მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
შირაქი
2011-12-16
საქმის ერთგულებით და შრომისმოყვარეობით
ვაახლებთ რუბრიკას "მივიწყებული პორტრეტები-. ეს რუბრიკა, თავის დროზე, ჩვენი კოლეგის, აწ უკვე გარდაცვლილი რუსუდან ბენაშვილის საავტორო რუბრიკა გახლდათ. მისი გარდაცვალების შემდეგ კარგა ხანს თავს ვიკავებდით, მაგრამ, მიგვაჩნია, რომ ამ რუბრიკის განახლებით მეგობრის ხსოვნასაც პატივს მივაგებთ და იმ ადამიანების წინაშეც ვალს მოვიხდით, ვინც მთელი ცხოვრება იშრომა, იღვაწა და გარკვეული კვალი დაამჩნია საზოგადოების განვითარებას, ვისი ცხოვრების წესიც სამაგალითო იყო და მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ მათ შესახებ. დღეს ორ მათგანს გაგახსენებთ: ამირან და მერი ბიღიაშვილებს.
გიორგი ბიღიაშვილის და ნინა ალადაშვილის ოჯახში ამირანი და მერი ქიტესასა და ქეთოს მერე დაიბადნენ, ნაბოლარა კი ნათელაა. ხუთი დედმამიშვილი იყვნენ, ერთმანეთზე ზრუნვა მუდამ მათი უპირველესი მოვალეობა იყო და სიყვარულით ავსებდნენ ერთმანეთს. ყველამ უმაღლესი განათლება მიიღო და საუკეთესო სპეციალისტებიც დადგნენ. მხოლოდ ქეთომ ვერ გაუძლო შიშს, ომის შიშს და 1941 წელს, უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე მისაღები გამოცდები მიატოვა და ოჯახში დაბრუნდა: - თუ დავიხოცებით, ყველა ერთად დავიხოცოთო. ქიტესამ პირველმა დაამთავრა ზოოვეტერინალური ინსტიტუტი და და-ძმებს სწავლის სტიმული მისცა. ამირანი და მერი ისტორიკოსები არიან, ნათელა - ბუღალტერ-ეკონომისტია. დღეს ხუთი დედმამიშვილიდან სამნი დარჩნენ: ქიტესა და ქეთო ცოცხლები აღარ არიან. სამაგიეროდ არიან მათი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები, რომლებიც ერთ დიდ ოჯახში ერთიანდებიან და ყველა ტკივილი და სიხარული ერთიანი აქვთ.
დავუბრუნდეთ ჩვენი წერილის მთავარ გმირებს. პირველი ადგილი, როგორც ქალბატონს, მერის დავუთმოთ. იგი 1929 წელს დაიბადა სოფელ მირზაანში. საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიაშურა, მაგრამ არ გაუმართლა. გული არ გაუტეხია. სიღნაღის პედაგოგიურ სასწავლებელში III კურსზე დასვეს, როგორც საშუალო სკოლადამთავრებული. პირველი დღეებიდანვე მიიქცია პედაგოგების ყურადღება, გახდა სამაგალითო და წარჩინებით დაამთავრა სასწავლებელი. ამან საშუალება მისცა, უგამოცდოდ ჩარიცხულიყო მის საოცნებო უნივერსიტეტში. ასეც მოხდა. ის ისტორიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და არც იქ შეურცხვენია თავი. სიამოვნებით იხსენებს სტუდენტობის წლებს: კეცხოველის რექტორობას მოვესწარი და ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა ეს ბუმბერაზი ადამიანი, უნიჭიერესი და სამართლიანი. 1956 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი და თავისივე თხოვნით, მშობლიურ რაიონში გამოანაწილეს. დაინიშნა ზემო ქედის დაწყებით სკოლაში გამგე-მასწავლებლად. მეორე წელსვე არხილოსკალოს საშუალო სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ გადაიყვანეს. 4 წელი იმუშავა და ამავე სკოლის დირექტორად დაინიშნა. დაიწყო ბრძოლა სკოლის ახალი შენობის მშენებლობისთვის. მოსვენებას არ აძლევდა სოფლის თუ რაიონის ხელმძღვანელობას და მიზანსაც მიაღწია. დაიწყო ახალი სკოლის მშენებლობა. საგნის მცოდნე და ინიციატივიანი ახალგაზრდა შეუმჩნეველი არ დარჩა რაიონის ხელმძღვანელობას და აღმასკომის თავმჯდომარემ ელგუჯა შანშიაშვილმა ის აღმასკომის მდივნად გადმოიყვანა. 13 წელი იმუშავა ამ თანამდებობაზე, ბევრი სიკეთე და კარგი საქმე გაუკეთებია. შემდეგი 11 წელი რაიონის განათლების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ეს აღმშენებლობის გაუგონარი წლები გახლდათ ამ დარგში: მისი ძალისხმევით აშენდა და აღიჭურვა ზემო მაჩხაანის და ქვემო ქედის სასწავლო სახელოსნოები, არბოშიკის საშუალო სკოლას ახალი ფლიგელები დაემატა, გაახლდა გამარჯვების ნახანძრალი სკოლა, აშენდა ოზაანის, ქ. წითელწყაროს -1, 4, 5, 6 სოფელ წითელწყაროს და სამთაწყაროში ორი ტიპიური საბავშვო ბაღები, მიშენება გაუკეთდა რუსულ სკოლას, საბათლოს სკოლა უსაფრთხო შენობაში გადავიდა, განტმკიცდა დისციპლინა, ამაღლდა მოსწრების დონე. 1985 წელს მას პერსონალური პენსია დაენიშნა და, როგორც იტყვიან, "ტაიმ-აუტი- აიღო. ორი წელი სახლში იყო, მაგრამ ვერ გაძლო და 1987 წელს ისევ დაუბრუნდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. 12 წელი მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იმუშავა. ოჯახის შესაქმნელად ვერ მოიცალა, სულ ძმის - ამირანის ოჯახთან ერთად ცხოვრობს, თუმცა, არც სხვა დიშვილ-ძმიშვილებს ტოვებს უყურადღებოდ.
- ქალბატონო მერი, ხომ არ მიგაჩნიათ, რომ საკუთარი ოჯახი მაინც სულ სხვაა? - ვეკითხები.
- იცით, ყოველთვის შემეძლო, ბინა მიმეღო ნებისმიერ კორპუსში, ამ საქმეს ხომ აღმასკომი აწესრიგებდა, მაგრამ არ მოვისურვე, მე ჩემი ოჯახის და ახლობლების გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა. არც ახლა ვნანობ ამ ამბავს. დილის 9 საათზე ამირანს თვალში წამლის ჩაწვეთება უწევს. ინათებს თუ არა, ვფხიზლობ, რომ შევახსენო, არ დაეძინოს. ასე, ერთმანეთზე ზრუნვაში გავლიეთ ჩვენი ცხოვრება. რძალიც ძალიან კარგი მყავდა. მე და ჯულიეტა დებივით ვიყავით, ვერავინ იტყოდა ჩვენს რძალ-მულობას. ახლა წარმოიდგინეთ, მე რომ მარტო ვცხოვრობდე, 110 ლარით როგორ უნდა გამეტანა თავი. სიმართლე გითხრათ, ასეთ გაჭირვებულ სიბერეს არ ველოდი. თანაც, მარტო მე ხომ არ ვარ ასე, ირგვლივ ყველას უჭირს, ერთეულები არიან კმაყოფილები. ეს ძალიან მაწუხებს.
***
ამირან ბიღიაშვილი ერთი გამორჩეული და კოლორიტული პიროვნებაა, განათლებული, მრავალმხრივ ნიჭიერი; გაზაფხულზე 85 წლის გახდება, მაგრამ წლები არც ფიზიკურად ეტყობა და, მით უფრო, არც სულიერად - მხნე, ხალისიანი, აზრს არ იტყვის, ზედ ლექსი ან სხარტულა რომ არ მოაყოლოს. ყველაფერი ზედმიწევნით კარგად ახსოვს, ნიუანსებსა და დეტალებში ყვება თავს გადახდენილ უამრავ ამბავს ფაქტების, წლების, გვარ-სახელების ზუსტი დასახელებით.
ამირანი მირზაანში დაიბადა 1927 წელს. ქვემო მაჩხაანის საშუალო სკოლაში სწავლობდა. სიცილით იხსენებს თავის დამოკიდებულებას მათემატიკასა და ამ საგნის პედაგოგთან.
- ვერ ავუღე ალღო მათემატიკას, მასწავლებელიც ძალიან უხეში და ქრთამისტი ქალი გვყავდა. სამაგიეროდ, უზომოდ მიყვარდა ქართული ენა და ლიტერატურა და მისი პედაგოგი ტასიკო ზურაბაშვილი, რომელიც დღესაც ცოცხალია. უკვე ღრმად მოხუცია, მასთან კავშირი არ გამიწყვეტია, თბილისში ცხოვრობს. ერთხელ დიდი ძღვენით ვესტუმრე და გავახარე, ახლაც ტელეფონით მოვიკითხავ ხოლმე. მე მას ლექსიც მივუძღვენი.
ერთი სიტყვით, მათემატიკასა და მათემატიკის მასწავლებელს გამოქცეულმა ზემო ქედის საშუალო სკოლაში ამოყო თავი, სადაც მისი უფროსი ძმა ქიტესა ზოოტექნიკოსად მუშაობდა და უკვე დაოჯახებულიც იყო. თუმცა, არც აქ გაუმართლა, ციება დააწყებინა და იძულებული გახდა, სწავლა დროებით შეეწყვიტა. მერე სავალდებულო სამხედრო სამსახურმაც მოუწია.
- სამი წელი და ოთხი თვე ვიყავი ჯარში. ამ წლებმა ბევრი რამ მომცა. გამოვჯანმრთელდი, გავკაჟდი, დისციპლინა და შრომისმოყვარეობა გამოვიმუშავე. იქ დავეუფლე ჭადრაკს, დავხვეწე ჩემი კალიგრაფია, ჩავები კომკავშირულ საქმიანობაში, ვიყავ დივიზიის კომკავშიის მდივანი.
სახლში დაბრუნებულმა საფინანსო განყოფილებაში ფინაგენტად დაიწყო მუშაობა, თან საღამოს სკოლაში სწავლობდა. სკოლის დამთავრებისთანავე კომკავშირის რაიკომის მეორე მდივნად აირჩიეს. უნარიანი და პერსპექტიული ახალგაზრდა პარტიის რაიკომმა პარტიულ სკოლაში მიავლინა. მისი დამთავრებისთანავე გაზეთ "ახალ შირაქში- რედაქტორის მოადგილედ და პარტიული ცხოვრების განყოფილების გამგედ დანიშნეს. მაშინ გაზეთს ირაკლი მოლოდინი რედაქტორობდა. პარალელურად ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა. გული მაინც ორგანიზატორული საქმიანობისკენ მიუწევდა. ორიოდ წელში პარტიის რაიკომში ინსტრუქტორად გადაიყვანეს. მერე მთელი ექვსი წელი წითელწყაროს რაიონი სიღნაღის რაიონს შეუერთეს და ბატონი ამირანიც პარტიულ საქმიანობას სიღნაღში განაგრძობდა. სწორედ აქ მოხდა კურიოზი: ანაგის საშუალო სკოლიდან ანონიმური წერილი შემოვიდა, მათემატიკის მასწავლებელი ბავშვებს უხეშად ექცევა, ქრთამს ითხოვს და აიძულებს მოსწავლეებს, მასთან დამატებით იმეცადინონო. ანაგა ამირანის საკურატორო ზონა იყო და საქმის შესასწავლად ანაგაში ჩავიდა. ეს პიროვნება მისი ყოფილი მათემატიკის მასწავლებელი აღმოჩნდა, რომელსაც ის თავის დროზე, ქვემო მაჩხაანიდან გაექცა. საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი მაგისი პედაგოგობა და ადამიანობაო, უთხრა დირექტორს და ისე რომ, მისი ნახვაც კი არ მოისურვა, წერილი განსახილველად კოლექტივს დაუტოვა.
საბედნიეროდ, 1966 წელს წითელწყარო სიღნაღს გამოეყო და კვლავ დამოუკიდებელ რაიონად გამოცხადდა. იმ წელს ამირან ბიღიაშვილი სოციალური დახმარების განყოფილების გამგედ დაინიშნა. 34 წელი ემსახურა ამ საქმეს. იყო გულისხმიერი ხელმძღვანელი, სულ მუდამ სანაქებო და წარმატებული იყო მისი ორგანიზაცია. თავად ამირანი კარგი ორატორი და პირდაპირი პიროვნება გახლდათ. მის საჯარო გამოსვლებს პარტიის პლენუმებსა და კონფერენციებზე თუ კულტურულ ან სპორტულ ღონისძიებებზე ხალხი მოუთმენლად ელოდა. იცოდნენ, რაიმე განსხვავებულს, ნოვატორულს ან სამართლიანად კრიტიკულს იტყოდა და ხალხს "გულს მოფხანდა.-
1998 წელს პენსიაზე გავიდა, მაგრამ აქტიური ცხოვრება მისი სულის მოთხოვნილება იყო. მას იწვევდნენ და დღესაც იწვევენ შეხვედრებზე, ღონისძიებებზე, სადაც აუცილებლად გამოთქვამს თავის აზრს და დამოუკიდებლობას იმ თემატიკისადმი, რასაც ეს ღონისძიება ეძღვნება. ხალხს უყვარს მისი მოსმენა, რადგან მას, ისედაც ერუდირებულ ადამიანს, დღესაც წიგნი ხელიდან არ გაუშვია. არც თავის ჰობს ღალატობს. ჭადრაკი მისი ცხოვრების ნაწილია. ყიველდღე არჩევს ცნობილ მოჭადრაკეთა პარტიებს, ეთამაშება საკუთარ თავს. სწორედ ეს არის გონების წვრთნა და ვარჯიში, რაც მის ასაკში იშვიათია და მისაბაძი. ის წლების განმავლობაში იყო რაიონის საჭადრაკო ფედერაციის თავმჯდომარე, არაერთგზის გამარჯვებული და I, II, III ადგილების მფლობელი. ჭადრაკი ხელოვნების, მეცნიერების და სპორტის ნაზავია, რომელსაც თუ ალღო აუღე, ვეღარასოდეს შელევიო, ამბობს ამირანი და შვილიშვილებსაც "აიძულებს- შეიყვარონ ეს გონიერი თამაში, რადგან მიაჩნია, რომ ჭადრაკის თამაში ისეთივე სასიამოვნო და ჰარმონიულია, როგორც კარგი ცეკვის ან სიმღერის მოსმენა.
ბატონი ამიანის პოეზიით გატაცება მთელმა რაიონმა იცის: მან ზეპირად იცის ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების უამრავი ლექსი, იცნობს თანამედროვე პოეზიას და თავადაც წერს მშვენიერ ლექსებს.
- ლექსების წერა ძალიან გვიან დავიწყე. პირველი ლექსი 1996 წელს ჩემს მეგობარს და რაიონის ერთ-ერთ გამოჩენილ ქირურგს - ამირან კოდიაშვილს მივუძღვენი. მას მერე ხანდახან მსტუმრობს მისი უდიდებულესობა მუზა და მეც ვემორჩილებიო - ამბობს ამირანი, თავის ხელნაწერ ჟურნალს ფურცლავს და რამდენიმე ლექსს მიკითხავს. კითხულობს გრძნობით, სიყვარულით. მასში რომანტიკა და პრაგმატიზმი ერთნაირადაა განვითარებული. საოცარი ადამიანია.
- საინტერესო, ლამაზი და მრავალფეროვანი ცხოვრებით ვიცხოვრე, წარსულით კმაყოფილი ვარ. 34 წელი სოციალურ სფეროს ვემსახურე, ვიცი როგორ იყვნენ უზრუნველყოფილები მაშინ პენსიონერები ან მრავალშვილიანი ოჯახები და როგორ არიან დღეს. უკიდურსად უჭირთ პენსიონერებს, ეს თანხა ხან წამლის ფულადაც არ გვყოფნის. ვიცით, რომ საკმარისი არ არისო, გვეუბნება მთავრობა და ციცქნა-ციცქნა გვიმატებს თითო ოროლა ლარს, მაშინ, როცა სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტებზე ფასები ყოველდღიურად იზრდება, ორმაგდება და სამმაგდება. ამ დროს სახელმწიფო ჩინოვნიკებს და სხვადასხვა მოხელეებს 10-15 ათასი ლარი ხელფასები, სამგზავრო და სატელეფონო უზრუნველყოფები აქვთ. მე კერძო სტრუქტურებს არ ვგულისხმობ, საბიუჯეტო სამსახურებზე ვლაპარაკობ. რას აკეთებენ ისეთს, მათთვისაც დღე-ღამე ხომ 24 საათია?! როგორც ოჯახში მშობელს არა აქვს გამართლება, შვილებს სხვადასხვანაირად მოექცეს, ისე მთავრობას - ამბობს ამირანი და მადლობას უხდის თავის შვილებს, რომლებიც მასზე ზრუნავენ, მათი დახმარების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიაჩნია.
ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი ჰყავს ბატონ ამირანს. უფროსი შვილი გია (გიორგი) ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს. პეტერბურგის სატყეო-საინჟინრო აკადემია დაამთავრა, ერთხანს იქ იცხოვრა, დაოჯახდა და მერე, როგორც ბევრი სხვა ქართველი, ბედის საძებნელად უცხოეთში წავიდა. ამაზე ამირანს გული ძალიან სწყდება. ორი შვილიშვილი ინგა და ევა ბიღიაშვილები ესპანეთში იზრდებიან. რვაწლიანი განშორების შემდეგ, ამ ზაფხულს მთელი ოჯახი სტუმრად ჩამოვიდა საქართველოში, მამა-პაპისეული სახლ-კარის დატოვება აღარ უნდოდათ, მაგრამ... სხვა გზა არ არის. ამირანის ქალიშვილმა ლელა ბიღიაშვილმაც უმაღლესი განათლება პეტერბურგში მიიღო. ახლა ის დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი სპეციალისტია, სამი შვილის დედაა და ოჯახს, ძირითადად, ის უძღვება. ხან გია შეეწევათ ხოლმე ესპანეთიდან, პეტერბურგში ხანგრძლივი საქმიანობის შემდეგ თბილისში ჩამოვიდა ლელას მეუღლე ტოლიკა ლატარია, ისიც ცდილობს, ოჯახს მოეხმაროს. უფროსმა ვაჟმა დათომ უკვე დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი, ლევანი კი სტუდენტია და მამასთან ერთად თბილისში ცხოვრობენ, მეცხრეკლასელი ნათია ისევ დედის "კუთვნილებაა- და -1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეა. კარგი მოცეკვავე და მომღერალია. ის მარიამ ღვთისმშობლის შობის სახელობის სამლოცველო სახლში, თანატოლებთან ერთად, გალობს და ძალიან კმაყოფილია. ასე ცხოვრობს ეს დიდი ოჯახი ერთმანეთის სიყვარულითა და მზრუნველობით. დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცოთ, დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა და მხნეობა ვუსურვოთ ქალბატონ მერის და ბატონ ამირანს და მადლობა ვუთხრათ იმ ღვაწლისათვის, რაც მათ რაიონისთვის გააკეთეს.




ავტორი:  ნაირა გორაშვილი


კალენდარი
ოქტომბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
15
16
17
18
19
20
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი