მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი ვერსია
2002-05-13
ამერიკელი ინსტრუქტორები ქართულ ყაზარმებს ათვალიერებენ: დასახმარებელი სამხედრო ნაწილების რიცხვი ნელ-ნელა იზრდება

ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების ძირითადი ნაკადი მაისის ბოლოს ჩამოვა. თუმცა, უკვე კვირაზე მეტია, რაც პირველი "გზამკვლევები" საქართველოში იმყოფებიან. ეს დრო მათ თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის შესწავლას მოანდომეს. მართალია, გასაწვრთნელი სამხედრო ნაწილები დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ ყაზარმებს დათვალიერება სჭირდება, რათა რემონტის მოცულობა განისაზღვროს.

ამას გარდა, ამერიკელებს საბინაო ფონდი თავადაც სჭირდებათ და კიდევ, სხვადასხვა მსგავსი ტექნიკური პრობლემის მოგვარებაც აუცილებელია. აშშ-დან ინსტრუქტორების ძირითადი ნაწილი მხოლოდ მას შემდეგ ჩამოვა, რაც ეს საკითხები გაირკვევა და სწავლებების დასაწყებად ყველაფერი მზად იქნება.

აშშ-ის მხარემ მედიის დამუშავება სამხედროების საქართველოში გამოგზავნამდე დაიწყო. "ეს არის წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა და მას პანკისთან და კოდორის ხეობასთან კავშირი არა აქვს", - ერთსა და იმავეს ამტკიცებენ ამერიკელი სამხედროები და მათი თანამემამულე პოლიტიკოსები.

ასეთი დიპლომატიური განცხადებები ამერიკელ სტუმრებსა და მათ ქართველ მასპინძლებს მოსკოვის წინაშე თავის მართლებასავით გამოსდით.

ამასთანავე საინტერესოა, რომ აშშ-ის სპეცოპერაციების ევროპის სარდლობის პრეს-რელიზში ნათქვამია: "წვრთნების ჩატარების მოქნილი, ეტაპობრივი ინიციატივა, საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა ეფუძნება ძლიერ სამხედრო ურთიერთობებს, რომლებიც ჩამოყალიბდა ორ ქვეყანას შორის ცივი ომის დასრულების შემდეგ და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას აშშ-ის მხრიდან".

თავიდანვე ქართული არმიის დახმარება პანკისში მიმალული ტერორისტების საკითხს მიება. ასე მოხდა 64-მილიონიანი გრანტის დასაბუთება. თბილისსა და ვაშინგტონში მოსკოვის მწვავე რეაქციას ალბათ, მაშინაც ელოდნენ, მაგრამ არა ისეთს, რაც მოხდა - აფხაზეთში ლამის ახალი ომი დაიწყო და ნათლად გამოჩნდა, რომ სეპარატისტულ რეგიონში რუსების აქტიურობა სწორედ ამერიკელი სამხედროების საქართველოში შესაძლო გამოჩენის შედეგი იყო.

შესაძლებელია, მოსკოვის ასეთი რეაქციის ბრალია ინსტრუქტორების პირველი ნაკადის საქართველოში ერთი თვის დაგვიანებით ჩამოსვლა. თუმცა, სტუმრების თქმით, ეს დრო იმ ბიუროკრატიულმა პროცედურებმა წაიღო, რაც გრანტით გათვალისწინებული თანხის გამოყოფას დასჭირდა.

სანამ ამერიკელ ინსტრუქტორთა პირველი ნაკადი შერჩეულ სამხედრო ნაწილებს ათვალიერებს და თბილისში საკლასო ოთახებისა და აუდიტორიებისთვის შესაფერის ოფისებს ეძებს, პრეზიდენტმა შევარდნაძემ, როგორც იქნა, ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც ჯარში მოხალისეთა მიღება უნდა დაიწყოს.

როგორც ცნობილია, უცხოელმა ინსტრუქტორებმა მე-11 ბრიგადის, საჩხერის სამთო-მსროლელი და სწრაფი რეაგირების ძალების "კოჯრისა" და კომანდოს ბატალიონები, ასევე ერთი მექანიზებული ასეული უნდა მოამზადონ. მათ მიერ გამოყოფილი 64 მილიონი დოლარიდან ნაწილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობასა და ჯარისკაცების სრულ ეკიპირებას, მათ შორის მსუბუქი იარაღით მომარაგებას მოხმარდება. ამჯერად, მოლაპარაკებები მესაზღვრეებთან მიმდინარეობს. შესაძლებელია, წვრთნის მესამე ეტაპზე მათი ერთი ბატალიონიც გაწვრთნან. სასაზღვრო ძალების შტაბის უფროსის მოადგილის, პოლკოვნიკ კორნელი სალიას თქმით, ეს საკითხი მაისის ბოლოს გაირკვევა.

ამერიკელ ინსტრუქტორთა ხელმძღვანელის, პოლკოვნიკ რობერტ ვოლტემაიერის განცხადებით: "კავშირი უნდა გაძლიერდეს ქვეყნის მართვის რგოლიდან ბატალიონის დონემდე. ამიტომ, შტაბის გაწვრთნით, ამ რგოლს ვაძლიერებთ".

ბატალიონების მომზადება, თავად ამ შუალედური - საშტაბო რგოლის გაწვრთნას მოჰყვება. ამ პროცესში ჩაერთვებიან სახმელეთო ჯარების სხვადასხვა სახეობები: მსუბუქი ქვეითი ძალები, მექანიზებული ქვეითი ძალები, სამთო ჯარები, ტანკები, შვეულმფრენები და სპეცდანიშნულების ძალები.

კონტრაქტის საფუძველზე მომზადებულ სამხედრო მოსამსახურეების საწვრთნელ პროგრამაში შევა: მიზანში სროლა, ინდივიდუალური გადაადგილების ტექნიკა, ათეულის და ოცეულის ტაქტიკა, ჯგუფური გამოყენების იარაღები, ასეულის დონის ტაქტიკა და ოპერაციები ქალაქში, საველე წვრთნები, სამედიცინო დახმარება, რადიოკავშირი, სახმელეთო ნავიგაცია და ადამიანის უფლებების დაცვა.

ამერიკელები 400-400-კაციან ბატალიონებს ასეულის დონეზე დღის პირობებში შეტევისა და ღამით თავდაცვითი ოპერაციებისთვის მოამზადებენ. მათ პატრულირებას, ჰაერიდან დესანტის გადასხმას, დაზვერვას და სხვა სამხედრო ნაწილების მხარდაჭერას ასწავლიან. სამთო ბატალიონს, როგორც მისი სახელი მიუთითებს, მთის პირობებში მოქმედებისთვის გაწვრთნიან.

ამერიკელი სამხედროების საქართველოში გამოჩენისთანავე რუსულ პრესაში ჭორების ახალი ტალღა აგორდა: აქაოდა, წვრთნების ეგიდით ქართველები მეამბოხე რეგიონებში შეჭრასა და მათ დამორჩილებას გეგმავენო. პოლკოვნიკი ვოლტემაიერი კი ამბობს: "წვრთნებისთვის ისეთ ადგილებს შევარჩევთ, რომლებიც ეჭვებს გამორიცხავს".

საინტერესოა, რომ წვრთნის პროგრამაში ქართველი ინსტრუქტორების მომზადებაც შედის, რაც იმის საფუძველს იძლევა, რომ მომავალში ქართველებმა ჯარისკაცებისა და ოფიცრების ამერიკული სტანდარტებით გაწვრთნა თავადაც შეძლონ.

ამასთანავე იქნება ის, რაც ქართული რეალობიდან გამომდინარე, წვრთნის პროგრამაზე არანაკლებ საინტერესოა - "ჩვენ ნებისმიერ ჭურვსა და ქონებას გავაკონტროლებთ. ამგვარად, დისციპლინასა და პასუხისმგებლობას ყურადღებას მივაქცევთ", - ამბობს პოლკოვნიკი ვოლტემაიერი.

სტუმრების თბილისში ჩამოსვლის მეცხრე დღე მეორე მსოფლიო ომში ნაცისტებზე გამარჯვების 57-ე წლისთავს დაემთხვა. ამერიკელი სამხედროების ახალი თაობა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან იმ ქართველ ვეტერანებს შეხვდა, რომლებმაც ოდესღაც მათ მამებთან ერთად ფაშიზმი დაამარცხეს. მაშინ ისინი ერთმანეთს ომის დამთავრებას ულოცავდნენ, მაგრამ იცოდნენ, რომ ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის ხანგრძლივი დაპირისპირება გარდაუვალი იყო. დღეს კი ქართველი ვეტერანების შვილებს ამერიკასთან მოკავშირეობის იმედი აქვთ.

ავტორი: მირიან ლებანიძე


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი