მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი ვერსია
2002-02-18
"დახვრეტის წინ ნამგალაური ჩაფიქრებული ეწეოდა, თითქოს მთელი ცხოვრება თვალწინ გადაეშალაო": 1991 წლის პატიმართა დიდი ამბოხება სიკვდილმისჯილებმა დაიწყეს

9 წლის გოგონას გაუპატიურებასა და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ თამაზ ნამგალაურის მიმართ გამოტანილი განაჩენი, ოფიციალური ვერსიით, 1991 წელს ორთაჭალის ციხის ბუნტის შემდეგ 5 დღეში აღსრულდა. ნამგალაურის დედა შვილის გადასარჩენად მოსკოვში ჩავიდა, მაგრამ ვერაფრით დაეხმარა. საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც ადვოკატის მოთხოვნა და არც სსრკ-ის გენერალური პროკურატურის პროტესტი განაჩენის შეცვლისა და სტაციონარული ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე.

ცნობილ ძიუდოისტს, ევროპის ოთხგზის ჩემპიონს, თამაზ ნამგალაურს 1988 წლის 9 სექტემბერს საქართველოს სსრ-ის უმაღლესმა სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა. სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, ნამგალაურის ძირითადი ბრალდება 9 წლის დუშეთელი გოგონას (მისი ახლო ნათესავის) გაუპატიურება და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა იყო.

თამაზ ნამგალაურის დედა თამარ იანტბელიძე და და მანანა ნამგალაური ბავშვის მკვლელობასა და სხვა დანაშაულებს "საბჭოთა სპორტის მაფიის მიერ ჩაწყობილად" მიიჩნევენ.

მოკლული გოგონას დედა მაყვალა ნამგალაური, ძმა - დავით ნამგალაური და იმ მცირეწლოვანი ბავშვების დედა (რომელთა გაუპატიურება, საქმის მასალების თანახმად, ნამგალაურმა ვერ მოახერხა) გალინა გაბარაევა იმ დროს დღესაც მწარედ იხსენებენ და აცხადებენ, რომ ნამგალაური მართლაც იყო დამნაშავე...

თავად ნამგალაურმა დანაშაული აღიარა. იგი მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში თავჩაღუნული იჯდა და ყურები თითებით ჰქონდა დახშული. ადვოკატმა ბრალდებულის ფსიქიკის გამოსაკვლევად სტაციონარული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვა, მაგრამ სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ნამგალაურის დედის ხელთ არსებული ცნობის ქსეროასლით, თამაზ ნამგალაური 1991 წლის 1 ნოემბერს დახვრიტეს. თუმცა "ახალმა ვერსიამ" განაჩენის აღსრულების ცნობის ორიგინალი ვერსად ნახა - სასამართლოს არქივში ასეთი ცნობა არ არის, შსს-ში კი ნამგალაურის პირად საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს. ამ მიზეზების გამო ჯერ კიდევ ბუნდოვანი რჩება ვერსიები მისი ციხიდან გაპარების შესახებ...

ეს ისტორიები "ახალმა ვერსიამ" წინა ნომრებში მოგითხროთ. თამაზ ნამგალაურმა სიკვდილმისჯილთა საკანში სამი წელი გაატარა. 1991 წლის 25 ოქტომბერს კი იზოლატორში მოწყობილ ბუნტში იღებდა მონაწილეობას, თუმცა პატიმართა დიდი გაქცევა არ შედგა.

დღეს შემოგთავაზებთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ადამიანთან, ვინც ციხის ბუნტის ორგანიზატორებს მძევლად ჰყავდათ აყვანილი. აგრეთვე - ექსკლუზიურ ინტერვიუს პიროვნებასთან, ვინც აცხადებს, რომ ნამგალაურის დახვრეტის პროცესს ესწრებოდა. იგი დეტალურად აღგიწერთ სიკვდილმისჯილთა დასჯის წესებსაც...

ნამგალაურის დედის განცხადება გორბაჩოვმაც წაიკითხა

სამი წლის განმავლობაში, ვიდრე შვილი სიკვდილმისჯილთა საკანში განაჩენის აღსრულებას ელოდებოდა, მისი დედა თამარ იანტბელიძე სსრკ-ის უმაღლეს საბჭომდე მივიდა. 1989 წელს სასტუმრო "მოსკოვში", სადაც სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ცხოვრობდნენ, 50 დღე-ღამე სკამებზე გაათენა. მას ხელში ეჭირა ტრანსპარანტი: "დამეხმარეთ!"

თამარ იანტბელიძე: "საქართველოს დეპუტატები ნოდარ ამაღლობელი და ვალერიან ადვაძე არ დამეხმარნენ - თქვენმა შვილმა შეგვარცხვინაო. უკრაინელმა დეპუტატმა ნიკოლაი კუცენკომ, რომელიც მიხეილ გორბაჩოვის თანაკურსელი იყო, ანატოლი სობჩაკს შემახვედრა. სობჩაკმა - ამ საქმეს ცუდი სუნი უდის და პირველს გავაცნოთო. კუცენკომაც განცხადება პირადად გორბაჩოვს გადასცა. რამდენიმე დღეში სსრკ-ს გენერალური პროკურორის მოადგილემ შადრინმა მიმიღო..."

1989 წელს სსრკ-ს გენერალურ პროკურატურას ქართული ჭიდაობის რესპუბლიკურმა ფედერაციამ, ძიუდოს საქართველოს ფედერაციამ, გაზეთ "სოვეტსკი სპორტის" რედაქციამ და საკავშირო "დინამოს" მწვრთნელმაც მიმართეს, რომ ნამგალაურს სტაციონარული სამედიცინო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარებოდა და გამოეკვლიათ, მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ზეგავლენა სპორტულ ტრავმებს ხომ არ მოუხდენია.

1989 წლის 30 ნოემბერს სსრკ-ის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს უმაღლეს სასამართლოს პროტესტი გამოუგზავნა: "...შესაძლოა, ნამგალაურს ავადმყოფური სწრაფვა ჰქონოდა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მან 1980 წელს მიიღო ბეჭის მოტეხილობა და ოპერაცია გაუკეთდა ნარკოზის ქვეშ, რის შემდეგაც დაეწყო პათოლოგიური გადახრები. ნამგალაური სქესობრივ კავშირს ამყარებდა გონებადაკარგულ ადამიანებთან. ხოლო დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიდიოდა შინ, მშვიდად ჭამდა, უყურებდა ტელევიზორს და იძინებდა. ეს იწვევს ეჭვს მის ფსიქიკურ სრულყოფილებაში. დანაშაულის მტკიცებულებებში არ გეკამათებით, მაგრამ განსასჯელის ფსიქიკური მდგომარეობა საკმარისად შემოწმებული არ არის. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, განაჩენი შეცვალოთ და საქმე დააბრუნოთ ხელახლა განსახილველად".

საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ პროტესტი არ დააკმაყოფილა. არც განმეორებით პროტესტებს მიაქციეს ყურადღება. მიწერ-მოწერა 1 წელი გაგრძელდა. 1990 წლის 28 ოქტომბერს საბოლოო სიტყვა სსრკ-ის უმაღლესმა სასამართლომ თქვა: "დადგენილია, რომ ნამგალაურმა მთვრალმა ჩაიდინა დანაშაული და იგი არ იყო სულიერად ავადმყოფი. ობიექტური საფუძველი სტაციონარული ექსპერტიზის ჩატარებასა და განაჩენის შეცვლაზე არ არსებობს".

"ღამის ორის ნახევარზე საკნიდან დაიძახეს, ნამგალაურია ცუდადო"

საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ზვიად გამსახურდიამ, რომელიც სიკვდილით დასჯის სასტიკი წინააღმდეგი იყო, შესაბამისი კანონის მიღებამდე, ქვეყანაში სასჯელის განსაკუთრებული ზომის - სიკვდილის აღსრულება დროებით შეაჩერა.

სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა თბილისის #1 საგამოძიებო იზოლატორში (ამჟამად მე-5 საპყრობილე) პატიმართა ორი ამბოხება. ერთი ამბოხი 1991 წლის 5 ოქტომბერს დილით მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, მეხუთე სართულზე მდებარე 101-ე საკნის პატიმრებმა (სამართალდამცველი ორგანოების ყოფილმა თანამშრომლებმა) საკნიდან გამოაღწიეს და სხვა საკნების კარებიც გააღეს. ბუნტში მონაწილე 1 500 პატიმრიდან 18 სიკვდილმისჯილი იყო. სამართალდამცველებმა პატიმრების დაშოშმინება მოახერხეს.

25 ოქტომბერს ამბოხი განმეორდა. ოფიციალური ინფორმაციით, ნაშუაღამევს, პირველ საათზე სიკვდილმისჯილთა საკანში ექთანი მოითხოვეს. ოპერატიული ნაწილის უფროსმა ინსპექტორმა თათარაძემ და მორიგე-თანაშემწე გაბუნიამ ექთანი კევლიშვილი საკანთან მიაცილეს. საკანი ღია აღმოჩნდა..."

მაყვალა კევლიშვილი, ექთანი "ახალ ვერსიასთან" საუბრისას იხსენებს: "ღამის ორის ნახევარზე სპეცებიდან (სიკვდილმისჯილთა განყოფილება) დაიძახეს, ნამგალაურია ცუდადო. ორმა ოფიცერმა - სოსო გაბუნიამ და მალხაზმა (გვარი არ მახსოვს) გამაცილეს. სპეცებში სრული სიწყნარე იყო. ნამგალაურის საკნის კარი კი ნახევრად ღია დაგვხვდა. შევაღეთ - შიგ არავინ იყო, სხვა საკნებიც ცარიელი აღმოჩნდა. თურმე დერეფნის ბოლოს სიბნელეში ყოფილან შეყუჟულები. წყნარად გამოვიდნენ, ოფიცრებს ხელები გაუკოჭეს. მეც გავუწოდე, ერთს გაეღიმა, შენ ხელებს არ შეგიკრავთო. ერთი "ნაპოლეონა" იყო, "ვზროსლი" კაცი, სიკვდილმისჯილი, ვთხოვე, თუ მოკვლა გინდათ, მომკალით, ოღონდ ნუ შემეხებით-მეთქი. რას ლაპარაკობ, მაყვალა, შენ ვინ შეგეხება, გაქცევა გვინდა და შენ წინ უნდა დაგაყენოთო. მართლაც, თითიც არავის დაუკარებია. ტელეფონი თუ დარეკავდა, ოფიცრებს აძლევდნენ ყურმილს და ალაპარაკებდნენ, ყველაფერი რიგზეაო".

თემურ კუპრაძე, საპყრობილის ექიმი: "იმ ღამეს მორიგე ვიყავი. ოფიცრები და ექთანი რომ არ გამოჩნდნენ, შიდა პოსტზე დავრეკე, მითხრეს, ყველაფერი რიგზეა, მალე მოვალთო. თურმე "შტირებით" ადგანან თავზე. თავიდან მხოლოდ სიკვდილმისჯილებს უნდოდათ გაქცევა გვირაბისა და ადმინისტრაციული შენობის გავლით. კომენდატურის კარს დიდი, ძველი, "ნიკალაევსკი" ბოქლომი ედო და ის გადავკეტე. ნამგალაურს დიდი ლითონის ნაჭერი ჰქონდა ხელში და ბოქლომს ურტყამდა. ერთი გამხდარი მეგრელი ბიჭი იყო, ოფიცერი, ერთი "აბოიმა" კარს დააცალა და ყვირილი დაიწყო, "პერვი ატრიად - ნაპრავო, ვტაროი - ნალევო!" მეორე ოფიცერმა ჰაერში გაისროლა. ნამგალაურმა მას რკინის ნაჭერი ესროლა, მაგრამ ვერ მოარტყა. სად იყო "ატრიადი", მაგრამ პატიმრებს კი შეეშინდათ. შებრუნდნენ და ხუთივე კორპუსის საკნები გააღეს..."

ოფიციალური ცნობიდან: "გამოსასვლელთან ათასამდე პატიმარმა მოიყარა თავი. შიდა ჭიშკარი სატვირთო მანქანით გაანგრიეს, მაგრამ მანქანის საწვავის ავზი დაცლილი იყო და მეორე კარის განგრევა ვერ შეძლეს. დააზიანეს ელექტროქსელი. შეეცადნენ საიარაღოში შესვლას, მაგრამ ვერ მოახერხეს. მძევლად პატიმრებს სულ 7 კაცი ჰყავდათ".

მაყვალა კევლიშვილი: "ეზოში გამოგვიყვანეს და წინ დაგვაყენეს ერთ მწკრივში, თქვენ არ გესვრიანო. მაგრამ ღამე იყო, ეტყობა "ვიშკიდან" ვერ გაარჩიეს, ვინ ვიყავით და ცეცხლი გახსნეს. ბევრი დაიჭრა, მათ შორის ჩვენი ოფიცრები სოსო გაბუნია და კიდევ ერთი, გვარი არ მახსოვს. ავტეხე კივილი, სოსო კვდება-მეთქი და გაყვანის ნება დართეს. საწყალი პატიმრები მეფარებოდნენ, ტყვია არ მოგხვდესო. ნამგალაური ხან ერთ ჯგუფთან მიირბენდა, ხან მეორესთან, სიტუაციას აკონტროლებდა, ჩვენ არაფერს გვიშავებდა. მითხრა, როგორ მეგონა, თქვენც თუ გესროდნენო. ბევრი რომ დაიჭრა, ქალთა კორპუსი გატეხეს, დაჭრილები იქ შეიყვანეს, პატიმარი ქალები ჭრილობების შეხვევაში მეხმარებოდნენ. ამასობაში კანონიერი ქურდებიც მოვიდნენ. საერთოდ, ქურდებმა დიდი პატივი გვცეს - ხალხი კამერებში დავაბრუნოთ, ხომ ხედავთ სისხლი იღვრებაო, ეუბნებოდნენ სიკვდილმისჯილებს. მე მაინც მეშინოდა დასახვრეტების. ერთი ახალგაზრდა ბიჭი იყო,

კანონიერი ქურდი, ვალერა ოგანეზოვი, მიშველე-მეთქი, ვთხოვე. მიღიმოდა, გულს მიკეთებდა, ნუ გეშინია, ხელს არავინ გახლებსო. ხელი გადამხვია და სამშვიდობოს გამომიყვანა - აი, თქვენები იქ არიანო. სისხლის გუბეებში ნასიარულებს ფეხსაცმელი სულ სისხლში მქონდა გასვრილი".

ინკოგნიტო რესპონდენტის თქმით, მძევალი ოფიცერი გაბუნია, რომელსაც სიკვდილმისჯილი "ნაპოლეონა" თავის მოჭრით ემუქრებოდა, თამაზ ნამგალაურმა გადაარჩინა. შემდეგ კი, როდესაც იგი დაჭრეს, ჭრილობები თავისი ტანსაცმლით შეუხვია.

ოფიციალური ცნობიდან: "პატიმრებმა ერთი კედელი გაანგრიეს და ოთხმა კაცმა გაქცევა მოახერხა. გაქცევის მცდელობის დროს დაიჭრა 30 და დაიღუპა 4 ბრალდებული. იზოლატორის თანამშრომლებიდან 2 მძიმედ, ერთი კი მსუბუქად დაიჭრა".

ერთ-ერთი ვერსია - ციხის ბუნტი ნამგალაურის გასაპარებლად მოაწყვეს

ვის შეეძლო სიკვდილმისჯილთა საკნის გაღება? ოფიციალური ინფორმაციით, საკნის საკეტები მოძველებული იყო და პატიმარმა საკნის კარში არსებული ღიად დატოვებული სარკმლიდან ხელი გამოჰყო, ე. წ. "ატმიჩკის" გამოყენებით ჯერ თავისი საკნის ბოქლომი გახსნა, შემდეგ კი სხვებიც გააღო. იზოლატორის მაშინდელი უფროსი შოთა კოპაძე გაქცევის "ჩაწყობას" გამორიცხავს: "საკნებში რკინის საწოლები დგას და შეიძლება მისი რკინები გამოიყენეს. დასამალი არ არის, რომ ხშირად პატიმრებთან აკრძალული საგანი ხვდება... როგორც მოკვლევით გამოირკვა, იმ საკნის სარკმელი, სადაც პატიმარი თავს ცუდად გრძნობდა, კონტროლიორმა ღია დატოვა, იქიდან შეიძლება ბოქლომს მისწვდა და გატეხა".

ვისი საკნის სარკმელი იყო ღია, შოთა კოპაძე ვერ იხსენებს, თუმცა, ეს რომ ნამგალაურის საკანი არ იყო, ახსოვს. მისივე თქმით, ნამგალაური არც ბუნტის ორგანიზატორი ყოფილა.

ასე იყო თუ ისე, 16 სპეცსაკნის შეუმჩნევლად გაღება, რბილად რომ ვთქვათ, საკვირველია. სიკვდილმისჯილების მხრიდან მორიგეების მოსყიდვა შეგვიძლია გამოვრიცხოთ, რადგან ნებისმიერი ჭკუათმყოფელი ოფიცერი სავარაუდო შედეგებზეც იფიქრებდა. ერთ-ერთი ინკოგნიტო რესპონდენტი ამ საქმეს "ჩაწყობილად" მიიჩნევს, თუმცა ვინ და რატომ გააკეთა დღესაც უკვირს. ჩვენი ინფორმატორის თქმით, იმ პერიოდში იზოლატორში რუსი მსჯავრდებული ვინმე "პოლკოვნიკა" იჯდა, რომელიც სიკვდილმისჯილი არ იყო, დაცვის ნდობით სარგებლობდა და მის საკანს არასოდეს კეტავდნენ.

ეს "პოლკოვნიკა" დიდი ჩხირკედელა და ხელმარჯვე ოსტატი ყოფილა, სუვენირებსა და ათას სხვა რამეს აკეთებდა. ციხის ბუნტისას არ ჩანდა. არსებობს ეჭვი, რომ საკნის კარის გაღებაში სიკვდილმისჯილებს "პოლკოვნიკა" დაეხმარა. ვის დავალებას ასრულებდა იგი, გაურკვეველია. ციხის ადმინისტრაციის რომელიმე წევრის მხრიდან ასეთი დავალების გაცემა გამორიცხულია, რადგან ეს მასობრივი გაქცევა მათთვის დიდი "ჩეპეა". თუ იმ სავარაუდო შედეგს გავითვალისწინებთ, რაც 2000-მდე პატიმრის გაქცევას მოჰყვებოდა, ქვეყანაში არსებულ ვითარებასაც მივიღებთ მხედველობაში და იმაზეც დავფიქრდებით, რომ რამდენიმე დღით ადრე ციხის ბუნტს მილიციის ყოფილი თანამშრომლები (პატიმრები) აწყობდნენ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მასიური დესტაბილიზაციით ქართული პოლიტიკური ჯგუფები ან უცხოეთის სპეცსამსახურები იყვნენ დაინტერესებული.

არსებობს მეორე ვერსიაც, რომელსაც იუსტიციის მინისტრის, როლანდ გილიგაშვილის (ნამგალაურის პროცესზე სახელმწიფო ბრალმდებელი) მიერ იმ პერიოდში ყურმოკრული ინფორმაციაც ამყარებს: ხელისუფლებას ნამგალაურის სხვა საქმეებში გამოყენება უნდოდა და ციხის ბუნტი ნამგალაურის გასაპარებლად იყო ინსცენირებული.

კიდევ ერთი ვერსიაც იკვეთება: თუ გავითვალისწინებთ, რომ ნამგალაურის დედის ხელთ არსებულ ცნობაში განაჩენის აღსრულების თარიღად პირველი ნოემბერია (ბუნტიდან მეხუთე დღე) დასახელებული, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნამგალაურის დახვრეტა სწორედ ციხის ბუნტმა დააჩქარა. მაგრამ, თუ ნამგალაურის გაქცევით ხელისუფლების მაღალჩინოსნები იყვნენ დაინტერესებული, ცნობის გაკეთებაც არ გაუჭირდებოდათ. შეგახსენებთ, რომ ნამგალაურის დახვრეტის ცნობის ორიგინალი "ახალ ვერსიას" ვერავინ აჩვენა. შსს-ში გვითხრეს - პირად საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევსო. სასამართლოს არქივში კი ცნობა არ არის.

"სიგარეტი მოსწია და თავისთვის ჩაილაპარაკა: ეს რა ვქენი, თავიც დავღუპე და ნათესავებიც შევარცხვინეო"

მაშინდელი კანონმდებლობით, როდესაც სიკვდილმისჯილი მისთვის მინიჭებულ ყველა უფლებას ამოწურავდა, ანუ მას შეწყალებაზეც უარს ეტყოდნენ, იზოლატორის ადმინისტრაცია ვალდებული იყო, 5 დღის ვადაში განაჩენი სისრულეში მოეყვანა. მსჯავრდებულს გამოუცხადებდნენ, რომ მისი თხოვნა შეწყალების შესახებ არ გაიაზრეს, განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული და იგი უნდა აღსრულდეს. აღსრულების პროცესს ზედამხედველი პროკურორი, იზოლატორის უფროსი, ექიმი და შემსრულებელი ესწრებოდნენ, რომლებიც სათანადო საბუთებს ადგენდნენ.

#1 საგამოძიებო იზოლატორის მაშინდელი უფროსი შოთა კოპაძე ზუსტ თარიღს ვერ იხსენებს, თუმცა ახსოვს, რომ ნამგალაურის განაჩენის აღსრულების შესახებ ბრძანება იზოლატორის ადმინისტრაციამ ციხის ბუნტის შემდეგ მიიღო და განაჩენიც რამდენიმე დღეში აღსრულდა.

საკნიდან ადმინისტრაციულ შენობამდე გზა სიკვდილმისჯილთათვის უცხო არ იყო. ამ მარშრუტით ისინი თითქმის ყოველ დღე სამედიცინო შემოწმებაზე მიჰყავდათ... საკარანტინო განყოფილების დერეფნის გავლის შემდეგ თხუთმეტიოდე ნაბიჯში რკინის კარი გაიღებოდა, შვიდ საფეხურს ჩაივლიდნენ და ძალიან ვიწრო, გრძელ გვირაბში გადიოდნენ. აქ კი, შემზარავ სიჩუმესა და ბნელეთში, ორმოციოდე ნაბიჯის გავლაში მთელი ცხოვრება ეშლებოდათ თვალწინ და საკუთარი გულისცემა გვირაბის წყვდიადიდან გამობრუნებულ ექოდ ჩაესმოდათ ყურში. იცოდნენ, ის საბედისწერო ოთახი სადღაც იქვე იყო, მაგრამ სად, არავინ ეტყოდათ. "ჯალათთა სამფლობელოს" საიდუმლოება ხომ მისი "მნახველებისთვის" სამუდამო წარსულად რჩებოდა. მომავალი კი უსახელო საფლავი იყო... გვირაბის ბოლოს, მარცხნივ, ვიწრო დერეფნით ადმინისტრაციულ კორპუსშია გასასვლელი. სწორედ ამ გასასვლელშია კიდევ ერთი შეუმჩნეველი შესახვევი.

შოთა კოპაძე: "იქ რომ შევახვევინეთ, ნამგალაური მიხვდა... ოთახის შესასვლელთან სიგარეტი გვთხოვა, ჩაჯდა და გააბოლა. ჩაფიქრებული ეწეოდა, თითქოს მთელი ცხოვრება თვალწინ გადაეშალაო. ბოლომდე რომ მოსწია, თავისთვის ჩაილაპარაკა: ეს რა ვქენი, ჩემი თავიც დავღუპე და ნათესავებიც შევარცხვინეო და ისევ გვთხოვა, ერთიც მომაწევინეთო. წარმოვიდგინე, რამდენად ძვირფასი იყო მისთვის ის უკანასკნელი წუთები. მივეცით. ისიც რომ ჩაათავა, გადააგდო და ოთახში შევიდა. მინიშნებულ ადგილზე დადგა, წინააღმდეგობა არ გაუწევია. აქ კი უცნაური რამ მოხდა. წარმოიდგინეთ, იარაღი არ გავარდა, "ასეჩკა" მისცა. "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტისთვის ასეთი რამ იშვიათობაა. თითქოს ღმერთმა კიდევ ერთი წუთი აჩუქაო. თამაზი გაოგნდა, მაგრამ არც ხმა ამოუღია და არც შემობრუნებულა..."

თუ სიკვდილმისჯილი საკნიდან გამოყვანისას წინააღმდეგობას გასწევდა, ბადეს დააფარებდნენ და ისე მიჰყავდათ. დასახვრეტ ოთახში კედელთან გაჭრილ ორმოსთან დააჩოქებდნენ. წინააღმდეგობის შემთხვევაში კისერზე ლითონის კაუჭს დაადგამდგნენ. კეფაში მოხვედრილი ტყვია სხეულს თავით ორმოში ჩააგდებდა, რომელშიც ნახერხი ეყარა. სისხლის ჩამორეცხვის შემდეგ გვამს იმავე ოთახში, ფარდის იქით დებდნენ, რადგან ზოგჯერ ზედიზედ რამდენიმე უნდა დაეხვრიტათ და რიგით მომდევნოს წინას გვამი არ უნდა დაენახა. საღამოს გვამებს ტანსაცმელს და ფეხსაცმელს გახდიდნენ, სპეცმანქანაში შედებდნენ და ალგეთის მიმართულებით მიჰქონდათ. გვამი მალე რომ გახრწნილიყო, ქლორს აყრიდნენ და პირდაპირ მიწაში დებდნენ. სიკვდილმისჯილთა საფლავების ადგილმდებარეობა დღესაც მკაცრად არის გასაიდუმლოებული.

"ახალი ვერსია" ასრულებს ნამგალაურის საქმის ჟურნალისტურ მოკვლევას. თუმცა ამ საქმეში კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც დღეს დუმილს ამჯობინებენ და მივიწყებული ჭრილობების გახსენება არ სურთ. ცხადია, ამ ადამიანების ჩვენებები საქმეს კიდევ უფრო მეტ ნათელს მოჰფენდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, აქვე, ცალკე შემოგთავაზოთ იურისტისა და ფსიქოლოგის აზრი ამ საქმეზე. იგი ჩვენს მიერ მოკვლეული მასალების მიხედვით მსჯელობს.

ფსიქოლოგის აზრი

ნამგალაურის ფსიქიკა ღრმად უნდა შეესწავლათ

თამაზ ნამგალაურის ადვოკატი, ეკატერინე სეფიაშვილი ბრალდებას არ ედავებოდა, თუმცა დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე ბრალდებულისთვის სტაციონარულ-ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებას ითხოვდა. იგივეს მოითხოვდა სსრკ-ის გენერალური პროკურატურა.

ნამგალაურის ფსიქიკაში რაიმე დარღვევებს მისი დედა და და კატეგორიულად უარყოფენ. რაიმე უცნაური ნამგალაურის ქცევაში არც მის მწვრთნელს, ანზორ მარტყოფლიშვილს შეუმჩნევია. "ახალ ვერსიასთან" საუბრისას მან თამაზი განსაკუთრებით დისციპლინირებულ, გულიან და მოსიყვარულე ბიჭად დაახასიათა. ხოლო, თუ ნამგალაურის მეუღლის მიერ მოსამართლის სახელზე დაწერილ განცხადებას დავეყრდნობით, თამაზი სიფხიზლეში ძალიან უთქმელი და ჭკვიანი იყო, მთვრალი კი სულ ჩხუბობდა და სახლიდან გარბოდა: "ერთხელ ღამით ტყეში წამიყვანა, სიკვდილი მინდა, მიშველე, თავი მტკივა, თითქოს რაღაც მიძვრებაო, მითხრა და თავზე ხელს იჭერდა. თავის ტკივილები და უძილობა ხშირად აწუხებდა".

მაშ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო სასტიკი დანაშაულის ჩადენის მიზეზი? ერთმნიშვნელოვან პასუხს ფსიქოლოგები ვერ იძლევიან, თუმცა ნორმალური ფსიქიკის მქონე ადამიანის მიერ ასეთი დანაშაულის ჩადენას წარმოუდგენლად მიიჩნევენ.

ნინო ქვარიანი, ახალგაზრდა ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი: "მასალებიდან, რომლებსაც გავეცანი, ერთ-ერთ კონკრეტულ მაგალითს - 9 წლის გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობას თუ განვიხილავთ, ეს არ ჰგავს საღად მოაზროვნე ადამიანის განზრახ ჩადენილ დანაშაულს. ამაზე ორი ფაქტორი მეტყველებს: დანაშაულის ხასიათი და კვალის დაფარვის უნიჭო მცდელობა (ნამგალაური ხომ იურიდიული განათლების მქონე მილიციის მუშაკი იყო) - როგორც საქმის მასალები გვამცნობენ, მან მოკლული ბავშვი საკუთარი სახლის ეზოში დამარხა. ამავე მასალების თანახმად, დანაშაული განსაკუთრებული სისასტიკითაა ჩადენილი. რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე? ერთი რამ, რისი თქმაც გარკვევით შეიძლება, არის ის, რომ ესაა სადიზმის, სექსუალური პერვერსიის (გადახრის) ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ფორმა, როცა ადამიანისათვის დამახასიათებელია ლტოლვის ობიექტის წამება და შემდეგ სქესობრივი აქტის დამყარება. ნიშანდობლივია აგრეთვე ისიც, რომ მისი ლტოლვის ობიექტები ერთი და იგივე კატეგორიის ადამიანები არიან (ბავშვები, ხანში შესული ქალი). ესეც სექსუალური გადახრის დამახასიათებელი ნიშანია.

საინტერესოა ისიც, რომ დანაშაულის ფაქტები მძიმე ოპერაციის გადატანის შემდეგ (1980 წ.) ფიქსირდება. ანუ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დანაშაულებრივი ტენდენცია მასში ფარულად არსებობდა (ფსიქოანალიზის თანახმად, სადისტური ტენდენციები ბავშვობაში ყალიბდება და ამის მიზეზი შეიძლება იყოს არაჯანსაღი მიკროსოციალური გარემო, გადატანილი სტრესები და ა. შ.), ხოლო მისი მანიფესტაცია ანუ გამოვლენა, შეიძლება ოპერაციის დროს მიღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებას მოეხდინა. ალკოჰოლის მიღების შემდეგ კი, როდესაც ადამიანის ქცევების მაკონტროლებელი ტვინის ქერქის ფუნქცია შესუსტებულია, ეს ტენდენცია ქცევაში ვლინდებოდა. მით უმეტეს, დასტურდება, რომ ყველა დანაშაული არაფხიზელ მდგომარეობაშია ჩადენილი. სიმთვრალეში ამ პიროვნების აგრესიულ ქცევებზე მისი მეუღლის განცხადებაშიცაა საუბარი: "თამაზი სიფხიზლეში ძალიან უთქმელი და ჭკვიანი იყო, მთვრალი კი სულ ჩხუბობდა და სახლიდან გარბოდა..."

დანაშაულებრივი ქმედებებისას მისი გონების დაბინდვაზე თავად ნამგალაურიც ამბობს: "ამ დროს არაფერი მახსოვდა, არ ვიცი, როგორ გამოვითიშე..." ალკოჰოლზე, როგორც მაპროვოცირებელ ფაქტორზე მეტყველებს ისიც, რომ ამ ადამიანს სამი წლის განმავლობაში ციხეში (სადაც მას ალკოჰოლის მიღების საშუალება არ ჰქონდა), თვითმხილველების თქმით, არავითარი აგრესია არ გამოუვლენია.

როდესაც ალკოჰოლი ადამიანის ქცევაში ასეთ რადიკალურ ცვლილებებს იწვევს, მისი ფსიქიკა უფრო ღრმა კვლევას საჭიროებს. მოკლედ, ამ შემთხვევაში, ძნელია ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ იგი ფსიქიკურად ჯანმრთელი იყო ან პირიქით. ეს თავის დროზე უნდა დაედასტურებინა სტაციონარულ ექსპერტიზას, რადგან მსგავსი დანაშაულების ჩამდენი პირის ფსიქიკური სტატუსის განსაზღვრისათვის მეტად მნიშვნელოვანია ადამიანის ქცევაზე დინამიკაში დაკვირვება, რაც მხოლოდ სტაციონარულ პირობებშია შესაძლებელი".

არსებობს კიდევ ერთი ვარაუდი, რომლის კომენტირებისგან ნინო ქვარიანმა თავი შეიკავა. მსოფლიოს ძლიერი სპეცსამსახურები და საბჭოთა "კაგებეც" წარმატებით იყენებდა ასეთ მეთოდს: ჰიპნოზით ადამიანზე ისე ზემოქმედებდნენ, რომ ჰიპნოზიდან გამოსვლის შემდეგ ადამიანს შეეძლო გარკვეული ქმედებების ჩადენა ისე, რომ მას არ ეცოდინებოდა ამ პროცესის მართვის სათავე. თუმცა დღეს, ალბათ, შეუძლებელია მტკიცება, იყო თუ არა თამაზ ნამგალაური ასეთი ჰიპნოზის მსხვერპლი.

ავტორი: კახა ჩაკვეტაძე


კალენდარი
თებერვალი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
12
13
14
15
16
17
19
20
21
22
23
24
26
27
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი