მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი ვერსია
2002-03-18
როგორ გახდა აკაკი ბაქრაძე სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: კომუნისტურ ხელისუფლებას ეროვნულმა მოძრაობამ მიკრო-მატჩი ანგარიშით 2:1 მოუგო

მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი სულს ღაფავდა და მასში შემავალი რესპუბლიკები იმპერიის კლანჭებიდან თავის დაღწევას ცდილობდნენ, საქართველომ "ბალტიისპირულ გზად" ცნობილი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლაზე უარი თქვა და აქცენტი ქუჩის აქციებზე გადაიტანა. არადა, "ბალტიისპირული გზა" თავისუფლად შეიძლებოდა "ქართული გზა" ყოფილიყო და ალბათ ჩვენს ქვეყანაში გაცილებით ნაკლები სისხლი დაიღვრებოდა.

საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე, 1989 წლის 25 მარტს, საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლებისათვის მიუღებელმა ორმა კანდიდატმა - აკაკი ბაქრაძემ და პარმენ მარგველაშვილმა გაიმარჯვა. მაშინ ეროვნული მოძრაობის ლიდერები ბოიკოტს უცხადებდნენ ყველაფერ საბჭოურს და მით უმეტეს, საკავშირო არჩევნებს. მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ისინი ფარულად უჭერდნენ მხარს აკაკი ბაქრაძის მხარდამჭერ მიტინგებსა და აქციებს.

ვინ და როგორ დაასახელა ცნობილი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი აკაკი ბაქრაძე დეპუტატობის კანდიდატად, ვინ იყო მისი კონკურენტი კომუნისტური პარტიიდან, ერთ-ერთ წინასაარჩევნო კრებაზე 6 საათის განმავლობაში როგორ "აწვალა" თენგიზ სიგუამ ხალხით გადაჭედილი დარბაზი, ნოდარ ნათაძე როგორ ვერ გახდა დეპუტატობის კანდიდატი და როგორ აჯობა მას ვალერიან ადვაძემ, სწორედ ამის შესახებ მოგითხრობთ დღეს "ახალი ვერსია".

როგორ უსმენდა აკაკი ბაქრაძის ლექციებს რევაზ შავიშვილი

1988 წელს აკაკი ბაქრაძე კვირაში ერთხელ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ლექციებს კითხულობდა, რომლის ძირითადი მიზანი ეროვნული თვითშეგნების გაღვიძება იყო. ლექციებზე ის ლიტერატურაზე, რელიგიაზე, ეროვნულ პრობლემებზე საუბრობდა. ამ დროს ეროვნული მოძრაობის ტალღა აზვირთებული იყო. აკაკი ბაქრაძის ლექციები ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებას ემსახურებოდა. საინტერესოა, რომ ლექციები ღია იყო და მას მარტო სტუდენტები არ ესწრებოდნენ.

აკაკი ბაქრაძის ლექციების აქტიური მსმენელი იყო რევაზ შავიშვილი, "კონტროლის პალატის" ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც მაშინ გეოფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გახლდათ. 1988 წლის ოქტომბერში ერთ-ერთ ლექციაზე შავიშვილი ცოტა ადრე მივიდა, რადგან ადგილების დაკავება ძალიან ძნელი იყო. მის გვერდით მჯდომ მეგობარს შედარებით ძველი გაზეთი "იზვესტია" გამოართვა და კითხვა დაიწყო. ამ ნომერში გამოქვეყნებული იყო საარჩევნო კანონის პროექტი და ცვლილებები საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში. აღმოჩნდა, რომ ცვლილებების შესაბამისად პრაქტიკულად უქმდებოდა ის მუხლი, რომლითაც მოკავშირე რესპუბლიკას ჰქონდა კავშირის შემადგენლობიდან თავისუფალი გასვლის უფლება. მუხლი ძალიან თეორიული, მაგრამ ძალიან საჭირო და აუცილებელი იყო, რომელსაც სამომავლოდ შეიძლებოდა პერსპექტივა ჰქონოდა.

რევაზ შავიშვილი, თბილისის საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე: "ლექციის მსვლელობისას ბატონ აკაკის მივწერე: ხომ არ ფიქრობთ, რომ ასეთი ფორმულირებით გვერთმევა კავშირიდან თავისუფალი გასვლის უფლება-მეთქი. ჩემი ბარათის წაკითხვის მერე მისი პასუხიც კარგად მახსოვს: "რაც არა გვაქვს, იმას ვერ წაგვართმევენ!" რასაკვირველია, ასეთმა პასუხმა არ დამაკმაყოფილა".

შემდეგ გეოფიზიკის ინსტიტუტში რამდენიმე ადამიანმა ამ საკითხის ირგვლივ იმსჯელა, ინსტიტუტში ჩატარებული საერთო კრების სახელით საკავშირო უმაღლესი საბჭოს სახელზე წერილი დაწერეს და საქართველოს უმაღლესი საბჭოს კანცელარიაში მიიტანეს. ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო და რასაკვირველია, დიდი ყურადღება მიაქციეს. ამ დროს საქართველოში ეროვნული მოძრაობის ინიციატივით მასობრივი გამოსვლები უკვე დაწყებული იყო.

ვინაიდან "იზვესტიაში" საარჩევნო კანონის პროექტიც იყო გამოქვეყნებული, გაჩნდა აზრი, რომ ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელი იყო არჩევნების გზით, მაგრამ ამას მომზადება სჭირდებოდა. ერთი წლის მერე საქართველოს უმაღლეს საბჭოს ვადა გასდიოდა და 1989 წლის შემოდგომაზე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. თუმცა ეს არჩევნები რამდენჯერმე გადაიდო და საბოლოოდ ერთი წლის მერე, 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა.

რევაზ შავიშვილი: "მოსამზადებლად ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ჩვენ მოვახერხებდით გარკვეული გამოცდილების მიღებას საკავშირო ყრილობის დეპუტატების არჩევნებში. ეროვნული მოძრაობის რამდენიმე ლიდერს ვესაუბრეთ. მათ ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარით, მაგრამ ეს ცოტა სათუოდ ჩათვალეს და ერთმნიშვნელოვანი პასუხი იყო - ამის უფლებას არ მოგვცემენო. ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ, ჩვენი კანდიდატები დაგვესახელებინა. ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პერიპეტიები გადაგვხდა. ამაში ჩართული იყო პარტიული და უშიშროების სტრუქტურები. ყველაფერი ეს მათთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სხვებმაც გაიზიარეს ჩვენი აზრები".

პანტიკო თორდია აკაკი ბაქრაძის წინააღმდეგ

ფილოსოფიის ინსტიტუტიდან ნოდარ ნათაძის კანდიდატურა დასახელდა. ხოლო თსუ-ში კანდიდატურების წარდგენის ბოლო დღეს საერთო კრებაზე სერიოზული ამბები მოხდა და პარმენ მარგველაშვილის კანდიდატურა წამოაყენეს, რომელიც თსუ-ს ფიზიკის კათედრაზე მოღვაწეობდა.

მაშინდელი საარჩევნო კანონის ერთი-ერთი მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო კრებას შეეძლო, წამოყენებული კანდიდატურები გაეცხრილა და დაეტოვებინა იმდენი, რამდენსაც თვითონ ჩათვლიდა საჭიროდ. წინასაარჩევნო კრება არ ტარდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ორი კანდიდატი იყო. პარმენ მარგველაშვილი თსუ-ში ბოლო დღეს დასახელდა. მისი კონკურენტი გიგა ლორთქიფანიძე გახლდათ. დამატებითი კანდიდატების დასახელება ვერ მოასწრეს, რომ მერე წინასაარჩევნო კრება ჩატარებულიყო.

აკაკი ბაქრაძისა და ნოდარ ნათაძის კანდიდატურები ცოტა ადრე დასახელდა. ამიტომ მათთან ერთად ოთხ-ოთხი კანდიდატი გაჩნდა და წინასაარჩევნო კრებები ჩატარდა, რომლიდანაც ერთში კრებამ ნოდარ ნათაძის კანდიდატურა ამოაგდო და უფლება არ მისცა, კენჭი ეყარა. მეორე კრებაზე, სადაც აკაკი ბაქრაძის ბედი წყდებოდა, ხელისუფლებამ ეს ვერ მოახერხა.

რევაზ შავიშვილი: "ჰოდა, გადავწყვიტეთ, იქნებ მოგვეხერხებინა და კრების თავმჯდომარედ ჩვენი კანდიდატურა გასულიყო. ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც მეტალურგიის ინსტიტუტში მუშაობდნენ, მირჩიეს, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი თენგიზ სიგუა. მართალი გითხრათ, მაშინ მე მას არ ვიცნობდი. მოკლედ, კრებაზე ჩვენი წარმომადგენლები გავაფრთხილეთ, რომ ყველა ერთად დავასახელებთ თენგიზ სიგუას და მერე უნდა ვიბრძოლოთ, რომ ის გახდეს კრების თავმჯდომარე. რა თქმა უნდა, პატარა ეშმაკობებიც ვიხმარეთ".

თენგიზ სიგუა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი იხსენებს: "კრება ტრანსპორტის სამინისტროს სააქტო დარბაზში, ყაზბეგის გამზირზე, ყოფილ პავლოვის ქუჩაზე ჩატარდა. დაახლოებით 7-8 აკადემიური ინსტიტუტი შეიკრიბა და გადავწყვიტეთ, აქტიურად დაგვეჭირა მხარი აკაკი ბაქრაძის კანდიდატურისათვის. კომუნისტური რეჟიმის მხრიდან კაკო ბაქრაძის საწინააღმდეგო განწყობა იყო. ამ კრებას სხვადასხვა ორგანიზაციებიდან 800 კაცი ესწრებოდა. აკადემიური ინსტიტუტის წარმომადგენლები უმცირესობაში ვიყავით".

როგორც რევაზ შავიშვილი ამბობს, თენგიზ სიგუამ დარბაზი ექვსი საათის განმავლობაში "აწვალა". მერე, პრაქტიკულად, კრებამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, დეპუტატობის ოთხივე კანდიდატი გაეშვათ კენჭისყრაზე. ამაზე კი თენგიზ სიგუა ამბობს: "იქ ისეთი მოწინააღმდეგეები ჰყავდა კაკო ბაქრაძეს... კომუნისტური პარტია მთელ სადავეებს ფლობდა". აკაკი ბაქრაძე საბურთალოსა და პირველი მაისის საარჩევნო ოლქში უნდა აერჩიათ. საბურთალოს რაიონის რაიკომის მდივანი ამჟამინდელი პარლამენტარი, ილო ხუციშვილი გახლდათ.

თენგიზ სიგუა: "ილო ხუციშვილს რაც დავალებული ჰქონდა, ის უნდა შეესრულებინა - კომპრატიის წარმომადგენელი უნდა გაეყვანა. ეს იყო მაშინ 31-ე ქარხნის დირექტორი (ახლაც ამავე ქარხნის დირექტორია) პანტიკო თორდია".

იმ პერიოდში აკაკი ბაქრაძის ხმარდამჭერი, საკმაოდ მრავალრიცხოვანი მიტინგები იმართებოდა, სადაც კარიკატურებიც კი გამოჩნდა - ცხენზე იჯდა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი შოთა გორგოძე და ხელში ფარი ეჭირა, რომელსაც ეწერა - "პანტიკო".

რევაზ შავიშვილი: "პირველი მაისის საარჩევნო ოლქი იყო საბურთალო და დიდუბე. ჩვენ ვატარებდით შეხვედრებს ამომრჩევლებთან დარბაზებშიც, ქუჩაშიც. რამდენიმე შეხვედრაზე ზვიად გამსახურდია მოვიდა და სერიოზულად დაუჭირა მხარი აკაკი ბაქრაძეს. სიტყვა-სიტყვით ვერ გეტყვით, მაგრამ აზრი ასეთი იყო: "ჩვენ საბჭოთა არჩევნებს ბოიკოტს ვუცხადებთ, მაგრამ გვჭირდება, რომ ბატონი აკაკი იყოს არჩეული"... ანუ, გამონაკლისები კეთდებოდა".

მაშინ, როცა სამინისტროს სააქტო დარბაზში წინასაარჩევნო კრება ტარდებოდა, გარეთ ათასობით ადამიანი იყრიდა თავს. ამის შესახებ კი დარბაზში მსხდომებმა არაფერი იცოდნენ. ქუჩა ხალხით გადაიჭედა.

რევაზ შავიშვილი: "როცა აკაკი ბაქრაძემ მოხსენება გააკეთა, თავის მხარეს გადაიყვანა მთელი დარბაზი. პროკურატურიდან მოიყვანეს წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ბაქრაძის პროგრამა ანტიკონსტიტუციურია და ა.შ. ერთ-ერთმა კანდიდატმა, თენგიზ ზაქალაშვილმა მოხსენებამდე ვიწრო წრეში თქვა - მე აკაკი ბაქრაძის წინააღმდეგ ვერ გამოვალო და დარბაზიდან გავიდა. მერე ის უკან დააბრუნეს. მოკლედ, ერთი ამბავი იყო. ის კრება ჩვენი გამარჯვებით დამთავრდა".

კრების დამთავრების მერე ქუჩაში გამოსულთ ათასობით ადამიანი დახვდათ, რომლებიც აკაკი ბაქრაძის სახელს სკანდირებდნენ. როგორც კი ხალხმა გაიგო, რომ აკაკი ბაქრაძე დეპუტატობის კანდიდატი გახდა, ხელში აიტაცეს და დაახლოებით 200 მეტრი ასე ატარეს.

თავიდან, აკაკი ბაქრაძის კანდიდატურა გეოფიზიკის ინსტიტუტში ისე დაასახელეს, რომ თავად მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. იმ ადამიანებმა, რომლებმაც მისი ხასიათის შესახებ იცოდნენ, ჩათვალეს, რომ თუ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ ეტყოდნენ, იგი უარს იტყოდა. ამიტომ ჯერ დეპუტატობის კანდიდატად დაასახელეს და ამის შესახებ მერე გააგებინეს. გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი მერაბ ალექსიძე მიმდინარე პროცესებში აქტიურად იყო ჩართული.

რევაზ შავიშვილი: "ბატონმა კაკომ არ იცოდა, რომ გეოფიზიკის ინსტიტუტში დეპუტატობის კანდიდატად დავასახელეთ. საღამოს სახლში დავურეკეთ. მეუღლემ გვიპასუხა - არ არის სახლში. თუ არ ვცდები, გეოფიზიკის ინსტიტუტში დეპუტატობის კანდიდატად დაუსახელებიათ და წავიდა, რომ გეოფიზიკის ინსტიტუტი მოძებნოს, ამ ხალხს შეხვდეს და გაარკვიოს, რა ხდებაო. იმ საღამოს ბატონმა აკაკიმ გეოფიზიკის ინსტიტუტი ვერ მოძებნა. ჩვენ ვერ მოვძებნეთ ბატონი აკაკი და მეორე დღეს მასთან სახლში შევხვდით. როცა მომხდარის შესახებ გაიგო, ძალიან გაუხარდა. არ ეგონა, რომ მის გაუფრთხილებლად შეიძლებოდა ასეთი რამეები მომხდარიყო".

ჯაბა იოსელიანი აკაკი ბაქრაძის ნდობით აღჭურვილი პირი იყო

აკაკი ბაქრაძეს ათი ნდობით აღჭურვილი პირი ჰყავდა. აქედან ხუთი მათგანი თავად დაასახელა, ხოლო დანარჩენი ხუთის არჩევა რევაზ შავიშვილს მიანდო. ბატონმა აკაკი ბაქრაძემ ნდობით აღჭურვილ პირებად დაასახელა: ვახტანგ გოგუაძე - უნივერსიტეტის პრორექტორი, რომელსაც მიჰყავდა ბაქრაძის ლექციები უნივერსიტეტში; თამაზ შავგულიძე, ცნობილი იურისტი, სამართლის ინსტიტუტის დირექტორი; ლამარა კინწურაშვილი, სამედიცინო ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე; ალექსანდრე ფოცხიშვილი, პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორი, ფილოლოგი; ჯაბა იოსელიანი, თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი. ახალგაზრდობის მხრიდან კი ნიკო ნიკოლოზიშვილი, უნივერსიტეტის "პრესკლუბიდან", რომელიც დღეს საქართველოს ელჩი გახლავთ სომხეთში; ცოტნე ჯავახიშვილი, ბიოლოგი, რომელიც მეცნიერ-მუშაკი იყო, ახლა ამერიკაში ცხოვრობს და თავისი სპეციალობით მუშაობს; გურამ სანაძე, ფიზიკოსი, დღეს ცნობილი ბიზნესმენი; ზურაბ ქუთელია, გეოლოგი, დღეს გარემოს დაცვის სამინისტროში ლიცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე და რევაზ შავიშვილი, გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

ჯაბა იოსელიანი: "მაშინ მე ლექციებს ვკითხულობდი უნივერსიტეტში დრამატურგიისა და თეატრის ისტორიაზე. ეს იყო ფაკულტატური კურსი, სადაც, გარდა უნივერსიტეტისა, მოდიოდნენ სხვადასხვა ინსტიტუტებიდან. კაკოც იქ კითხულობდა ლექციებს. რაღაცნაირად დავახლოვდით. ჩემს ნაწარმოებებს პირველად კაკოს ვაკითხებდი და ერთი სიტყვით, დავმეგობრდით".

1989 წლის 25 მარტს საკავშირო უმაღლესი საბჭოს დეპუტატების არჩევნებზე საბურთალოსა და მაშინდელი პირველი მაისის საარჩევნო ოლქში აკაკი ბაქრაძემ ხმების 90 %-ზე მეტი მოაგროვა. პარმენ მარგველაშვილმა დაახლოებით 75 %. ანუ, როგორც რევაზ შავიშვილი აღნიშნავს - მაშინდელ ხელისუფლებას მიკრო-მატჩი ანგარიშით 2:1 მოუგეს.

რევაზ შავიშვილი: "ეს იყო სერიოზული გამოცდილება შემდგომი არჩევნებისთვის მზადებაში. ყველა წყალქვეშა კლდე (თუ შეიძლება ასე ვთქვათ) ვიცოდით - რა შეიძლებოდა მომხდარიყო, რა შეიძლებოდა გაყალბებულიყო, როგორ, რანაირად. ამიტომ, რამდენიმე ასეულმა კაცმა სერიოზული გამოცდილება მივიღეთ და სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა არჩევნების ხელშემწყობი ორგანიზაცია - - დემოკრატიული არჩევნები საქართველოში, ანუ "დასი".

რა მოხდა შემდეგ, როგორ შეიქმნა "დასი", რატომ არ წავიდა საქართველო ე. წ. ბალტიისპირული გზით, რა მოვიგეთ ამ შემთხვევაში, ან რა დავკარგეთ, ამის შესახებ "ახალი ვერსია" შემდეგ ნომრებში შემოგთავაზებთ.

ავტორი: ნინო მიქიაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
17
18
19
20
21
22
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი