მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-03-06
"სიკვდილიც ვერ დამაშორებს

ჩემს სვანეთს"მთამსვლელ ჯაფარიძეთა ღირსეული შთამომავლის, მკვლევარისა და ჟურნალისტის, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, მთამსვლელთა ეროვნული ფედერაციის ვიცე-სპიკერის, ქართული ალპინიზმის მემატიანის ივანე ჯაფარიძის საოჯახო ალბომში უამრავი ძვირფასი ფოტოსურათია შემონახული, რომელიც ალპინიზმის ისტორიის საინტერესო ფურცლებს გვიშლის. ამჯერად ერთი ფოტოსურათის ისტორიას გაგაცნობთ, დანარჩენ მოგონებებს კი გაზეთის სხვა ნომრებისთვის შემოვინახავთ.
თქვენს წინაშეა ისტორიული პიროვნებების ისტორიული ფოტო, რომელიც გადაიღო მიქელ პატარიძემ 1934 წელს სოფელ უშხვანარში - მაკრინე ქურდიანისა და გერმანე მემანიშვილის ოჯახში, უშბაზე პირველი ქართული და საბჭოთა ასვლის აღსანიშნავად, მწვერვალიდან დაბრუნების შემდეგ.
"მთამსვლელთა დედის" მაკრინე ქურდიანის თბილ კერას მრავალი გამოჩენილი მთამსვლელი, მეცნიერი და მოგზაური მოუხიბლავს. ზემო სვანეთში არ ყოფილა რაიმე მნიშვნელოვანი საქმე, რომლის აქტიური მონაწილე მეუღლესთან, ბრწყინვალე ვაჟკაც გერმანე მემანიშვილთან ერთად მაკრინე ქურდიანი არ ყოფილიყო, მთამსვლელობაში კი იგი, უშბის ცოცხალი მემატიანე იყო.
გერმანე მემანიშვილი მღვდელი იყო. ბოლშევიკებმა ანაფორა გახადეს და ომის დაწყებისთანავე ომში გაიწვიეს, საიდანაც აღარ დაბრუნებულა.
1929 წელს სვანეთს ამერიკელთა კინოექსპედიცია ესტუმრა უშბის მიდამოების, კავკასიონის მწვერვალებისა და სვანეთის პეიზაჟების გადასაღებად. ექსპედიციის ერთ-ერთ წევრს თავში ქვა მოხვედრია და თავგატეხილი მაკრინეს ჭიშკარს მისდგომია. დიასახლისს გაჭირვებული სტუმარი შინ შეუყვანია, დახმარება აღმოუჩენია, თავი შეუხვევია და შესანიშნავი იუმორის მქონეს თავისებურად "გაუმხნევებია": "არა უშავს, უშბის სამახსოვროდ დაგრჩებაო".
ერთ საღამოს მაკრინე ქურდიანისა და გერმანე მემანიშვილის ეზოში დიდი მხიარულება სუფევდა: თეთრ ქართულ კაბებში გამოწყობილ ქალებს, სვანურ ქუდებსა და შავ ჩოხებში გამოწყობილ კაცებთან ერთად, ფერხული გაემართათ. განცვიფრებულ სტუმრებს ეს არაჩვეულებრივი ლხინი გადაუღიათ და ბევრი რამ ჩაუწერიათ სვანური ადათისა და წეს-ჩვეულებების შესახებ. ბოლოს ამერიკელ ლინგვისტს ქართულის მცოდნე მოუკითხავს და მისთვის მაკრინე ქურდიანი წარუდგენიათ, რომელსაც ქართულის ცოდნა დედისგან მოსდგამდა.
მაკრინეს დედა, მაინე, ძველი ქართული ლიტერატურის შესანიშნავი მცოდნე ყოფილა და რუსთაველი, ჩახრუხაძე, სულხან-საბა ორბელიანი, გურამიშვილი და სხვა ქართველი მწერლები კარგად სცოდნია. ნიშანდობლივი და საგულისხმოა ისიც, რომ იგი არაჩვეულებრივი მოზარე ყოფილა. შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ ილია ჭავჭავაძის დასატირებლად 5 სვან მამაკაცთან ერთად თბილისში მაინეც გაუგზავნიათ. პოეტის ცხედართან თურმე საოცრად ჟღერდა სვანური ზარი.
ამერიკელებს მაკრინეს წაყვანა მოუსურვებიათ თავიანთ ქვეყანაში ერთი წლით, იქნებ ქართული ენა შეგვასწავლოსო, მაგრამ მაკრინეს მტკიცე უარი განუცხადებია: "სიკვდილიც ვერ დამაშორებს ჩემს სვანეთსო".
7 7 7
ცნობილი ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი და საზოგადო მოღვაწე, სვანეთის განმანათლებელი ეგნატე გაბლიანი იყო მესტიის ეთნოგრაფიულ-ისტორიული მუზეუმის დამაარსებელი და პირველი დირექტორი, ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზისა და მესტიაში აეროპორტის მშენებლობის ერთ-ერთი ინიციატორი, საქართველოს 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე, სვანეთის 1921 წლის ამბოხების ერთ-ერთი მეთაური. მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს ეროვნული აჯანყების მომზადებაში. ჩეკისტებმა დააპატიმრეს 1922 და 1924-1926 წლებში. დახვრიტეს 1937 წელს.
7 7 7
მთამსვლელობის ისტორიაში განსაკუთრებულია ალექსანდრე (ალიოშა) ჯაფარიძის ღვაწლი და დამსახურება. მასზე მრავალი წიგნი, ლექსი, მოთხრობა, ფილმი, სტატია თუ ნარკვევია შექმნილი.
ალიოშა ჯაფარიძემ ახალი გზები დაადგინა 15 მწვერვალზე.
1934 წელს პირველი ასვლა სამხრეთ უშბაზე საეტაპო თარიღია საბჭოთა ალპინიზმის განვითარებაში, რომლითაც დაიწყო საბჭოთა მთამსვლელობის ბრწყინვალე მიღწევათა უწყვეტი რიგი.
ალიოშა ჯაფარიძე დაუდეგარი ენერგიის პატრონი იყო. ერთი წლის განმავლობაში მის მიერ ჩატარებულ ასვლათა რიცხვი სარეკორდოა. ასე მაგალითად, 1938 წელს იგი ავიდა 17 მწვერვალზე, 1940 წელს - 22-ზე და ა.შ.
7 7 7
17 წლის იყო ლევან მარუაშვილი, როდესაც პირველად მონაწილეობდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასვლაში მწვერვალ ბრუტსაბძელზე 1929 წელს.
1992 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში ქართველმა ხალხმა დაბადების 80 წლისთავი მიულოცა მხცოვან მთამსვლელსა და მეცნიერს. ერთი თვის შემდეგ, 5 დეკემბერს სამუდამოდ შეწყდა ლევან მარუაშვილის სიცოცხლე, რომელმაც მთელი ცხოვრება საქართველოს ბუნების კვლევას, მისი მშვენიერების აღწერას შეალია და 500-ზე მეტი ნაშრომით მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვა შთამომავლობას.
7 7 7
სანდრო გვალიასთვის მთამსვლელობა და სამთო-სათხილამურო სპორტი სტიქია იყო.
სულ კავკასიონის 18 მწვერვალიდან დაეშვა იგი თხილამურებით, რაც საქართველოში დღესაც განსაკუთრებულ მოვლენად არის მიჩნეული.
1948 წელს სანდრო გვალიას ხელმძღვანელობით იმ დროისათვის ფანტასტიკური ლაშქრობა შედგა მყინვარწვერზე, რომელიც ქართული და საბჭოთა ალპინიზმის 25 წლისთავს მიეძღვნა. მან მწვერვალზე 502 კაცი აიყვანა, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან ერთად იყვნენ მთამსვლელობის ფუძემდებლები: ალექსანდრა ჯაფარიძე, მარო ტყავაძე, მარო ბეჟანიშვილი, სოსო ასლანიშვილი, ვანო კუკავაძე და ერეკლე ლუკაშვილი.
7 7 7
ბექნუ ხერგიანი - მის ანგარიშზეა ასზე მეტი ასვლა პამირისა და კავკასიონის მწვერვალებზე.
იალბუზის დასავლეთი მწვერვალიდან ჩამოხსნა (1943 წ.) გერმანელ ფაშისტთა მიერ აღმართული ნაცისტური დროშა.
იალბუზიდან სვასტიკიანი დროშის ჩამოხსნა და საბჭოთა დროშების აღმართვა მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ რაიხსტაგისა არ იყოს, უქართველებოდ არც ამ საქმემ ჩაიარა.
ბექნუ ხერგიანი და მისი მეგობრები ამ ისტორიულ მოვლენას ასე იგონებდნენ: "1943 წლის დასაწყისში, როცა კავკასიონიდან ფაშისტები განდევნეს, მე და ჩემი ძმა გაბრიელი მესტიიდან სოფელ ბეჩოში გვიხმეს. იქ გვითხრეს, რომ ფაშისტებმა იალბუზზე თავიანთი დროშები დატოვეს, უნდა ავიდეთ და მოვხსნათო... ექვსი კაცი შევიკრიბეთ: ნიკოლაი გუსაკი, იური სმირნოვი, ევგენი ბელეცკი, ალექსანდრე სიდორენკო, მე და ჩემი ძმა გაბრიელი. როცა უნაგირაზე ავედით, ქვებს შორის გერმანელი ოფიცრის საფლავი ვნახეთ... იქ დაგვხვდა ბამბუკის ჯოხი, რომელზეც კაბელი მიემაგრებინათ. აქ ფაშისტების დროშა ვერ ვნახეთ, სამაგიეროდ ჩვენი დროშა დავტოვეთ და ძებნა დავიწყეთ". ალექსანდრე სიდორენკო: "ამ დროს მოულოდნელად ბექნუმ უკან მოიხედა. ღრუბელი ოდნავ გახლეჩილიყო და ბექნუს მახვილმა თვალმა წამით დალანდა რაღაც ორი წერტილი. "მწვერვალი იქაა, ფაშისტთა დროშებიც იქ არის", - თქვა ჩემმა მეგობარმა".
ბექნუ ხერგიანი: "მე და საშა მწვერვალისკენ წავედით, გაბრიელი კი დარჩა. მწვერვალზე ორი დროშა ვნახეთ, ერთი ქარისგან იყო დახეული, მეორე - მთელი. ავიღეთ ორივე და დავეშვით. საღამოს "თერთმეტთა თავშესაფარში" უვნებლად დავბრუნდით. ორივე ჯგუფის მონაწილენი დიდი სიხარულით შეგვხვდნენ, განსაკუთრებით გაიხარეს, როცა ხელში ფაშისტთა დროშები დაგვინახეს. დროშები ჩვენს ხელმძღვანელს გადავეცით".
ბექნუ ხერგიანი 1990 წელს გარდაიცვალა.
7 7 7
ალექსანდრა ჯაფარიძე ის პიროვნება გახლდათ, რომელმაც ძმებთან - სიმონთან და ალიოშასთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქართულ ალპინიზმს და სათავე დაუდო მთამსვლელობის გმირულ ისტორიას საქართველოში.
კავკასიონის მწვერვალები ალექსანდრას ღვიძლი ძმები არიანო - ამბობდა მწერალი ლევან გოთუა, რადგან ამ მწვერვალებზე სამუდამოდ დარჩა მისი ძმების ახალგაზრდული სული, კავკასიონმა მხოლოდ ძმათა ნამუხლარზე წასული დის წინაშე მოიხარა ქედი. დამ ძმების სისხლი არ შეარჩინა უშბასა და თეთნულდს.
ჯაფარიძეთა ოჯახიდან მთამსვლელობას პირველად ალექსანდრა ეზიარა 1923 წელს.
1929 წელს, თეთნულდზე ასვლის დროს, მეგობრის გადასარჩენად შემართული, 33 წლის ასაკში დაიღუპა მთამსვლელი და გეოლოგი, ლოპოტის თეთრი მარმარილოს საბადოს აღმომჩენი - სიმონ ჯაფარიძე.. გლოვამ დაისადგურა ჯაფარიძეთა ოჯახში, მაგრამ დაუოკებელია მათი სწრაფვა მწვერვალებისაკენ. ერთი ძმა მეორემ შეცვალა. ალექსანდრას მომდევნო ძმა - ალიოშა ამოუდგა მხარში. და-ძმამ სიმონის საფლავზე ფიცი დადეს - მისი დამსხვრეული ოცნებების აღსადგენად, წლისთავზე თეთნულდი დაელაშქრათ. - "სიმონის დაღუპვის შემდეგ, დაუძლეველი სურვილი გაგვიჩნდა, გვენახა და გამოგვეკვლია ის ადგილები, სადაც მან უკანასკნელად დაადგა ფეხი", - იგონებდა ალექსანდრა.
თეთნულდზე ასვლის შემდეგ და-ძმამ არაერთი მწვერვალი დალაშქრა კავკასიონზე, მაგრამ თავისი მნიშვნელობით განსაკუთრებული იყო ქართველების პირველი ასვლა უშბაზე 1934 წლის აგვისტოში.
...მწვერვალამდე 200-მდე მეტრი რჩებოდა, დაღლილებს ღამემ მოუხერხებელ ადგილზე რომ მოუსწრო. აქ ერთი ადამიანი თუ გაათევდა, ისინი კი ოთხნი იყვნენ. აუცილებელი გახდა 200 მეტრით ქვევით დაშვება. ენანებოდათ ტანჯვით გამოვლილი მანძილის დაკარგვა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. გადაწყდა უკან დაბრუნება. მხოლოდ ალექსანდრა არ აპირებდა წასვლას. მას გამოცდილება კარნახობდა, რომ ამ კრიტიკულ მომენტში მცირე დაბრკოლებამ შეიძლება ხელი ააღებინოს განზრახვაზე მის თანამგზავრებს. ალიოშა მიუხვდა დას ჩანაფიქრს და დათანხმდა, დარჩენილიყო. თვითონ კი იაგორთან და გიოსთან ერთად 200 მეტრით დაბლა დაეშვა.
ალექსანდრა ჯაფარიძის უშბის ვერტიკალურ კედელზე ღამისთევამ გადამწყვეტი როლი შეასრულა მწვერვალზე წარმატებით ასვლაში.
- "თუ არა ალექსანდრას თავგანწირვა, ჩვენ, ალბათ ხელს ავიღებდით უშბის დაპყრობაზე", - იგონებდნენ შემდეგ ასვლის მონაწილენი.
...შემოიარა საქართველო, დალაშქრა კავკასიონის მწვერვალები, მაგრამ მათ შორის გამორჩეული და დაუვიწყარი იყო დიხ-თაუ. თავის აღზრდილებთან ერთად, 55 წლის ასაკში, იგი ახალი გზით ავიდა მწვერვალზე და პირველი ქალი იყო, ვინც ამ ასაკში, ასეთი რთული მწვერვალის დალაშქვრა შეძლო.
ორივე ძმის სიკვდილს გაუძლო, სიმონის მერე უშბის ნაპრალებში ზვავმა იმსხვერპლა ალიოშაც... ალექსანდრა ჯაფარიძე 1974 წლის 27 ნოემბერს ჩუმად, უხმაუროდ განერიდა ამ წუთისოფელს. დაკრძალეს ვერის ბაღში ძმების გვერდით.
7 7 7
ქართული ალპინიზმის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ქართული და საბჭოთა ალპინიზმის ერთ-ერთ ფუძემდებელს, ღვაწლმოსილ მკურნალსა და საზოგადო მოღვაწეს იოსებ (სოსო) ასლანიშვილს.
1925 წელს სვანეთში გაიგზავნა ექსპედიცია ჩიყვისა და ჩიყვიანობის შესწავლის მიზნით, რომელშიც ახალგაზრდა ექიმი სოსო ასლანიშვილი მონაწილეობდა. მან სვანეთის მოსახლეობის დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა. ბეჩოს თემში სოფელ უშხვანარში იგი შეიფარა მაკრინე ქურდიანისა და გერმანე მემანიშვილის სტუმართმოყვარე ოჯახმა.
გარდა მთამსვლელობისა, სოსო ასლანიშვილმა წარუშლელი კვალი დატოვა მედიცინაში, კერძოდ - ენდოკრინოლოგიაში, როგორც ამ დარგის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა; ხელოვნებასა და მწერლობაში, როგორც წიგნების ავტორმა და ჟურნალების -"თეატრი და მუსიკა", "ხელოვნება", "შევარდენი", "თანამედროვე მედიცინა" - რედაქტორმა.
სოსო ასლანიშვილი მეგობრობდა იმდროინდელ გამოჩენილ მწერლებთან, პოეტებთან, ხელოვნების სხვადასხვა დარგის ცნობილ მოღვაწეებთან, განსაკუთრებული ურთიერთობა კი ცისფერყანწელებთან ჰქონდა. გადაღებულია ერთ-ერთ ადრინდელ ფილმში. იყო ქართული სუფრის გამორჩეული თამადა, მაგრამ მისი გატაცება მაინც შოთა რუსთაველი და მისი "ვეფხისტყაოსანი" იყო. მას ჰქონდა "ვეფხისტყაოსნის" გამოცემების უნიკალური კოლექცია - თავის სიცოცხლეში 81 გამოცემას მოუყარა თავი, რომელთაგან 41 საქართველოში იყო გამოცემული.
7 7 7
ქართულ ალპინიზმში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შესანიშნავ მთამსვლელ გიო ნიგურიანს. ერთ-ერთი ურთულესი, სარკისებურად გლუვი კედლის დაძლევისას, ფეხზე გაიხადა და ისე შეძლო ფეხის მოკიდება, ჩაარჭო პალო, შიგ თოკი გაუყარა და შესაძლებელი გახდა კედელზე აცოცება. მწვერვალზე წარმატებული ასვლის შემდეგ, სვანეთის რაიონის აღმასკომმა გიო ნიგურიანს, როგორც უშბაზე ამსვლელ პირველ სვანს, ჯილდოდ გადასცა 500 მანეთი და ძვირფასი საჩუქარი.
7 7 7
ქართული ალპინიზმის განვითარებაში უდიდესია ცნობილი მთამსვლელის, მეგზურისა და სახალხო პოეტის, მოხევე იაგორ კაზალიკაშვილის ღვაწლი და დამსახურება.
პოეტმა და სახალხო მთქმელმა იაგორ კაზალიკაშვილმა მთელი პოემა უძღვნა უშბაზე ასვლა-ჩამოსვლის ეპოპეას.
1935 წლის შემოდგომაზე, როცა უკურნებელი სენით შეპყრობილი სარეცელს მიჯაჭვული იაგორ კაზალიკაშვილი თავისავე ლექსს ფანდურზე ამღერებდა და სამუდამოდ ეთხოვებოდა მშობლიურ მთებს, მყინვარწვერზე ავიდა მე-2 ქართული მსროლელი დივიზიის ნაკრები და მწვერვალიდან გაისმა ზარბაზნის ზალპი, რომელმაც თითქოს ქვეყანას აუწყა მთის მგოსნის, შესანიშნავი მეგზურისა და მთამსვლელის იაგორ კაზალიკაშვილის უკვდავებაში გადასახლება.
.












ავტორი:  თამარ შაიშმელაშვილი


კალენდარი
 
 
ნოემბერი  2014
 
 
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი