მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2010-12-31
"სააკაშვილი ხალხს დასცინის"

"გვაქვს ყველა საფუძველი ვილაპარაკოთ მიხეილ სააკაშვილის მცდელობის შესახებ, დარჩეს ხელისუფლების სათავეში, შეცვალოს მხოლოდ ფირფიტა თავისი მდიდრული კაბინეტის კარზე", - განაცხადა გაზეთ "ვზგლიადთან" ინტერვიუში ამჟამად ოპოზიციაში მყოფმა საქართველოს ყოფილმა მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ირაკლი ალასანიამ, რომელიც ქვეყანას ახალ კრიზისს უწინასწარმეტყველებს.
საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ამჟამად კი ოპოზიციური პარტიის "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი რეჟიმის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მომავალი პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვების გზით. იმის შესახებ, დათანხმდება თუ არა თავად პრეზიდენტი გაუშვას ხელიდან მმართველობა, აგრეთვე თუ რა ელის საქართველოს მისი მმართველობის გაგრძელების შემთხვევაში, პოლიტიკოსი გვესაუბრება ინტერვიუში.
- სხვა ოპოზიციური პარტიებისა და მოძრაობებისგან განსხვავებით, რომლებსაც განზრახული აქვთ, შეცვალონ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი საპროტესტო მიტინგებისა და დაუმორჩილებლობის აქციების გზით, თქვენი პარტია აქცენტს აკეთებს მომავალ პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნებზე. რით არის განსაზღვრული ასეთი პოზიცია.
- უწინარეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბების დღიდან წელიწადზე ოდნავ მეტი გავიდა, ჩვენი პოლიტიკური ძალა ყოველთვის იმყოფებოდა ყველა იმ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესის ეპიცენტრში, რომლებიც ქვეყანაში ხდებოდა 2009 წლის დასაწყისიდან. მხედველობაში მაქვს როგორც მრავალათასიანი მიტინგები 2009 წლის გაზაფხულზე, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2010 წლის მაისში. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ბრძოლის პერიოდში ჩვენ შევიძინეთ ერთ-ერთი მთავარი თვისება, რაც აუცილებელია წარმატების მიღწევისთვის - თანმიმდევრობა. როგორც საპროტესტო აქციების დროს, ისე წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, აგრეთვე უმალვე არჩევნებიდან, ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი მიდრეკილება მოქმედი ხელისუფლების შეცვლაზე მხოლოდ კანონიერი გზით, ესე იგი, დემოკრატიული არჩევნების მოწყობის გზით.
ჩვენთვის გასაგებია პესიმიზმი, რომელიც დღეს ჩვენი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს აქვს, მაგრამ სწორედ ეს არის პოლიტიკური ძალის ის მთავარი ამოცანა, რასაც შეუძლია, იკისროს პასუხისმგებლობა - დაარწმუნოს თავისი მოქალაქეები, რომ სწორედ მათი მონაწილეობა არჩევნებში იქნება გადამწყვეტი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. ამიტომ ჩვენ გაუმართლებლად მიგვაჩნია გარკვეული პოლიტიკური ძალების მოქმედებანი, რომლებიც ცდილობენ, შექმნან გადაჭარბებული მოლოდინი ჩვენს თანამემამულეებს შორის, ხოლო მორიგი წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში კი "აამაღლონ ტემპერატურა ქუჩაში".
- როგორ ფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილი 2013 წელს საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ შეეცდება, დაიკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი. ამისთვის მოაწერა მან ხელი ახალ კონსტიტუციას.
- თავისი პოლიტიკური საქმიანობის დასაწყისიდან, ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრად ყოფნის დროს, განსაკუთრებით პრეზიდენტობის პირველ თვეებში მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა ყველაფერს საკუთარი ხელისუფლების განსამტკიცებლად პარლამენტში უმრავლესობის საკანონმდებლო გაფორმების გზით. ისტორია განმეორდა კონსტიტუციაში უკანასკნელი ცვლილებებით, რასაც არაფერი აქვს საერთო 1995 წელს მიღებულ მთავარ სამართლებრივ დოკუმენტთან. საქმე გვაქვს არა ხელისუფლების სამართლიან განაწილებასთან საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის, არამედ უფლებამოსილებათა გადაცემასთან პოლიტიკური ხელისუფლების შიგნით. ამიტომ გვაქვს ყველა საფუძველი ვილაპარაკოთ მიხეილ სააკაშვილის მცდელობაზე, დარჩეს ხელისუფლების სათავეში, შეცვალოს მხოლოდ ფირფიტა თავისი მდიდრული კაბინეტის კარზე.
- თქვენ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნეთ წერილი ქართული სოფლების პრობლემების შესახებ, რომლებიც ესაზღვრებიან საქართველო-ოსეთის კონფლიქტის ზონას. თუ ყოფილა რაიმე რეაქცია სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან.
- ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ, როგორც სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე ჩვენი ქვეყნის ეროვნული უშიშროების კონტექსტში. ჩვენ გავუგზავნეთ ღია წერილი პრეზიდენტს მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე ვიყავით პრაქტიკულად ყველა სოფელში, რომლებიც ესაზღვრებიან კონფლიქტის ზონას, და დავრწმუნდით უკიდურესად საგანგაშო მდგომარეობაში, რომელშიც იმყოფებიან ჩვენი მოქალაქეები. არსებობს ამ სოფლების დაცარიელებისა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვის რეალური საფრთხე.
სამწუხაროდ, პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ყველას კარგად ახსოვს, რომ ჩვენი მორიგი ვიზიტის შემდეგ რეგიონში პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში მისცა დავალება სოფლის მეურნეობის მინისტრსა და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორს. ამის შემდეგაც კი არავითარი შემსუბუქება და სიმშვიდე არ უგრძვნიათ ქვენს თანამოქალაქეებს. იმ გავლენის დონის გათვალისწინებით, რაც პრეზიდენტს აქვს, ალბათ, ჩვენ საქმე გვაქვს დაცინვასთან საკუთარი ხალხის მისამართით, და არა სასამსახურო უპასუხისმგებლობასთან ჩინოვნიკების მხრიდან. პრეზიდენტმა უბრალოდ კიდევ ერთხელ მიატოვა ბედის ანაბარა თავისი ხალხი.
- თქვენ არაერთგზის აცხადებდით, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველო მიჰყავს სოციალური აფეთქებისკენ, ამ დროს მხედველობაში გქონდათ 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. ყველაფერი მართლაც ასე ცუდადაა.
- სამწუხაროდ მთავრობის მოუფიქრებელი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ქვეყანა მეტად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაშია. მთავრობა კარგავს კონტროლს საინფლაციო პროცესებზე, ფასები კვების პროდუქტებსა და პირველი აუცილებლობის მედიკამენტებზე იზრდება კატასტროფულად. უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი ორი-სამი წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკის რვა მინისტრი შეცვალა, მაგრამ მთავარი პრობლემა არის ის, რომ მთავრობას დღემდე არ გააჩნია ზუსტი ხანმოკლე და ხანგრძლივი გეგმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა. გაჭირვებულ მდგომარეობაშია სოფლის მეურნეობა. საქართველო, რომელიც ყოველთვის სახელგანთქმული იყო თავისი მაღალი ხარისხის აგროსამრეწველო მეურნეობით, დღეს მეზობელი ქვეყნებიდან ახდენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 80 პროცენტის იმპორტირებას.
სამწუხაროდ, 2011 წლის ბიუჯეტი კვლავ არ არის ორიენტირებული პრიორიტეტულ სოციალურ და ეკონომიკურ მიმართულებებზე. მაშინ, როდესაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ შეუძლია უზრუნველყოს თავი მინიმალური სამედიცინო მომსახურებით, ჩვენი მოქალაქეების ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმაა და საგარეო ვალი გაიზარდა სამჯერ, მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს მოიჭირონ ქამრები, თავად კი ზრდის ადმინისტრაციულ და სხვა ხარჯებს. ფაქტობრივად, სააკაშვილის მთავრობამ მოიხსნა პასუხისმგებლობა თავისი მოქალაქეების ბედისთვის.
ამიტომ მაქვს ყველა საფუძველი ვამტკიცო, რომ მომავალი წელი იქნება პრობლემური ეკონომიკური თავალსაზრისით.
- თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა სააკაშვილის დროს სოხუმთან და ცხინვალთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა.
- მიხეილ სააკაშვილმა ხელიდან გაუშვა უნიკალური შესაძლებლობა, მიეღწია საგრძნობი პროგრესისთვის კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში. თავისი მებრძოლი რიტორიკით, შედეგად კი კონკრეტული მოქმედებებით, მან დაკარგა აფხაზებისა და ოსების ნდობა. გადამწყვეტ მომენტებში იმის ნაცვლად, რომ განემტკიცებინა კონკრეტული შეთანხმებები, რომლებიც მიღწეული იქნა საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ხელშეწყობით აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან, ჩვენ გვესმოდა კონფლიქტის ძალოვანი გადაწყვეტის მოწოდებანი, რასაც არაფრით შეეძლო ხელი შეეწყო ნდობის ამაღლებისთვის.
მიგვაჩნია, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ამასწინანდელი ცალმხრივი ინიციატივის ადრესატი, მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან სააკაშვილმა რომ გამოაცხადა, უწინარეს ყოვლისა, არის საერთაშორისო გაერთიანება, თავად ინიციატივები კი პროპაგანდისტული ხასიათისა იყო. სამწუხაროდ, ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ ამოწურა ყველა რესურსი როგორც ნდობის აღდგენისთვის აფხაზურ და ოსურ მოსახლეობას შორის, ისე რუსეთთან მოლაპარაკების წარმოებისთვის.
- მაგრამ ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის ხომ შეიძლება კიდევ აღდგეს.
- ამჟამად ყველაზე მთავარია - არ დავუშვათ ახალი ესკალაცია. ომმა ვერ შეძლო და არც შეეძლო ხელი შეეწყო წლობითა და ათეული წლობით დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტა - მან ვერ გადაწყვიტა კონფლიქტები, ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის მსხვერპლი გახდა ათეული ათასობით ქართული ოჯახი, კიდევ უფრო გაუარესდა ოსებისა და აფხაზების მდგომარეობა, მათი თვითმყოფადობა კი დღეს დიდი საფრთხის ქვეშაა, უფრო მეტის, ვიდრე ეს ადრე იყო. საქართველოს მოსახლეობამ თავის თავზე გამოსცადა ომის მთელი სიმძიმე. ამიტომ არავინ არ უნდა გააკვირვოს დღეს არსებულმა აგრესიამ რუს პოლიტიკოსებთან დაკავშირებით. მაგრამ ომმაც კი ვერ შეძლო წარმოექმნა ჩემს ხალხში ზიზღი რუსეთელების მიმართ. და ამან არ შეიძლება იმედი არ ჩაგვისახოს.
რეალობა ისეთია, რომ საქართველოს და რუსეთს სჭირდებათ ერთმანეთი ხანგრძლივი სტაბილური განვითარების მიღწევისთვის. და რაც უფრო გაჭიანურდება პაუზა პოლიტიკურ ურთიერთობებში, მით უფრო ღრმა იქნება გაუცხოება ჩვენი ხალხებისა, განსაკუთრებით ახალ თაობებში.
- მაგრამ ჯერჯერობით საქართველო უფრო დასავლეთთან პარტნიორობისკენ ისწრაფვის, კერძოდ სურს შევიდეს ნატოში. როგორ შეაფასებდით ამ პერსპექტივებს.
- არსებული გეოპოლიტიკური რეალიები, აგრეთვე ქვეყნის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მოქმედებანი უკიდურესად ართულებს ამ მიზნის მიღწევას. ნატო - ეს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური ორგანიზაციაცაა და რომ გახდე მისი სრულუფლებიანი წევრი, საჭიროა გახდე ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფო, რომელშიც პატივს სცემენ და იცავენ კანონის უზენაესობას, არ ლახავენ ადამიანის უფლებებს, და რომელსაც არ გააჩნია პრობლემები მეზობლებთან.
მე არ მაქვს ილუზია, რომ ეს პროცესი იქნება იოლი და ხანმოკლე, თუმცა ქვეყნის ხელმძღვანელობა და პირველ რიგში პრეზიდენტი საპირისპიროში არწმუნებდნენ საქართველოს საზოგადოებას. ჩვენ კარგად გვახსოვს ნატოს ბუქარესტის სამიტი 2008 წელს, როდესაც პრეზიდენტი და მთავრობა ქმნიდნენ სრულიად დაუსაბუთებელ დიდ მოლოდინს საქართველოს სასწრაფო მიღების შესახებ ამ ორგანიზაციაში. მოქმედების გეგმის მიღებაზე უარის თქმამ გამოიწვია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დიდი გაწბილება, 2008 წლის აგვისტოს ომმა კი ინტეგრაციის გეგმა მრავალი წლით უკან გადასწია.
- ამ ცოტა ხნის წინათ ქართული ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა მონაწილეობა მიიღო მოსკოვში ქუთაისში აფეთქებული დიდების მემორიალის ასლის გახსნის ცერემონიაში. მაგრამ მათ რიგებში თქვენ არ იყავით. ეს პრინციპული პოზიციაა - არ ჩახვიდეთ მოსკოვში.
- ქუთაისში დიდების მემორიალის დანგრევა იყო გაუმართლებელი თავგასულობა საქართველოს მთავრობისა და ხსოვნის შეურაცხყოფა ასობით ათასი თანამემამულისა, რომლებიც დაეცნენ ფაშისტთან ბრძოლაში. მაგრამ ის, რაც მოხდა მოსკოვში, არის ქართული საზოგადოებრიობის შეურაცხყოფა, ხოლო ჩვენი ოპოზიციის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში - სამარცხვინო.
დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება პირობები საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა ნორმალიზაციისთვის, მაგრამ ეს მოხდება არა ასეთი ფორმით და არა ასეთი მეთოდებით.

vzgliad













კალენდარი
 
 
ნოემბერი  2010
 
 
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი