განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა.
წლის საუკეთესო დირექტორი თბილისის ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური #42 საჯარო სკოლის დირექტორი ალუდა გოგლიჩიძე გახდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ორი წლის განმავლობაში ალუდა გოგლიჩიძის ხელმძღვანელობით სკოლის მოსწავლეები სასწავლო ოლიმპიადებში ფიზიკასა და მათემატიკაში პირველ ადგილს იკავებდნენ, წარმატებებით ბრუნდებიან საერთაშორისო ოლიმპიადებიდანაც. კურსდამთავრებულთა 50( უმაღლეს სასწავლებლებში 100(-იანი გრანტებით ხვდებიან. ამას ყველაფერს ხელს უწყობს სკოლაში მოქმედი საგნობრივი წრეები და პედაგოგთა მაღალი კვლიფიკაცია.
სამინისტრომ რამდენიმე საუკეთესო მანდატურიც გამოავლინა. ესენი არიან #199 საჯარო სკოლის მანდატური ლევან ხარაზიშვილი, #151 სკოლის მანდატური ლანა ღონღაძე და #56 სკოლის მანდატური გიორგი ქამუშაძე.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წელის საუკეთესო უცხოელ პედაგოგად პროექტის "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში ჩამოსული, ინგლისური ენის მოხალისე პედაგოგი სტეფანი ეგერი დაასახელა.
სტეფანი ეგერი ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონის საჯარო სკოლაში ასწავლის, რომელიც მრავალი ღონისძიების ავტორია და ხელმძღვანელობს ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს, სადაც მასწავლებლებსაც აქვთ შესაძლებლობა გაიღრმავონ ენის ცოდნა.
წლის საუკეთესო საჯარო სკოლად ახალციხის #5 სკოლა დასახელდა. სკოლა ყველაზე მრავალრიცხოვანია ახალციხეში, პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებში.
წლის საუკეთესო კერძო სკოლად კი სკოლა-ლიცეუმი - "მწიგნობართუხუცესი" დასახელდა. თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე სკოლაში სამინისტროს მიერ ინიცირებული ყველა სიახლეა დანერგილი და წარმატებით ხორციელდება. "მწიგნობართუხუცესი" ერთ-ერთი პირველი კერძო სკოლაა, რომელიც სამინისტროს ინიციატივას გამოეხმაურა და სექტემბრიდან უფასოდ სწავლის გაგრძელება შესთავაზა რამდენიმე ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და მოსწავლეებს, რომელთაც სასკოლო ეროვნულ ოლიმპიადებში გაიმარჯვეს.
წლის საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელად თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან ჩხეტია დასახელდა. მას მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა ტრენინგებსა და სემინარებში, არის ბევრი ღონისძიებისა და ტრენინგის ორგანიზატორი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ზემოთ ჩამოთვლილ ნომინაციებში გამარჯვებულებს სპეციალურად დაწესებული ჯილდოები გადასცა.















































































