მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
სარბიელი
2007-05-10
ძველი ჩაიმტვრა შუშასავით: ფეხბურთის ფედერაცია ჭადრაკის სასახლეში დაიბადა

ფეხბურთის ფედერაციის 13 მაისის ყრილობა ამ ორგანიზაციის დაარსებიდან მეთორმეტეა. თავად ფედერაცია კი არსებობის 17 წელიწადს ითვლის.

წინა თერთმეტი ყრილობიდან გამორჩეული და დასამახსოვრებელი კი ისინი იყო, რომლებზეც, სხვა მიმდინარე საკითხებზე მსჯელობის გარდა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატებსაც უყარეს კენჭი.

ასეთები იყო: პირველი ყრილობა, 1990 წლის 15 თებერვალს რომ ჩატარდა და რომელზეც დაარსდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. ამ ყრილობამ პრეზიდენტად უფროსი ნოდარ ახალკაცი აირჩია.

მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 1994 წლის 17 სექტემბერს გაიმართა, რიგით მესამე იყო და ამ არჩევნებზე ახალკაცმა პოსტი შეინარჩუნა.

უფროსი ახალკაცი მომდევნო, მეოთხე ყრილობამდე გარდაიცვალა და 1998 წლის 25 ოქტომბრის ყრილობამ ახალ პრეზიდენტად მერაბ ჟორდანია აირჩია და 2002 წლის 24 აგვისტოსაც, მეხუთე ყრილობაზე, ისევ მას დაუჭირა მხარი.

ჟორდანიას მეორედ არჩევიდან უარჩევნებო ყრილობების ჯერი იყო

და მეცხრე ყრილობაზე,

2005 წლის 11 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალმა მეთაურმა, უმცროსმა ნოდარ ახალკაცმა ჩაიბარა. სამ დღეში კი, მეთორმეტე ყრილობა ნოდარ ახალკაცს, გიორგი ნემსაძესა და მამუკა კვარაცხელიას შორის გააკეთებს მორიგ არჩევანს.

რა და როგორ იქნება 13 მაისის ყრილობაზე, ახლა მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ. თუმცა ის, თუ რა ხდებოდა წინა ხუთ საპრეზიდენტო ყრილობაზე, ცხადია, ზუსტად ვიცით. ამიტომაც გვსურს, ასე ვთქვათ, არქივი გადავქექოთ და იმ ყრილობათა პერიპეტიები გავიხსენოთ.

დღეს პირველი, დამფუძნებელი ყრილობის ამბებს გავიხსენებთ, ხვალ და ზეგ კი მომდევნო იყოს. პირველი ყრილობა სულაც წიგნად აკინძული არსებობს - ელგუჯა ბერიშვილის "დიდი ბურთაობა" და უკეთეს "მეგზურს" ვერც ვნახავთ:

1989 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, ჩვენს პრესაში დიდი კამათი გაჩაღდა ქართული ფეხბურთის მომავალზე, კონკრეტულად იმის თაობაზე, რომ დადგა დრო, საკავშირო ჩემპიონატის გარეშე, დამოუკიდებლად გავიკვალოთ გზა საერთაშორისო ფეხბურთში.

იმდროინდელი პოლიტიკური ვითარების ფონზე, ამგვარი განცხადებები მოულოდნელი სულაც არ ყოფილა.

კამათი ისე "გახურდა", რომ პრესის ფურცლებიდან კაბინეტებში და სხდომათა დარბაზებში გადაინაცვლა. ხუთ საათს გაგრძელდა თბილისის "დინამოს" საფეხბურთო კლუბის საბჭოს გაფართოებული სხდომა, რომელიც წინ უძღოდა ფედერაციის დამფუძნებელ ყრილობას.

...1990 წლის 15 თებერვალი. ხალხით გაჭედილი ჭადრაკის სასახლე. იგრძნობა: დღეს აქ, ამ დარბაზში, საინტერესო ამბები მოხდება.

ყრილობას ხსნის საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე, საქართველოს სპორტსახკომის ფეხბურთის სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით კვინიკაძე:

"მეგობრებო, დღევანდელი დღე ღირსშესანიშნავია საქართველოს საფეხბურთო ცხოვრებაში, ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში. უნდა დავაფუძნოთ შინაარსით განსხვავებული ფედერაცია, რომელიც, როგორც სუვერენული ორგანიზაცია, უახლოეს პერიოდში გაწევრიანდება ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაში..."

ყრილობაზე მოწვეულია 490 დელეგატი, ესწრება 391. ყრილობა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას.

უსაშველოდ გაჭიანურებული, თითქმის ერთსაათიანი კამათის შემდეგ შეთანხმდნენ - სხდომებს უხელმძღვანელებს სამი თანათავმჯდომარე: დავით კვინიკაძე, საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის რექტორი, პროფესორი ომარ გოგიაშვილი და საქართველოს სახალხო ფრონტის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ იმნაძე. საპატიო თავმჯდომარედ ირჩევენ ბორის პაიჭაძეს...

დარბაზში უკვე რია-რიაა. კამათი იწყება დღის წესრიგზე. ჩემპიონატის სტატუსისა და სტრუქტურის დამტკიცება დღის წესრიგში ბოლო, მეხუთე საკითხად შეიტანეს და ერთი ამბავიც ამას მოჰყვა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ პირველად სწორედ ეროვნულ ჩემპიონატზე იმსჯელებდნენ. კითხვა მარტივი იყო. როდის უნდა გამოეყოს ქართული ფეხბურთი საბჭოურს. ერთი ჯგუფი დაუყოვნებლივ გამოყოფის მომხრეა, მეორე - საბჭოთა ფეხბურთიდან ეტაპობრივად გამოსვლის.

ისევ "დიდი ბურთაობა":

საბოლოოდ, ყველაფერს კენჭისყრა გაარკვევს, მაგრამ დარბაზში ზის კაცი, რომელსაც ჯერ არაფერი უთქვამს. მის სიტყვას სხვა წონა აქვს და სხვა ფასი ადევს. თუ "თავზე ხელი აიღო" და ტრიბუნასთან მივიდა, ჩათვალეთ, რომ დღის წესრიგის პირველ საკითხზე ვერდიქტი გამოტანილია. უკვე მერამდენედ უხმეს, მაგრამ ხელსაყრელი მომენტის მოლოდინში ფეხს ითრევს. იქნებ გამოსვლას სულაც არ აპირებს. იქნებ ფეხბურთზე საერთოდ ჩაიქნია ხელი და აქ მხოლოდ "სეირის საყურებლად" მოვიდა.

დარბაზიდან: ნოდარ ახალკაცი სად არის, ახალკაცი გამოვიდეს!"

სხდომის თავმჯდომარე: "სიტყვით გამოდის ახალკაცი, წარდგენა არ სჭირდება".

ნოდარ ახალკაცი: "მოკლე შესავალს ვიტყვი და მერე უშუალოდ საქმეზე გადავალ. ავადმყოფობის გამო, სამი წელია, რაც აქტიურ ფეხბურთს ჩამოვშორდი. დიდი ხანია გადაწყვეტილი მაქვს, რომ მწვრთნელად არასოდეს ვიმუშავებ. არაერთ გუნდში მიმიწვიეს, მაგრამ ფეხი არსად გამიდგამს. მიზეზთა გამო, საზოგადოების წინაშეც არ გამოვსულვარ. ამჯერად თავი მოვალედ ჩავთვალე, აქ შეკრებილთ მოვახსენო ჩემი აზრი...

დიდი საქმე მსხვერპლს ითხოვს... ახალი ფედერაცია უნდა წავიდეს პროფესიონალიზმის გზით. ფეხბურთი სპეციალისტებმა უნდა მართონ. ამ გზას თუ ავირჩევთ, მერე უკან დახევა არ იქნება. თუ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები დღეს მხარს გვიჭერენ და დამოუკიდებლობას მოითხოვენ, ხვალ საწინააღმდეგო არ უნდა გვითხრან... მე არ ვეთანხმები იმათ, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოში ფეხბურთის დონე დაეცემა. პირიქით იქნება.

ყველას გასაგონად ვამბობ, რომ საბჭოთა კავშირში ისეთი პოლიტიკური მდგომარეობაა (ექვს ქალაქში ტანკები დგანან), შეიძლება საკავშირო ჩემპიონატი ვერც დაამთავრონ... მე მგონია, დღეს ყველანი უნდა ვიყოთ აქ, საქართველოში... ასეთნაირად დავამთავრებ: როგორც დიდი ილია ბრძანებდა, ქვეყანაზე ზოგი ისეთი საგანია, თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ; ზოგიც ისეთი, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. მოდით, საქართველოს კარსმომდგარი თავისუფლება დავინახოთ და ფეხბურთის საქმეც ისე მოვაწყოთ, როგორც ჩვენს ხალხს ეკადრება"...

დარბაზს ტაშის ექომ გადაუარა.

კამათმა აზრი დაკარგა...

თავმჯდომარე: "ვინ არის მომხრე, რომ კიდევ ერთი წელი ვითამაშოთ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში. - თხუთმეტი კაცი. წინააღდმეგი.... უმრავლესობა. თავი ვინ შეიკავა - სამმა. ხმების აბსოლუტური უმრავლესობით გადაწყდა: ფეხბურთის ახალი და დამოუკიდებელი ფედერაცია შეიმუშავებს ეროვნული ჩემპიონატის დებულებას. დღეიდან უარს ვაცხადებთ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მონაწილეობაზე!..."

(მქუხარე ტაში. ყველანი ფეხზე დგებიან. დარბაზში ფრიალებს ეროვნული დროშები).

არჩევანი გაკეთებულია. ამ წუთიდან ქართული ფეხბურთი ახალ ცხოვრებას იწყებს.

მშვიდობით, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატო...

ყრილობამ ერთი საქმე მოილია, თუმცა დადგა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხის ჯერი. ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.

მივყვეთ "დიდ ბურთაობას":

ასახელებენ კანდიდატებს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე:

ნოდარ ახალკაცი, მანუჩარ მაჩაიძე, კახი ასათიანი, ვლადიმერ ბარქაია, ზურაბ პეტრიაშვილი, ილია დათუნაშვილი.

ბარქაია: "ჩემს თავს აცილებას ვაძლევ".

მაჩაიძე: "ამ თვენახევრის წინ, საინიციატივო სხდომაზე, ვისაუბრეთ შესაძლო კანდიდატებზე და არჩევანი კახი ასათიანზე შევაჩერეთ... ჩემს კანდიდატურას მაშინვე აცილება მივეცი და ახლაც იგივეს ვადასტურებ. ვასახელებ ასათიანს. გთხოვთ, ამ საკვანძო მომენტში მაინც გაითვალისწინოთ სპეციალისტთა აზრი".

პეტრიაშვილი: "მას შემდეგ, რაც ნოდარ ახალკაცი აქ გამოვიდა, მიძნელდება კენჭი ვიყარო. ჩემს კანდიდატურას ვხსნი ბატონი ნოდარის სასარგებლოდ".

დათუნაშვილი: "დიდ მადლობას მოგახსენებთ. ჩემს თავს აცილებას ვაძლევ".

დარჩა ორი პრეტენდენტი - ახალკაცი და ასათიანი.

ახალკაცმა სათქმელი უკვე თქვა. რას იტყვის ასათიანი. ახლა მისკენ არის მიმართული დარბაზის მზერა... ყოყმანობს. აშკარაა, ბრძოლა წაგებულია. დღეს ახალკაცს ვერავინ შეაჩერებს. არადა, ერთხელ მაინც ხომ უნდა მივიდეს მიკროფონთან, თუნდაც კენჭისყრაზე უარის სათქმელად.

დარბაზი მოლოდინშია, ტრიბუნაზე კი ადის... ბუხუტი გურგენიძე (ჭადრაკის სასახლის დირექტორი): "ერთი განცხადება მაქვს. დიდი ხანია ჭადრაკის სასახლე, კიროვის პარკიც, ტერორისტების ხელშია. ირაკლი წერეთლის სახელით მოდიან და ყველაფერს ანგრევენ. ამ ბოლო დროს ასი შუშა ჩავსვით. ახლაც, როცა ყრილობა მიდის, ხულიგნებმა ჩალეწეს მარჯვენა მხარე. რაღაც გვიშველეთ".

რა ქნას ყრილობამ. "შუშალეწიებს" გამოუდგეს, კუდით ქვა ასროლინოს, თუ სხდომა გააგრძელოს.

აქეთ-იქიდან ისმის: "პროვოკაციაა", "ყრილობის ჩაშლა უნდათ", "ნუ აჰყვებით ცეკას ხრიკებს"...

ყრილობა ფედერაციის პრეზიდენტობის დარჩენილი ორი კანდიდატის სიტყვას ელის: თუმცა იქამდე დამსწრეთ გურამ პეტრიაშვილმა და დავით ყიფიანმა მიმართეს. ორივემ თითქმის ერთიდაიგივე თქვა, ვიდრე რომელიმე კანდიდატს ხმას მისცემთ, კარგად დაფიქრდითო. შემდეგ სიტყვას კახი ასათიანი ითხოვს. მან თავის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა, ბოლოს კი თქვა, რომ... ვითარება შეიცვალა, ვატყობ, სახალხო ფრონტს გვიპირისპირებენ. თუ ადრე ხალხს ცენტრალური კომიტეტი ნიშნავდა, ახლა ამას სახალხო ფრონტი აკეთებს. ნოდარ ახალკაცთან რვა წელი ვიმუშავე და ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ მას ცუდად ვიცნობ. თუ ახალკაცს მიაჩნია, რომ ამ დიდ საქმეს უკეთ გაუძღვება, დამითმია პრეზიდენტის პოსტი... შემდეგ მიკროფონთან ნოდარ ახალკაცი მიდის: მესმის, საითკენ მიჰყავთ ეს საუბარი... ჩემი პოზიცია უკვე გაგაცანით. დღეისთვის არავითარი კონკრეტული პროგრამა არ გამაჩნია. პროგრამა ერთობლივად უნდა შევიმუშავოთ. თუ გადაწვეტთ და ფედერაციაში რაიმე საქმეს დამავალებთ, მზად, ვარ ვიმუშავო...

"დიდ ბურთაობაში" ვკითხულობთ:

თავმჯდომარე: "ასათიანს უნდა მივმართო - მოხსენით თქვენი კანდიდატურა."

კახი ასათიანი: "მოვხსენი... ბატონმა ნოდარმა უხელმძღვანელოს ფედერაციას. ვუსურვებ, ბევრი გაეკეთებინოს ჩვენი ეროვნული მოძრაობისთვის".

ხმა დარბაზიდან: "თქვენი ბრალია, რომ მოხსნა... ემოციებზეა ყველაფერი. ასე როგორ შეიძლება. იძულებით მოახსნევინეთ კანდიდატურა. ახალკაცს იმიტომ ვირჩევთ, რომ ყველაფერში გვეთანხმება. კაცმა თქვა, ავად ვარო... ნახევარი სეზონი ტელეფონით ხელმძღვანელობდა გუნდს. ახლაც ასე აპირებს. (ხმაური). დასახელდა ასათიანი და უყარეთ კენჭი".

თავმჯდომარე: "რაკი ერთი პრეტენდენტი დარჩა, აჯობებს, ღია კენჭისყრა მოვაწყოთ... ვინ არის მომხრე, ნოდარ ახალკაცი არჩეულ იქნას ფედერაციის პრეზიდენტად. გთხოვთ, მანდატების აწევით დაადასტუროთ. გთხოვთ, დაუშვათ. ვინ არის წინააღმდეგი. ექვსი კაცი. თავი ვინ შეიკავა. - ხუთმა. ამგვარად, ხმის უმრავლესობით ნოდარ ახალკაცი არჩეულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად".

ავტორი: ილია ნანობაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2007
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
12
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი