მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-10-04
ხალხს უნდა გავაგებინოთ, რაც გაკეთდა!

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის ორი წელი მძიმე იყო, მაგრამ დეპუტატი პროგნოზირებს, რომ მომავალ წელს ქვეყანა წელში გასწორდება. კანონმდებელი თვლის, რომ ხელისუფლებაში კარგად მოლაპარაკე თავების დეფიციტია, რადგან მისი თქმით, უამრავი საქმეა გაკეთებული, საზოგადოებამ კი ეს არ იცის.
თუ რას ფიქრობენ განვლილ ორ წელზე კოალიციაში, ამის გარკვევის მიზნით, აწკყპუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმდჯომარეს ესაუბრა:

- ორი წელი გავიდა, რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა. როგორ აფასებთ, თქვენს მმართველობას.
- რთული ორი წელი იყო და ბუნებრივია, ასეც იქნებოდა, რადგან ხელისუფლებაში ყოფნის დიდი გამოცდილება არ გვქონდა. ამ ორი წლის მანძილზე, ბევრი რამ ახალი და მიუღებელი იყო. ჩვენს მიმართ ბევრი უსამართლო კრიტიკა გამოითქვა, მაგრამ ბევრი შეცდომაც იქნა დაშვებული. ამას ყველაფერს ანალიზი სჭირდება. "ქართული ოცნების" ყველაზე დიდი მონაპოვარი ის არის, რომ დღეს ადამიანს ხმამაღალი სიტყვის თქმისთვის არ კლავენ, არ აპატიმრებენ და არ დევნიან. ბევრ მიღწევასა და ბევრ შეცდომაზე შეგვიძლია საუბარი, მაგრამ ვინც არ მუშაობს და წამოკოტრიალებულია, ის შეცდომასაც არ უშვებს, რადგან თავად ბუნების შეცდომაა. 1 ოქტომბრის მოგებაში დიდი დამსახურება ივანიშვილს აქვს. მის ღვაწლს ხაზს ვუსვამ, რადგან რომ არა ეს კაცი, ვერ გავერთიანდებოდით და ნაციონალურ მოძრაობას ვერ დავამარცხებდით. ივანიშვილის გარეშე უიმედობის ათწლიან ეპოქას ვერ დავძლევდით, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა. ბევრი მიმართულებით არის გიგანტური ნაბიჯები გადადგმული.
- კონკრეტულად, ხელისუფლებას რომელ სფეროებში აქვს მიღწევები და სად ჩავარდნები.
- 1 ოქტომბრამდე ქუჩაში რას გამოვყავდით. - უმუშევრობას, დაბალ პენსიას, ჯანდაცვას, დაზღვევას, უმუშევრობას. ეს ყველაფერი, არ გვაწუხებდა. - გვაწუხებდა, მაგრამ სხვა დიდი პრობლემის წინაშე ვიდექით. მაწუხებდა სიცოცხლის უფლება, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, თავისუფალი სასამართლოს არარსებობა, პრესაზე ზეწოლა, პირად ცხოვრებაში ჩარევა, პატიმრების უფლებები და ა.შ. ყველა ეს უფლება დარღვეული იყო. თავისუფალი პრესა და სასამართლო მიწასთან იყო გასწორებული. უსაშველოდ ბევრი რამის ჩამოთვლა შემიძლია.
ახალი ხელისუფლების პირობებში თავისუფალი სასამართლო დამკვიდრა და მოსამართლეს ტელეფონზე არავინ ურეკავს. მახსოვს პროცესები, სადაც მოსამართლეს პირდაპირ ყურზე აჯდნენ. ადეიშვილს სათვალთვალო კამერები ეყენა და ონლაინ რეჟიმში სასამართლო პორცესებს აკვირდებოდა. ეს ლეგენდა არ გეგონოთ, წულუკიანი მომიყვა. წულუკიანს ჰკითხეთ, "ბერია - ადეიშვილის" ოთახში, რა სისტემა დახვდა და სად იყო თუნდაც პარლამენტის სერვერები. დღეს, საქართველოში ადამიანის უფლებები არ ირღვევა და თუ ირღვევა, უმკაცრესი რეაგირება ხდება. ამასთანავე, პატიმრებს უკანალში არც ცოცხს უკეთებენ და არც სიგარეტის ნამწვავებს. პოლიტიკურმა ოპონენტებმა ევროპაში რაც უნდა იყბედონ, ფაქტია, რომ საქართველოში არჩევნები არ ყალბდება და ხალხს არავინ ატერორებს. წლების მანძილზე, ადამიანები ქუჩაში უგზოობის და უშუქობის გამო არ გამოდიოდნენ. იმ დროს შევნატრი, როცა ხალხი ქუჩაში უმუშევრობის, ხელფასების შემცირების და ჯანდაცვის გამო გამოვა, ისევე როგორც ევროპელები გამოდიან. ასეთი საქართველო მინდა. 2016 წელს, როცა არჩევნები მოვა, სხვა თემებზე უნდა ვისაუბროთ.
რაც შესრულდა, საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, მაგრამ არ დავაყვედროთ, რადგან ასეთ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას დავემსგავსებით, რომლებიც ამბობდნენ, რომ თურმე გზა დააგეს და წყლის მილები დაამონტაჟეს. შეიძლება, მათ დროს რაიმე კეთდებოდა, მაგრამ მუდმივად იმას გვახსენებდნენ, რომ ერთადერთები და განუმეორებლები იყვნენ. ხელისუფლებაში ის ადამიანი უნდა მოვიდეს, ვინც არჩევნებში დაგვამარცხებს. როცა ხელისუფლებაში მოდიხარ, წასვლის დრო უნდა იცოდე. ჩემთვის წასვლის დრო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჟამია.
- ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებიდან 2016 წლის არჩევნების შედეგად წახვალთ.
- ეს ჩემმა ამომრჩეველმა უნდა განსაზღვროს. ხალხმა ან კარებისკენ უნდა მიმითითოს, ან ისევ ნდობა გამომიცხადოს და მითხრას, მეტ-ნაკლებად წარმატებით იმუშავე და ხელისუფლებაში დარჩიო. მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ და ე.ი. რაღაც გამიკეთებია, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ არავინ ამირჩევდა. შეიძლება ვიღაცამ თქვას, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდიო, მაგრამ პარლამენტში ასე ვერ მოხვდებით. იცით, ამ ბრძოლაში რამდენი მეგობარი დავთმე, რომლებიც საჭირო დროს საჭირო ადგილას არ აღმოჩნდნენ. იქ უნდა იყო, სადაც ხალხს უჭირს. ზოგიერთს ცდუნებამ სძლია და სამწუხაროდ, ჩემს გარშემო ბევრი ასეთი იყო.
- თქვენ ხელისუფლების მიღწევებზე საუბრობთ, მაგრამ ოპონენტები თქვენს სისუსტედ ასახელებენ - კრიმინალს, ეკონომიკურ სტაგნაციას, პრემიების გაცემას, ხელისუფლებაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს, ციხეში ე.წ. კრიმინალების გაძლიერებას და ა.შ.
- რომელი ბრიყვი იტყვის, რომ ეკონომიკაში პრობლემები არ არის. ფინანსების მართვის სფერო თავიდან ბოლომდე მონოპოლიზებული დაგვხვდა. ამ სფეროს გაჯანსაღება და მოჯადოებული წრიდან გამოყვანა ხდება. სამწუხაროდ, ამას ორი წელი არ ეყო. არაორდინალური მდგომარეობა დაგვხვდა, როცა ნაციონალური მოძრაობის ერთი დიდი "შავი სალარო" არსებობდა და იქ კეზერაშვილის ხელმძღვანელობით ასობით მილიონი ლარი ილექებოდა, რომელიც ოფშორულ ზონებში მიდიოდა. ამ პროცესს პატრონი და გამკითხავი არავინ არ ჰყავდა. თუ ამას იკითხავდი, ან ცხრაკლიტულში გამოგკეტავდნენ ან მომკლავდნენ.
რამდენიმე წელი არის საჭირო, რომ ბიზნესი თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე გადავიდეს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, უმნიშვნელოვანესია, რომ ბიზნესმენს პროკურატურაში არავინ დაიბარებს და არ ეტყვის, რომ მრავალი მილიონი ან სახელმწიფოს უნდა აჩუქოს, ან სოფელ უდეში ბოსელი უნდა იყიდოს და მასში შვიდი მილიონი ლარი გადაიხადოს. თუ ამას არ გავაკეთებთ, დანარჩენი ბიზნესს უნდა ვაცადოთ.
ევროპის ბაზრის გახსნის ძალიან დიდი იმედი მაქვს. საექსპორტო-საიმპორტო სიმძლავრეების ამუშვებას ველი. იქ, სადაც ბიზნესზე არ ძალადობენ, ის გზას აუცილებლად გაიკვალავს. შარშანდელი მდგომარეობიდან გამოვდივართ და მომავალი წელი იქნება უმნიშვნელოვანესი, რადგან საბოლოოდ წელში გავსწორდებით. პირველი წელი უმძიმესი იყო. მილიარდობით დოლარი ოფშორულ ზონებში იყო გადაქაჩული. ამ ოფშორულ ზონებს კი წითელ საცვლებში გამოწყობილი, ველოსიპედზე შემომხტარი, ქოქოსის ნაყოფით ხელდამშვენებული, ძებნილი სააკაშვილი კურირებს. მას რაღა შერჩა. - წითელნიფხვიანი, ხელში ქოქოსიანი და ველოსპორტსმენი მიხეილი დარჩა, რომელსაც ზურგსუკან რამდენიმე მილიონი აქვს გადანახული.
- თუმცა, თავად ამბობს, რომ ამერიკაში მეტროთი დადის...
- მწამს, რომ თქვენ მისი არ გჯერათ.
- თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველო იზოლაციაში არის და შევარდნაძის დროინდელ ჭაობს უბრუნდება. მსგავს სურათს, თქვენც ხედავთ.
- სრულ იზოლაციაში ვართ. - ქვეყანაში, 2013 წელს, 5 მლნ 392 303 ტურისტი შემოვიდა, რაც 22 პროცენტით მეტია ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ევროპაში ტურიზმიდან შემოსავლების კუთხით, ყველაზე მაღალი შემოსავალი საქართველომ დააფიქსირა. სჯობს, ამ სტატისტიკას მანიაკების და კრიმინალების პარტიის წევრი ზურაბ ჯაფარიძე გაეცნოს, რომელიც გებელსივით ქაჩავს თვალებს.
- ჯაფარიძე ამბობს, რომ თქვენი ხელისუფლება სტატისტიკას აყალბებს...
- ეს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 2013 წლის სტატისტიკაა. საქართველო დასათვალიერებლად ათ საუკეთესო რეკომენდირებულ ქვეყნებს შორის არის და თურმე, აქ კრიმინალი გაიზარდა, სექსუალური მანიაკები დაძრწიან და ეკონომიკა ინგრევა. ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს და უამრავი ტურისტი გვეწვევა. გუდაურში სეზონი რომ ჩავარდა, იმედია, ეს ხელისუფლებას არ დაბრალდება, რადგან ღრუბლებში ივანიშვილი არ ზის და წვიმას და თოვლს არ ხელმძღვანელობს. კანდელაკს ყველგან ივანიშვილი ელანდება, მაგრამ ეს ასე არ არის. ამას გარდა, მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა დაიწყება.
- თუმცა, ანაკლიის ნავსადგურის გაიგივება ხდება ლაზიკის პორტთან...
- ანაკლიასა და ლაზიკას შორის ისეთი განსხვავებაა, როგორც სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის. ლაზიკაში ქალაქი შენდებოდა და ჭარბტენიანი ზონის ამოშრობა ჰქონდათ განზრახული, რითაც რამსარის საერთაშორისო შეთანხმება დაირღვეოდა. პორტის მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს იყო, რადგან გემის შესასვლელად ღრმა ადგილი არც ფოთშია და არც ბათუმში. ერთ დღეს, სააკაშვილმა გაიღვიძა, ჩათვალა, რომ პეტრე პირველი იყო და ახალი ფანჯრის შექმნა განიზრახა ევროპაში. ლაზიკიდან ევროპისკენ გაჭრილი ფანჯარა ვერაფრით ვერ შეიქმნებოდა, რადგან ეს ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიგვიყვანდა. ლაზიკის შევსებას ხუდონის მშენებლობის შედეგად გამოყრილი სვანებით აპირებდნენ.
- ორი წელია, რაც ხელისუფლებაში ხართ და კიდევ ორი წელი დაგრჩათ. დარჩენილ ვადაში, რის გაკეთებას აპირებთ.
- ამ ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ საზოგადოებასთან შესაბამისი კონტაქტი ვერ დავამყარეთ. ბევრი კარგად მოლაპარკე ადამიანი გვჭირდება, რადგან ხელისუფლებაში ასეთების დეფიციტია. უამრავი საქმეა გაკეთებული და ეს საზოგადოებამდე უნდა მივიტანოთ. შეიძლება ბევრმა არ იცის, თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის ტერიტორიებისთვის დაღუპულთა ოჯახებს 500 ლარი დაენიშნათ. არჩევნებიდან ძალიან მალე კვლევა ჩატარდა, სადაც 80 პროცენტი მივიღეთ. მიხარია, რომ ეს პროცენტები იკლებს, რადგან არ შეიძლება, რომელიმე ლიდერს ან პარტიას 80 პროცენტი ჰქონდეს.
ამომრჩეველთა დიდ ნაწილს ნაციონალების მიჯირყვნა უნდა, რადგან გივი თარგამაძეებმა და სულით მახინჯმა სხვა პირებმა ხალხს სული ამოხადეს. საზოგადოების დიდ ნაწილს არც ის მოსწონს, რომ ძალიან ბევრი კრიმინალი დეპუტატის მანდატს ამოეფარა უკან. სამართლიანობის აღდგენის ტემპი დღესაც არ მომწონს.
- თქვენ ხართ ხელისუფლებაში და რა გიშლით ხელს, სამართლიანობის აღდგენის ტემპი დააჩქაროთ.
- ორი პროკურორი ამიტომ შეიცვალა და ტემპი, რომელიც ახალმა შემადგენლობამ აიღო, დამაკმაყოფილებელია. ბევრი მნიშნელოვანი საქმეა გადაგზავნილი სასამართლოში და ადეკვატური სასჯელები წესდება. საგამოძიებო პროცესი ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს. როცა ევროფორუმზე ნაციონალების გულშემატკივრებს ვხედავ, ეჭვი მიჩნდება, რადგან ხელი რაღაცაზე შეიძლება ქართველსაც წაუცდეს, ამერიკელსაც და ევროპელსაც.
- ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ნაციონალები ევროპელების მხარდაჭერას, ფულით მოიპოვებენ.
- ეს გამოძიების საქმეა. უშიშროების საბჭოდან 22 მლნ ლარია გატანილი და ეს თანხები სად იხარჯებოდა, კაცმა არ იცის.
- ხელისუფლებაში თქვენ ხართ და რატომ ვერ დაადგინეთ, თუ სად დაიხარჯა 22 მლნ ლარი.
- ამ საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენ რომ გვაკრიტიკებენ, ზაზა დავითაია რომ სცემეს, შეფასება ამ საკითხზე რატომ არ გააკეთეს. ველოდები, ეკა გიგაური როდის გამოვა და შეფასებას გააკეთებს. კარგი გაგებით, ბევრი მაყეფარი ძაღლი გვჭირდება, მაგრამ ყელმოღერებით მოსაუბრე გიგაური სად არის და რას ამბობს დავითაიას ცემის ფაქტზე. ზოგიერთი არასამთავრობო ხელისუფლებას ჯინში კი ნუ ჩაუდგება და მხარედ კი ნუ იქცევა, სჯობს, საქმეს მიხედონ. ზოგიერთი არასამთავრობო მხარედ ყალიდება და ნდობას კარგავს.
- კრიტიკას აგრესიულად ხვდებით, რატომ.
- აგრესიული არ ვარ, მაგრამ თანასწორობა მინდა, ყველგან დავინახო. შენიშვნას რომ მაძლევ, კარგია, მაგრამ ადამიანის ცემაზე ხმა არ უნდა ამოიღო. ე.წ. ოპოზიციურ პარტიას ზონდერჯგუფები ჰყავს, სადაც ნაძირლები არიან. ამას გარდა, კრიმინალები ადვოკატთა ასოციაციას აფარებენ თავს და მინდა, ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტს ვკითხო, ასოციაცია კრიმინალების თავშესაფარი გახდა. თვალებს, რატომ ხუჭავენ.










ავტორი:  თეონა მანაგაძე


სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი