მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-10-01
ინგა გრიგოლია და... შავი სატელევიზიო პარასკევი - რატომ, რისთვის, რად წირავთ ქვეყანას, კოლეგებო ?

ჯერაც სარეკლამოდ დაანონსებულში ქალბატონი ინგა გვპირდებოდა, რომ დიდ სახალხო-საყოველთაო შოუში რაღაც საოცრებას მოგვივლენდა. ხმის კილო-ტონალობაშიც აშკარად გამოსჭვივოდა, ამ ხელისუფლებას რა შავ დღესაც დააყრიდა. გადაცემის თემა რომ კრიმინალის მოჭარბება იქნებოდა, თურმე და, ნუ იტყვი, სააკაშვილის ავადსახსენებელი 9 წელი რა სახსენებელია იმასთან, რაც დღეს ხდება ქვეყანაში. თან გვაფრთხილებდა, არავითარი აჟიოტაჟი, საზოგადოებრიობის დაფრთხობა-დაშანტაჟება არ იქნება, ყველაფერი ობიექტურად წარიმართებაო. აქვე ვიტყვი, გადაცემის იმ ნაწილში, რისი ყურებაც შევძელი, თითქოს ცდილობდა, მიუკერძოებელი ყოფილიყო, მაგრამ გულუბრყვილო მაყურებელიც კი ადვილად შენიშნავდა, რომ გრიგოლია კვლავინდებურად ნაციონალების დაკრულზე ცეკვავდა.
როგორც ყოველთვის, ცალ მხარეს მიშისტები ჩამოარიგა (მაინც სად პოულობს ამდენ ტვინგამორეცხილ, უნამუსოდ ცრუპენტელას, ქვეყნისა და სამშობლოს მოძულეს.).. პირველი სიტყვა გახელაძეს მიართვა - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ ხელმძღვანელს, გახელაძეს, რომელიც ცდილობდა, ეს სახალხო ტელემაუწყებლობა "რუსთავი-2"-ის რელსებზე გადაეგორებინა, რის გამოც იქიდან გამოძუნძულებულ-დაბოღმილი, აშკარად გაბოროტებული, ბრალს სდებდა დღევანდელ ხელისუფლებას, მის უნიათობას აბრალებდა კრიმინალის "არნახულ" ზრდას, ვითომ მიშას 9-წლიანი ჯოჯოხეთი მას არ ეხილოს. არადა იმ წლებში ამოივსო მშიერი სტომაქი, გაძღა და კისერი გაისქელა...
გახელაძეს გვერდით მსუქანა ვინმე რომ ეჯდა (სამწუხაროდ, მისი გვარი ვერ დავიმახსოვრე), სანამ მიკროფონს გადასცემდნენ, ისე ცმუკავდა, ზონზროხა სხეულს ისე ქაჩავდა, უსიტყვოდაც ცხადი იყო, რა სიავის გადმოფრქვევაც უნდოდა და არც დაახანა. ეგ კიდევ არაფერი, ყველაზე მძიმე არტილერია, ჩვენს ინგას, იქვე, მეოთხე თუ მეხუთე რიგში ჰყავდა ჩასაფრებული - მეტისმეტად პუტკუნა, ტუჩებშეღებილი, ბუს სათვალეებიდან რისხვა-ბოღმის მფრქვეველი, რომლის დაოკებაც ვითომდა დიდი მცდელობის მიუხედავად, თვით ყოვლისშემძლე ინგამაც ვერ შეძლო.
ქალბატონი, კოლეგა ინგა ნაღდი ჯადოქარია, როდესაც სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელთან ერთად ოპოზიციის ენაგატლეკილი წარმომადგენლები ჰყავს მიწვეული. ჯერ სახელისუფლებოს მისცემს სიტყვას, ალაპარაკებს იმ მომენტამდე, სანამ აწყობს, მერე კი - ან ჯაფარიძეს, ან გაბაშვილ-მინაშვილებს და მათნაირებს იმათთვის საათის ისარი თითქოს არ მუშაობს) ალაქლაქებს, შიგადაშიგ კი შეახსენებს, დროა, დაასრულოთო, მაგრამ იმათშიც იციან, რომ ჟურნალისტი ფარისევლობს, ჰოდა უბერავენ და უბერავენ.
ასე იყო პარასკევის შოუშიც. ეკა ბესელიამ, ხელისუფლების გუნდის კომპეტენტურმა პირებმა კონკრეტული, შემოწმებული ფაქტები კი დაუდეს წინ, თქვეს რომ იმასთან შედარებით რაც ნაციონალების მმართველობის 9 წლის განმავლობაში ხდებოდა, დღეს არაფერი საგანგაშო არ ხდება, დღეს სამოთხეში არა ვართ, მაგრამ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდისო. ფაქტებიც წარმოადგინეს.
ვინ მოგისმინა, ნაცების დარწმუნება ხომ ზედმეტია! მეც ვეღარ გავუძელი და რატომღაც "რუსთავი-2"-ზე გადავრთე ტელევიზორი. აქ კი ვანო ჯავახიშვილი, ეს მართლაც კაცუნა, სხვისი ნაკარნახევის თუთიყუში. მხოლოდ საკუთარი სხეულის მანჭვა-გრეხვით ცდილობს თავის გამოჩენას, ჰოდა მიდგა ბატონ ბიძინას, ოცნების გუნდის სხვა წევრებს, უფრო ირაკლი ღარიბაშვილს აქილიკებდა...
პულტის ღილაკს დავაჭირე თითი და მშობლიურ საზოგადოებრივ არხზე გადავრთე. იქ ხომ თითქმის სამი ათეული წელი ვიმუშავე, იმხანად, ანუ კომუნისტების დროს, ჩვენი ტელე-რადიო მაუწყებლობა ასჯერ უფრო ეროვნული იყო და დიდ საქვეყნო საქმეებსაც აკეთებდა, ვინემ დღევანდელი ათობით მაუწყებლობა.
გადავრთე და ეკრანის სიგრძე-სიგანეზე წიკლაურის გასიებული სიფათი შემომეფეთა, მას გვერდს უმშვენებდა ღიმილ-გესლიანი ვაშაძე...
არ გეგონოთ, კრიტიკის წინააღმდეგი ვიყო, ვინმეს საქებ-სახოტბოდ კალმის წვერი ერთი ორჯერ თუ გამირჯია... უკრიტიკოდ სახელმწიფო ვერ იქნება და ჟურნალისტის ვალია, ხმალშემართული იდგეს ქვყნის სადარაჯოზე. ოღონდ კრიტიკა უნდა იყოს ჯანსაღი, ობიექტური, სამართლიანი, და არა ისე, საზოგადოებას სიცოცხლე ჯოჯოხეთად უქციო, როგორც ეს "რუსთავი-2"-ის ვაიდირეტორს სწადია.
მე, მაგალითად ბევრი რამ არ მომწონს ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლებისა, კერძოდ ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა, რომელიც აგერ მესამე წელია და ყურის ძირში მდებარე, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქის ცხოვრებით ერთხელ არ დაინტერესდა. ერთხელაც არ ჩამოსულა, არ უკითხავს, რა გვიჭირს, რა გვინდა.
არადა, უმუშევრობა კლავს ქალაქს პირდაპირი მნიშვნელობით. ამის შესახებ მრავალჯერ დავწერე და ახლაც გავიმეორებ, ყოველწლიურად 5 ათასამდე ქალიშვილი და ჭაბუკი ამთავრებს, საჯარო სკოლას თუ უმაღლეს სასწავლებელს, რუსთავში კი სანთლით რომ ეძებო სამუშაო, ერთი მათგანიც ვერ დასაქმდება.
დიახ, საკრიტიკოდ კბილგასაკრავი სხვა სფეროშიც ბევრია, მაგრამ ამ მოკლე დროში გაკეთებული ვერ დავინახო, ეს ხომ ქვეყნის სიძულვილს ნიშნავს! თუნდაც საერთოდ აღგვილ სოფლის მეურნეობაში ახალი სიცოცხლის შთაბერვა რომ ვთქვათ, ან ჯანდაცვის რეფორმები... ყველაზე მეტად დემოგრაფიაზე ზრუნვა მაიმედებს. მიშისტებმა მშობიარობა ხომ ფასიანი გახადეს... დღეს მშობიარობა უფასოა, ქვეყნის უმეტეს, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც მეტად უჭირთ, მესამე შვილზე, ყოველთვიური 200 ლარი გაიცემა და ათასი სხვა რამ, შენდება გზები, სახლები და კიდევ რა ვიცი, რა არ კეთდება.
ამ დღეებში, როდესაც საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის თავკაცობით საზღვარგარეთ ფრიად წარმატებულ შეხვედრებს მართავდა, გაეროში მისი ჩინებული გამოსვლა და კიდევ მრავალი სხვა ვითომ არაფერი ყოფილიყო, პარასკევის საღამოს სატელევიზიო შოუებმა საამისოდ ვერ მოიცალეს.
ისე მიშა რომ მაგარია, ერთხელ კიდევ დავრწმუნდი - გაეროში ბატონ ირაკლის ამერიკაში მცხოვრებმა რამდენიმე ქართველმა საპროტესტო გამოსვლა რომ მოუწყო, ეს მიშას გარეშე რომ არ მოხდებოდა, წყალი არ გაუვა, მაგრამ იმ გამყიდელ ქართველებს რა ვუთხარი, ნუთუ ფულზე გაყიდეს სამშობლო.
მიშას და ნაცებს რომ დიდი ფული აქვთ, ამას რა მტკიცება უნდა, მოსყიდული ჟურნალისტიც რომ ბევრი ჰყავდეთ, რა გასაკვირია, თუნდაც "მაესტროში", რომელმაც ლამის "რუსთავი-2"-ს გადაამეტოს.
არ ვიცი, ვინ მოსყიდულია, ვინ არა, მაგრამ, ერთი კი ცხადია, ბოლო რამდენიმე ათეული წელი არეულ-დარეულ, ნაბრძოლ-ნაომარ და ნაოხარ ქვეყანაში ისევ და ისევ ხალხის დაშინება, უიმედობის დათესვა, მხოლოდ სიავის წამოძახილი ფსიქიკური მოშლის საფრთხეს უქმნის ჩვენს ხალხს.
რატომ, რისთვის, რად წირავთ ქვეყანას, კოლეგებო. აბა, ერთი ჩაიხედეთ იმ ადამიანების გულებში, რომლებმაც ნაციონალების ჯოჯოხეთი საკუთარი სიცოცხლის ფასად მოაშორეს ქვეყანას!


გივი ჯახუა,
"სრ" საკ. კორ.












ავტორი:  მარიამ თოდაძე


სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი