მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი ვერსია
2002-02-28
თამაზ ნამგალაური - ლეგენდარული მოჭიდავე6 რომელსაც სიკვდილი მიუსაჯეს - "თუ დამნაშავე იყო, ნეტა მაშინ დაემტკიცებინათ და დაეჭირათ, უფრო უარესს აღარ ჩაიდენდა"

პრეს-დოსიე:

ზ ნამგალაური დაიბადა 1957 წლის 25 ოქტომბერს თბილისში, მუშის ოჯახში.

1964-66 წლებში თბილისის მე-12 საშუალო სკოლაში სწავლობდა. შემდეგ სწავლა ქალაქ დუშეთის მე-2 საშუალო სკოლაში განაგრძო. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1972 წელს საქართველოს სპორტკომიტეტის თბილისის მწვრთნელთა სკოლაში ჩაირიცხა.

1975-80 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტში.

1980-82 წლებში მსახურობდა არმიაში. პარალელურად ჭიდაობდა.

1983 წელს პუშკინის პედაგოგიური ინსტიტუტის მასწავლებელზე, ლია კილასონიაზე დაქორწინდა. მისგან დარჩა ორი ვაჟი.

1982 წელს გარდაეცვალა მამა. დედა - თამარ იანტბელიძე თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში მუშაობდა. და - მანანა საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა.

1984 წლის 1 ოქტომბრიდან 1988 წლის 23 მაისის ჩათვლით მუშაობდა საქართველოს სსრ შსს-ს სპორტსაზოგადოება "დინამოს" ინსტრუქტორ-მეთოდისტად. იყო მილიციის უფროსი ლეიტენანტი.

1988 წლის 24 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრს ბრძანებით, მილიციის მუშაკისთვის შეუფერებული საქციელის გამო "დინამოს" ინსტრუქტორობიდან გაათავისუფლეს და ორგანოებიდანაც დაითხოვეს.

ცნობილი ქართველი ძიუდოისტის თამაზ ნამგალაურის მიერ მცირეწლოვანი გოგონას გაუპატიურებამ და მკვლელობამ თავის დროზე მთელი საქართველო აალაპარაკა. ამ გახმაურებული მკვლელობის გარდა ნამგალაურს სხვა მძიმე დანაშაულებებშიც ედებოდა ბრალი.

ევროპის ოთხგზის ჩემპიონს, მსოფლიო ჩემპიონატებისა და სსრკ-ის ხალხთა სპარტაკიადების მრავალგზის პრიზიორს, საერთაშორისო კლასისა და საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებულ ოსტატს, მრავალი მედლისა და სიგელის მფლობელს 1988 წლის 9 სექტემბერს საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ მაშინდელი კანონმდებლობით სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილი მიუსაჯა. ოფიციალური ცნობით, განაჩენი 1991 წლის 1 ნოემბერს აღასრულეს.

მანამდე - სამი წლის განმავლობაში თამაზ ნამგალაური სიკვდილმისჯილთა ნესტიან საკანში ყოველ დღე ელოდა სიკვდილს. მისი დედა თამარ იანტბელიძე კი კაბინეტ-კაბინეტ სიარულით კრემლამდე მივიდა. იგი შვილის გაუბედურებაში საბჭოთა კავშირის სპორტულ მაფიას ადანაშაულებდა.

ნამგალაურის ადვოკატმა მძიმე ბრალდების ეჭვქვეშ დასაყენებლად ხელჩასაჭიდი ვერაფერი მოიპოვა. თუმცა იგი სპორტსმენისათვის კვლავ (ისევე როგორც გამოძიებისა თუ სასამართლო პროცესის მსვლელობისას) სრულყოფილი ფსიქიატრიული ექსპერტიზის სტაციონარულად ჩატარებას ითხოვდა. იგივე მოთხოვნით საქართველოს უმაღლეს სასამართლოს სსრკ-ის გენერალურმა პროკურატურამაც მიმართა, მაგრამ ამაოდ.

1991 წლის 25 ოქტომბერს, ნამგალაურის დაბადების დღეს, #1 იზოლატორში ბუნტი მოხდა. ეს ამბავი დღემდე ბურუსითაა მოცული. ოფიციალური ცნობების თანახმად, პატიმართა ამბოხს სათავეში ნამგალაური ედგა (თუმცა "ახალ ვერსიას" სხვა ინფორმაციაც აქვს). ამ ბუნტის შემდეგ გავრცელდა ხმა, თითქოს თამაზ ნამგალაური არ დაუხვრიტავთ და საზღვარგარეთ გააპარეს...

ასე იყო თუ ისე, შვილის დახვრეტის შესახებ ოფიციალური ცნობის მიღების შემდეგაც ნამგალაურის დედა შვილის სახელის რეაბილიტაციას ცდილობს. ცოტა ხნის წინ იგი "ახალ ვერსიასაც" ესტუმრა. ჩვენც გადავწყვიტეთ, სრულყოფილად მოგითხროთ ისტორია, რომელიც ბევრს აღარ ახსოვს, ბევრს არ სჯერა, ბევრი კი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მაშინ ტელევიზიამ გადმოსცა.

თავბრუდამხვევი წარმატებები

თამაზ ნამგალაური ძიუდოს მსოფლიო ისტორიაში 1980 წელს, თბილისში გამართული საერთაშორისო ტურნირის შემდეგ შევიდა. მან ქართული ჭიდაობის ილეთით - "გადავლებით" იაპონელ ძიუდოისტს, ნაკანისს ჰაერში 180 გრადუსიანი ბრუნი გააკეთებინა და ბეჭებზე დასცა. სახტად დარჩენილმა იაპონელებმა მსოფლიო სპორტულ საზოგადოებას ეს ილეთი ნამგალაურის სახელით გააცნეს და ძიუდოს ისტორიაში შეიტანეს. ნამგალაურს კი ძიუდოში ახალი ილეთის დანერგვისათვის, სპორტის ამ სახეობის განვითარებაში განსაკუთრებული ღვაწლისათვის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ საპატიო სიგელი გადასცა. იმავე წელს იაპონიის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა და ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნაბოუკი სატომ მას სპორტული მოღვაწეობის იაპონიაში გაგრძელება შესთავაზა იმ გარანტიით, რომ იგი ამომავალი მზის ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებდა და ტოკიოს უნივერსიტეტში ჩაირიცხებოდა. ქართველმა სპორტსმენმა სამშობლოში დარჩენა ამჯობინა.

თამაზ ნამგალაურის სპორტული დახასიათებიდან:

"...იგი იმდენად იყო ბუნებით სპორტული ნიჭით დაჯილდოებული, რომ ყველა რანგის საერთაშორისო ტურნირზე ძალიან მალე დიდ შედეგებს მიაღწია. საბჭოთა ძიუდოს ისტორიაში ადგილი 16 წლისამ დაიმკვიდრა, როდესაც ჭაბუკთა ნაკრების შემადგენლობაში რუმინეთსა და უნგრეთში გამართული ტურნირებიდან ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა. 1979 წელს საფრანგეთში ბრწყინვალე გამარჯვებით საბჭოთა კავშირის ნაკრებს ევროპის ჩემპიონობა მოუტანა. იმავე წელს იგი მსოფლიო მესამე პრიზიორი ხდება. 1980 წელს თბილისში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე თამაზ ნამგალაურმა წმინდად დაამარცხა იაპონელი ნაკანისი და ძიუდოს ისტორიაში ლამაზი ფანდის გაკეთებით შევიდა - ქართული ჭიდაობის ილეთი "გადავლება" მსოფლიომ ნამგალაურის ილეთად აღიარა. 1980 წელს მოსკოვში ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებზე იგი საბჭოთა კავშირის ღირსებას იცავდა. 1981 წელს მეორედ გახდა მსოფლიოს მესამე პრიზიორი, 1984-85 წლებში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული მიიღო. 1984 წელს საბჭოთა კავშირმა ამერიკის ოლიმპიურ თამაშებზე უარი განაცხადა. სამაგიეროდ პოლონეთში ოლიმპიური ეგიდით ტარდება სოციალისტური ქვეყნების თამაშები სახელწოდებით "დრუჟბა". თამაზმა მიუხედავად სერიოზული ტრავმისა, შეხვედრები ბოლომდე ჩაატარა. ფინალურ შეხვედრაში უნგრელ შაიტოშთან ჭიდაობისას მსაჯებმა მისი ქულა შეცდომით შაიტოშს დაუწერეს და ოქროს მედალი დააკარგვინეს. თუმცა, იმ დროს საბჭოთა დელეგაციისათვის ვერცხლის მედალი ოქროსას უდრიდა. სწორედ ამის გამო მიანიჭეს მას საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის ტიტული. გარდა ამისა საბჭოთა მთავრობამ ნამგალაური მედლით "შრომითი მამაცობისათვის" დააჯილდოვა.

ნამგალაურმა სამჯერ მოუპოვა საქართველოს საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული. თამაზ ნამგალაური იყო საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის ჩემპიონი, სპორტსაზოგადოება "დინამოს" სოციალისტური ქვეყნების მრავალგზის ჩემპიონი, 1979 წლის ხალხთა სპარტაკიადის მესამე პრიზიორი და საბჭოთა კავშირის ოთხგზის მეორე და მესამე პრიზიორი. დიდია მისი ღვაწლი საქართველოსა და საბჭოთა ქვეყნის ძიუდოს ისტორიაში. საქართველოს სპორტულ სამყაროს 1988 წლის 13 ივლისს უნდოდა ღირსეულად დაეფასებინა მისი დიდი წვლილი ძიუდოში, მაგრამ იგი დააპატიმრეს"...

ნამგალაურის დედა, თამარ იანტბელიძე შვილის მიმართ "სპორტული მაფიის" ყურადღებას სწორედ მის წარმატებებს უკავშირებს. მისი აზრით, ყველაფერი ძიუდოში მისი სახელობის ილეთის დანერგვის შემდეგ დაიწყო.

საპირისპიროდ არსებობს სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მოწმის ჩვენებით, სხვადასხვა მტკიცებულებებით და ჯერ გაუპატიურებული, შემდეგ კი მოკლული ბავშვი.

დავიწყოთ იქიდან, თუ რა დანაშაულებში დასდეს ბრალი ნამგალაურს. გთავაზობთ ამონაწერებს საქმიდან.

კაცი, რომელიც ბავშვს ახრჩობდა და მერე ფანჯრიდან გადახტა

1980 წლის 28 დეკემბერს თამაზ ნამგალაური ქალაქ დუშეთში, მამისეულ სახლში (სტალინის ქ. # 10) იმყოფებოდა. საღამოს მან დალია და გამთენიისას, 4 საათზე მეზობლად მცხოვრებ მამამისის მკვიდრი მამიდაშვილის სახლში, პირველ სართულზე იმ ოთახში შევიდა, სადაც ოჯახის უფროსის ცოლს და სამ მცირეწლოვან შვილს ეძინა (ოჯახის უფროსი ცალკე ოთახში იწვა).

თამაზი პატარა გოგონას, ნ.-ს საწოლთან მივიდა, ერთი ხელი ყელში წაუჭირა, მეორე ცხვირ-პირზე დააფარა, გონება დააკარგვინა, საწოლიდან გადმოიყვანა, იატაკზე დააწვინა, ქვედა საცვალი გახადა, ფეხები გაუშალა, ზემოდან დააწვა... და სქესობრივი კავშირის დამყარება დააპირა. ბავშმა ამოიხრიალა. ხმაზე დედამისს გაეღვიძა და სილუეტის დანახვაზე "ვინ ხარო" დაიყვირა. ნამგალაური გაიქცა. ცოლის ყვირილის ხმაზე - მიშველეთო, ოთახში ოჯახის უფროსი შევარდა და დაინახა, ბავშვი იატაკზე უგონოდ ეგდო, ცხვირ-პრი დაწითლებული ჰქონდა. დედამისი ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა და ყვიროდა, მიშველეთო. ქმარს უთხრა, ბავშვს ვიღაც ახრჩობდა, ვინ იყო ვერ ვიცანი, რომ დავიყვირე, გაიქცაო. მამას შვილი უკვე მკვდარი ეგონა. მეზობლებთან გაიქცა და სასწრაფო დახმარებას დაურეკა... ეს ამბავი ოჯახს მილიციისთვის არ შეუტყობინებია. ჩათვალეს, რომ ვერ დაამტკიცებდნენ.

შემთხვევის ადგილზე დარჩენილი ფეხსაცმელი

დაახლოებით იგივე ისტორია იმავე ოჯახში ერთი წლის შემდეგ განმეორდა. საბრალდებო დასკვნის თანახმად, 1982 წლის 22 მაისს გამთენიისას, 3 საათზე თამაზ ნამგალაურმა ფანჯრის მინა ამოიღო და პირველ სართულზე იმ ოთახში გადაძვრა, სადაც დედას შვილებთან ერთად ეძინა. თამაზი ნ.-ს საწოლთან მივიდა, მაგრამ საწოლში გოგონას ნაცვლად მის ძმას, 8 წლის ა.-ს ეძინა. თამაზმა ვერ გაარჩია ვინ იწვა საწოლში. ბავშვს ერთი ხელი ყელში წაუჭირა, მეორე ცხვირ-პირზე დააფარა და გონება დააკარგვინა. ბიჭმა ამოიხრიალა. ალექსანდრეს ერთ-ერთმა დამ, ც.-მ, რომელიც დედასთან იწვა, სილუეტი დაინახა, საბანი გადაიფარა და ჩუმად დედა გააღვიძა. ქალმა ნამგალაური იცნო, წამოხტა, ხელი პერანგში წაავლო და უყვირა, რას აკეთებო. თამაზმა ოჯახის დიასახლისს მარცხენა თვალბუდის არეში ხელი დაარტყა და ფანჯრიდან გადაძვრა.

ოჯახის უფროსს ამჯერადაც გვერდით ოთახში ეძინა. ცოლის ხმაზე: მიშველეო, ქმარი ოთახში შევარდა და დაინახა, ვიღაც ფანჯრიდან ძვრებოდა, მხოლოდ ტანი და ფეხები მოუჩანდა. ერთი ფეხსაცმელი გასძვრა და ოთახში დარჩა. იატაკზე უგონოდ დაგდებულ ა-ს დედამისი ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა. ბავშვს ყელი და სახე მთლიანად დაწითლებული ჰქონდა. დედას კი - თვალი. ქალმა მეუღლეს უთხრა, თამაზი ბავშვს ახრჩობდაო. კაცი მეზობლებთან გავიდა და მილიციაში დარეკა. მილიციამ ნამგალაური წაიყვანა. ფეხსაცმელიც თან წაიღეს. თამაზს მეორე ფეხსაცმელი ეზოში დავარდნია და იქ იპოვეს. მილიციაში ოჯახის წევრები არ გამოუძახებიათ.

ამ შემთხვევის შემდეგ დაზარალებული დედა ბავშვებთან ერთად დროებით საცხოვრებლად ძმასთან გადავიდა. ოჯახის უფროსთან კი ჯერ ნამგალაურის დეიდა, შემდეგ კი ნამგალაურის დედის ძმა და დის ქმარი მივიდნენ თხოვნით - იქნებ თამაზს აპატიოთო. "მე არც მპატიებელი ვარ და არც მომჩივანი. თუ ჩემს სახლში კიდევ მოვიდა, მოვკლავ", - უთხრა მათ ოჯახის უფროსმა.

პროკურატურის მასალების თანახმად, მოკვლევა არასრულყოფილად ჩატარდა. მასალებში მხოლოდ თამაზის მიერ ოჯახის დიასახლისისთვის სხეულის მსუბუქი დაზიანება აისახა. ნამგალაურის დედამ და დამ კი პოლიციის მომკვლევ ჯანგირაშვილს ქრთამი - 2 000 მანეთი მისცეს. ჯანგირაშვილთან დაპირისპირებისას ეს ნამგალაურის დედამაც დაადასტურა. 1982 წლის მაისში კი დაზარალებულმა დედამ ნამგალაურთან შერიგების განცხადება დაწერა, სადაც აღნიშნა: თამაზთან პრეტენზია არ მაქვს იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩემს შვილებს არაფერს დაუშავებსო.

სასტუმროს მორიგის გაუპატიურება

1981 წლის თებერვალში ნამგალაური ძიუდოისტთა ჯგუფთან ერთად თბილისის სასტუმრო "უშბაში" შეკრებაზე იყო. მან 4 თებერვალს საღამოს სასტუმროს რესტორანში სამ პიროვნებასთან ერთად იქეიფა. შემდეგ ბიჭები ერთ-ერთის ნომერში ავიდნენ. ნამგალაური ნომრიდან ყველაზე ბოლოს - 5 თებერვალს გამთენიისას, 3 საათზე გამოვიდა და სასტუმროს მეორე სართულის მორიგეს მიადგა, რომელსაც ფოიეში დივანზე ეძინა. ერთი ხელი ყელში წაუჭირა, მეორე ცხვირ-პირზე დააფარა, გონება დააკარგვინა, ხალათი შემოახია, ქვედა საცვალი გახადა და გააუპატიურა... ქალმა - "მიშველეთო" - მოასწრო დაძახება და ფრჩხილებით სახე და ყელი ჩამოკაწრა. ნამგალაური კი ყელში უჭერდა ხელს. ბოლოს 52 წლის გაუპატიურებული ნ. გონდაკარგული დატოვა, მკვდარი ეგონა. ნ. გონს რომ მოვიდა, მე-4 სართულის მორიგესთან ავიდა. სახე ჩალურჯებული და ტანსაცმელი შემოხეული ჰქონდა. პირიდან სისხლი სდიოდა. უთხრა, ერთმა სპორტსმენმა კინაღამ დამახრჩოო, თუმცა არც სპორტსმენის ვინაობა უთქვამს და არც გაუპატიურების შესახებ დასცდენია რამე.

დაზარალებულმა ნ-მ საჩივარი თბილისის ორჯონიკიძის რაიონის პროკურატურაში შეიტანა და სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. ნამგალაური დააკავეს, მაგრამ ნ. მოერიდა თავისთვის არასასურველი ცნობების გახმაურებას. საქმე ბრალდების დაუდასტურებლობის გამო შეწყდა. ნამგალაური დანაშაულს უარყოფდა.

მოგვიანებით ნამგალაური ჩვენებაში წერდა, რომ მან ნ-ს პირადად მისცა 10 000 მანეთი, რათა გაჩუმებულიყო. ნ-სთან დაპირისპირებისას ნამგალაურმა ეს ჩვენება გადათქვა - გამოძიება მოვატყუე, თუმცა რატომ, არ ვიციო.

ანზორ მარტყოფლიშვილი, ნამგალაურის მწვრთნელი: "ტრადიციული ტურნირის წინ შეკრებაზე ვიყავით. საღამოს შინ წავედი. დილით რომ დავბრუნდი, სასტუმროში ჩოჩქოლი იყო, მილიცია მოსულიყო. თამაზს წვერი ახალი გაპარსული ჰქონდა, სახეზე არაფერი ეტყობოდა. ეჭვი მასზე ჰქონდათ. რომ ვკითხე, მითხრა, როგორ გეკადრებათ, მე რა შუაში ვარო. წინა ღამით ვიღაც შინდისიდან ჩამოსულა სტუმრად. თამაზისთვისაც დაუძახიათ და ერთად უქეიფიათ. მე რომ ვყოფილიყავი, ის სუფრაზე არ წავიდოდა. თუ დამნაშავე იყო, ნეტა მაშინ დაემტკიცებინათ და დაეჭირათ, უფრო უარესს აღარ ჩაიდენდა. მაგრამ არაფერი დამტკიცდა. იმ ქალმა არ იცოდა, ვინ გააუპატიურა..."

თამაზ ნამგალაურისადმი გამოძიების მიერ წაყენებული მთავარი ბრალდების შესახებ "ახალი ვერსიის" შემდეგ ნომერში წაიკითხავთ. შემოგთავაზებთ ნამგალაურის საქ-მესთან დაკავშირებული ადამიანების მოგონებებს.

ავტორი: კახა ჩაკვეტაძე


კალენდარი
აგვისტო  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
16
17
18
20
21
22
23
24
25
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი