ტრადიციისამებრ, ქართული საფეხბურთო სეზონი აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ახალგაზრდა ოსტატის ზაზა ბენდელიანის მემორიალით დაიხურა.
საიუბილეო XX გათამაშების გამარჯვებული, უკვე მესამედ, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (რექტორი - გია კავთელიშვილი) გახდა, რომელმაც ჯერ ნახევარფინალში დაჯაბნა უმთავრესი ფავორიტი - ლეგიონერებით გაძლიერებული "ოქროს თევზი" - 4:2, ხოლო შემდეგ გადამწყვეტ ბრძოლაში "საბურთალოს" დააყრევინა ფარ-ხმალი - 2:0 (ოდიკაძე, ცხადაძე). რადგან ზემოთ "ოქროს თევზი" ვახსენეთ, დავძენთ, რომ იგი დასკვნით რაუნდში საგრძნობლად დაასუსტა ლევან კობიაშვილის არყოფნამ, რომელიც ჯგუფური ეტაპის შემდეგ გერმანიაში "ჰერტას" შეკრებაზე გაემგზავრა, თუმცა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის დავით მუჯირის (7 გოლი) ძალისხმევით ეს გუნდი მესამე პრიზიორი მაინც გახდა.
რაც შეეხება ბავშვთა ასპარეზობას, იგი "შევარდენმა" მოიგო, რომელმაც სატიტულო მატჩში "ავაზა" დაამარცხა. მესამე ადგილი "ნორჩმა დინამოელმა" დაიკავა.
დასასრულ, მადლიერებით მოვიხსენიებთ "ბენდელას თასის" ორგანიზატორებს - მის მეგობრებს, აგრეთვე თანამდგომებს - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, თბილისის ფეხბურთის ფედერაციას, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას, "იბერია ბიზნეს ჯგუფს", "ყავა პელეს", "მაკდონალდსს", "სარაჯიშვილს", "ქართულ ტრადიციულ ღვინოს", "კრომბახერს", "ყაზბეგს", "ჯეოსელს", "ოუფენ ფან ფუტბოლს", "ოილენდსა" და "ალგორითმს".















































































