქუჯი
2002-02-28
ლეილა დოკვაძე: ჩემს რძალთან ყოველდღე ორი კაცი მიდიოდა. ისინი ემუქრებოდნენ დაპატიმრებით, ბავშვებს კი უპატრონო ბავშვთა სახლში ჩავაბარებთო - ამბობდნენ

- მინდა გკითხოთ, 24 ივნისის პროვოკაციულ მოვლენებზე, რომელსაც რამდენიმე განზრახვა ჰქონდა, მათ შორის ხაფანგშიც მიუმწყვდევიათ კანონიერი ხელისუფლების მომხრეები. რას გვეტყოდით?

- ჩვენ იმ დღეს, სახლიდან საერთოდ არ გავსულვართ. აქვე მაღაზიაში გავედი მხოლოდ. ღამის 11 საათზე მოცვივდნენ შეიარაღებული პირები. არადა, მე იმ ღდეს, კიდევ ვამბობ, არსად არ გავსულვარ. ტელევიზორი რომ ჩავრთე უკვე სარიშვილი და კვარაცხელია გამოდიოდნენ და მოსახლეობას მოუწოდებდნენ, ეცადეთ, გარეთ არ გამოხვიდეთო. როცა ღამე მოგვიცვივდნენ, მხეცებივით იქცეოდნენ, კარები შემოამტვრიეს. როცა ვკითხე, რა ხდება-მეთქი, მითხრეს: - არ გაინძრეთ, თორემ გაგაგებინებთ, რაც გვინდაო. გადმოანგრიეს მთელი სახლი. რასაკვირველია, ვერაფერს ნახავდნენ. ვიღაცამ, გვარად ზარანდიამ, ვითომ ბავშვების ტანსაცმელში აღმოაჩინა ლიმონკა. ეს ხომ აბსურდი იყო. ვუთხარი კიდეც - ორი საათი იმიტომ დაანგრიეთ სახლი, რომ ადგილი მოგენახათ, სად ჩაგედოთ ლიმონკა-მეთქი?! ან ბავშვების ტანსაცმელში, რომელი ნორმალური შეინახავდა ასაფეთქებელს. მერე მე და ჩემს მეუღლეს განგვიცხადეს, რომ ნახევარი საათით უნდა წამოგვყვეთო. ასე მოტყუებით წაგვიყვანეს, ვუთხარი კიდეც: ახლა ღამის პირველი საათია-მეთქი, ამ დროისათვის მათ კომენდატის საათი ჰქონდათ გამოცხადებული. მითხრეს, ჩვენვე მოგიყვანთო. ჩემს რძალს ვუთხარი, ჭიშკარი არ ჩაკეტო, მალევე დავბრუნდებით-მეთქი. რას ვიფიქრებდი, რაც მერე მოხდებოდა. მიგვიყვანეს პოლიციის სამმართველოში - დიღომში. აგვიყვანეს მეექვსე სართულზე. ცოტა ხანში ჩემი მეუღლე გაიყვანეს, თურმე იქვე საპატიმროში წაუყვანიათ. ორი საათის შემდეგ მითხრეს, წამობრძანდითო. მე მეგონა სახლში მოვდიოდი. ლიფტით რომ ჩამიყვანეს, პირდაპირ დავადექი გამოსასვლელის კარს, გამომიცხადეს - იქით ნუ მიდიხარ, აქეთ მარცხნივ მობრძანდითო. დავინახე ქვემოთ ჩასასვლელი კიბეები და გისოსიანი კარი, მაგრამ ხმა არ ამომიღია, ისე ჩამიყვანეს, ჩამომართვეს ხელჩანთა. შეავსეს ოქმი. მე ვიკითხე: ჩემი მეუღლე სად არის-მეთქი? მითხრეს, აქვე ახლოს არისო. შემდეგ შემიყვანეს მეხუთე საკანში. კარი რომ გავაღე, რას ვხედავ: საკანში ზის 13 დაპატიმრებული ქალი - მეთოთხმეტე მე ვიყავი.

- ვინ იყვნენ დაპატიმრებულნი?

- ტელევიზიის ჟურნალისტები.

- გვარები თუ იცით?

- ირაკლი, გვარები მიწერია და შენახული მაქვს, მაგრამ არ ვიცოდი თუ დაგჭირდებოდათ. დავძებნი და შეგატყობინებთ, ისე კი მახსოვს, თამრიკო გამილაღდიშვილი, ფისო ქათამაძე, მათიკაშვილი, ეკა ხერხეულიძე, ხატია ღუდუშაური, ცოტნე ბაკურიას დედაც იყო. იმდენი ვიყავით, რომ ვერ ვეტეოდით საკანში, ცოტნეს დედა კარში იჯდა. როცა დამინახეს, მითხრეს: - უი, ლეილა დეიდა, თქვენც აქ ხართო?! ჩვენ ტელევიზიაში აგვიყვანესო. ქალბატონ ლიასთან (ცოტნეს დედა) რომ მისულან დასაპატიმრებლად, ამ დროს სამი მეზობელი ქალი ყოფილა მასთან, ტელევიზორის საყურებლად, ორი მეგრელი ყოფილა და ერთი სომეხი. იმ ბანდიტებს, სომეხი მაშინვე გაუშვიათ და ის ორი ქალიც წამოუყვანიათ საპატიმროში და ჩვენთან ერთად იყვნენ საკანში. ისე მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენთან ჩხრეკის დროს სახლში, ვითომ მოწმედ სომეხი მოიყვანეს.

- ეს გასაკვირი არც არის. 1002 წლის შემდეგ ასეთი ფაქტები ხშირად ხდება. ქ-ნო ლეილა, რა სიტუაცია იყო საკანში?

- ისეთი სივიწროვე იყო, მონაცვლეობით ვიჯექით. ის ღამე საშინელება იყო. გვერდითი ოთახიდან გვესმოდა საშინელი ღრიალი და ყვირილი. მოჰყავდათ ზვიადის მომხრეები, კაცები და ახალგაზრდა ბიჭები, ჰყავდათ გვერდით ოთახში, საიდანაც არაადამიანური ხმები გვესმოდა ცემის და წამების. მთელი ღამე შეუსვენებლივ ისმოდა კაცების განწირული ხმები. ამას ისინი დამუშავებას ეძახდნენ. როგორც იქნა, გათენდა. მეორე დღეს შემოვიდნენ სამოქალაქო ფორმებში გადაცმულები და გვითხრეს: სამ-სამი ქალი გამოხვალთ სამედიცინო შემოწმებაზე. ის ოთახი საშინელი შესახედი იყო, ყველგან სისხლის გუბეები იდგა, დასაჯდომი სკამიც სისხლიანი იყო, კედლები მოწუწული. ეს სწორედ იმ ღამეს მოხდა, წამების ხმები რომ გვესმოდა. ჩვენც იმიტომ შემოგვიყვანეს აქ, რომ დაენახებინათ ჩვენთვის, რისი გამკეთებლები იყვნენ.

- ქ-ნო ლეილა, ძირითადად კაცებს სცემდნენ და ქალებს თუ შეეხნენ ფიზიკურად?

- იცით, იმ ოთახიდან კაცების ღმუილი ისმოდა, როგორც დაჭრილი ლომები ისე ყვიროდნენ, იმდენად მაგრად სცემდნენ. შემდეგ ქალებიც სცემეს. მათ მოყვანილი ჰყავდათ ვითომ ექიმი. როცა შეგვიმოწმეს ხელები, ვიყავით თუ არა ნარკომანები, ძალზედ შეურაცხყოფილნი დავრჩით. ამას ესწრებოდა მაშინდელი ტელევიზიის მუშაკი ზაურ კვიტაშვილი, მისი შვილი, მგონი, დღესაც ტელევიზიაში მუშაობს. მითხრა - ქალბატონო ლეილა, თქვენც აქ ბრძანდებით?! ოპერატორიც ვიცანი, მივმართე - არა გრცხვენიათ თქვენ, არ მიცნობთ ვინ ვარ ან ჩემს შვილს არ იცნობთ-მეთქი. რისი ღირსებიც იყვნენ ის ვუთხარი. ასე შეურაცხყოფილი გამოგვიყვანეს ისევ საკანში. იმავე დღეს, საღამოს 6 საათზე, გაგვიღეს კარი, შემოცვივდნენ იარაღით და გამოგვყარეს აჩქარებით. იმ შენობას კიდევ სხვა კარი ჰქონდა, იქიდან გაგვიყვანეს და შეგვყარეს ავტობუსში. ამ თოთხმეტ ქალს ოცდაათი ავტომატიანი ახალგაზრდა მოგვყვა. სად მივდივართ, არ ვიცით. საშინლად გვაგინებენ და კონდახებს გვიღერებენ. ეზოში ერთმა ქალბატონმა ჰკითხა, სად მივყავდით. ცინიკურად გვითხრეს: "მეტეხში ბანკეტზე მივდივართ, ზვიადი ჩამოვიდაო" და თან საშინელ ბინძურ სიტყვებს გვეუბნებოდნენ. მიგვიყვანეს თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სუკის განყოფილებაში. სირცხვილი მათ, როცა გადმოგვიყვანეს ავტობუსიდან, ორივე მხრიდან კორდორი გაგვიკეთეს ავტომატიანებმა და ისე გაგვატარეს. ჩაგვიყვანეს სადღაც, საშინელ საკანში, ბერიას დროს აშენებულ საწამებელ ჯურღმულში. ორ საკანზე 14 ქალი გაგვანაწილეს შვიდ-შვიდად. ამ საკანში, ალბათ, წლობით არავინ მჯდარა, საშინელი სიბინძურე დაგვხვდა. ლიამ, ცოტნეს დედამ, იყვირა - მე აქ ვერ შევალო, მაგრამ ავტომატის კონდახით შემოაგდეს. მთელი ღამე საშინლად გავათენეთ. საკანს ფანჯარა არც ექნებოდა, რადგან საკნები მიწის ქვეშ იყო განთავსებული. კარგა ღრმად ვიყავით მიწის ქვეშ. ბერიას დროს აქ ხალხს აწამებდნენ. დღის მეორე ნახევარში ამომიყვანეს საკანიდან. ვიფიქრე, რომ ალბათ, გაარკვიეს, რომ უდანაშაულო ვარ და მიშვებენ-მეთქი. გარეთ მანქანა დამახვედრეს. ვუთხარი არ მინდა, აქვე ვცხოვრობ და ფეხით წავალ სახლში. - არა დაბრძანდითო. - ისეთი ტონით მითხრა, რომ მივხვდი, ჯერ არსად მიშვებდნენ. იმათ, ვინც საკანში დარჩა, ეგონათ, რომ გამათავისუფლეს.

თეთრი ჟიგული იყო, სადაც ჩამსვეს, გვერდზე ბიჭი მომიჯდა, ვინც წინ ზის, სარკეს ასწორებს და მეუბნება - ქ-ნო ლეილა, თქვენ არ იყავით 24-ში რადიოთი რომ გამოხვედით და ხალხს მიულოცეთ პრეზიდენტის დაბრუნება? მე ვეუბნები, სამწუხაროდ, მე არ ვყოფილვარ და როდესაც რადიო ჩავრთე, უკვე სარიშვილი და კვარაცხელია გამოდიოდა. - მართლა? - ცინიკურად მითხრა. - თქვენ ისეთი დიქცია გაქვთ, რომ თქვენს ხმას ჰგავდა. მე კიდევ ვეუბნები - სამწუხაროდ, მე არ ვყოფილვარ და იქნებ მომასმენინო ჩემი გამოსვლა-მეთქი. ამასობაში მანქანა გაჩერდა ქსნის პოლიციის მესამე ქვეგანყოფილებასთან. მე ვიკითხე, ციხეში მომიყვანეთ? კვლავ მიპასუხეს დამცინავად - რას ამბობთ, ქალბატონო ლეილა, თქვენისთანა ქალს რა უნდა ციხეში. შემდეგ ის გადავიდა და ჩემს გვერდით მჯდომს უთხრა: შენ აქ იჯექიო.

- თითქოს სადმე გაიქცეოდით...

- დიახ. ისეთი დამამცირებელი იყო ყველაფერი... 10 წუთის შემდეგ შემიყვანეს განყოფილებაში, ჩანთაზე მითხრეს - მე წამოგიღებო... ხელმარჯვნივ სამორიგეოში შევედი. ჩანთა მორიგეს დაუტოვეს და ისე წამებში გაქრა, ვერც კი დავინახე სად წავიდა. როგორც ეტყობა, იქ მხოლოდ ორი გისოსიანი საკანი იყო. ერთში, მგონი, ხუთი კაცი იჯდა, მეორე თავისუფალი იყო და იქ შემიყვანეს. გავიდა ცოტა ხანი და მორიგემ შემომიტანა ქაღალდზე დაბეჭდილი ჩემი ბინის მისამართი, დაბადების წელი, მოკლედ ყველაფერი, რაც საჭირო იყო მათთვის. დამაპატიმრეს და უცებ წავიკითხე გრაფა თუ რაზე ვიყავი დაკავებული, იქ კი ეწერა: ეჭვმიტანილი ქურდობაზე. გადავირიე, მე ამას ხელს არ მოვაწერ-მეთქი, ნუ მოაწერთო - მითხრა. ძალა არ დაუტანებიათ და გავიდა. საღამოს 9 საათზე "მაცნეში" (მე ვერ ვხედავდი ტელევიზორს, მაგრამ ხმა მესმოდა სამორიგეოდან) აჩვენეს კრიმინალური ქრონიკა და გამოაცხადეს - დააკავეს ირაკლი დოკვაძის დედა, რომელიც აბსოლუტურად იზიარებს შვილის აზრებს და აქტიური ზვიადისტია. მე პოლიციის მორიგეს ვეუბნები: აი, გესმით, რაზე დამაკავეს, ხომ გაიგეთ? დიახო - მიპასუხა მორიგემ. გვერდითი საკნიდან, რომელშიც არ ვიცოდი, ვინ იჯდა, მამაკაცის ხმა მომესმა: - ჩემო დაო, რაზე ხართ აქ? მე ხმადაბლა განვუცხადე - ზვიადისტი ვარ-მეთქი. ამაზე მომესმა გინება, თქვენისთანა ქალს რა უნდა აქ. მე ნუგზარი მქვია, ხელი გამოყავით გისოსებში - მეუბნება. გავყავი ხელი და პარკით გადმომცა ყველი, კიტრი, პომიდორი. ეს კაცი და საერთოდ გვერდით საკანში მსხდომნი პოლიტიკურზე არ იყვნენ დაჭერილნი, იქაური პატიმრები იყვნენ.

- ქ-ნო ლეილა, მე მგონი, ისინი უფრო პატივისცემით მოგექცნენ, ვიდრე "სამართალდამცავები"...

- დიახ. მე ვთხოვე, იქნებ ჩემი ტელეფონი დაწეროთ და გადასცეთ თქვენიანებს, რომ გააგებინონ სად ვიმყოფები. ჩემი მეუღლეც დაპატიმრებულია, სახლში რძალი და პატარა ბავშვები არიან მხოლოდ. მეექვსე დღეს უკვე გამოშვებული ჩემი მეუღლე, მაზლი, თამრიკო, საწყალი მისი და - მარინა მოვიდნენ. მე არ შემიძლია ცუდად გავიხსენო იქაური პოლიციის მუშაკები, თურმე იქაც ყოფილა ნორმალური ხალხი. მე პოლიციაზე მოგახსენებთ და არა იმ არაადამიანებზე, რომლებმაც თავიდან დამაპატიმრეს. მათ ახალი ჭიქა მომცეს, გადასაფარებელი გამომიტანეს და ცუდად მათ ვერ მოვიხსენიებ.

- რა თქმა უნდა, არიან ასეთი პოლიციელებიც, მე ეს მიტინგებზეც შემიმჩნევია.

- შემდეგ კვლავ ჩემს წასაყვანად მოვიდნენ, ვიფიქრე, ახლა კი ნამდვილად მიშვებენ სახლში-მეთქი. გავიხედე და კვლავ იმ საშინელ, სუკის შენობაში მიმიყვანეს. იქ კვლავ ის დაპატიმრებული 13 ქალი იყო. რომ დამინახეს, გაგიჟდნენ - ჩვენ განთავისუფლებული გვეგონეთო. მე ვიხუმრე - სახლში კი არა, იმისთანა ხალხი გავიცანი... უბნის ქურდები-მეთქი.

- ქ-ნო ლეილა, ის დაპატიმრებული ქალები კვლავ უცვლელად იყვნენ?

- დიახ, შემდეგ უკვე რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს უზენაესი საბჭოს დეპუტატის ნიკა კილასონიას მეუღლე. შემდეგ მოიყვანეს საშინლად ნაცემი ორი ჩვენი მომხრე ქალბატონი და მესამე საკანში ჩასვეს მიწის ქვეშ. როცა ვენტილაციას გამორთავდნენ, მიწის ქვეშ სუნთქვა გვიჭირდა, ავტეხდით ყვირილს, ჩართეთ, ვიხრჩობით-თქო. იქვე იყო ერთი საკანი, გვითხრეს, რომ ეს ბერიას დროს არის აშენებული და ჯერ იქიდან ცოცხალი არავინ გამოსულაო. მერე უკვე ციხის ეზოშიც ამოვყავდით. ეზოში რომ ვიჯექით და საკანშიც, ვიცოდით, რომ გვითვალთვალებდნენ, ამიტომ ჩვენთვის ვაწყობდით მიტინგებს, ვმღეროდით შავლეგოს და წინწყაროს.

- ე. ი. სულიერად სამიტინგო განწყობილებაზე იყავით...

- ზედამხედველები გიჟდებოდნენ - ესენი ვინ არიან, ასე გაუტეხელი რომ დარჩნენო.

- ქ-ნო ლეილა, ამ ჯურღმულებში რამდენი ხანი გაატარეთ?

- ზუსტად ერთი თვე. გენერალური პროკურორიდან ჩემი გათავისუფლების ბრძანება მოვიდა, მას ხელს რეზო ყიფიანი აწერდა. თურმე იმისთვის დამაპატიმრეს, რომ საკომენდანტო წესები დამირღვევია. ჩემთან ერთად მყოფ ჟურნალისტ გოგონებს ათი დღე დაუმატეს. სწორედ იმ ქაღალდით ციხიდან რომ მაცილებდნენ, განვუცხადე - აწი მეცოდინება, კომენდანტის საათი როცა დადგება, ქუჩაში უნდა გავიდე, თურმე ასე ყოფილა საჭირო, რადგან სახლში ყოფნა საკომენდანტო წესების დარღვევად ჩამითვალეს-მეთქი. კიდევ რა გაინტერესებს ირაკლი?

- მაინტერესებს თქვენი ჩასვლა ქალაქ გროზნოში...

- დიდი წვალებით წავედი. უფრო სწორედ, გავიპარე. მატარებლით ჯერ ბაქოში ჩავედი, იქიდან სხვა მატარებელზე გადავჯექი. ირაკლის შესახებ არაფერი ვიცოდი. სახლში ხომ ყოველდღე სუკი გვაკითხავდა. ჩემს რძალს ყოველდღე ორი კაცი ეჯდა ბინაში, ტელეფონთან არ უშვებდნენ.

როდესაც გროზნოში ჩავედი და სასტუმროში მივედი, 15 წუთი არ გასულა, შემოდიან და მეუბნებიან - ქალბატონო ლეილა, ბატონი ზვიადი გიბარებთო. გავგიჟდი, ვკითხე - კი მაგრამ, საიდან გაიგო? - მან ყველაფერი იცისო.

- არ ღელავდით როცა შედიოდით?

- რა თქმა უნდა, მას ხომ მე ახლოს არასოდეს დავლაპარაკებივარ. შევედი რეზიდენციის მეორე სართულზე ოვალურ ოთახში. ბატონი ზვიადი უკვე გველოდა. ჩვენს შეხვედრას ვერც კი გადმოვცემ, თითქოს კარგი ნაცნობები და ახლობლები ვიყავით. რამოდენიმე წუთი ჩამიხუტა გულში და ორივეს ცრემლები ჩამოგვდიოდა. შემეკითხა - თქვენ რომ დაპატიმრებული იყავით, შეურაცხყოფა ხომ არ მოუყენებიათო? - არა, ბატონო ზვიად, ფიზიკური შეურაცხყოფა რა მოუყენებიათ-მეთქი. მითხრა - შევარდნაძე რომ ჩავიდა ჰელსინკში, პირველი თქვენი გვარი დაუდეს მაგიდაზეო. ჰიტლერს არ გაუკეთებია ასეთი რამო - ამბობდა - რა უნდოდათ თქვენგანო. ყველაფერი გამომკითხა. მე ვუთხარი იმ ორ ქალზე, რომლებიც ნაცემები შემოიყვანეს საკანში. ისე შეწუხდა, ვერც კი აღგიწერთ. მე ასეთი თბილი ადამიანი არასოდეს მინახავს. ჩვენთან კაბინეტში ქ-ნი მანანა შემოვიდა, ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა, ბატონმა ზვიადმა უთხრა - მანანა, ეს ჩემი ირაკლის დედააო. შემდეგ სამივენი ვისხედით და ვსაუბრობდით. ჩემი შვილი იქაც ვეღარ ვნახე. შემდეგ გავიგე, რომ ყვარელში იყო, იქ, სადაც დააპატიმრეს.

- ქ-ნო ლეილა, გაზეთ "ახალ თაობაში", ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები აღარ არიანო. ამაზე რას იტყვით?

- მაღლაფერიძის ეს განცხადება მეც წავიკითხე. ისეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ დოკვაძე და გელბახიანი როცა გავლენ, შემდეგ აღარ გვეყოლებიან პოლიტპატიმრებიო. როგორ შეიძლება, ასეთ რეჟიმში პოლიტპატიმრები არ იყვნენ. თუნდაც მე რისთვის დამიჭირეს, ან სხვა ქალები, თუ პოლიტპატიმრები არ ვიყავით?! როცა გამომიშვეს ანზორ ბალუაშვილს შევეკითხე, რატომ ვიყავი დაჭერილი-მეთქი, მიპასუხა - თქვენი დაჭერა უდიდესი შეცდომა იყოო. როგორ თუ შეცდომა, ეს შეცდომა კი არა დანაშაული იყო. რა დააშავა იმ ორმა პატარა ბავშვმა, შიშით გვარს ვერ ამბობდნენ. ვიდეოკამერითაც კი იღებდნენ ჩვენთან ვინც მოდიოდა. ბოლოს ჩემი რძალი და ბავშვები ქუთაისში გაემგზავრნენ, მაგრამ მატარებლის კუპეშიც კი სუკის თანამშრომელი იჯდა. კონტაქტში ბავშვებთან შევიდა. პატარა სოფიკოს სახელი ჰკითხა, თვითონ კი უთხრა - ზვიადი მქვიაო. სოფიკომ ტუჩზე თითი მიიდო და უთხრა: არ თქვათ ზვიადი რომ გქვიათ, თორემ დაგიჭერენო. ბავშვებიც კი ტერორში იყვნენ.

- ქ-ნო ლეილა, აი, ამდენი საშინელების მერე, თუ გჯერათ გამარჯვების?

- რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ მართლები ვიყავით. არჩევნების დროს, ბატონი ზვიადის მხრიდან ჩუღურეთის რაიონის მე-12 საარჩევნო უბანში დამკვირვებელი ვიყავი. ხალხის განწყობილებას ვხედავდი, სომხები, ქურთები, სხვა არაქართველები ზვიადს აძლევდნენ ხმას. ეროვნული უმცირესობის უფლებები არ ირღვეოდა - ამის მონაცემებიც მაქვს. არავითარი აგიტაცია არ იყო საჭირო. გამარჯვების დღესაც მჯერა, ხალხი უნდა გაერთიანდეს, უნდა დაირაზმოს და ნამდვილად გავიმარჯვებთ.

- ალბათ, კვლავ მრგვალი მაგიდის გარშემო...

- რა თქმა უნდა, სხვაგვარად არც წარმომიდგენია. ქ-ნი მანანა, ყველაფერს დოკუმენტურად ასაბუთებს. მჯერა მისი გამარჯვების.

ავტორი: ირაკლი შონია


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი