მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-11-15
2. ფინეთის ცივი მზე

"ლეგიტიმური რომ იყოს ხელისუფლება..."

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მთავრობის, საქართველოს რესპუბლიკის ლეგიტიმური პრემიერ-მინისტრი, ბატონი ბესარიონ გუგუშვილი თავის ინტერვიუში არა მარტო იურიდიულად განმარტავს ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხს.

მადლობას ვუხდით რეჟისორ ზვიად მიქელაძეს ამ ექსკლუზიური მასალის მოწოდებისთვის, რომელიც ჩაწერილია ამა წლის აგვისტოში, ფინეთის ქალაქ ვანტააში.

- თუ დღევანდელი საქართველო უპირისპირდება თავისი სახელმწიფოებრიობის ჭეშმარიტი, ლეგიტიმური ხელისუფლების განხორციელებას, რა შეიძლება ამას მოჰყვეს საქართველოსთვის. საერთოდ, როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენა.
- მამაჩემი ხმარობდა ტერმინს "მარტივი აზროვნება". დღეს რაც ინერგება და რისი განხილვაც ხდება, ყველაფერი მიმართულია აზროვნების გამარტივებისაკენ. მაღალი აზროვნება კი არა, მარტივი აზროვნება უნდათ, მდაბიო აზროვნებამდე დაჰყავთ ყველაფერი...
რას ნიშნავს ლეგიტიმური ხელისუფლება საქართველოსთვის. ამ საკითხს კაპიტალურად უნდა შევხედოთ. ლეგიტიმური რომ იყოს ხელისუფლება, პირველ რიგში, ხალხის ინტერესებს უნდა გამოხატავდეს, მაგრამ ზვიად გამსახურდიას იდეა გულისხმობდა ხალხის, არა როგორც ბიომასის, ბიოლოგიური ადამიანის ინტერესებს, არამედ მართმადიდებელი, ქრისტიანი ადამიანის მიდგომას, პირველ რიგში, სამართლიანობის მიმართ. ამ შემთხვევაში ღვთის სამართალია უზენაესი. ზვიადის იდეა იყო, რომ ჩვეულებრივი, ყოველდღიური, რუტინული სამართალი, აგებული უნდა იყოს ქრისტიანულ ღვთის სამართალზე. ღვთის სამართალს უნდა ეფუძნებოდეს. ამდენად, ლეგიტიმური შეიძლება საქართველოსთვის მხოლოდ ის ხელისუფლება იყოს, რომელიც ღვთის სამართალს ეფუძნება.
- შესაძლებელია, რომ ამგვარად "აღდგენილი ხელისუფლება" ლეგიტიმურ ხელისუფლებას სამართლებრივად და ფორმალურად არ გამოხატავდეს.
- ეს იყო მიმართულება, რომლისკენაც ჩვენი ხელისუფლება მიდიოდა და ეს იყო მისი ლეგიტიმურობის მთავარი არსი. ჩვენმა ხელისუფლებამ დასახა მიზნად მისვლა იქამდე, რომ სახელმწიფო სამართალი ღვთის სამართალს დაფუძნებოდა. ვიმეორებ, ის ხელისუფლება, რომელიც ზვიად გამსახურდიამ, როგორც ლიდერმა შექმნა, პირველ რიგში, ლეგიტიმური იყო იმ თვალსაზრისით, რომ ითვალისწინებდა უზენაეს პრინციპს, უზენაესი პრინციპი - ღვთის სამართალი ედო საფუძვლად და არა ბიომასის სამართალი! არა ბიოლოგიური ცხოველების, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოველების სამართალი. ეს ორი სამართალი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.
ზვიადი გენიოსი და გიგანტი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მან ასე მაღლა აიტანა ეს საკითხები. ამგვარი მაგალითი ისტორიაში არ ყოფილა და არ არის, თუ ათასი წლის წინანდელ ბიზანტიას არ ვიგულისხმებთ, რომელმაც სცადა ღვთის სამართალი სახელმწიფოს სამართლისთვის საფუძვლად დაედო. ზვიად გამსახურდიამ, როგორც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ და პრეზიდენტმა, თავის განცხადებებში ეს იდეა სულ ცოტა ორჯერ ჩამოყალიბებულად გააცნო ხალხს, მაგრამ ბიომასისთვის ამას არა აქვს მნიშვნელობა. ბიომასა იბრძვის იმისთვის, რომ კუჭი გაიძღოს. თვითონ ამ ლეგიტიმურობის საფუძველი არის არა ბიოლოგიური ადამიანი, არამედ სულიერი ადამიანი. ზნეობრივიც კი არა, სულიერი ადამიანი... და ის ხელისუფლება ლეგიტიმური იყო იმდენად, რამდენადაც ამას ითვალისწინებდა და ამისკენ მიდიოდა. სხვა შემთხვევაში მთავრობა მისაღები შეიძლება იყოს მხოლოდ ბიომასის და გლობალიზმის ჭრილში, მაგრამ ვიღაცები გვცნობენ ასეთად კარგად. მაგალითად, ამერიკას მოსწონს, რომ ასეთები ვართ...
თუ კაპიტალურად ვიმსჯელებთ, ესაა პრინციპული განსხვავება. ამაში მდგომარეობს ლეგიტიმურობის არსი და ჩვენი ხელისუფლება იყო და არის ლეგიტიმური იმიტომ, რომ ისევ ამ გზას ვადგავართ და ამ გზაზე უარი არ გვითქვამს. ჩვენ ვაშენებდით სახელმწიფოს, სადაც პრიორიტეტი ექნებოდა სულიერ საწყისებს, ღვთის სამართალს. რა თქმა უნდა, არ მოგვცეს ამის საშუალება. ეს გასაგებია და ასეც უნდა მომხდარიყო, დიახ, ასეც უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჩვენ მივეცით მაგალითი. ბიოლოგიური ადამიანის მისწრაფებები არის ცხოველური: გაძღეს, ქალი იშოვოს, დაიკმაყოფილოს ძირითადი ინსტინქტები.
90-იან წლებში ეს იდეა უცნობი იყო ხალხისთვის. ჩვენი მოძრაობა, თავისი არსით რომ ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობაა, ხალხს არ ჰქონდა შეგნებული. ხალხისთვის უწინარესი იყო დამოუკიდებლობის მოპოვება, ბიომასის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. ეს საკითხები შეუგნებელი იყო მაშინაც და დღესაც, უფრო სწორად, შეუცნობი იყო ხალხისთვის. ეს შეკითხვა მოითხოვს, შევაფასოთ, ლეგიტიმურობის აღდგენისთვის რა ფაქტორებია საჭირო. მარტივად გეტყვით: ამისთვის საჭიროა მართლმადიდებელი ადამიანი, ნამდვილი, ჭეშმარიტი მართლმადიდებლური მრევლი. ზნეობით და სულიერებით გამსჭვალული ერი უნდა იყოს, რომ მან ამავე პრინციპებზე აგებული სახელმწიფო დააფუძნოს. დღეს ქართველი ერი ასეთი არ არის. ამომრჩეველი უნდა იყოს მრევლი, თორემ ბიომასამ ის აირჩია და ის ჰყავს, რაც ერგება. მე არ ვამბობ, რომ საქართველოს დღეს ის მთავრობა არ ჰყავს, რომელიც დღევანდელ საქართველოს არ ერგება. ის ჰყავს სწორედ, რაც ერგება. გამოდიოდნენ და ბღაოდნენ: "მიშა, მიშა"... ეს ხომ ბიომასა იყო.! უფალს კი არ მიმართავდნენ, "მიშა-მიშას" ბღაოდნენ. მერე "ბიძინას" გაიძახოდნენ...
- როგორ უნდა დამკვიდრდეს ამგვარი მაღალი იდეა. თავის დროზე ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ თითქოს შეძლეს ეს სინამდვილე შეექმნათ...
- სინამდვილე არ იყო შექმნილი. ზვიადმა იდეა წამოაყენა, რომლის განხორციელება ვერ მოხერხდა. იდეა დატოვა, რომელიც დღესაც აუთვისებელია. იდეის გახარებისთვის მატერიალური საფუძველი არაა საჭირო. აქ საუბარია, პირველ რიგში, სარწმუნოებისთვის ბრძოლაზე... და სარწმუნოებრივ საკითხს თუ ეჭვქვეშ დავაყენებთ, მაშინ ლეგიტიმურობა არასდროს აღდგება. თუ საქართველოში არ აღდგა ნამდვილი, ჭეშმარიტი სარწმუნოება და ერი არ გადაიქცა მრევლად, ეს იდეაც ვერ გაიხარებს. ჭეშმარიტი ქრისტიანი ღმერთს სთხოვს მიანიჭოს სიმტკიცე, რათა ტანჯვას და წამებას გაუძლოს. დღეს კი ვის უნდა ტანჯვა-წამება. ერში დამკვიდრებულია ასეთი კატეგორია "წარმატებული ადამიანი"...
ამას ძალიან მტკივნეულად განვიცდი. ვინაა ეს "წარმატებული ადამიანი". ვინც ფული იშოვა. დღევანდელი ერი გამსჭვალულია ამ წარმატების ძებნით, ანუ ფულის შოვნით. არავინ არ გეტყვის, რომ ქეთევან წამებულია ყველაზე წარმატებული ქართველი, იმიტომ რომ ის ეწამა. აქ ლაპარაკია სულ სხვა პრინციპებზე. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მივიტანოთ იდეა ხალხამდე, ცალკე საკითხია. ეს არ ეხება საკუთრივ სახელმწიფოებრიობას. აქ საუბარია იდეაზე. ეს იდეა ზვიადის მიერ დატოვებულია. ეს იდეა, სახელმწიფოს და ღვთის სამართლის შერწყმის, ალბათ, ბოლო ათასწლეულის განმავლობაში, პირველად, ვინც წარმოთქვა, იყო ზვიად გამსახურდია. ზვიადი ამითაა დიდი და არა იმით, რომ ბიოლოგიური ცხოველი უნდა გაეძღო. ზვიადმა ქართველებს უთხრა: იბრძოლე და ეწამეო. ერთად ვიბრძოლოთ სარწმუნოებისთვისო, - მოუწოდა ერს.
ამ იდეის გავრცელება შესაძლებელია. თუ ასეთი იდეით განიმსჭვალება ერი, გარწმუნებთ, საქართველოში სავსებით საკმარისი საკვებია, რომ ყველას ეყოს, სავსებით საკმარისი საცხოვრებელი ფართია, რომ ყველამ იცხოვროს. სინამდვილეში ყველასთვის ყველაფერი საკმარისია, მაგრამ არ არის ქრისტიანული მიდგომა. ეს ხალხი არ არის ქრისტიანი და მართლმადიდებელი. მარტო იმის თქმა, რომ "მე მიყვარს ჩემი პატრიარქი", არ არის ქრისტიანობა.
- შესაძლებელია სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების რანგში ამ იდეის გატარება.
- ადმინისტრაცია არის მანქანა. საქართველოში ხელისუფლებაც გააკერპეს. ხელისუფლება არის მანქანა. კარგია თუ ეს მანქანა ეფექტურად მუშაობს, თუ არა, უნდა დაზეთო. ზვიად გამსახურდიას მიერ შექმნილი ხელისუფლება, როგორც იდეა, თავიდანვე განწირული იყო, ისევე, როგორც თავიდანვე განწირული იყო უფალი ღმერთი, რომელიც განკაცდა. აქ მიზანი არ არის მატერიალური. ზვიად გამსახურდიას საქმიანობას პირველ რიგში აფასებენ სწორედ ამ მატერიალისტური მიდგომით. იმ კაცის მიზანი არც იყო ეს მატერიალური მხარე, თუმცა, მას რაც შეეძლო გაეკეთებინა მაგალითის მოცემა და იდეის დატოვება, გააკეთა. ზვიადმა უთხრა ხალხს: შენ უნდა შეიცვალო! როგორიც შენ ხარ, ისეთი ვერ ააშენებს სახელმწიფოს, რომელიც უფლის კანონებს დაეფუძნებაო... მოსვლა სახელმწიფოს სათავეში სჭირდებოდა, პირველ რიგში, ამის ქადაგებისთვის. მან იქადაგა მაღალი ტრიბუნიდან, ჯერ როგორც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, შემდეგ, როგორც პრეზიდენტმა.
ამგვარი შეკითხვების უმრავლესობა მატერიალისტისგან მოდის, კერპთაყვანისმცემლისგან, უკეთეს შემთხვევაში, ძველი აღთქმის ადამიანისგან. ქართველი ერის შეკითხვებია ეს სინამდვილეში. აქედან ჩანს, რომ ქართველი ერი არ არის თვითონ ქრისტიანი. უკეთეს შემთხვევაში ქრისტიანად შერაცხილი კერპთაყვანისმცემელია. ზვიადს ეს სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა სჭირდებოდა იმისთვის, რომ შეექმნა ამ იდეის ქადაგების, ანუ ხალხის გაქრისტიანებისთვის უკეთესი პირობები.
მინდა, გითხრათ, რომ ამ იდეით განწყობილი ერი, მატერიალურადაც უკეთ იცხოვრებს, მაგრამ ღვთის იმედი არა აქვთ დღევანდელ ქართველებს. ამერიკის იმედი აქვთ, უფლის - არა. ზვიადს ეყო სითამამე, ექადაგა ის, რაც არაპოპულარულია. საქმე ის გახლავთ, რომ დღეს რაც არის შემოსავალი ერთ სულზე, თუ განაწილდება ისე, როგორც უნდა გაუნაწილოს მოყვასმა მოყვასს, ყველას ეყოფა. საკმარისი დოვლათია საქართველოში.
90-იანი წლების მოძრაობა, შეუცნობლად მიდიოდა იმ გზისკენ, რომელსაც შეიძლება "ზვიადის გზა" დავარქვათ. ზვიადს ჰქონდა უნარი, სულიერების მუხტი გადაეცა ხალხისთვის. სპეციფიკური ნიჭი ჰქონდა ამისთვის და თვითონ იყო სულიერების განსახიერება.
სააკაშვილს თავისებური ნიჭი ჰქონდა - დაეთრგუნა და მოენუსხა ხალხი.
ზვიადი ისეთ ნათელს ასხივებდა, რომ მან შეძლო ზედმეტი განმარტებების გარეშე, ხალხში ეს იდეა ჩაენერგა. ხალხს უჭირდა იდეის ვერბალიზაცია, მაგრამ გრძნობდა მას იმ სულიერების განცდით, რაც ყველა ადამიანს გააჩნია. ზვიადმა ეს გააღვიძა ადამიანებში. ამიტომ ჰქონდა ასეთი სასტიკი წინააღმდეგობა.
ზვიად გამსახურდია დაამხო ბალტინის ფლოტმა, რომელიც შემოვიდა ამერიკის თხოვნით. მანამდე ბრძოლა მიმდინარეობდა, რადგან გაირკვა, რომ საქართველოში არ არის საკმარისი ძალა, რომელიც დაამხობს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას. ბოლოს აუცილებელი გახდა მოეწვიათ რუსეთის არმიის ფლოტი.

"ზვიადმა თვითონ ხალხი გადააქცია სახელმწიფოდ"
ზვიადმა სასწაული მოახდინა. ის, რაც მოხდა მაშინ, საქართველოში: კომუნიზმის ლოდინის წლებში მიძინებულმა ხალხმა უცებ გაიღვიძა. ხალხი, რომელიც რაიკომის მდივნობაზე ან რაიონის მილიციის უფროსობაზე ოცნებობდა, ზვიადმა ეს ხალხი შეცვალა. ზვიადმა და მერაბმა. ზვიადმა თვითონ ხალხი გადააქცია სახელმწიფოდ. მაშინ მასობრივ გმირობას ჰქონდა ადგილი. ასობით ათასი ადამიანი ტყვიის ქვეშ გამოდიოდა.
- თქვენი საუბრიდან იკვეთება აზრი, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება იყო ლეგიტიმური იმდენად, რამდენადაც მან ქვეყანა და ხალხი აღადგინა მარადიულად არსებულ ლეგიტიმურობაში, რასაც თქვენ ღვთის სამართალს უწოდებთ. გამოდის, რომ ლეგიტიმურობა კი არ გამქრალა, არამედ ხალხი თავიდან უნდა აღდგეს მასში...
- გამარჯვება უკვემოპოვებული აქვს ზვიადს. თან ეს მართლაც სამარადჟამო გამარჯვებაა. ეს მაგალითი თაობებს გაუძლებს. ისეთი რამ დათესა ზვიადმა, რომელსაც არც მორწყვა სჭირდება და არც სასუქი. ეს იდეა უკვე თავისით ცხოვრობს. ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენაც სწორედ ამას გულისხმობს, რომ ეს სულიერება უნდა აღდგეს. ეს იდეა, სანამ იარსებებს, ესე იგი, იდეაში იარსებებს ლეგიტიმური ხელისუფლებაც. ზვიადმა ისეთი სახით დააფუძნა ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც არ საჭიროებს მატერიალურ საფუძველს. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ დღეს ამ იდეის ვერბალიზაცია ვერ ხდება, ანუ ეს იდეა გაუცნობიერებლად არსებობს. უბრალოდ, ხალხს უნდა ვასწავლოთ ამ იდეის სწორი ტერმინებით ჩამოყალიბება.
ლეგიტიმური ხელისუფლება არსებობს. არსებობს მინისტრთა კაბინეტი. დღეს ეს ყველაფერი იატაკქვეშაა და არ ხმაურდება, მაგრამ მისი უპირველესი ამოცანაა იდეოლოგიის ჩამოყალიბება და ხალხამდე ნელ-ნელა მიტანა.
ზვიად გამსახურდია არის ზნეობრივი გმირი და როდესაც ერს ჰყავს ზნეობრივი გმირი, მას აქვს ისეთი რესურსი, რომელსაც ტრილიონობით დოლარით ვერ მოიპოვებ და რომელსაც ხარჯი არა აქვს. სულ ანათებს.
- როდის ჩამოგიყალიბდათ ასეთი წარმოდგენა ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობაზე. როდესაც მის გვერდით მუშაობდით, თუ გიფიქრიათ ამ კუთხით.
- სულ ახლახან, რამდენიმე წლის წინათ, როდესაც დაწყნარებულმა დავიწყე ზვიად გამსახურდიას გამოსვლების მოსმენა, პარალელურად მისი "დილემა კაცობრიობის წინაშე" შევისწავლე, ნელ-ნელა გამონათდა ის, რასაც ზვიადი გულისხმობდა.
ადრე მეც, როგორც ყველა, რაღაცნაირი სულიერი პათოსით მივყვებოდი ზვიად გამსახურდიას და ძირითადად ეს იყო დამოუკიდებლობის იდეა. მაშინ მეც ასე მესმოდა, რომ ამ ბრძოლას უნდა უზრუნველეყო ქართველი ერის ბიოლოგიური გადარჩენა. ზვიადის, როგორც სულიერი მოძღვრის როლს, სულ რამდენიმე წელიწადია, რაც ჩავწვდი. ჩემთვისაც ძნელი ჩასაწვდომი იყო, კაცისთვის, რომელიც თვეობით ზვიადის გვერდით იდგა. რასაც ადრე ვგრძნობდი, ახლა შევიცანი და ვიპოვე შესაბამისი სიტყვები. გაკვირვებული დავრჩი, თურმე რაზე გველაპარაკებოდა... მის გვერდით რომ ვიყავი, ვგრძნობდი, რომ მუხტი და სინათლე მოდიოდა მისგან, მაგრამ ამ სინათლის დანიშნულებას ვერ ვხვდებოდი. რას გვიშუქებდა, იმას ვერ ვხედავდით. ზვიადის ნაშრომები მართლმადიდებლური, ქრისტიანული აზროვნების მიღწევაა. ის ღია ტექსტით ლაპარაკობს ყოველივეს, მაგრამ გამგები არ იყო მისი, მაგრამ ზვიადმა თქვა ეს იმის იმედად, რომ მერე, ოდესმე გაიგებდა ხალხი.

მასალა მოამზადა ზვიად მიქელაძემ.
(გაგრძელება იქნება)

ანონსი: შემდგომში შემოგთავაზებთ ბ. გუგუშვილის მონათხრობს ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებათა შესახებ, ანუ რა მოხდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხიბულაში 1993 წლის 31 დეკემბერს.












სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი