მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2010-12-31
ფეხბურთის ფედერაცია ახალ წელს დაყადაღებული ხვდება

სანაკრებო წარმატებებით გამორჩეული სეზონის ფინიშზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას საშობაო სიურპრიზი "პრივატბანკმა" (ა. წ. 17 დეკემბრამდე - "ტაოპრივატბანკმა") მოუმზადა და, არც მეტი, არც ნაკლები, საბანკო ანგარიშები დაუყადაღა უძრავ-მოძრავ ქონებასთან ერთად.
თუ დომენტი სიჭინავას ზეობისას ეს პირველი შემთხვევაა, მის ერთ-ერთ წინამორბედს - მერაბ ჟორდანიას ანალოგიური პატივი ცხრაჯერ(!) ხვდა წილად, თანაც ვარდ-ყვავილოვანი ხელისუფლება, როგორც ჩასაფრებისას სჩვევიათ, მაინცდამაინც "ჯვაროსანთა" უმნიშვნელოვანესი შეხვედრების წინ მიმართავდა რეპრესიებს.
სხვათა შორის, ძალაუნებურად იფიქრებ, რომ ამჯერადაც რაღაც სიბინძურესთან უნდა გვქონდეს საქმე - მოგეხსენებათ, 22 იანვარს სფფ-ს რიგგარეშე საარჩევნო ყრილობაა დანიშნული, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები კი მომავალი ბატალიებისათვის მოსამზადებლად შეკრებებზეა გასაგზავნი. აღარაფერს ვამბობთ ფედერაციის თანამშრომელთათვის საახალწლოდ ხელფასების დარიგებაზე.
მაინც, სადაა ძაღლის თავი დამარხული.
ამ კითხვას პასუხი ნაწილობრივ ბატონი დომენტისა და სფფ-ს გენერალური მდივნის რევაზ არველაძის მონაწილეობით გამართულ პრესკონფერენციაზე გაეცა. მათგან შევიტყვეთ, რომ "პრივატბანკის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, უკრაინელი ბოგდან ლესიუკის პირველი მოადგილის ალექსანდრე ჩოჩიას ხელმოწერილი ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, სამშაბათს დადებული ყადაღა უახლოეს დღეებში მოიხსნება. საამისოდ სფფ-ს ანგარიშიდან "პრივატბანკის" ანგარიშზე ოთხშაბათსვე გადაირიცხა 150 000 ევრო, ხოლო 2011 წლის ყოველი თვის პირველ რიცხვში ფედერაცია ვალდებულია ბანკს 25 800 ევრო ჩაურიცხოს.
ალბათ, არანაკლებ საინტერესოა ისიც, რომ 2008 წლის 29 დეკემბერს ბანკიდან სესხად აღებული 300 000 ევრო საურავებისა და ჯარიმების ხარჯზე 459 600 ევრომდე გაიზარდა, თუმცა სიჭინავამ გვაუწყა, რომ 20 000 ევრო ოქტომბერში უკვე გადაიხადეს და აღნიშნული თანხა დაიქვითება. საყურადღებოა ისიც, რომ "პრივატბანკის" ვალის გასასტუმრებლად ფედერაციამ ახალი სესხი უნდა აიღოს, რაც, ბუნებრივია, იმ პროგრამების შეფერხებას გამოიწვევს, რომლებსაც ის ამჟამად ანხორციელებს.
როგორც გაირკვა, 2010 წელს სფფ 4 300 000 ლარის ოდენობის ვალით ამთავრებდა, მაგრამ უკვე ხსენებული მიზეზის გამო ვალმა 4 800 000 ლარს მიაღწია. ანგარიშგასაწევია ისიც, რომ ჯერჯერობით "საქართველოს ბანკიდან" არაა დახსნილი ფედერაციის შენობა. საამისოდ სფფ-ს, ბანკთან ერთად შედგენილი გრაფიკის მიხედვით, 1 380 000 ევროს გადახდა მოუწევს და გაისად 4 იანვარს 410 000 ევროს გადარიცხავს. თუმცა, მოდით, ძირითად სათქმელს დავუბრუნდეთ, მით უმეტეს, იგი სკანდალურად ჟღერს.
დომენტი სიჭინავას განცხადებით, ბანკიდან კრედიტი ისეა გამოტანილი, რომ საბუთებზე ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის უმცროსი ნოდარ ახალკაცის მხოლოდ ფაქსიმილეა დაფიქსირებული და მას ხელი პირადად არ მოუწერია. "ეტყობა, ახალკაცს თითი სტკიოდა. მე ფაქსიმილე არა მაქვს და 400-500 ფურცელი რომ იყოს ხელმოსაწერი, ვზივარ და ვაწერ. საოცარია, აგრეთვე, რომ თანხის სესხებისას სფფ-ს ბანკისთვის რაიმე გარანტიები არ წარუდგენია. მართალია, წინამორბედების მიმართ პრეტენზია არა მაქვს, მაგრამ მაინც ვაპირებ საქმეში საგამოძიებო ორგანოები ჩავრთო, რათა დავაზუსტო, რამდენად შესაძლებელია თანამედროვე საქართველოში ფაქსიმილეთი 300 000 ევროს სესხად აღება ყოველგვარი გარანტიების გარეშე" - დასძინა ფედერაციის პრეზიდენტმა.
ჩვენის მხრივ კი ჩაროზად დავუმატებთ, რომ ერთგვარი შენიღბვის მიუხედავად ("პრეტენზია არ მაქვსო"), ყოფილისათვის ძალოვანთა მიქსევით დამუქრება მაინც ჩაშვებად იშიფრება და თვით ბატონი დომენტის ჭეშმარიტ სახეს წარმოაჩენს.
ჰო, მართლა, კინაღამ დაგვავიწყდა იმის გაცნობა, მაინც რაში დაიხარჯა ის საბედისწერო კრედიტი. თურმე 20 159 ევრო გადარიცხულა გერმანიაში კომპანია "მაინცის" ანგარიშზე - მოგეხსენებათ, 2008 წლის აგვისტოს ომის გამო უეფამ "მუნდიალ-2010"-ის შესარჩევი შეხვედრა საქართველო-ირლანდია ნეიტრალურ სახელმწიფოში გადაიტანა და, როგორც ნომინალურმა მასპინძელმა, სფფ-მ სტადიონი სწორედ ქალაქ მაინცში იქირავა ზემოთ მოყვანილ თანხად.
გარდა ამისა, 469 000 ლარი საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს", ხოლო 162 400 ლარი - საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ანგარიშებზე გადარიცხულა. ეტყობა, ფედერაციამ ამ კლუბებს ევროტურნირებზე გამოსვლისთვის კუთვნილი თანხა მისცაო - ივარაუდეს სფფ-ს შეფებმა.












ავტორი:  გია პლატონიშვილი


კალენდარი
 
 
მაისი  2010
 
 
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი