მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი ვერსია
2002-05-13
საქართველოში ბანკები მეფობენ და არა "სამეფო ღვინოები": უცხოელი ინვესტორები უცხოელ ინვესტორებს აფრთხილებენ

საქართველოში საკუთარი ბიზნესის განვითარებით უცხოელი ინვესტორების დაინტერესება დიდია. თუმცა ჩვენთან ინვესტიციების დაბანდება დიდ რისკთანაა დაკავშირებული. ყოველი უცხოელი ბიზნესმენი, ისევე, როგორც ქართველი, მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს მათი ბიზნესი ჩიხში მოექცევა. "ახალი ვერსია" სწორედ ერთი ასეთი პატარა მაგალითის შესახებ გიამბობთ.

უცხოელმა ინვესტორებმა საქართველოში ღვინის ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტეს. 2000 წლის 7 აგვისტოს ბრიტანულმა კომპანიამ "ერუ შქზუკშფდ ცშტუ სწქზფტნ დშქშეუვ"-მა ინვესტიცია განახორციელა ღვინის ქარხანაში, შპს "სამეფო ღვინოები კარდენახიდან".

როგორც ბრიტანული მხარის წარმომადგენლები აცხადებენ, 100 000 დოლარის ოდენობის სესხი უნდა მიეღოთ საქართველოს საფოსტო ბანკისაგან, მაგრამ ბანკმა სესხი არ გასცა. ამის მიუხედავად, ინვესტორებმა მაინც შეისყიდეს ღვინის კომპანიის წილთა 60 პროცენტი ნაღდი თანხით და, აქედან გამომდინარე, ისინი გახდნენ დირექტორები. თუმცა ქართველი გენერალური დირექტორი თეიმურაზ კურცხალია არ შეცვლილა. იგი თანამდებობაზე დარჩა.

მოგვიანებით, 2001 წლის 7 მაისს სს "საქართველოს საფოსტო ბანკსა" და შპს "სამეფო ღვინოები კარდენახიდან" შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ბანკიდან სესხად გაიცა 715 ათასი ლარი წლიური 18 პროცენტის დარიცხვით. ამ ხელშეკრულებას შპს-ს მხრიდან ხელს სწორედ თეიმურაზ კურცხალია აწერს. საინტერესოა, რომ ხელშეკრულება დაიდო ერთი თვის ვადით და ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოვალე (შპს "სამეფო ღვინოები კარდენახიდან") პასუხს აგებდა მთელი თავისი ქონებით.

შპს-მ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და 2001 წლის 9 ოქტომბერს სამეწარმეო და სხვა კატეგორიის სამოქალაქო დავების განმხილველმა არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც "სამეფო ღვინოების" მთელი უძრავ-მოძრავი ქონება საერთო ღირებულებით 1120635,46 ლარი გადაეცა სს "საქართველოს საფოსტო ბანკს".

საინტერესოა, რომ დავის განმხილველი არბიტრაჟის თავმჯდომარე, რომელმაც ეს საქმე განიხილა და გადაწყვეტილება საფოსტო ბანკის სასარგებლოდ გამოიტანა, "საქართველოს საფოსტო ბანკის" ყოფილი ადვოკატი ლაშა ჭიჭინაძე იყო.

როცა ამ ამბების შესახებ უცხოელმა ინვესტორმა შეიტყო, მან სასამართლოს მიმართა. დღეისათვის გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საწარმო დალუქულია. სესხის გამცემი "საფოსტო ბანკი" აცხადებს, რომ დალუქულ საწარმოში დაცული ღვინო მოუვლელობის გამო გაფუჭდება და ისინი იზარალებენ. თუმცა მეორე მხარე აცხადებს, რომ საწარმოს ისეთი საცავი აქვს, სადაც "სამეფო ღვინის" გაფუჭება შეუძლებელია.

უცხოელი ინვესტორები, ჰენდერსონი და რისი აცხადებენ, რომ ნებისმიერმა უცხოელმა ინვესტორმა უნდა გამოიჩინოს დიდი სიფრთხილე საქართველოში ინვესტიციასთან დაკავშირებით და ასევე ისეთ პატივსაცემ ბანკთან დაკავშირებითაც, როგორიც "საქართველოს საფოსტო ბანკია".

როგორ აღმოჩნდა მომღერალი დათო ხუჯაძე პოლიტიკაში და თანაც - ჟვანიას გუნდში

"პოლიტიკა სიმღერაში ხელს არ შემიშლის, მემღერება და ყოველთვის ვიმღერებ"

2 ივნისის თბილისის საკრებულოს არჩევნებში

პოპულარული მომღერალი დათო ხუჯაძე

ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის სიით მეთვრამეტე ნომრით იყრის კენჭს. ეს ფაქტი საზოგადოების ყურადღებას ალბათ არ მიიქცევდა, რომ არა ერთი გარემოება: ამ პარტიის სიით არჩევნებში მონაწილეობას იღებს ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას გუნდი.

"ახალი ვერსია" დაინტერესდა, როგორ და რატომ აღმოჩნდა დათო ხუჯაძე პოლიტიკაში.

- ჩემი პოლიტიკით დაინტერესება იმან განაპირობა, რომ მე პირადად დავიღალე უსამართლობით და მთლიანად იმ სიტუაციით, რაც ხდება საქართველოში.

- წინასწარ აწონ-დაწონე ყველაფერი თუ სპონტანურად მიიღე გადაწყვეტილება?

- სრულიად მოულოდნელად, ორ დღეში გადაწყდა ყველაფერი.

- მაინცდამაინც ჟვანიას გუნდის წევრობა რატომ გადაწყვიტე?

- ამ ხალხთან პოლიტიკური სიმპათიები და მეგობრობა მაკავშირებს, ვუერთდები ბატონი ზურაბის მოსაზრებას, რომ ხუთი პიროვნების ჯიბის სისქეზე არ უნდა იყოს დამოკიდებული საქართველოს ბედი. დღეს ყველა, ვინც მოსულია პოლიტიკაში და რაღაცას წარმოადგენს, ჟვანიას უნდა უმადლოდეს და ამაზრზენია, როცა ვინც გაცმევს, იმასვე დაუწყებ გახდას. ასეთმა ადამიანმა ფინანსების გამო მეორე დღეს შეიძლება საკუთარ ძმასაც კი უღალატოს, ოდნავ მეტი რომ გადაუხადონ.

- არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რის გაკეთებას ჰპირდები თბილისელებს?

- დღესდღეობით რისი უფლებაც მაქვს, ვფიქრობ, საკმაოდ მაღალ დონეზე ვაკეთებ. ჩემი სიმღერით საქართველოს სახელი გამაქვს მის ფარგლებს გარეთ და გამაქვს კარგად. ხოლო თუ უფრო მეტი შანსი მომეცემა, პოლიტიკაში და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ქალაქისთვის განათების ბოძის დამონტაჟება იქნება თუ სხვა რამ, დარწმუნებული ვარ, ამასაც კარგად გავართმევ თავს.

- იმაზე თუ გიფიქრია, რომ პოლიტიკაში მოსვლამ შესაძლოა შენს ძირითად საქმიანობაში ხელი შეგიშალოს?

- ჩემს ძირითად საქმიანობას პოლიტიკაში მოსვლა ხელს ვერანაირად ვერ შეუშლის, რადგან მემღერება და ყოველთვის ვიმღერებ. ამაში ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. მე არ ვაპირებ უშიშროების და ფინანსურ საკითხებზე საკრებულოში მსჯელობას. რა პროფესიაც მაქვს, მინდა, იმ განხრით ვიმუშაო პოლიტიკაშიც.

- შენი ჟვანიას გვერდით დგომა თავიდან ბოლომდე მეგობრული ჟესტია თუ გარკვეული მატერიალური დაინტერესებაც გამოძრავებს?

- მეგობრული ჟესტია, მატერიალური დაინტერესება რომ მქონოდა, ხალხმა კარგად იცის, ვის აქვს დღეს ფინანსები და ვინ აპირებს თავისი კარიერის ფინანსებით აწყობას. არაერთი პარტიის მესვეურმა შემომთავაზა საკმაოდ სოლიდური ანაზღაურება მათი მხარდაჭერის სანაცვლოდ, მაგრამ ჩემს კაცურ პრინციპებს ფულზე არ ვყიდი.

- საარჩევნო ბატალიებში ჩართვამდე საზოგადოების ყურადღება პატარკაციშვილის "მედია ჰოლდინგთან" თანამშრომლობაზე კატეგორიული უარითაც მიიქციე. იმიტომ ხომ არ შემოსწყერი პატარკაციშვილის გუნდს, რომ იმაზე ნაკლები თანხა შემოგთავაზეს, რამდენსაც ელოდი?

- ფინანსებზე არც ყოფილა საუბარი. ადამიანისთვის უფლებების წართმევა იმის გამო, რომ ვიღაცამ ფული გადაიხადა, ჩემთვის მიუღებელია, ისევე, როგორც ის, რაც ხდება დღეს და როგორც აგროვებენ საარჩევნო ხმებს. ფული ბევრ რამეს არ წყვეტს, რადგან დღემდე ფულით არ მოვსულვარ, ჩემი ნიჭით მოვედი და ყველაფერს მაინც პატრიოტიზმით, საქართველოს სიყვარულით ვაკეთებ. მე და ჩემს პროდიუსერს ნატო დუმბაძეს ძალიან კარგად გვაქვს აწყობილი საქმე და არანაირი ექსპერიმენტის სურვილი არა მაქვს, რომ ფულის გამო ვიღაცას ვანდო თავი და მის აზროვნებას დავექვემდებარო.

- თურმე, იმაზე განაწყენებულხარ, კომერციული მომღერალი რომ გიწოდეს.

- მათ ისიც ვერ გაუგიათ, კომერციულობა საიდან მოდის. კომერციული მომღერალი, პირველ რიგში, შემოქმედი მომღერალია. შემოქმედებით დაიწყო და კომერციული გახდა, ამაში იხდის ხალხი ფულს. რამდენია იმ მომღერალთაგან შემოქმედი, ვინც ხელი მოაწერა "მედია ჰოლდინგთან" ხელშეკრულებას? ბევრმა მათგანმა ნოტის კითხვა და გიტარის დაკვრაც არ იცის ხეირიანად. სიმღერით კი ბაბუაჩემიც გადასარევად მღეროდა, მაგრამ კონსერვატორიის განათლება არც ჰქონდა და არც სჭირდებოდა.

ავტორი: ნინო ხარაძე


კალენდარი
ივლისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი